"წითელი ტერორიდან" დიდ ტერორამდე - კვირის პალიტრა

"წითელი ტერორიდან" დიდ ტერორამდე

დიდი ტერორი, რომელიც სათავეს საბჭოთა რუსეთიდან იღებს, არა მარტო რუსეთის, არამედ მის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდა. მის მესვეურთ მიაჩნდათ, რომ რეპრესიები (რომელმაც პიკს 30-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია) ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იარაღი იყო. "საქართველოს შესახებ სრული სტატისტიკა არა გვაქვს, საარქივო წყაროების ხელმიუწვდომლობისა და ჩაკეტილობის გამო, რაც დღემდე გრძელდება. ძირითადად მასობრივი ტერორის, ანუ სტალინური მმართველობის პერიოდში (30-იანი წლებიდან 50-იანების დასაწყისამდე) დაახლოებითი სტატისტიკა ასეთია: პოლიტიკური საბაბით 80 ათასამდე კაცი დააპატიმრეს, 20 ათასამდეა დახვრეტილი, ათეულ ათასზე მეტია დაღუპული პატიმრობისას, წამებისას, ეტაპირებისას. ასევე არის 1941-1951 წლამდე 150-დან 200 ათასამდე მასობრივი დეპორტაციების მსხვერპლი. ამას შეგვიძლია მივამატოთ იძულებით შიდა მიგრაციების მსხვერპლნი", - გვეუბნება ისტორიკოსი, თსუ-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც მოგვითხრობს დიდი პოლიტიკური რეპრესიების მითებსა და რეალობაზე, იმაზეც, რატომ იყო საქართველო საძულველი მოვლენა სტალინისათვის.

