„მძღოლების მტერი“ ანუ პარკინგის დილემა - კვირის პალიტრა

„მძღოლების მტერი“ ანუ პარკინგის დილემა

არ მეგულება მძღოლი, რომელიც თვეში­ ერთხელ მაინც არ იხდიდეს პარკი­რების გამო ჯარიმას. ფული იქით იყოს და, პარკირებაც თბილისელი მძღოლების­ წყევლად იქცა. "კვირის პალიტრის" სტუმარია საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე:­

- ვერ ნახავთ მოქალაქეს, რომელიც­ პარკირების ჯარიმას თვეში ერთხელ მაინც არ იხდიდეს. პარკირება აღარ არის ჩვენი მეგობარი, ის მძღოლების მტრად ჩამოყალიბდა, მოყვარე რომ იყოს, როგორც იყო ჩაფიქრებული, იქნებოდა მიწისზედა­ თუ მიწისქვედა პარკირება და გაქრებოდა­ ის დისკომფორტი, რაც "სითი პარკის" გადამკიდეს გვქონდა...

ჩვენ თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, რათა ჰაერი იყოს სუფთა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს ხალხმაო... ჩემზე თუ ზრუნავ, მკითხე მაინც, ასე მინდა თუ არა. პარკირება არაა მხოლოდ პარკირება, ბევრი სიღრმე აქვს...

- მაგალითად?

- საპარკინგე ადგილების უფრო და უფრო შემცირება და გაქრობა ბევრ ადგილას საცობების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.

- როგორ?

- მარტივად ავხსნი. თუ პარკირებისთვის ადგილი არ არის, შენ იწყებ ძებნას, ანუ ნელა მოძრაობ. სადღაც ვერ შეეტიე, უკან გამოხვედი, ამ დროს მოძრაობას აფერხებ. იმ კვარტალს, სადაც გაჩერება გსურს, 2-3 წრეს არტყამ ადგილის საპოვნელად. თუ ამ ქუჩაზე ერთხელ გავივლიდი, ახლა იმ დიაპაზონში, სადაც გავიარე, მანქანების რაოდენობა კი არ გავაორმაგე, გავასამმაგე. პლუს დროსაც ვაცდენ პარკირების ძებნაში. მოკლედ, პარკირების პრობლემაზე ბევრი რაღაცაა მიბმული.

download-1710701884.jpg

- სხვა ქვეყნების ქალაქებში როგორ დასძლიეს პარკირების პრობლემა?

- მაგალითად, ნიუ-იორკში თაიმსქვერზე რომ მივიდეთ, იქაც კი ძვირია, მაგრამ პარკირების ადგილები შექმნეს. ჩვენ თბილისში იმ შეცდომებს ვიმეორებთ, რაც თავის დროზე ნიუ-იორკში დაუშვეს - ქალაქის ცენტრში ააშენეს მაღალ-მაღალი სახლები და სივრცე არ დარჩა მანქანების გასაჩერებლად. ამიტომ მერე ამ პრობლემის მოგვარება დაიწყეს. მაგალითად, ბრუკლინსა და სხვა უბნებში გზის ორივე მხარეს არის პარკინგები. სხვა გზა არა აქვთ, მანქანა სადღაც უნდა გაჩერდეს. დასუფთავება საათობრივად არის, წინასწარ იციან, რომ ამ კვირის ამ დღეს გამოივლის დასუფთავების სამსახური და დიდი ჯარიმაა თუ არ გასწიე მანქანა. სხვა პერიოდში კი იმ ადგილას პარკინგის სივრცეა. ჩვენთან გადაწყვიტეს, გავაუქმოთ საპარკინგე სივრცეებიო და მოუწოდეს ხალხს, გადადით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზეო. არ არის ეგ ასე მარტივი. მეტროსა და ავტობუსებში ისედაც ჭყლეტაა პიკის საათებში. 10%-მაც რომ გადაწყვიტოს, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავრებო, არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მიიღებს ასეთ ნაკადს.ამას წინათ პოსტიც დავდე, ბევრ ქვეყანას ვჯობივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით, მაგრამ ქალაქი გაფუჭებულია - სადაც 3 ზოლი იყო, 1 ზოლამდე დაიყვანეს, რომ შეზღუდონ ავტომობილების მიმოსვლა.

