გმირები მიდიან
რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საომარი ოპერაციისას დაღუპულ კიდევ ორ ქართველ მებრძოლს, ნოდარ ნასიროვსა და გიორგი გოგიაშვილს გამოემშვიდობნენ თანამებრძოლები. ორივე "ქართული ლეგიონის" წევრი იყო და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდნენ. "ქართული ლეგიონის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრონტის ხაზზე უბედური შემთხვევა მოხდა - საბრძოლო მასალის გადატანის დროს საბრძოლო მანქანა ამოტრიალდა და ორივე მებრძოლი დაიღუპა. ნოდარ ნასიროვი, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში, გიორგი გოგიაშვილი კი საქართველოში, მშობლიურ ლამისყანაში დაკრძალეს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს, 1-ლ თებერვალს, გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანიაც "ქართული ლეგიონის" წევრები იყვნენ. ლეგიონმა 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში კიდევ ორი მებრძოლი - ბექა ლომაშვილი და რამაზ ფეტელავა დაკარგა. ისინი დღემდე ვერ გამოიყვანეს ცხელი წერტილიდან.
"კვირის პალიტრა" ამჯერად ნოდარ ნასიროვის შესახებ გიამბობთ.
"იმ დღეზე ოცნებობდა, საქართველო რუსული მარწუხებისგან რომ გათავისუფლდებოდა"
ნოდარი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ქურთი იყო, მაგრამ შესანიშნავად იცოდა ქართული ენა და ლიტერატურა. უფრო მეტიც, როგორც მისი თანამებრძოლი ლაშა რუხაია ამბობს, მეგრულად ისე საუბრობდა, ვერც მიხვდებოდით, რომ მეგრელი არ იყო.
"თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა, შესანიშნავად მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, უკრავდა ფანდურს, ცეკვავდა და წერდა ლექსებს. პატრიოტული თემატიკის ლექსებს ისე საოცრად კითხულობდა, გულს აგიჩუყებდა, საოცრად მღეროდა. ბავშვობიდან ვიცნობდი, ერთ უბანში გავიზარდეთ, ძალიან უყვარდა საქართველო. ქორწილში ქართული ჩოხა ეცვა, მასაც და მის ხუთივე მეჯვარესაც, უკრაინელ მეუღლესაც კი ქართული კაბა ჩააცვა", - გვიამბობს ლაშა რუხაია.
ნოდარი უკრაინაში დაქორწინდა, ის და ვალენტინა 6 თვის გოგონას - დონარას ზრდიდნენ. ნოდარის გარდაცვალების შემდეგ ვალენტინა მამამთილს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ნოდარი უკრაინაში დაეკრძალათ, რათა მის ქალიშვილს მამის საფლავზე სიარული შესძლებოდა. მამას გაუჭირდა, მაგრამ დათანხმდა... ლეგიონერები შეჰპირდნენ, რომ შვილის საფლავის მოსანახულებლად უკრაინაში მის გამგზავრებას სრულად უზრუნველყოფდნენ.
როგორც მისი მეგობარი ევა ლომთაძე ამბობს, რამდენიმე წლის წინ ნოდარს დედა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაეცვალა.
"ნოდარი შარშან, 12 აგვისტოს გავიცანი, კიევში, "ქართული ლეგიონის" ბაზაში. შორიდანვე შევნიშნე, თავისებური მიხრა-მოხრა ჰქონდა. ბიჭები, რომლებიც ფოტოებსა და ვიდეოებში მყავდა ნანახი, სინამდვილეში ძალიან ბავშვურები იყვნენ. ნოდარი გამორჩეული იყო თავისი სილაღით, სიკეთით. ძალიან ყურადღებიანი და ამასთანავე სიტყვამოზომილი იყო. ყველაზე მეტად მისი უბრალოება და თვალებიდან გადმოღვრილი სიკეთე დამამახსოვრდა".
მისი თქმით, ნოდარი საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი იყო და იმ დღეზე ოცნებობდა, როდესაც საქართველო რუსული მარწუხებისგან გათავისუფლდებოდა. ამბობდა, რომ შვილს აუცილებლად ასწავლიდა ქართულს და ჩამოიყვანდა თბილისში.