როგორ ჩაეყარა საფუძველი პოლიტიკურ ტერორს

- ისტორიულად პოლიტიკური რეპრესიები ძალაუფლების და აბსოლუტური­ ძალაუფლების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, განსაკუთრებით იმ ხანაში, როდესაც ჩნდებიან კლასიკური, ძალადობასა­ და ტერორზე დამყარებული რეჟიმები (მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სახელმწიფოები), რომელთა შორის ერთ-ერთი ადრეულია საბჭოთა რუსეთი - ბოლშევი­კური შეიარაღებული გადატრიალების შედეგად შექმნილი "ახალი ტიპის" სახელმწიფო დიდი ამბიციური მიზნებით. ამ სახელმწიფოს იდეოლოგიურ ბაზისად ჰქონდა: მსოფლიო რევოლუცია, ძველი სამყაროს დაჩქარებულად და ძალის გზით ცვლილება, ახალი სოციალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება და შემდგომ კომუნიზმის შექმნა (ანუ მარქსისტული იდეოლოგიის ლენინის მიერ გადამუშავების და ახალი იდეოლოგიის დაფუძნების კვალდა­კვალ). თუმცა ეს პოლიტიკური ძალა არ იყო ლეგიტიმური, რუსეთის იმპერიაში არ ჰყავდა იმდენი მხარდამჭერი და იმხელა­ დასაყრდენი, რომ მას დემოკრატიულ არჩევნებში გაემარჯვა და შემდეგ დაეწყო ამ ტიპის­ პოლიტიკის დანერგვა. მან მოახდინა­ ძალაუფლების უზურპაცია, შეიარაღებული­ გადატრიალებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და, რა თქმა უნდა, მის გაზიარებას­ არ აპირებდა. შესაბამისად, ტერორი, პოლიტიკური რეპრესიები იყო ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რითაც საბჭოთა რუსული ტოტალიტარული რეჟიმი ატარებდა თავის­ პოლიტიკას. რეჟიმი პირველივე­ დღეებიდან­ აფუძნებს ჩეკას, საგანგებო კომისიას, ანუ ტერორის აპარატს, რომელიც იყო ერთპარტიული ტოტალიტარული ბოლშევიკური რუსული­ რეჟიმის დამცველი ორგანო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მოწინააღმდეგეების გამანადგურებელი ნებისმიერი საშუალებით. მთელი სისტემა იყო აწყობილი ექსკლუზიური ძალაუფლების ერთპარტიულ მოდელზე, უგულებელყოფილი იყო საბაზისო სამოქალაქო უფლებები (პირველ ხანებში ქაღალდზეც კი არ არსებობდა მსგავსი უფლებები, როგორიცაა გამოხატვის, სიტყვის, შეკრების, პოლიტიკური თავისუფლება და სხვ.), რაზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა.­ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იყო ამის მიმღები, მით უმეტეს, როდესაც რუსეთის საზოგადოება ვერ ბრწყინავდა იმხანად დემოკრატიული კულტურის მაღალი დონით, ძლიერი დემოკრატიული პარტიებით... ყოფილი იმპერიის პოლიტიკურ ელიტებში, სამხედრო სფეროსა­ და მოსახლეობის ნაწილშიც დიდი იყო ძალების მობილიზება­ ისევ მონარქიის რესტავრაციისთვის. ეს ძალა შეეჯახა ძალაუფლების უზურპატორ ბოლშევიკურ რეჟიმს და დაუნდობელი სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რაშიც არც ერთი მხარე არ ერიდებოდა მასობრივ ძალადობრივ მეთოდებსა და ანგარიშსწორებას. საბჭოთა რუსული ტერორი თავისი მეთოდებითა და გაქანებით მანამდე­ არნახულ და წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევდა. "წითელი ტერორი"­ უკვე სამოქალაქო ომის განზომილებაშია. პარალელურად, ფრონტების მიღმა და იმ ტერიტორიებზე, რომელთაც საბჭოთა რუსეთი აკონტროლებდა, მიდის მტრების ძიება­-გამოვლენა, ჯაშუშების ტოტალური წმენდა სოციალური რანჟირებით - ანუ გამოცხადებული იყო, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც წინა განზომილებაში იყო პრივილეგირებული (სასულიერო წოდების იქნებოდა, კერძო კაპიტალის მქონე, ყოფილი ცარისტული სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები, არმიის ოფიცრები, თუ ყოფილი­ თავადაზნაურობა), საბჭოთა საზოგადოებისთვის მიუღებელ ნაწილად ცხადდებოდა და მიდიოდა მათი დაკავება, საკონცენტრაციო ბანაკებში მოთავსება, ნაწილის დახვრეტა. ეს 1917-დან 1920 წლამდე გაგრძელდა. ბოლშევიკური რეჟიმი პრევენციულად ანადგურებდა მოწინააღმდეგის დასაყრდენ ძალებს, ან მოკავშირეებს, ითვლებოდა, რომ ეს კლასები არიან დაპირისპირებულნი საბჭოთა ხელისუფლებასთან, ამიტომ ისინი უნდა განეიტრალდნენ.

