ენერგოდამოუკიდებლობა, ანუ როგორ გამოვიმუშაოთ "უფასო ფული" - კვირის პალიტრა

ენერგოდამოუკიდებლობა, ანუ როგორ გამოვიმუშაოთ "უფასო ფული"

"მზის ენერგია ყველაზე კარგი ალტერნატივაა, რომელსაც ბევრი სიკეთე მოაქვს - ეკოლოგიურია, ყველაზე უსაფრთხო, მწვანე ენერგიაა, თანაც, განახლებადი, ჩვენ ენერგიას ვიღებთ ისეთი რესურსისგან, რომელიც მუდმივად არსებობს. სამყაროს კი არ ვაცლით, პირიქით, მზის ენერგია ყველგან ყველას უფასოდ გვაქვს", - მზის ენერგოპანელებზე, მათ დაყენებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ენერგეტიკოსი დავით ჩაჩუა გვესაუბრება:

- პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ენერგეტიკა რთული სფეროა, ისეთი რაღაცები უნდა შეიცნო, რაც თვალით არ ჩანს. ამისათვის საჭიროა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის კარგი ცოდნა.­ ისეთი ნიუანსებია, რისი დანახვაც მხოლოდ დიდი გამოცდილების მიღებისა და გამოწრთობის შემდეგაა შესაძლებელი. საფუძვლიანად უნდა ერკვეოდე და იცოდე: მზის სხივების თავისებურებები; ფორმულები, თუ როგორ ხდება ენერგიების გარდაქმნა;­ როგორია პანელის შემადგენლობა, ქიმიური თვისებები; მუდმივი დენი როგორ გარდაიქმნება ცვლად დენში და ა.შ. შემდეგ კი მომხმარებელმა გამოიყენოს ელექტროენერგიის სახით.

- მსოფლიოში პირველად სად მოეწყო მზის პანელების მოდულები?

- ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მზის ენერგიას, თუმცა მუშაობის პრინციპი უცვლელი რჩებოდა: მზე-წყალი-ორთქლი, ხოლო პირველად, 1953 წელს აშშ-ის ეროვნულ აეროკოსმოსურ სააგენტოში შექმნეს მზის გარდამქმნელი მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიას პირდაპირ ელექტროენერგიად გარდაქმნიდა, მაგრამ ძალიან მცირე გამომუშავება­ ჰქონდა. შემდეგ გერმანელებმა აითვისეს, მეცნიერებმა ბევრი იმუშავეს და ნელ-ნელა გაზარდეს მარგი ქმედების კოეფიციენტი. დღესდღეობით ეს სფერო სწრაფად ვითარდება მსოფლიოში და მზის ფოტოელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 22 გიგავატის ტოლია. ტექნოლოგიები იხვეწება და უკვე ჩინეთმაც ძალიან კარგად განავითარა, გაცილებით ნაკლებ ფასად თითქმის იმავე ხარისხის პანელების წარმოება შეუძლიათ.

- საქართველოში რომელი ქვეყნიდან შემოდის და რა ტიპის პანელები გვხვდება?

- პანელები ჩვენთან ძირითადად ჩინეთიდან, ზოგიც ევროპიდან შემოდის.

არსებობს მზის პანელის ძირითადი ორი ტიპი - პოლიკრისტალური და მონოკრისტალური. მისი მთავარი ქიმიური შემადგენელი სილიციუმია, რომელიც დედამიწის ქერქში მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ელემენტია ჟანგბადის შემდეგ და დედამიწის ქერქის 30%-ს შეადგენს მასის მიხედვით, ხოლო სამყაროში მერვე ყველაზე გავრცელებული ელემენტია. მისი დამუშავება რთულია, იმ სტრუქტურამდე უნდა მიიყვანო, რომ ტექნიკაში გამოყენება შეიძლებოდეს, მისი კრისტალური მესერი ალმასის ტიპისაა, ამის გამო, საკმაოდ მაგარია, მინასაც კი ჩხაპნის. სუფთა სილიციუმს ნახევარგამტარად იყენებენ. მონოკრისტალური უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ უფრო მეტი ეფექტიანობით გამოირჩევა, ვიდრე პოლიკრისტალური. ახლა ევროპა ძირითადად მონოკრისტალურზე გადადის.