ამ ქალაქში ველოსიპედი არასდროს იქნება უფრო კომფორტული გადაადგილების საშუალება, ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ტრანსპორტი მაინც პრიორიტეტად დარჩება და ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ქალაქის ხელმძღვანელობას ამ დღევანდელი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირეულად შეცვლა. კიდევ ერთი - უნდა შევეშვათ ქა­ლაქის­ ცენტრში ახალ-ახალი უსახური კორპუსების აშენებას. ქალაქი არ უნდა გავზარდოთ სიმაღლეში, პირიქით, უნდა გავშალოთ.

- პარკირების ადგი­ლების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

- ზუსტად ეგ არის პრობლემა. პირიქით, საპარკინგე ადგილები უნდა მოვამრავლოთ. ცუდად გაჩერებული მანქანები მერიას აწყობს, უფრო მეტი ფული შესდის.

- ფიქრობთ, რომ ცუდად გაჩერებული მანქანა მეტწილად სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და არა უპასუხისმგებლო­ მძღოლის?

- დიახ. 30 000 პარკინგი რომ არის და 700 ათასი მანქანა, როგორ გააჩერებ? გამიკეთე საპარკინგე სივრცეები და თუ არ გავაჩერებ, დამაჯარიმე. შენ კი რა ქენი? კორპუსები დამიმატე ქალაქის ცენტრში, საპარკინგე სივრცეები შემიმცირე და რაც არ უნდა მირტყა მათრახი, რას ვიზამ? ბევრი ამბობს, ვიცი, ცუდად გავაჩერე, მაგრამ იქნებ პარკინგის ყაჩაღი არ შემხვდეს და ავცდე 50-ლარიან ჯარიმასო. ყველა იღბლის ამარაა, თუ არადა, 50 ლარს იხდის. ფულზეა აქცენტი, ამიტომ ხელოვნურად იქმნება საპარკინგე დეფიციტი.

თუ მაგ ფულს არ იყენებ პარკინგის განვითარებისთვის, პირიქით, ამცირებ სივრცეებს და ზრდი ჯარიმას, ესე იგი, ფული გინდა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა პროექტებში დახარჯო.

- თქვენ ბრძანეთ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის დაწყებული პროექტი 2043 წელს დასრულდება.

- კი, ჯერ არავის უნახავს. კი ამბობდნენ, სატრანსპორტო განვითარების პროექტიაო, მაგრამ არსად გამოქვეყნებულა.

12348144-1106940986006490-5602891645661898543-n-1710701884.jpg

- თქვენ საიდან ნახეთ?

- გამოვითხოვე მათგან, ვინც დაწერეს, ნორვეგიული კომპანია "რამბოლისგან". ბევრი რამ ისე არ კეთდება, როგორც უწერიათ, თუმცა ნორვეგიელებსაც იმდენად აშკარა შეცდომები აქვთ დაშვებული, რომ ჩემთვის მათი პროფესიონალიზმი საეჭვოა. მაგალითად, 2016-ში გამოთვალეს, რომ ხალხის 8% მანქანიდან ველოსიპედზე გადავაო. იმიტომაც დაიწყეს ველობილიკების მოწყობა, ეგონათ, რომ 88 ათასი თბილისელი ველოსიპედით ივლიდა. მგონი, არც უნახავთ ეს ქალაქი, მისი აღმართები და დაღმართები, ისე გააკეთეს ეს პროექტი.88 ათასი კაცი, თან ჩვენი მოქეიფე ხალხი რომ ველოსიპედზე არ გადავიდოდა, ვერ გამოთვალეს. ვერც ის გათვალეს, თუ მაინცდამაინც ველოსიპედზე არა, მაშინ მოტოტრანსპორტზე გადა­ვს­ხდებოდით. ველოსიპედის პედლების მოტრიალე ხალხი ჩვენ არა ვართ. კი, იქნებიან მოყვარულები, მაგრამ არა მასობრივად. მოტოტრანსპორტზე კი გადავედით. დღეს ბევრად მეტი მოტოტრანსპორტია ქალაქში. "რამბოლის" დასკვნაში კი არც ერთი პროცენტი არა აქვს მოტოტრანსპორტს დათმობილი.

