„მე რომ წავიდე, აქ უკვე ნასოფლარი იქნება, სულ ჩამოღამდება და ჩამოშავდება აქაურობა“ - კვირის პალიტრა

„მე რომ წავიდე, აქ უკვე ნასოფლარი იქნება, სულ ჩამოღამდება და ჩამოშავდება აქაურობა“

"ამ ზაფხულს, ივლისის თვეში, უკვე დასაძინებლად ვიყავი დაწოლილი, როცა ვირმა ფრუტუნი დაიწყო. გავედი და ღობესთან დათვის ორი პატარა ბელი იყო. ისეთი საყვარლები იყვნენ, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ღობეს აბობღდებოდნენ, მაგრამ ვერ გადმოდიოდნენ. ტყუპი ბალღები რომ ერთად თამაშობენ, ზუსტად ისე, სახეზე ერთმანეთს თათებს უსვამდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ. მივანათე, მაგრამ დედამაგათი არსად ჩანდა, თან მეშინოდა, დედა დათვი რომ იქვე ყოფილიყო, არ დამინდობდა... აქეთ მხარეს ფუტკარი მყავს, სადაც დენი მაქვს გატარებული. ეტყობა, იქ მისულს დენმა დაარტყა, გადამხტარიყო და იქიდან უხმო შვილებს, დაუხავლა. ესენი არც დაფრთხნენ, ბატარეის შუქზე ერთმანეთის ფერება გააგრძელეს, მერე დედასთან გაიქცნენ... პირველად მაშინ ვინანე, ტელეფონით ვიდეოს გადაღება რომ არ ვიცი", - ამბობს­ ნაზიკო ბუჩუკური, რომელიც თავის რთულ ცხოვრებაზე გვიამბობს.

- ჩემს სოფელს ჩალახევი ჰქვია, აქ დავიბადე და გავიზარდე... მყავდა მშობლები­ და ერთი ძმა, რომელიც, სამწუხაროდ, ადრე დამეღუპა. ძალიან კარგი ძმა მყავდა და სწორედ ამიტომაც ვეღარ შეველიე აქაურობას, მის გამო არ მსურს აქაურობის დატოვება. ჩემს ძმას ერთი ვაჟი დარჩა,­ ახლა ამერიკაშია... ჩემი შვილიშვილი, ნიკა შაბურიშვილი, მალე 23 წლის გახდება. აქაურობა ძალიან უყვარს, ჩამოდის და ბევრს ზრუნავს, მე კი ვეუბნები, წადი, შვილო, მე ვაკვდები ამ მთას და შენც ნუ შეაკვდები-მეთქი... ამ სოფელს წინა ხელისუფლებამ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ჩამოართვა, ახლანდელს შეეძლო აღედგინა, მაგრამ ამაზე არც იფიქრეს და ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ!

- ამ სოფელში გაიზარდეთ და ოჯახიც­ აქ შექმენით?

- არა, ბაზალეთის ტბის ახლოს არის სოფელი საშაგურო, იქ გახლდით გათხოვილი. მე როცა გავთხოვდი, აქ ჩემი ძმა და დედა ცხოვრობდნენ, ჩვენი ოჯახი გუგუნებდა. სულ სხვა ცხოვრება იყო. სოფლის პროგრამები არსებობს და მე არაფერს მაძლევენ, რადგან ჩემს სოფელს სტატუსი არა აქვს. წყლის პირზე ვცხოვრობ, აგერ მდინარე ჩამომიდის და სასაცილოდ­ ამიგდეს, წყლის მილი მომცეს. მეტი წყალი რად მინდა, ლამის არის წყალში დავიხრჩო! ვეუბნები, სახლის სახურავი მომეცით, ეს მილი არაფერში მჭირდება-მეთქი. არაო, სოფლის პროგრამა არ არისო. მაშინ ეგეც რატომ მომიტანეს?

429898206-932914414985197-6796155135531469581-n-1710702420.jpg

- უახლოესი მეზობელი სად გყავთ?