- რა შემთხვევაში შეიძლება გატყდეს?

- სტიქიური ზემოქმედების შემთხვევაში, ცხადია, ტყდება. მაგალითად, 2,5 დიამეტრის სეტყვას უძლებს, მაგრამ თუ ძალზე მსხვილი და ძლიერი სეტყვა წამოვა, შეიძლება დაზიანდეს, თუმცა ჩვენ არ გვქონია მსგავსი შემთხვევა. შეიძლება გარკვეულ სტიქიურ უბედურებებს ვერ გაუძლოს, ქარიშხლის დროს ზოგან სახურავი ძვრება სახლს და ეს წინასწარ არავინ იცის. ექსპლუატაციის ვადა 30 წელი აქვს, თუმცა არსებობს ისეთებიც, 1980-იან წლებში რომ დამონტაჟდა და დღემდე მუშაობს. უბრალოდ, დროთა განმავლობაში მარგი­ ქმედების კოეფიციენტი რაღაც პროცენტით იკლებს. მზის სხივები მაინც ყველაფერს "ცვეთს".

426724428-1069270690972365-6921732200064203932-n-1710694161.jpg

- რამდენია ოპტიმალური ტემპერატურა ამ პანელებისთვის?

- ოპტიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია, 40 გრადუსსაც უძლებს, რა თქმა უნდა, ოღონდ ამ დროს ელექტროენერგიის გამომუშავება შედარებით იკლებს.­ გაგრილებაც ხომ უნდა. მაგალითად, აფრიკაში­ რომ დავაყენოთ, უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე საქართველოში. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგი კლიმატია. გამომუშავება ღრუბლიან და წვიმიან ამინდშიც იკლებს, მაგრამ, ისე არ გაიგოთ,­ რომ ასეთ დროს პანელები საერთოდ არ მუშაობს, მზის სხივები ხომ ყველანაირ ამინდში აღწევს ჩვენამდე.

ღამით გამომუშავება ნულია, თუმცა ელექტროენერგიას ჩვეულებრივად გამოიყენებ, თუ გაქვს ქსელური ან ჰიბრიდული­ ელექტროენერგიის დამგროვებელი - თუ ჩართული გაქვს ნეტო-აღმრიცხველი, დღის განმავლობაში რაც არ მოიხმარე და ქსელში გაუშვი­, მრიცხველი უკუდათვლით ისევ შენ მოგაწოდებს.

არსებობს სამი ტიპის მზის ენერგიის გარდამქმნელი:­ ქსელური, ავტონომიური და ჰიბრიდული. 1. ქსელური სისტემა დღის განმავლობაში­ გამომუშავებულ ელექტროენერგიას აწვდის სადისტრიბუციო სისტემას, მომხმარებელი ჩართულია ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ანუ ჭარბი გენერაციის შემთხვევაში გამომუშავებული ელექტროენერგია ქსელში გადის და ორმაგი მრიცხველის საშუალებით მომხმარებელს დადებითი ბალანსი უფიქსირდება, რომელიც შეუძლია შემდგომ გამოიყენოს. ქსელის გათიშვისას, ანუ თუ დენი წავიდა, შენი სადგურიც გაითიშება. რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი სახელმწიფო ელექტროსისტემაა. თუ ხაზზე რაიმე დაზიანებაა და ელექტროენერგია გაითიშა, ჩვენ არა გვაქვს უფლება, ქსელური ელექტროენერგია მოვიხმაროთ, რადგან ამ დროს შეიძლება ვინმე მუშაობდეს და მას ზიანი მივაყენოთ. თუმცაღა შესაძლებელია დამონტაჟდეს აკუმულატორები. 2. ავტონომიური - ეს ის შემთხვევაა, როცა ქსელისგან დამოუკიდებელი ხარ და დენის წასვლის შემთხვევაში მაინც გექნება შუქი დაგროვილი ენერგიის ხარჯზე. მას კავშირი არა აქვს ცენტრალურ ქსელთან, მზის სინათლის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარებასთან ერთად შენს აკუმულატორში ინახება, მზის ჩასვლის შემდეგ კი ობიექტი შემნახველი სისტემიდან მარაგდება. 3. ზემოთ ჩამოთვლილიდან ჰიბრიდული იდეალური ვარიანტია. ამ შემთხვევაში შენს კუთვნილებაში არსებული მზის სადგური სახელმწიფო ქსელთან ერთობლივ რეჟიმში აწვდის ელექტროენერგიას ობიექტს და ქსელის გათიშვის შემთხვევაში მომარაგება აკუმულატორების სარეზერვო სისტემიდან ხდება.

