შემოდგომას გაზაფხულმა უნდა აჯობოს! - კვირის პალიტრა

შემოდგომას გაზაფხულმა უნდა აჯობოს!

გერმანიაში გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვე და ორი მატჩი დარჩა. 21 მარტს, "დინამო არენაზე" საქართველო-ლუქსემბურგია. თუ გავიმარჯვებთ, "ევრო-2024"-ის საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში მოგებულსაც "დინამო არენაზე" ვუმასპინძლებთ.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გასულ კვირას დაასახელა ის ფეხბურთელები, პლეი-ოფის თამაშებისთვის რომ დაეყრდნობა. ვილი სანიოლის არჩევანს ამჯერადაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. უფრო სწორად, კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია, რადგან უახლოეს მატჩ(ებ)ში წარმატება ჩვენთვის ევროპის ასე ნანატრ ჩემპიონატზე თამაშს ნიშნავს და რა გასაკვირია, რომ მოლოდინიცა და ემოციებიც ყოველდღიურად იმატებს.

თუმცა თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს სანიოლის არჩევანის გაკრიტიკებას არ ვაპირებ: ჯერ ერთი, ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ის არის და ფეხბურთელების შერჩევასა და შედეგზე პასუხისმგებელიც (მეორე საკითხია, რას გულისხმობს ხოლმე ეს "პასუხისმგებლობა"). მერე კიდევ, კარს მომდგარი უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე დამატებითი წნეხი არასწორი მგონია. ასე რომ, კრიტიკაც თუ ქებაც მარტის ბოლოს იყოს - გზა რომ გამოჩნდება (იმედია, გერმანიისკენ მიმავალი გზა!)...

ჯერ მარტის მატჩებისთვის გამოძახებულთა სიას გადავხედოთ:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბ), ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი);

მცველები: სოლომონ კვერკველია ("ალ ახდუდი", საუდის არაბეთი), საბა საზონოვი ("ტორინო", იტალია), გურამ კაშია ("სლოვანი", სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი ("პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი ("აპოელ", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", იტალია), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია", პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო" ბთ), ლევან შენგელია ("პანეტოლიკოსი", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი ("დინამო" ბთ), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", უკრაინა);

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("უოტფორდი", ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი ("ვოლფსბერგერი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ესპანეთი), ჯაბა კანკავა ("სლოვანი", სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("უნივერსიტატეა", რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე ("კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია ("აპოელ", კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", იტალია);

ვილი სანიოლმა სიურპრიზებს საქართველოს ნაკრებში გამოჩენისთანავე მიგვაჩვია: ექსპერიმენტებს მაინცდამაინც უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ მოინდომებდა ხოლმე, ერთი შეხედვით არაფრისმომცემ მატჩებში კი ისეთ ფეხბურთელებს ათამაშებდა, დასამტკიცებელი მისთვისაც აღარაფერი ჰქონდათ. თანდათანობით ასეთი მოულოდნელობები სულ უფრო იშვიათი გახდა, მით უმეტეს, არავინ ელოდა, რომ ფრანგი მწვრთნელი მაინცდამაინც მარტის უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვის დაიწყებდა ახალი მოთამაშეების გამოცდას. მეტიც, გამოძახებულთა შორის ისეთ ფეხბურთელსაც ვხედავთ, ნაკრების ნახევარდაცვაში გაჩენილი უზარმაზარი "ხვრელების" დანახვისას არაერთხელ რომ გაგვხსენებია. მართალი ხართ - სწორედ ჯაბა კანკავას ვგულისხმობ.

