„ფრანკო ძეფირელი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო“ - კვირის პალიტრა

„ფრანკო ძეფირელი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო“

"ნახევარფინალში მხოლოდ ესპანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი მოხვდა. ჩვენი ქვეყნის ნაციონალური შერჩევებიდან, მეორე ტურისთვის ვერც ერთი ესპანელი ვერ გავიდა", - წერდა ესპანური პრესა ქართველი სოპრანოს ეთერ ჭყონია-ლამორისის შესახებ, რომელიც პლასიდო დომინგოს დაარსებულ "ოპერალიას" მსოფლიო კონკურსში­ 10 000 მომღერალს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა. "როცა მის შესანიშნავ ხმას ვუსმენდი, აღვფრთოვანდი. მინდა ყველას ვურჩიო მისი სიმღერა მოისმინოს", - განაცხადა შვედეთის პრინცესა კრისტინამ, როდესაც ქართველ საოპერო მომღერალს 2012 წლის 10 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სამეფო სასახლის სამეფო დარბაზში ოქროს ორდენი "ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი მომღერალი" გადასცა (ეთერ ჭყონია ყველასათვის ცნობილი სოპრანოს, ლამარა ჭყონიას უმცროსი ქალიშვილია). ეთერ ჭყონია-ლამორისის საოპერო შესრულებისა და ნიჭის შესახებ ამბებს ვერ დაიტევს გაზეთის ფურცლები. ამიტომაც მკითხველს მისი ცხოვრების იმ ეპიზოდებს გავაცნობთ, რომლებიც გენიალურ იტალიელ რეჟისორს, სცენარისტსა და მხატვარს ფრანკო ძეფირელის უკავშირდება. ფრანკო ძეფირელის რეჟისორობით 1967 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ჭირვეულის მორჯულება" რიჩარდ ბარტონისა და ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით; 1968 წელს ლეგენდარული ფილმი "რომეო და ჯულიეტა". მისი საოპერო დადგმები ისეთივე დაუვიწყარია, როგორც კინოფილმები, ფრანკო ძეფირელი 20-მდე სპექტაკლის რეჟისორია. ეთერ ჭყონია-ლამორისი­ ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს უამბობს ლეგენდარულ იტალიელ რეჟისორზე, მასთან თანამშრომლობასა და ფრანკოს ვილაში გატარებულ დღეებზე.

"ფრანკო ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ვულგარული მიუზეტას როლს თავი გავართვი, ჩემი რეალური ბუნება რომანტიკული იყო"

- ფრანკო ძეფირელი ჩემი კარიერის­ დასაწყისში გავიცანი, როდესაც მის სახელგანთქმულ სპექტაკლ "ბოჰემაში" მონაწილეობისთვის მიმიწვიეს. მიუზეტას როლი ჩემთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ამ პერსონაჟის განსახიერებას ქართველი ქალისთვის უჩვეულო უწესობა სჭირდებოდა, მე კი მორიდებული ვიყავი. ფრანკომ ეს შენიშნა: "ლამორის, რატომ თამაშობთ უკარებას? მიუზეტა რა, ქალიშვილია? ასეთი რამ არ მინახავს, ეს შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არა ამ კონკრეტულ ოპერაში, დამანახეთ ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი ცეცხლი". სანამ მე ვაანალიზებდი, რას გულისხმობდა "ქართველი ქალისთვის დამახასიათებელ ცეცხლში" და როგორ უნდა გამომეხატა ეს, ფრანკო მიუბრუნდა შემოქმედებით ჯგუფს და ქართველი ხალხის ტემპერამენტიანობის შესახებ დაუწყო თხრობა. ხანდახან გამომხედავდა ხოლმე, თითქოს ჩემი დაბნეულობის დონეს აფასებდა. ბოლოს, როდესაც გენერალური რეპეტიციის დღე დადგა, საბოლოოდ ჩავკალი ჩემში ქალი, სახელად ეთერ ჭყონია, რაც კი გამბედაობა მქონდა მოვუყარე თავი და პრემიერის დღეს დაიბადა მიუზეტა. არ ვიცი, ძეფირელი მიხვდა თუ არა, როგორი სულიერი ბრძოლა დამჭირდა ამ გარდასახვისთვის, თუმცა მგონი, მან ზუსტად იცოდა, რომ გარდასახვა შევძელი, მაგრამ არ იცოდა, რამდენი კომპლექსისგან შეძლო ჩემი გათავისუფლება. ერთი წლის შემდეგ ნეაპოლში პუჩინის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანკომ ასე მომიხსენია: "საუკეთესო მიუზეტა, რომელიც ოდესმე მინახავს". მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა, რომელიც ამ როლმა მომიტანა, მიუზეტას შეყვარება ვერ შევძელი და ხშირად, თუ შესაძლებლობა იყო, ამ როლზე უარს ვამბობდი. ერთხელ, ახალ წელს ფრანკოს ვილაში შევხვდი. იმ სახლში დამაბინავეს, რომელიც "ნურიევის კუნძულს" გაჰყურებდა (ეს სახელი ლეგენდარული მოცეკვავის, რუდოლფ ნურიევის პატივსაცემად დაერქვა). ძეფირელის ვილაში წარმოუდგენელი სილამაზე, მე-19 საუკუნის ატმოსფერო სუფევდა - დაწყებული გარემოთი, დამთავრებული ფრანკოს ჩემდამი დამოკიდებულებით. "როგორ გეძინა, ჩემო პრინცესა? ღვინო მიართვით ჩემს პრინცესას", - ასე მომმართავდა ხოლმე. ფრანკო ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ვულგარული მიუზეტას როლს თავი გავართვი, ჩემი რეალური ბუნება რომანტიკული იყო.