citeli-armiis-shemosvla-1710695602.jpg

მასობრივი დაპატიმრებები და რეპრესიის სუსხი საქართველოში

- ამ კატასტროფის პარალელურად, საქართველო არის დამოუკიდებელი, ევროპული ყაიდის დემოკრატიული სახელმწიფო, კანონიერი, ლეგიტიმური სახელმწიფო სტრუქტურებით, პარლამენტარიზმითა და მოქალაქეების სრული თანასწორობით. საქართველო არის სრულიად სხვა, არსობრივად საპირისპირო განზომილება, დასავლური დემოკრატიული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და კურსი აქვს ევროპული. ასეთი ქვეყნის დაპყრობას, ოკუპაციას­ ახდენს რუსეთი 1921 წლის თებერვალ-მარტში. ფაქტობრივად, ეს სრულიად საწინააღმდეგო პოლუსებზე მყოფი სისტემა და საზოგადოების პოლიტიკური კულტურა განსაზღვრავს საქართველოში­ მთელი მომდევნო 20 წელი საბჭოთა რუსული საოკუპაციო და ტოტალიტარული­ რეჟიმის დღის წესრიგს (ანუ როგორ უნდა დაიმორჩილოს და გააკონტროლოს ქვეყანა­, რომლის მოქალაქეების უმრავლესობის­ გამოცდილება, პოლიტიკური კულტურა, იდეოლოგია, ეროვნული იდენტობა ტოტალურად განსხვავებულია). საქართველოს ბოლშევიკურ პარტიას, რომელიც თავის თავს რუსეთის ბოლშევიკური კომუნისტური პარტიის ნაწილად მიიჩნევს, ფაქტობრივად, ოკუპაციის მომენტისთვის (მანამდეც და შემდგომშიც, კარგა­ ხანს) დასაყრდენი არ ჰყოლია, ანუ ძალიან ცოტა წევრი ჰყავდა. ისინი, ვისაც რაღაც შეხება ჰქონია ბოლშევიკურ წრეებთან, 1917-21 წლებში დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ანარქიულ გამოსვლებში მიუღიათ მონაწილეობა, ვინც 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ შევიდა კომუნისტურ პარტიაში, 2,5-მილიონიან ქვეყანაში 11-12 ათას კაცს თუ შეადგენდა. ეს იყო მცირე მარგინალური ძალა, რომელსაც რეჟიმი ვერ დაეყრდნობოდა. საოკუპაციო ტოტალიტარულ რეჟიმს მტრულად განწყობილი და შეურიგებელი საზოგადოების მოსათვინიერებლად და სამართავად სჭირდებოდა მასობრივი პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები. ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში ისევ და ისევ ტოტალიტარული რეჟიმის ხანგრძლივობისა და ისტორიის ფალსიფიკაციის, გადაწერის, სიჩუმის გამო დაიკარგა ეს ცოდნა. ზედაპირულად დარჩა მხოლოდ 37-38 წლებში დიდი ტერორის ექო. ჩვენი საზოგადოების საშუალოსტატისტიკურ წარმომადგენელს ბუნდოვნად თუ გაუგია 1924 წლის აჯანყებაზე და ჰგონია, რომ ეს იყო და ეს, ამის გარდა, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს სისტემური პოლიტიკური რეპრესიები არ გაუტარებია საქა­რთველოში. რეალური სურათი კი აბსოლუტურად საპირისპიროა: 1921 წლის მარტი-აპრილიდანვე საქართველოში რეპრესიები იწყება, უპირველესად საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოფიცრობის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული რაზმის ოფიცრების, სახალხო გვარდიის შტაბის ოფიცრებისა და საქართველოში თავშეფარებული რუსეთის ტერიტორიიდან და ჩრდილო კავკასიიდან დევნილი, რუსეთის ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ოფიცრების, რომლებიც­ საქართველომ თავის ტერიტორიაზე განიარაღების პირობით შემოუშვა. ბევრი მათგანი 1921 წელს საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ქართულ არმიასთან ერთად იბრძოდა. მათი ტოტალური დაპატიმრება, გადასახლება, საკონცენტრაციო ბანაკებში გამწესება ოკუპაციის პირველსავე კვირეებში დაიწყო. აპრილის ბოლოსა და მაისის დამდეგს იწყება დიდი დაპატიმრებები ყველა (მათ შორის, სომხური "დაშნაკ ციუტუნის") არაბოლშევიკური პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. მაისის დიდი წმენდა დასრულდა­ 26 მაისის აღმნიშვნელი საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობით.