- ჩემამდე სანამ მოხვალთ, სოფელ ვაკისოფელში ცხოვრობენ... ერთი ბიჭი რეინჯერია, მუდმივი მცხოვრები კი ორი ოჯახია - ჯაბანიშვილები და წელაურები... ჩემ იქით კიდევ არის სოფელი - ელიაგზა, იქაც ერთი ბიჭი ცხოვრობს - გიორგი ბობღიაშვილი... ჩემს ბავშვობაში სოფელში სამოცი კომლი იყო. შემდეგ მიგრაციამ, უყურადღებობამ დაცალა. ძირითადი მიგრაცია ფშავმა მაშინ განიცადა,­ როდესაც ხუჩბაროვის ბანდა, ქისტები გადმოდიოდნენ. 1947 წელს ელიაგზაში ომიდან დაბრუნდა ერთი ბიჭი. წარმოიდგინეთ, ომიდან ორი კვირის დაბრუნებული იყო და ბანდის წევრებმა აქ მოკლეს. მომხდარმა ბევრი შეაშინა. მაშინ აქ გზაც არ იყო, გზის გაყვანა 70-იან წლებში­ დაიწყეს. შეშინებული ხალხი პანკისის ხეობაში, თიანეთში გადავიდა საცხოვრებლად...

- სკოლაში სად დადიოდით?

- ვაკისოფელში იყო სკოლა, აქედან კილომეტრსა და სამას მეტრში. სიარული­ არ მიჭირდა, მთის ბავშვისთვის­ ეს რა მანძილია?! ოთხწლიანი დაწყებითი კლასი­ იყო და 17 ბავშვი ვსწავლობდით. შემდეგ­ ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადავედით.­ დედა გვზრდიდა, მამა არ გვყავდა. ოთხი წლის მე ვიყავი, ექვსი წლისა ჩემი ძმა, როცა მშობლები­ დაშორდნენ. დედას მთის პირობებში მეტი ხელშეწყობა არ შეეძლო, ამიტომაც ისე ვერ ვისწავლე, როგორც ნიჭი ხელს მიწყობდა. ცოტა არ იყოს, დაუმორჩილებელი, ძალიან ცელქი ვიყავი და ბიჭებს ვცემდი. სკოლა რომ დავამთავრე, შემდეგ მოტაცებით წამიყვანეს. ორშვილიანს მეც ოჯახი დამენგრა, ვერ შევეგუე იმ ცხოვრებას, პირობებს და აქ დავბრუნდი.

- თქვენი შვილები სად ცხოვრობენ?

- გოგოც საშაგუროშია გათხოვილი, ბიჭი მცხეთაშია, თბილისში მუშაობს. გოგოს ორი გოგო ჰყავდა, ერთი ოთხი თვის დაეღუპა, ახლახან კიდევ ოცი წლის გოგო - გვანცა დავკარგეთ. რაღაც ავი სენი დაემართა, გერმანიაშიც წაიყვანეს სამკურნალოდ, მაგრამ ვერ უშველეს. შვილიშვილი რომ დამეღუპა, ძალიან გავბოროტდი და ყველაფერზე ხელი ავიღე. საქონელი მყავდა და ჩემს შვილიშვილს, ნიკას ვუთხარი, ამ საქონელს თუ გარეკავ­ და მომაშორებ, თუ არადა, თავები უნდა დავაჭრა და გადავყარო-მეთქი. ნიკა სულ მხარში მიდგას. ზამთარშიც აქ უნდა რომ იყოს, მაგრამ არ ვტოვებ. აქ ბავშვი უნდა დაიტანჯოს, ცოდვაა. ადრე აქ ხარი, ცხენი იყო და იმის ძალით ვცხოვრობდით, საწიკავი თუ რამ იყო. ახლა მანქანის გზა შემოვიდა და აღარც ხარია, აღარც ცხენი. მანქანა რომ დაგჭირდეს, სადღაც უნდა წახვიდე და დაიქირაო, ეს კი ძალიან ძვირია. ნიკა თავისთან საქონელს უფრო ადვილად აზამთრებს. ზამთარში საშაგუროში მიჰყავს, ზაფხულში ამოდის, ახლაც სულმოუთქმელად ველოდები ამ ერთი თვის გასვლას...

- თქვენ არ გიცდიათ ზამთარში წამოსულიყავით?