- როგორ უნდა იყოს მომზადებული სახლის სახურავი, სანამ ამ ყველაფერს დავამონტაჟებთ?

- თუ სახლს აშენებ და გადაწყვეტილი­ გაქვს, რომ ენერგოდამოუკიდებელი იყო, შენი სახლის სახურავი სასურველია სამხრე­თით იყოს დახრილი, 35-45 გრადუსამდე - ნაკლები დაგიჯდება და მეტ ენერგიას გამოიმუშავებ. ნულგრადუსიანი დახრა არ გვაწყობს, რადგან ზამთარში მზე უფრო დაბლაა, ზაფხულში - მაღლა და ჩვენ საშუალო მაჩვენებელი უნდა ავიღოთ, რათა მაქსიმალური ენერგია წამოვიღოთ მზის სხივებიდან. ბევრი ნიუანსია... სახურავზე უნდა დაიდგას ალუმინისა და რკინის კონსტრუქცია, რაზეც უნდა დამაგრდეს პანელები, შემდეგ უნდა შეიღებოს მომხმარებლისთვის სასურველ ფერად. სახურავს ხეები არ უნდა ეფარებოდეს.

მზის ენერგია ყველაზე უსაფრთხოა, მწვანე ენერგიაა,­ თანაც, განახლებადი. ჩვენ ენერგიას ვიღებთ ისეთი რესურსისგან, რომელიც მუდმივად არსებობს. სამყაროს კი არ ვაცლით, პირიქით, მზის ენერგია ყველგან ყველას უფასოდ გვაქვს. წყალი განახლებადი ენერგიაა, მაგრამ ყველას არა გვაქვს მდინარე და ტბა, ხომ? ქარიც განახლებადია, ბუნება აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ საქართველოში დიდად არ გვაქვს ქარიანი ადგილები, ამიტომ მზის ენერგიის გარდაქმნა ყველაზე ოპტიმალურია.

ზაფხულში ზოგიერთი სახურავი ხურდება, მზის პანელებს კი ის პრიორიტეტი აქვს, რომ სახურავამდე მზის სხივი აღარ აღწევს, სარგებელს გაძლევს, ძალიან ლამაზი კონსტრუქციაა.

- რამდენი წელია, რაც საქართველოში­ შემოვიდა და პრაქტიკული გამოცდილება როგორია?

- დაახლოებით, 2000-იანების დასაწყისიდან, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. მაგალითად, ჩვენი კომპანიის შენობა სრულად გვაქვს გადახურული მზის პანელებით, აქ რაც გვაქვს ელექტროენერგია, სულ მზის ფოტოელექტრული სადგურიდანაა წარმოქმნილი - 500 კილოვატი სიმძლავრე. ელექტროენერგიის გადასახადი განულებული გვაქვს, ანუ ფულის გადახდა აღარ გვიწევს და თუ ნაკლებს მოვიხმართ, ქსელში ვუშვებთ და უკვე აქეთ გვიხდის თანხას "თელმიკო".