ქართველების ობსტრუქცია და სტალინის შურისძიება

- ივნისის დასაწყისში სტალინი ჩამო­დის საქართველოში და უნდა მიიღოს ტრიუმფი როგორც გამარჯვებულმა, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომ გასაბჭოებად მოიხსენიებენ. ეს ტერმინი დაამკვიდრეს ოკუპაციის გადასაფარად, ამავე დროს ცდილობენ ამას გადატრიალება დაარქვან და არა ოკუპაცია­ და ომი, თითქოს დაპყრობა­ კი არ მომხდარა, მთავრობა შეიცვალა. ამ მესიჯებით ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის კლუბში ლექცია-მოხსენებას კითხულობს სტალინი, აუდიტორიის უმრავლესობა მუშებია, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ სტალინს, რომელიც რუსულ ენაზე იწყებს­ მოხსენებას. ისინი სტალინს აიძულებენ ქართულად გააგრძელოს საუბარი. დარბაზში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის უხუცესები და ლიდერებიც არიან: ისიდორე რამიშვილი, დათიკო დვალი, ალექსანდრე დგებუაძე, დავით საღინაშვილი და სხვები. საპასუხო სიტყვაში რამიშვილი და დგებუაძე კამათში სტალინის არგუმენტებს­ ანადგურებენ და ეს ფიასკო-შოკად გადაიქცევა სტალინისთვის, რომელიც გაცოფებული გავა დარბაზიდან, მივარდება საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლობას რევკომში, გალანძღავს ყველას და სასწრაფოდ მოითხოვს გადამწყვეტი­ ზომების მიღებას. იწყება მასობრივი დაპატიმრებების მორიგი ტალღა. აპატიმრებენ არა მარტო იმ დისკუსიის მონაწილეებს, არამედ საქართველოს ყველა­ პარტიის წევრებს. რამდენიმე თვეში, ოქტომბრისთვის, საქართველოში დიდი საპროტესტო ტალღა იწყება - იფიცებიან მუშები, ითხოვენ ოკუპაციის მოხსნას, აკომპლექტებენ დელეგაციას, გზავნიან რევკომთან... დიდი მასობრივი ტერორის ოპერაცია 1922-23 წელსაც გრძელდება. ქვეყანა არ ურიგდება ოკუპაციას.

8-soldiers-confiscate-grain-from-peasants-in-novokrasne-ukraine-in-1932-during-the-holodomor-photo-historyorg-1710695602.ua_.jpg