- ვრჩები იმიტომ, რომ მინდა ეს სოფელი იყოს, აქ კიდევ ვიღაც არსებობდეს. სანამდე ცოცხალი ვარ, ვერ წავალ! მერე თავისთავად წასული ვიქნები...

- არასოდეს შეგშინებიათ მარტოს?

- რამ უნდა შემაშინოს?! ნადირი თუ მოვა, სახლში ხომ ვერ შემომივა? ადამიანი შეურაცხყოფისთვის ჩემთან არ მოვა.

- რამდენი წელია რაც მარტო ხართ?

- უკვე მეთორმეტე წელია. მანამდე დედაჩემი ცოცხალი იყო, ოცი წელი გაძლო შვილის დაღუპვიდან. დედა ქვეყანაზე ყველაზე დიდი იმედია! იმდენად მავსებდა, ვერც ვგრძნობდი, აქ თუ არავინ იყო. ყველაფერი ის იყო - მეზობელიც, ახლობელიც, ქალიც და კაციც.

- სოფელში მკაცრი ზამთარი იცის?

- ჩემს ბავშვობაში უფრო მკაცრი ზამთრები მახსოვს. სკოლაში რომ მივდიოდით, დედა მე და ჩემს ძმას ნიჩბით გზას გვიკვალავდა. დიდი თოვლი იყო თუ მე რომ პატარა ვიყავი, დიდი მეჩვენებოდა, არ ვიცი. მერე დიდი თოვლი აღარ ყოფილა. ახლა ისეთი თოვლი მოვიდა, ნახევარ ბარკალზე მწვდებოდა. შარშან ზამთარი ზაფხულივით იყო.

- ცხოველები არ გყავთ?

- ორი ფისო, ძაღლი და ვირი მყავს... ვხუმრობ ხოლმე, ანტიკვარი ვირი მყავს-მეთქი. ვირი აღარავის ჰყავს და იმიტომ ვეძახი ეგრე. ძალიან მეხმარება, ფიჩხს, რამეს­ მოვატანინებ. გზა რომ ჩაიკეტება, მაშინაც კარგია. ადრე უფრო მჭირდებოდა­ და იმიტომ მყავდა, მაგრამ ვირი დიდხანს ცოცხლობს და შემომრჩა.

431154080-725302306385643-6764718874300151530-n-1710702420.jpg

- პროდუქტებს სად ყიდულობთ, არის ახლოს მაღაზია?

- აქ პრობლემა ფქვილი, მარილი, კალოში და ჩექმაა. დუშეთში ან თბილისში­ უნდა ჩახვიდე, საზამთროდ რომ რაღაცები იყიდო. შუაფხოში, ბარისახოში ყავას, შაქარს, კანფეტს, ტკბილეულს იყიდი, მაგრამ ფქვილი და სხვა რამ ასეთ პატარა მაღაზიებში ვერ მოაქვთ.

ღმერთმა უშველოს ამ ინტერნეტის­ დამპროექტებელს. მართალია, ხშირად­ ითიშება და მერე ტელეფონით ვუკავშირდები,­ ვინც მჭირდება. ტელევიზორიც მაქვს. ადამიანების მონატრებას ვერ გადაგიფარავს, ის სულ სხვა რამეა, მაგრამ დრო ხომ გაგყავს?! ხელსაქმე გამომდის. ეგ რომ არ ვიცოდე და მიყვარდეს, უფრო გამიჭირდებოდა. "ფეისბუკის" მიჩვევა საშინელება ყოფილა. რაღაც ფოტოს დავდებ, მერე ასჯერ ვნახულობ და მაცდენს, თან ბევრი რამ არ ვიცი. თუმცა რაღაცები ვისწავლე და ჩემზე უმცროსებს ვეუბნები, ხალხო, ოცდამეერთე საუკუნეს მე მოვერგე და სად დარჩით, სად დაგეძინათ-მეთქი... თავიდან სწავლა მეც გამიჭირდა, ორი ტელეფონი მოვიმწვანილე.

- ჯანმრთელობაც ხელს გიწყობთ მთაში­ რომ გაძლოთ?