როგორც თანამებრძოლები ამბობენ, ნოდარ ნასიროვი გამორჩეული მებრძოლი იყო. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში ერთ-ერთი იყო იმ მებრძოლებს შორის, რომლებმაც დონეცკის მიმართულებას შეუტიეს და რომლის დროსაც ორი ლეგიონერი - ბექა ლომაშვილი და რამაზ ფეტელავა - დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაიჭრა. როგორც ლაშა რუხაიამ გვიამბო, ნოდარმა მარტო გამოიყვანა ცხელი ხაზიდან მძიმედ დაჭრილი 9 თანამებრძოლი.
"მე უკვე უკრაინაში ვიყავი, ნოდარი რომ ჩამოვიდა. გადამზადება იოლად გაიარა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურში მოხვდა, იქ, სადაც "ქართული ლეგიონის" ქვედანაყოფია. ის არც ომის ვეტერანი იყო, არც სხვა ტიპის საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი მებრძოლი დადგა. მეთაური გაოცებული მირეკავდა, ეს რა ბიჭი ყოფილაო. მართლაც, სულით და გულით მებრძოლი იყო. უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას გადასამზადებლად, ახალი ტიპის იარაღის მოხმარება უნდა ესწავლა. ძალიან პერსპექტიული სამხედრო იყო".
"მთელი სოფელი ამ ოჯახის ცოდვით იწვის. გიორგის ბიძა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. იქ დაიღუპა მეორე ბიძაც. ალბათ, ამის გამოც უნდოდა გიორგის მებრძოლი ყოფილიყო"
გიორგი გოგიაშვილს მეუღლე და 2 შვილი, 20 და 16 წლის შვილები დარჩა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო, ქართულ არმიაში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ კუნძულ მალტაზე წავიდა სამუშაოდ, ფლობდა 6 უცხო ენას: ესპანურს, ინგლისურს, რუსულს, უკრაინულს, ფრანგულს და გერმანულს. როგორც მისი მეუღლის და, ფიქრია ქენქაძე ამბობს, ძალიან განიცდიდა უკრაინაში არსებულ ვითარებას და შიშობდა, რომ რუსეთი საქართველოშიც შემოვიდოდა. ძალიან დარდობდა შვილების მომავალზე, სურდა მათ რუსული გავლენისგან თავისუფალ საქართველოში ეცხოვრათ.
"გიორგი 17 წლის იყო, ჩემი და 16-ის, როდესაც დაქორწინდნენ. ზღაპრული სიყვარული აკავშირებდათ. მართლაც იდეალური მეუღლე, მამა და შვილი იყო. მე 14 წლის ვიყავი, როდესაც გიორგი ჩვენი სიძე გახდა. ორი და ვართ, ძმა არ გვყავდა, ის ჩემი ძმაც იყო და მეგობარიც. მისი იმედი მქონდა ყველგან და ყოველთვის. ძმასავით მედგა მხარში. ჩემს დაზე აღარაფერს ვამბობ, შვილები განადგურებული არიან. გიორგი სულ რაღაც 39 წლის იყო. წინ ბევრი გეგმა და მიზანი ჰქონდა".
"დედამისი ლამისყანის ჯამბაკურ ორბელიანის მუზეუმში მუშაობს. მამამისი, თემურ გოგიაშვილიც, ძალიან კარგი ადამიანია. მთელი სოფელი მაგათი ცოდვით იწვის. გიორგის დედის ძმა, პაატა ხოკრიშვილი, აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. იქ დაიღუპა მეორე ბიძაც, ნიკოლოზ ხოკრიშვილიც. ალბათ, ამის გამოც უნდოდა მებრძოლი ყოფილიყო. სულ საქართველოს ჩაგრულ ბედზე და რუსების იმპერიალისტურ ბუნებაზე ლაპარაკობდა. მეგობრებზე მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი იყო, ნამდვილი რაინდი გახლდათ. 23 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ. ბოლოს, 2017 წელს ჩამოვედი საქართველოში და მაშინ ვნახე. ისე ჩამიკრა გულში და თბილად მომიკითხა, ახლაც რომ ვიხსენებ, მეტირება", - გვიამბობს მისი კლასელი მარინა ბალხამიშვილი.
p.s. სამწუხაროდ, მშობლებსა და მეუღლესთან გასაუბრება ჯერ ვერ შევძელით. როგორც ისინი ამბობენ, ჯერ დეტალებზე საუბარი არ სურთ.
ხათუნა ბახტურიძე