430873677-408861725067660-4238313221062130927-n-1710703157.jpg

დაბადების და დაბრუნების თვე

18 მარტს ჯაბა კანკავა 38 წლის გახდა (აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს არის დაბადებული ვილი სანიოლიც - ფრანგს 47 წელი შეუსრულდა), გასულ კვირას კი დაუბრუნდა გუნდს, სადაც 2004 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ 100 მატჩში (მათ შორის, 62 შეხვედრაში - კაპიტნის სტატუსით, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია) ითამაშა. ასე რომ, წლევანდელი მარტი კანკავა-სანიოლის დუეტისთვის მნიშვნელოვანი თვეა და დიდი იმედი გვაქვს ქართული ფეხბურთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისიც იქნება. ნაკრების მაისური ჯაბამ ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში, საბერძნეთთან 0:2 წაგებულ მატჩში მოირგო და გადაწყვიტა, სანაკრებო მატჩების მაჩვენებელი 100-იან ნიშნულზე დაესრულებინა. სამი წელიწადია, ქომაგი კანკავას ნაკრებში დაბრუნებას ითხოვდა და... როგორც აღმოჩნდა, არა მარტო გულშემატკივარი - ვილი სანიოლიც: "ნაკრებში კანკავას დაბრუნებაზე დიდი ხანია ვფიქრობ. ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ ჯაბას მოწვევის სურვილი სულ მქონდა და ამის შესახებ იაშვილსა და სხვებსაც ველაპარაკე. ფეხბურთელსაც ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ მზად არის გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დაეხმაროს", - თქვა ვილი სანიოლმა სანაკრებო სიის გამოცხადებისას.

ვინც "სლოვანის" მატჩებს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ასაკის მიუხედავად, ჯაბა კანკავა საუცხოო ფიზიკურ კონდიციაშია, ძველებურად დაუღალავი და საიმედოც არის და იმედია, ეროვნულ გუნდსაც დაეხმარება საყრდენი ნახევარმცველის პრობლემურ პოზიციაზე. კანკავას და სანიოლს დაბადების დღეს ვულოცავ და ვუსურვებ 2024 წლის მარტი განსაკუთრებულად დაამახსოვრდეთ.

არა-ბიძეს

"გიორგი არაბიძე მოიაზრებოდა ნაკრების გაფართოებულ სიაში. მის თამაშს თვალს ვადევნებდით (სტადიონის ტრიბუნიდანაც და ვიდეოჩანაწერებითაც) და ვიცით, რომ "ტორპედოში" კარგი სეზონი ჩაატარა, ბევრი გოლიც გაიტანა. მესმის გულშემატკივრების, მაგრამ არაბიძის თამაშის ინტენსივობით არა ვარ კმაყოფილი. ბოლო 10 წელიწადში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, გაცილებით "ფიზიკური" და ინტენსიური გახდა. საქართველოშიც გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი ინტენსივობით შეუძლიათ თამაში... ცხადია, არაბიძე რჩება ჩვენი ყურადღების ქვეშ და მომავალში, თუ უკეთ წარმოაჩენს თავს, ნაკრებში იქნება", - ასე უპასუხა სანიოლმა გიორგი არაბიძესთან დაკავშირებულ კითხვას.

გულშემატკივრის ნაწილი მიიჩნევს, რომ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი (სხვათა შორის, არაბიძეც მარტშია დაბადებული!), რომელიც ძალიან ტექნიკურია, ძლიერი და ზუსტი დარტყმა აქვს და საჯარიმო დარტყმებსაც ჩინებულად ასრულებს, იმსახურებდა ნაკრების (თუნდაც გაფართოებულ) შემადგენლობაში ყოფნას და ნამდვილად აქვს პოტენციალი, გუნდს თუნდაც ბოლო წუთებში დაეხმაროს. რამდენი გულშემატკივარიც არის, იმდენივეა განსხვავებული მოსაზრება, მით უმეტეს, საქართველოში. ბევრი დარწმუნებულია, რომ გიორგის მართლაც შეუძლია ნაკრების დახმარება. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ვილი სანიოლის მოსაზრებას ეთანხმებიან... საბოლოო ჯამში კი გადაწყვეტილებას (და პასუხისმგებლობას) მთავარი მწვრთნელი იღებს და რადგან ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ფონს გიორგის გარეშეც გავა, ამ თემაზე ბევრი ლაპარაკით გული არც გამოუძახებელ მოთამაშეებს ვატკინოთ და არც იმათ, ვინც ამ ჯერზე გამოიძახეს...