იატაკქვეშა ომი საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად

- მითია, რომ თითქოს ომში დამარცხ­ების შემდეგ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა წავიდა საზღვარგარეთ. საბჭოთა პროპაგანდა ამას ისე წარმოა­დგენდა, თითქოს ისინი გაიქცნენ,­ რაც აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ომია და ომში მარცხდება ქვეყანა,­ თუკი არ უნდა ოკუპაციის ლეგიტიმაცია, მისი მთავრობა და წარმომადგენლობა უნდა გავიდეს და სხვა, მოკავშირე ქვეყანაში გააგრძელოს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა და საქმიანობა, საუბრობდეს ოკუპირებული ქვეყნისა და ხალხის სახელით. მოხდა ისე, რომ მხოლოდ მთავრობის შემადგენლობა, დამფუძნებელი კრების 20-30 წევრი, და პოლიტიკოსების ის კატეგორია წავიდა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმისგან­ დაუყოვნებლივ სისხლიანი ანგარიშსწორება­ ემუქრებოდა. პოლიტიკური სპექტრისა და მოქალაქეების (ჯამში 2000-მდე კაცი გავიდა) აბსოლუტური უმრავლესობა საქართვ­ელოში დარჩა და მაშინვე იწყება მუშაობა­ იატაკქვეშეთში ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად.­ 1924 წლამდე, ფაქტობრივად, იატა­კქვეშა ომი მიმდინარეობს საოკუპაციო რეჟიმთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. პარალელურად არის სტიქიური ლოკალური აფეთქებები და გამოსვლები, როდესაც მოსახლეობა ვერ ურიგდება საოკუპაციო რეჟიმის სადამსჯელო პოლიტიკას. ამას, მოსდევს რეპრესიები.­ 1922 წლის დასაწყისში ეწყობა ახალი სადამ­სჯელო ოპერაციები და მასობრივი დახვრეტები გურიასა და თბილისში. გაზაფხულზე სტიქიური აფეთქებაა სვანეთში, ლეჩხუმში - შეტაკება საბჭოთა რუსული არმიის ნაწილე­ბსა და კომუნისტურ­ რაზმებთან, სექტემბრისთვის - გარე კახეთში. აგვისტოში დუშეთის მაზრაში სტიქიური შეიარაღებული გამოსვლა ეწყობა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთად. მის წინააღმდეგ გაიგზავნება სადამსჯელო ექსპედიცია, რომელიც ანადგურებს წინააღმდეგობის კერებს,­ გადადის ხევსურეთში და აგრძელებს სადამსჯელო ოპერაციას. 1923 წელს გრძელდება მასობრივი დაპატიმრებები, გადასახლებები... 1924 წლის დამდეგისთვის სახეზეა სტაბილური ომი წინააღმდეგობის მოძრაობასა და საოკუპაციო რეჟიმს შორის. 1924 წლის აგვისტოში არის მცდელობა ერთიანი ეროვნული ანტისაბჭოთა აჯანყებისა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ ხერხდება ძალთა­ არაპროპორციულობის, კოორდინაციაში დაშვებული შეცდომის გამო, რასაც მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის ტოტალური ანგარიშსწორება. იმ პერიოდში თვითონ წინააღმდეგობის მოძრაობა ცდილობდა მსხვე­რპლის მასშტაბის დაზუსტებას და რაც შეძლეს, აღრიცხეს - 4000-მდე კაცი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფაზა და პასუხი მასობრივი ტერორისა და პოლიტიკური რეპრესიებისა. დეკემბერ-იანვრისთვის იწყება­ დაპატიმრებებისა და ტერორის ახალი სერიები და ოპერაციები, რასაც მომდევნო წლებში უკვე რუტინული­ სახე (1925-1927 წლები) მიეცა. კვლავ ხდება წინააღმდეგობის მოძრაობის აღდგენილი ორგანიზაციების გამოვლენა, მათი სადამსჯელო ოპერაციები, დაპატიმრებები,­ გადასახლებები და 1922 წლიდან მსხვერპლი ათიათასობით კაცს აღწევს. 1922 წლის დეკემბრიდან, როცა სსრკ იქმნება, ეს აძლევს­ საშუალებას საოკუპაციო რეჟიმს,­ რომ თუკი მანამდე ერიდებოდა საქართველოში­ დაპატიმრებული პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შორეულ მხარეებში გადასახლებას, ამჯერად პოლიტიკური პატიმრების უმრავლესობა მასობრივად იგზავნება შიდა რუსეთში, უკიდურეს ჩრდილოეთში, ციმბირში,­ ან უკიდურეს აღმოსავლეთში. იქაური პირობები კი, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო ქართველებისთვის.