თავიდან, ელექტროპანელები საქართველოში რომ შემოვიდა, კანონმდებლობით ბევრი რამ იზღუდებოდა. მაგალითად, მე რომ საქართველოს რომელიმე ქალაქში­ ვცხოვრობ და სადღაც რომელიღაც­ სოფელში მაქვს ტერიტორია, არ მქონდა­ უფლება მზის სადგური დამეყენებინა, ქსელში გამეშვა და ჩემს სახლში ელექტროენერგია იქიდან მიმეღო, ახლა კი ეს შესაძლებელია. მაგალითად, შეიძლება სახლი ქუთაისში გქონდეს, პანელები დააყენო და ის ელექტროენერგია შენ ბათუმში ან სხვა ქალაქში მოიხმარო. ეს ვირტუალური ნეტო-აღრიცხვაა, რომელიც უკვე შემოვიდა. შეიძლება შენს სახლზე არ გქონდეს საკმარისი ადგილი ან შესაბამისი გადახურვა და მეზობელმა მოგცეს დაყენების უფლება, თუ მისი სახურავი უკეთესია და მასაც გაუნაწილო, შეთანხმების მიხედვით.

მწვანე ენერგია ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია. უბრალოდ, საწყისი თანხა გჭირდება, ამ ყველაფერს დააყენებ, ენერგოდამოუკიდებელი ხდები და მერე აღარ იხდი არაფერს. როგორც აღვნიშნე, თავიდანვე სწორი გათვლებით, ფულის გამომუშავებაც შეგიძლია. უკვე სხვანაირად გეცოდინება დენის ფასი და ტყუილად აღარ აანთებ ყველა ოთახში. იმიტომ კი არ ჩააქრობ, რომ არ გადაიხადო, არამედ იმიტომ, რომ ამაში უკვე ფულს გამოიმუშავებ. ფასებს სემეკი ადგენს და ცვალებადია. მზის ელექტროსადგურში გადახდილ თანხას რამდენიმე წელიწადში ამოიღებ.

საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, ძირითადად, რუსეთისგან ვყიდულობთ და რუსეთს რომ მოუნდეს, შეუძლია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით გაგვითიშოს ელექტროენერგია, ხალხი მხოლოდ მთავრობებისკენ არ უნდა ვიყურებოდეთ, თუ შეგვიძლია და ფინანსები გვაქვს, მზეს ვინ წაგვართმევს? მზეს ვერავინ დაგვიჩრდილავს. თუ გვინდა ძლიერი ქვეყანა ვიყოთ, ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ და ჩვენს თავზეც ავიღოთ ენერგოდამოუკიდებლობა.

წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ, ბევრ რამეზე ფასებიც დაიწევს. მაგალითად, პური რომ ცხვება, იმ კომპანიას ნაკლები დაუჯდება ელექტროენერგიის თანხის გადახდა, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დალაგდება. ევროპაში წლების წინ გააკეთეს ეს ყველაფერი, უკვე მოგება აქვთ. დროში გვაჯობეს.

- თუ შეუძლიათ, მაგალითად, კორპუსში­ მეზობლებმა ერთობლივად გააკეთონ და მოიხმარონ?

- კორპუსზე შესაძლებელია პანელების განთავსება, დენის ქსელში გაშვება და გამომუშავებული თანხით ეზოში განათებების დამონტაჟება, ვისაც სურს, შეუძლია სადარბაზოს დენის გადასახადისთვის გამოიყენონ, ან ლიფტის.

მოკლედ, მზის ენერგია ყველაზე კარგი­ ალტერნატივაა, ბევრი სიკეთე მოაქვს ბუნებისთვის, საქართველომ კი ამას ფეხი უნდა აუწყოს.