- 1956 წელს დავიბადე... თითქოს მაგრად ვარ, მაგრამ გული დამიავადდა. ნეტავ ეს შვილიშვილი არ მომკვდომიყო, მაგას ვეღარ შევეგუე. ვარსკვლავივით გოგო იყო, ჯერ ჩემი ძმის დაღუპვა, ახლა ამ ბავშვის. ჩემს გულში ამდენი ტკივილია, მაგრამ რომ შემხედავ, ვერ შემატყობ. ამ ყველაფერს ხომ გაძლება უნდა, თან ცხოვრების მძიმე პირობებიც ზედ ერთვის.

- თქვენი შვილები არ გაძალებენ მათთან წასვლას?

- იციან, რომ არ წავალ და ვერც ერთი ვერ მაძალებს. სიძე სულ მეუბნებოდა, მაგრამ დაიღალა ის კაცი ჩემთან ლაპარაკით. გაბუტულივით იყო, ეგონა, მაგათთან არ მინდოდა. ჯერ ახალგაზრდაა, ჩემთან შედარებით ბალღია და ვერა ხვდება, რატომ ვერ მივდივარ. ვის არ უნდა თავის შვილსა და შვილიშვილთან ყოფნა? მეც ჩავიცვამ მაკასინებს და ასფალტზე­ ვაკაკუნებ, მაგრამ ასე არ გამოვა. მე რომ აქედან წავიდე, ჩემებიც აქაურობაზე გულს აიცრუებენ. ჩემი ბიჭი მცხეთაშია, მთის გაგონებაც არ უნდა. ისე, სტუმრად თუ ამოვა. როგორც ჩემს შვილიშვილს, ნიკას აინტერესებს და უყვარს აქაურობა, მას არა.

- დღეს მთავრობისგან რას ითხოვთ, რა არის სოფლისთვის ყველაზე აუცილებელი?

- ეს მთავრობა ძალიან ნერვებს მიშლის... რამდენი ხმა დასჭირდებათ, მოდიან და ვეუბნები, რომ სახლში წყალი ჩამომდის, სულ რაღაც ათასი ლარი უნდა, მეტს ხომ არაფერს ვთხოვ... მოვლენ, ფოტოებს გადაიღებენ, წავლენ დაპირებებით და შედეგი არაფერი. შვილიშვილი მეუბნება, არ გინდა, მე თვითონ რაღაცას გავახერხებო, მაგრამ სოფლისთვის ამდენი არ უნდა გაიღონ?! მე რომ წავიდე, აქ უკვე ნასოფლარი იქნება. სულ ჩამოღამდება და ჩამოშავდება აქაურობა.

- ლამაზია თქვენი სოფელი?

- ხომ იცით, ჩიტი სადაც დაიბადება­, იმისი ბაღდადიც იქ არისო... ბუნება, წყალი გვაქვს, რაც სოფლისთვის აუცილებელია. მოსავალი მომყავს, ერთადერთი ბადრიჯანი ვერ ასწრებს მოსვლას, თორემ სხვა ყველაფერი. აქ ადამიანს არაფერი გაკლია, მთავარია, ჯანი გქონდეს. უხალხობაა პრობლემა, ამ პირობებში ვინ გაჩერდება?! სხვა რომ ჩემს ადგილას იყოს, აქ ზამთარს არავითარ შემთხვევაში­ არ გაატარებდა. ადამიანმა არ იცი, ხვალინდელი დღე გაგითენდება თუ არა, ვის როდის რა დაგვეტაკება და მე რომ რამე დამემართოს, არ მინდა ნიკა ამ ცარიელ ტერიტორიაზე მარტოკა დარჩეს. ჰყავდეს მეზობელი, თუნდაც ავი იყოს, ოღონდ მეზობელი იყოს. აქ თუ ვინმე მოვა და დასახლდება, თორემ ამ ქვეყნისგან არაფრის იმედი არა მაქვს. ნულია ამათი დაპირება. არც იციან, თუ ვარსებობ. ხმები თუ დასჭირდათ, მხოლოდ მაშინ გაკითხავენ და იგებენ, რომ ყოფილხარ. დანარჩენი არც ახალი წლის მოლოცვა გაახსენდებათ და არც სხვა დღესასწაულის.მე კი არაფერს ვთხოულობ, არაფერი მაკლია, ახლაც აგერ მიდევს ორი გაუხსნელი­ ბამბანერკა. ყველაზე ჩამორჩენილია დუშეთის რაიონი, გინდაც მოვიდეს გამგებელი, პირშიც ვეტყვი ამ სიტყვებს, მე არაფრის არ მეშინია! ტელევიზორი მაქვს და ვუყურებ, ყველგან საახალწლო ნობათი გადაიტანეს - თუშე­თში, მესტიაში, სხვაგან... ფშავში არაფერი­ მოუტანიათ. მე არაფერი მაკლია, მაგრამ ყურადღებაა მთავარი! ადამიანი რომ უყურადღებოდ ხარ დატოვებული და არაფრად უღირხარ, მაშინ რატომღა ღირხარ, როცა არჩევნებია?! ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც აქ სიმართლეს ამბობს, დანარჩენები ქვეშქვეშა არიან... მინდა ეს სოფელი იყოს და არა ნასოფლარი, მარტოკა ქალი კლდესავით ვდგავარ, ჩემი ბეჭებით ვიჭერ ამ მთას, ტყეს და აქაურობას!