e9224da49f5f38879f4eda3bdbcd312f-1710695602.jpg

სიჩუმე ქარიშხლის წინ – სისტემა მასშტაბური წმენდისთვის ემზადება

- "წითელი ტერორის" დროს რეჟიმი ყველა მოწინააღმდეგეს ხალხის მტერს უწოდებს. ამ ტერმინმა (ხალხის მტრები) კლასიკური და ჩამოყალიბებული სახე დიდი ტერორის დროს მიიღო, მასობრივი საინფორმაციო კამპანიის დროს. 20-იანი წლების შუახანს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაზაა - რეჟიმს მტრის ახალი სამიზნე უჩნდება - თვითონ პარტიაში არსებული სტალინის ძალაუფლებასთან დაპირისპირებული ჯგუფები, მათ შორის ყველაზე დიდი "ტროცკის" და მისი მომხრეების. იწყება მათი განეიტრალება, პარტიიდან გარიცხვა, დაპატიმრება, გადასახლება ან საზღვარგარეთ გაძევება. უკვე 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანების დამდეგს რეჟიმი იწყებს შეტევას სოფელზე - სოფლის მოსახლეობაზე იძულებითი მასობრივი კოლექტივიზაციის კამპანიის ჩატარებას, რომელსაც დიდი წინააღმდეგობა ხვდება, რადგან გლეხებს არ სურთ საკუთრების დაკარგვა, ისინი ხვდებიან, რომ ახლა უნდა იშრომოს რეჟიმისთვის და თვითონ არსებობისა­თვის მინიმუმიც კი არ დარჩეს. მოსახლეობა არ შედის კოლექტივებში, სოფლებში არბევენ პარტიული ორგანიზაციისა და აღმასკომის ოფისებს, სოფლებიდან ერეკებიან კომპარტიის წარმომადგენლებს. პარალელურად კვლავ მიდის ამ მოძრაობების ჩახშობა, დაპატიმრება, დახვრეტა, გადასახლება... ამ დროს რეჟიმი უკან იხევს და კოლექტივიზაციის კამპანიასაც აჩერებს.

30-იანების პირველ ნახევარში სისტემა ნელ-ნელა ყველა სფეროში ამკაცრებს კონტროლს, უკვე ყალიბდება კლასიკური ტოტალიტარული სტრუქტურები. სისტემა ემზადება საბოლოო, ტოტალური გამანადგურებელი წმენდისათვის.

1937 წლის დამდეგისთვის იწყება დიდი ტერორი, რომელიც ისტორიაში დიდი წმენდის, დიდი რეპრესიებისა და სხვა სახელე­ბითაა ცნობილი. მას მასშტაბით­ ვერც ერთი სხვა პერიოდი ვერ შეედრება.­ მთელი საბჭოეთის მასშტაბით, ან თუნდაც­ ნებისმიერი ცალკე რესპუბლიკის, მათ შორის საქართველოში ტოტალიტარული რეპრესიების მსხვერპლთა სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მსხვერპლთა ჯამური რიცხვი 1937 წლამდე უფრო ნაკლებია, ვიდრე 1936-37 წლებში ტერორისას.

"ძირითადი სამიზნე არა ინტელიგენცია, არამედ სოფლის მოსახლეობა იყო"

ამ დიდ ტერორზე ძალზე სტერეოტიპული კოლექტიური მეხსიერებაა დარჩენილი ჩვენს საზოგადოებაში - მას მიაჩნია, რომ იყო ელიტის წმენდა, მხოლოდ ინტელიგენციის განადგურება. ესეც მითია, რადგან პროცენტულად და წილობრივად ტოტალიტარული მასობრივი ტერორის ძირითადი სამიზნე იყო სოფლის მოსახლეობა, გლეხობა, რომელმაც წინა წლებში შეძლო და ჩაშალა იძულებითი კოლექტივიზაციის კამპანია, ვინც მაშინდელ ანგარიშსწორებას გადაურჩა და მაინც აგრძელებდა წინააღმდეგობას. იწყება მათი ტოტალური განადგურება. მათთვის იქმნება ყველაზე სისხლიანი ორგანო, ე.წ. ტროიკა - შინაგან საქმეთა­ სახალხო კომისარიატთან არსებული განსაკუთრებული სამეული. ისინი დახურულ კარს მიღმა იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს იყო განადგურების ყველაზე მასობრივი ოპერაცია. ტერორის მსხვერპლთა 60%-მდე სოფლის მოსახლეობა იყო. მაგრამ იყო სხვა სეგმენტის მასობრივი მოსპობა-განადგურება - წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო წევრები, ყოფილი შიდაპარტიული ოპოზიცია, ასევე, სტალინისადმი არალოიალური პარტიული კადრები, სახელმწიფო აპარატის, ბიუროკრატიის ძველი კადრები... იგივე ხდებოდა არმიაშიც.

