„ვიცოდი, მამა გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან, ქართველ კაცებს რომ არ წაუგიათ!“ - კვირის პალიტრა

„ვიცოდი, მამა გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან, ქართველ კაცებს რომ არ წაუგიათ!“

"არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!" - ასეთი პასუხი მიიღეს აფხაზმა და რუსმა ჯარისკაცებმა, როცა სოხუმის მერს, გურამ გაბისკირიას დაჩოქება მოსთხოვეს.

პოლკოვნიკ გაბისკირიას სამხედრო კარიერაზე არ უოცნებია. მისი სამხედრო გამოცდილება მხოლოდ ორწლიანი სავალდებულო სამსახურით უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როდესაც ბრძოლა მისი ქალაქის ქუჩებამდე მივიდა, განზე ვერ გადგა. მისი 11 წლის ვაჟი ქალაქის დატოვებას სთხოვდა, თუმცა არც შვილს დაანახა შიში და უთხრა, - არა, შენ წადი! თუ რამეა, ხომ იცი, შენ ხარ ოჯახში კაციო. 26 სექტემბრის ღამის 2 საათზე შინ დარეკა, ყველაფერი კარგად იქნება, როგორმე გამოვაღწევთო, დაამშვიდა მეუღლე.

27 სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში ოჯახი ელოდა, რომ ცოცხალი აღმოჩნდებოდა. მის შესახებ აფხაზეთიდან გადმოსულებს ეკითხებოდნენ, ზოგი ამბობდა, თითქოს გუდა­უთის ციხეში ნახეს, ზოგი ირწმუნებდა, თითქოს სვანეთიდან­ გადმოდიოდა. წლების შემდეგ ამერიკელი ფოტოხელოვანის მალკომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე აფხაზეთის კონფლიქტის­ ამსახველ კადრებში დახვრეტილთა შორის შვილმა მამა ამოიცნო. 2 მარტს 77 წელი შეუსრულდებოდა გმირს, რომელმაც­ მტრის წინაშე დაჩოქებას სიკვდილი არჩია. "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული გმირის შვილი ვლადიმერ გაბისკირია ესაუბრება.

- სოხუმის დაცემის შემდეგ ჩვენი ოჯახისათვის ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო. მამას დაკარგვის შემდეგ ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდებოდა: სვანეთიდან გადმოსულები გვეუბნებოდნენ, ჩვენ უკან მოდიოდაო. იყო ვერსიაც, სოხუმში აფხაზები მალავენო... წელიწადნახევრიანი ლოდინის მერე ჩანაწერი ვნახეთ - დეიდაჩემმა და მამაჩემის მეგობრებმა აფხაზებისაგან გამოისყიდეს, სადაც მამას და ქართველი ბიჭების დახვრეტაა გადაღებული.

- 27 სექტემბერს მამა და ჟიული შარტავა უზენაესი საბჭოს შენობაში დარჩნენ, არადა, იცოდნენ, რომ სოხუმი განწირული იყო.

- 16 სექტემბერს სოჭში დადებული ხელშეკრულება რომ დაირღვა, სწორედ მაშინ ვნახე უკანასკნელად მამა. ქალაქში აღარც სამხედროები იყვნენ და აღარც ტექნიკა იდგა. მაშინ ვკითხე, რას აპირებ, მამა-მეთქი? ჩემი ვალია აქ დარჩენა. ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სოხუმი, თუ რამე მომივა, შენ რჩები, შვილო, შენ ხარ გაბისკირიების გვარის გამგრძელებელიო. არ ვიცი, როგორ მოახერხა, 26-ში ღამით დარეკა და დედა დაამშვიდა, შევეცდები მალე გამოვაღწიოო.

მამა სულით ხორცამდე სოხუმელი იყო, არანორმალურად უყვარდა თავისი ქალაქი. ომის დროს დაინიშნა, პირველი ქართველი მერი იყო სოხუმში. დანიშვნისთანავე შემოიკრიბა თანამშრომლები და ასე მიმართა, მოდი, რაიმე ახალი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვისო. მერიის შენობის თავზე გაჩერებული საათი აღადგინა, ახალი ცხოვრება დაიწყება ქალაქშიო. სამხედროები "ძია გურამს"“ეძახდნენ. ხშირად წინა ხაზზე დადიოდა და მათთვის სულ რაღაც მიჰქონდა. ქალაქს ბომბავდნენ, ის კი აღდგენით სამუშაოებს არ წყვეტდა. ომის დროს, როცა ზავი დაიდო და ცოტა ხნით შეჩერდა სროლა, მამამ სოხუმში საფეხბურთო მატჩი ჩაატარებინა. ეს იყო განცხადება, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი და არ ვფიქრობთ ომზე, რადგან ომი იძულებააო. ბოლო წუთებამდე ფიქრობდა, რომ სოხუმი არ დაეცემოდა. ჟიული შარტავასთან ერთად ბოლომდე მედგრად იდგა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, იმ საბედისწერო დღეს ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა, მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, მანამდე იბრძოლებდნენ, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. როგორც შემდეგ მითხრეს, დაცვის ბიჭებთან ერთად მამას ხელიდან არ გაუგდია ავტომატი. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი­ პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა. პირველად ცეცხლი მის ოთახს მოედო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა.­ ბატონი ჟიული ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ამშვიდებდა მეომრებს და ამის მერე გავიდა გარეთ მამასთან ერთად აფხაზებთან მოსალაპარაკებლად.

ფირზე კარგად ჩანს ბოევიკების ალყაში­ მოქცეული ქართველები. როდესაც მამას დაუყვირეს, დაიჩოქეო, იცით, რა ამაყად უპასუხა: არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! იმ ფირის ნახვის შემდეგ დიდხანს ვიყავი შოკში. მეც ისევე მტკიოდა, როგორც მამას სტკიოდა, როცა კონდახს ურტყამდნენ ზურგში, თან ყველა ერთდროულად რომ ურტყამდა... თუმცა ტკივილთან ერთად სიამაყის გრძნობაც მაქვს. ერთ კადრში ჩანს ქართველ ტყვეებს "მარშრუტკაში" რომ ტენიან. როდესაც მანქანა დაიძრა, მამამ და ჩვენებმა ქართულად დაიწყეს სიმღერა.

მამას 24 წელი ველოდებოდი... კარზე ყოველი დაკაკუნება, ტელეფონის ყველა ზარი მისი მეგონა. ვიცოდი, რომ გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან, ქართველ კაცებს რომ არ წაუგიათ!

ჩემი თაობა თუ ვერ მოესწრება, მომავალი თაობა მაინც იხილავს აფხაზეთს ისევ საქართველოს შემადგენლობაში.

რუსუდან შაიშმელაშვილი