- თქვენს სახლთან გარეული ცხოველები­ მოდიან?

- ხშირად... მაგალითად, ფოცხვერი წუხელაც აქ იყო. რაღაცნაირი ხმა აქვს, არც ყმუილს, არც ჩხავილს ჰგავს. რომ დასჩხავლებს, შეშინებული ძაღლი ჩუმდება­ და უკვე ვიცი, რომ ფოცხვერია მოსული. წუხელაც გავედი, ბატარეა დავანათე და იმხელა თვალები დაატრიალა... არც წავიდა, აღარაფრის ეშინია. მელამ და ქორმა ისე შემაწუხეს, ქათმები გავაწყვე ამ შემოდგომაზე. ქორისგან რა გასაკვირია, მაგრამ მელაც დღისით მტაცებდა ქათმებს. გასროლა არ შეიძლება და შიში აღარ აქვთ გარეულ ცხოველებს. აქ დათვებიც არიან... ვირს სახლის წინ ვაბამ, რადგან მეშინია გარეულმა ცხოველმა არაფერი დაუშავოს. ამ ზაფხულს, ივლისის თვეში, უკვე დასაძინებლად ვიყავი დაწოლილი, როცა ვირმა ფრუტუნი დაიწყო. გავედი და ღობესთან დათვის ორი პატარა ბელი იყო. ისეთი საყვარლები იყვნენ, მეტი რომ არ შეიძლება. ღობეს აბობღდებოდნენ, მაგრამ ვერ გადმოდიოდნენ. ტყუპი ბალღები რომ ერთად თამაშობენ, ზუსტად ისე, სახეზე ერთმანეთს თათებს უსვამდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ. მივანათე, მაგრამ დედამაგათი არსად ჩანდა, თან მეშინოდა, დედა დათვი რომ იქვე ყოფილიყო, არ დამინდობდა. აქეთ მხარეს ფუტკარი მყავს, სადაც დენი მაქვს გატარებული. ეტყობა, იქ მისულს დენმა დაარტყა, გადამხტარიყო და იქიდან უხმო შვილებს, დაუხავლა. ესენი არც დაფრთხნენ, ბატარეის შუქზე ერთმანეთის ფერება გააგრძელეს, მერე დედასთან გაიქცნენ. პირველად მაშინ ვინანე, ტელეფონით ვიდეოს გადაღება რომ არ ვიცი.

- ფიქრობთ, რომ რთულია თქვენი ცხოვრება, მაგრამ საინტერესო?

- მე რომ მიცხოვრია 68 წელი, ჩემთვის ბევრ ვაჟკაცს ვერ უჯობნია. ადგილ­ობრივი ხელისუფლებისგან რა უნდა ჩვენ მოხედვას? - არ ვიცი, რა ხალხში ვბერდები. მათ როგორ უნდა დამმარხონ, მაგათგან დამარხული არც ვიქნები.