რატომ იყო საქართველო არსებითად საძულველი მოვლენა სტალინისათვის

სტალინის მმართველობის პერიოდში­ მასობრივი ტერორის (30-იანი წლებიდან 50-იანების დასაწყისამდე) დაახლოებითი სტატისტიკა საქართველოზე ასეთია: 80 ათასამდე კაცი დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით, 20 ათასამდე დახვრი­ტეს, ათეულ ათასზე მეტია დაღუპული პატიმრობისას, წამებისას, ეტაპირებისას; 150-დან 200 ათასამდე მასობრივ დეპორტაციებს ემსხვერპლა 1941-1951 წლებში. ამას შეგვიძლია მივამატოთ იძულებით შიდა მიგრაციების მსხვერპლნი.

რატომ იყო საქართველო არსებითად საძულველი მოვლენა სტალინისათვის? სტალინი განსაკუთრებულად სასტიკი იყო საქართველოს მიმართ. ეს აშკარად გამოიკვეთა 20-30-იან წლებში და ამის განმაპირობებელი იყო მისი ფსიქოლოგიური წყობა. ჩვენ ლაშა ბუღაძესთან ერთად ნახევრად ლიტერატურული წიგნი მოვამზადეთ, თუ რატომ იყო საქართველო როგორც პოლი­ტიკური იდეა, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დასავლური ტიპის სახელმწიფო არსებითად საძულველი მოვლენა სტალინისათვის, როგორ იმოქმედა და რამხელა ენერგია ჩადო მის დაპყრობასა და შემდეგ სისტემის განადგურებაში. საქართველო მისთვის კრიტიკულად მიუღებელი იყო ბევრი მიზეზის გამო: ახალგაზრდობიდან მოყოლებული მისი ვერშემდგარობის გამო - სტალინი საქართველოს პოლიტიკურ განზომილებაში ფიგურად, როგორც ლიდერად, ვერ შედგა, ის დამარცხდა და არ ჰქონდა შანსი აქ ძალაუფლება მოეპოვებინა. შემდეგ, როდესაც საბჭოთა რუსულ ბოლშევიკურ ვერტიკალში ძალაუფლებას მიუახლოვდა, ამ დროისათვის საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, კატეგორიულად შემაწუხებელი იყო პირადად სტალინისთვის (ისევე, როგორც საბჭოთა რუსული წესრიგისთვის). საქართველოს მართავდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა და ამით ამსხვრევდა რუსულ ბოლშევიკურ პროპაგანდას, რომ ერთადერთი სოციალისტური მთავრობა არის თვითონ ის და არა ცივილიზებული და დემოკრატიული საქართველოს მთავრობა, ამიტომ ის უნდა განადგურებულიყო. ის საბჭოთა რუსეთის ან საბჭოეთის ლიდერი უნდა ყოფილიყო, არადა, წარმოშობით ქართველი იყო, სხვა ქვეყნიდან, ეს კი პოლიტიკურ მიგრანტად წარმოაჩენდა და ამიტომ ეს ფაქტორი რაღაცნაირად უნდა მოხსნილიყო. სწორედ ამან განსაზღვრა საქართველოს ოკუპაცია. შემდგომ, როდესაც ქვეყნის ოკუპაცია მოხდა და მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია, იბრძვის და ცდილობს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას, მის ფიგურას არ აღიარებს, საოკუპაციო რეჟიმის ადგილობრივი წარმომადგენლობა სტალინის უშუალო ჩართულობით და მასთან კოორდინირებით სამაგალითოდ უსწორდებოდა ყველას. მოგეხსენებათ, სტალინის მარჯვენა ხელი სერგო ორჯონიკიძე იყო, მისი დასაყრდენი ტერორის აპარატში კი იყვნენ ეპიფანე კვანტალიანი, ლავრენტი ბერია და სხვები, ასევე რუსული საოკუპაციო წითელი არმიის ნაწილები და შინაგანი ჯარები. 2,5-მილიონიანი ქვეყნისთვის ეს იყო კატასტროფული მასშტაბის წმენდა.