„მე დიდად არ გამოვირჩევი ცხოვრებით ტკბობის უნარებით, მაგრამ სიცოცხლე საინტერესო ისევ გახდა“
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი კეკელიძის ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რამდენიმე მიმართულებით "გაიშალა". მან კომპანია "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დაიკავა, ასევე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "სახლი" გენერალური მენეჯერი გახდა. ასევე, აქტიურად ახორციელებს პროექტებს ლიბ.გე-ზე. გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ წავა და მუშაობას ლიტერატურის, განათლებისა და კულტურის "მინდვრებზე" განაგრძობდა.
- პირველ რიგში როგორ ხართ? იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა, ვგულისხმობ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას...
- ვფიქრობ, მხნედ. არანაკლები გამოწვევებია ახლა ჩემს საქმიან გზაზე. "ბიბლუსი", წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი, lib.ge. - დიდი პროექტების მართვა მიწევს და როგორც მწერალს, ასევე ბევრი გეგმა მაქვს. წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ამბიციური პროექტია. ჩვენ ვაპირებთ სოფლის სკოლების, ბიბლიოთეკების, საგანმანათლებლო ცენტრების ახალი წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას. დაგეგმილია ქართული წიგნის კუთხეების გახსნა საზღვარგარეთ. გვყავს ელჩები, წარმომადგენლები და წევრები - გვინდა ადგილობრივი კლუბების შექმნა, რომლებსაც საგანმანათლებლო ხასიათი ექნება.
- საკმაო დრო გავიდა, თქვენი გადმოსახედიდან, რას ფიქრობთ, რა იყო თქვენი გათავისუფლების მთავარი მიზეზი?
- ამ საკითხზე ცხადად დავწერე და მეტი ლაპარაკი თანამდებობის გამოდევნებას დაემსგავსება. ხაზგასმით ვამბობ, არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, ერთხელ დავწერე და მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.
- პოლიტიკა იმდენად ჩვენი ყოველდღიურობაა, რომ ნებისმიერ, თუნდაც არაპოლიტიკურ ამბავს პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ. ზედმეტად პოლიტიზება ხომ არ არის პრობლემა?
- ადამიანი პოლიტიკური არსებაა, მისი ყველა ქმედება, თუ ის ვიტა აცტივა-ს მისდევს, პოლიტიკის ნაწილია, თუმცა ვიწროპარტიული აზრით პოლიტიკით ყველაფრის მოცვა, ცხადია, დამაზარალებელია.
- პოლიტიკა ბინძური საქმეა?
- ნებისმიერი საქმე ბინძურად ან სუფთად მისი შემსრულებელი ადამიანების მიხედვით იქცევა.
- ქართველი საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას რამდენად ასახავს სოციალური ქსელი, ამ შემთხვევაში ფაცებოოკ, სადაც დიდი დოზით არის ხალხის ბულინგი, აგრესია?
- ეს მსოფლიო პრობლემაა. ადამიანის მეორე, ვირტუალური რეალობა მკვეთრად მოსწყდა განვითარების მეტ-ნაკლებად კამერულ გზას, უცებ მარტოები დავრჩით მილიონობით თვალის წინაშე - ისინი განგვსჯიან, ცილს გვწამებენ, გვასამართლებენ - ეს ურთულესი რამ არის აღსაქმელად და გასააზრებლად. თუმცა ჩვენთან ეს ათმაგია, ერთმანეთის ლანძღვა ხომ ეროვნულ სპორტად გვაქვს დაწესებული. ორი ძირითადი სირთულე გვაქვს, რაზეც ილიაც წუხდა და სხვა დანარჩენიც: ერთმანეთის ატანა გვიჭირს და შრომის ორგანიზება. ძნელად დასაძლევი ამბავი მგონია, თუმცა არა შეუძლებელი - ყოველდღიური ვარჯიში უნდა. ეს ვარჯიში გულისხმობს ცოდნას, შრომას, დაკვირვებას და განვითარებას.