"აზაროვით უკმაყოფილო დავრჩი"

- თქვა სანიოლმა. ფრანგმა სპეციალისტმა პირდაპირ გვითხრა, რომ ბოლო სანაკრებო მატჩებში ირაკლი აზაროვის თამაში არ მოეწონა. უფრო სწორად, მცველის უშუალო ფუნქციით: "ირაკლის არგამოძახება ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო. ის კარგი ბიჭია, ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის პირველ რიგში მცველია და მოედანზე შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. რაკი კმაყოფილი არ ვიყავი, გადამწყვეტი მატჩებისთვის არ გამოვიძახე. მას მიეცემა შანსი, რომ შეცდომები გამოასწოროს. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ლევან შენგელია და გიორგი წიტაიშვილი უკეთეს ფორმაში არიან და უახლოეს მატჩებში მათი იმედი მექნება". აზაროვი სტაბილურად თამაშობს დონეცკის "შახტარში", მათ შორის ევროთასებზეც. თუმცა სანიოლმა კონკრეტულად ახსნა შეტევის მოყვარული მცველის არგამოძახების მიზეზი და რადგან მიაჩნია, რომ მცველის ფუნქციას ამპლუით არამცველი მოთამაშეები უკეთ შეასრულებენ, ალბათ, აქვს კიდეც მათი და თავის იმედი. გაამართლებს თუ არა ასეთი მიდგომა - მარტის ბოლოს გვეცოდინება.

გველესიანის შანსი

არაბიძისგან განსხვავებით, შანსი მიიღო ირანის ჩემპიონატის გამორჩეულმა მცველმა გიორგი გველესიანმა. ის წლებია სტაბილურად და შედეგიანად თამაშობს ირანის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "პერსეპოლისში" და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, წლებია, ქომაგი ნაკრებში მის გამოძახებას ითხოვს და... ვილი სანიოლმა გამოცდილ მცველს მარტის მატჩებისთვის უხმო. სანაკრებო სიაშია სანდრო ალთუნაშვილიც. კანკავას დაბრუნება კარგია, მაგრამ ჯაბა ჩამშლელი უფროა, ალთუნაშვილს კი საყრდენი ზონის გამაგრებაც შეუძლია და შეტევის წამოწყებაც.

ცხადია, სათითაოდ ვერ ვილაპარაკებთ მარტის პლეი-ოფისთვის გამოძახებულ ყველა ფეხბურთელზე. უმეტესობას ჩვენი გაზეთის მკითხველი ისედაც კარგად იცნობს. ბოლო წლებში, ნაკრების მატჩებისადმი ინტერესი ერთიორად გაიზარდა (ამაში კვარაცხელიას და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი წვლილია), რის დასტურად ისიც გამოდგება, ნაკრების თამაშების ბილეთები ერთ დღეში სრულად რომ იყიდება ხოლმე. ცხადია, ასე იყო ლუქსემბურგთან შეხვედრის ბილეთებზეც და 21 მარტს "დინამო არენაზე" ცარიელი ადგილები არ იქნება.

კვარაცხელია მაინც ვახსენეთ და...

"ხვიჩას არყოფნაში ისე უნდა ვითამაშოთ, კვარა ფინალში დაგვეხმაროს!" - ჯერ კიდევ ნოემბერში მითხრა გიორგი ჩაკვეტაძემ. მართალიც არის: ცუდია, ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია რომ დაგვაკლდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ხვიჩას გარეშე უნდა გავიმარჯვოთ. სწორი ტაქტიკით და სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. სხვაგვარად ფინალზე ფიქრი და იმაზე მარჩიელობა - მეტოქედ საბერძნეთი გვირჩევნია თუ ყაზახეთი, აზრს 21 მარტსვე დაკარგავს.

კითხვები ყოველთვის არის. ისევე, როგორც განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის - ლუქსემბურგს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და 26 მარტს საბერძნეთი-ყაზახეთის დუელში გამარჯვებულს დაველოდოთ.

საქართველოს ნაკრები მეორედ არის ძალიან ახლოს ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. 2020 წლის შემოდგომა დღემდე მწარედ გვახსოვს, თუმცა...

წარსულს ნუღარ მივუბრუნდებით: შემოდგომას გაზაფხულმა უნდა აჯობოს!

რატი შელეგია