- მოკლედ, ჯიუტად მივყვებით "რამბოლის" გზას?

- ჯიუტად მიჰყვებიან, გავალთ შედეგამდეო. ტროტუარები არა გაქვს, შშმ პირებზე მორგებული ქალაქი არა გაქვს, ავტობუსი ხან აქ იჭედება, ხან იქ. ერთი ზოლი მაინც შეკარით თავიდან ბოლომდე, რომ ვთქვათ, აი, სიტყვაზე, #43 მარშრუტი თავიდან ბოლომდე კომფორტულად დადის, კარგად მუშაობსო.

ყოველი შენი მომდევნო ნაბიჯით რომ არასწორ შედეგს იღებ, ფაქტია, არასწორად მიდიხარ და ამის ან აღიარება უნდა შეგეძლოს, ან არ უნდა აკეთებდე იმ საქმეს, რაც არ გამოგდის.

- რა იქნებოდა სწორი?

- უნდა იყოს საპარკინგე სივრცეები,­ როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა, მით უმეტეს, ისეთ რთულ ადგილებში, სადაც ბევრი ოფისი და თავშეყრის სივრცეა. სადაც საათობრივი პარკირებაა, კეთილი ვინებოთ და დავდგათ აპარატები.

კონსტიტუციას ვარღვევთ, როცა მოქალაქეს ვაიძულებთ, რომ ჰქონდეს სმარტფონი და ინტერნეტი. თუ ფასიან პარკინგს მიკეთებ, კეთილი უნდა ინებო და გადახდის გზები შემომთავაზო, მაგალითად, აპარატი.საპარკინგე გადახდის სისტემა არ უნდა იყოს კაბალური. ამჟამად­ მთელი წლის გადასახადი 800 ლარია.­ ეს ჩვენი მოქალაქისთვის დიდი თანხაა. გარდა ამისა, სადაც ზონები არაა, იქ გასაჩერებლად კიდევ ყიდულობ პარკირების უფლებას.მაგალითად, ლონდონში ღამის საათებში დილის 7 საათამდე უფასოა პარკირება. საათი ლარი რომ ღირს, ღამით არ უნდა მუშაობდეს პარკირების ფასიანი სისტემა.

კიდევ ერთი ნიუანსი - დავავალდებულებდი ყველა მშენებელს, თითო ბინაზე 2 უფასო საპარკინგე ადგილი შეექმნა ახალაშენებულ კორპუსებში, სხვაგვარად მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი. თუ ქალაქის ცენტრში აშენებ კორპუსს, კეთილინებე და მიაყოლე საპარკინგე სივრცე.

იმ უბნებში, სადაც უკვე კორპუსები­ აშენდა, მჭიდროდ დასახლებულია და ქუჩა იჭედება, იმიტომ, რომ საპარკინგე სივრცეები არაა, დავიწყებდი სართულიანი პარკინგების აშენებას. ბევრია მიტოვებული სახლი, რომელსაც ინვესტორები ყიდულობენ და ისევ კორპუსს აშენებენ. მე რომ მუნიციპალიტეტი ვარ, რამდენიმე სახლს გამოვისყიდდი და კონკრეტულ უბნებში სართულიან პარკინგს ჩავდგამდი, რომელიც მუნიციპალიტეტის იქნებოდა. ჩემი გადმოსახედიდან ასეთია არსებული სიტუაციიდან სწორი გამოსავალი.

ერთ თვეში 1,4 მლნ ლარის ჯარიმა...

2024 წლის იანვარში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1,416 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,004 მლნ ლარი. 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 14 მლნ ლარით, თითქმის 280%-ით გაიზარდა! კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, გასულ წელს დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 19,024 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 5,020 მლნ ლარი. ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ ამანაც განაპირობა.