- როგორია თქვენი ზღაპრული საქართველო?
- ჩემი ზღაპრული საქართველო ვაჟას ალუდას საქართველოა, თანაცხოვრების ის მოდელი, რომელიც ალუდამ იქადაგა, სადაც სამყაროს ცენტრში ადამიანი დგას, ამ სიტყვის საუკეთესო და არა პრიმიტიული გაგებით. კიდევ მინდა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს განცდა არ დავკარგოთ - ეს საკითხი თითქოს ბაცდება, არადა, ადამიანებს საკუთარი სახლები და ქუჩები ელიან. შესაბამისად, ჩემი საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ერთად მოჩანს. ადამიანი ფერისცვალების არსებაა - ეს არის მისი უპირატესობა ცოცხალ ორგანიზმთა შორის, ქვეყანას ადამიანთა საზოგადოება აუმჯობესებს და თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ აჯობონ გუშინდელ დღეს, აუცილებლად გავიმარჯვებთ.
- დეპრესიისას ბევრი გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ შინაგანად იტანჯება. თქვენ ეს ყველაფერი გამოიარეთ, არსებობს რამე უნივერსალური რეცეპტი და თქვენს შემთხვევაში რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც ეს ყველაფერი დაგაძლევინათ?
- ეს იყო ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე. ურთულესი გზა საკუთარი ფსიქიკის ჯურღმულებში. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროცესი ბიოქიმიურია - სწორი მედიკამენტური მკურნალობა, თერაპია, გარკვეული ეტაპის შემდეგ რეფლექსია და ჩართულობა აღმოჩნდა ჩემი გადარჩენის რეცეპტი. ჩემ ირგვლივ ძალიან ცოტა ადამიანი შემორჩა და სწორედ ისინი მაძლევდნენ გადარჩენის იმედს. ესენი არიან ჩემი უახლოესი მეგობრები.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ებრძვის დეპრესიას...
- პრობლემის აღიარებას, თუნდაც უკიდურესად ვიწრო წრეში - ოჯახთან ამის გამხელას და შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტს. გახსოვდეთ, რომ აუცილებლად დასრულდება ეს ტანჯვა და გაიმარჯვებთ. ამ საკითხზე საუბარი, სიტყვა და მისი გაცვლა ერთი მთავარი გზაა, ოღონდ ამ სიტყვას ფრთხილი შერჩევა სჭირდება.
- როგორია ცხოვრება ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ.
- მე დიდად არ გამოვირჩევი ცხოვრებით ტკბობის უნარებით, მაგრამ სიცოცხლე საინტერესო ისევ გახდა, ეს მგონია მთავარი.
- თუ დაფიქრებულხართ იმ დღეზე, როდესაც გადაგარჩინეს, თქვენთვის რომ ვერ მოესწროთ?
- არაერთხელ. მაშინ წასვლაც მინდოდა და უფრო მეტად ის, რომ ვინმეს გადავერჩინე. მერე, რამდენიმე თვე არანაკლებ ჯოჯოხეთური გამოდგა. როცა დავფიქრებულვარ, უფრო სხვა ადამიანებს მიემართება ეს ფიქრი, ვიცი, რომ ბევრია გადასარჩენი და მე, ჩემი მწირი ძალით, ყოველდღიურად ვცდილობ მათ დახმარებას.
- რა არის ცხოვრებაში მთავარი, რისთვისაც უნდა იბრძოლოს ადამიანმა?
- სიმამაცე ზომიერებისა - კამიუს სიტყვები რომ გამოვიყენოთ. ეს არის ყველაზე მთავარი და არცთუ იოლად განსაცდელი საქმე - დიდ შრომას მოითხოვს და ბეწვის ხიდზე სიარულის სწავლას. მთელი ანტიკური და ინდური ფილოსოფია ამ ბალანსის პოვნას ეძღვნება, თუ ეგ შეძელი - ფიზიკურ და ფსიქიკურ წონასწორობასაც დაეუფლები.
სოფო კაჭარავა