"ჩვენ უხილავი პლატონური სიყვარული გვაკავშირებდა"

- სამწუხაროდ, ნეაპოლის სპექტა­კლებმა­ არასასიამოვნო მოგონებებიც დამიტოვა. თეატრის დირექცია მიუზეტას როლზე თავისი კანდიდატურის წარდგენას ცდილობდა და ძეფირელი ფაქტის წინაშე დააყენეს. პასუხად ძეფირელიმ ნეაპოლის თეატრის დირექციას მისწერა: "ან ეთერი ჩამოდის, ან მე აქედან მივდივარ!" - მიუხედავად ამ პასუხისა, პრობლემა მარტივად არ მოგვარდა. საქმე ის იყო, ეს როლი ტურინში ლუჩანო პავაროტისა­ და მირელა ფრენისთან ერთად უნდა მემღერა, მაგრამ ფრანკოს სპექტაკლებით ვიყავი დაკავებული და ტურინში დროზე­ ვერ ჩავიდოდი. დაგვიანება ვერ მაპატია ტურინის თეატრის დირექტორმა: "ეს რა გაუგებრობაა, პავაროტიც კი არ აგვიანებს­, რას ვუპასუხებ,­ როდესაც მკითხავს,­ დამწყებ მომღერალს რატომ აძლევ დაგვიანების უფლებასო?" და ისევ ჩემი მფარველი ანგელოზი ურეკავს ტურინის თეატრის დირექტორს თხოვნით, დაუშვას გამონაკლისი, დაგვიანება მაპატიოს, რადგან მას (ძეფირელის) ვჭირდები­ სპექტაკლზე. ყურმილის მეორე მხრიდან ყვირილის ხმა მესმოდა, - ჯაკომო პუჩინიც რომ წამოდგეს საფლავიდან და მთხოვოს, დაგვიანებული მომღერალი დაუშვი სპექტაკლზე, უარს ვეტყვიო. ბოლოს გაბრაზებულმა ძეფირელიმ ტელეფონი ძირს დაანარცხა. ხომ წარმოგიდგენიათ, მე რა დღეში ვიქნებოდი იმ მომენტში. ბოლოს ფრანკო გაჩუმდა და სევდიანად შემომხედა:

- გოგონა, იცი კი ვინ ხარ?

შეძრწუნებული ვუმზერ ფრანკოს, ხმას არ ვიღებ, ფიქრში ვემშვიდობები ახალდაწყებულ კარიერას.

- შენ შესანიშნავი მომღერალი ხარ! გამაოგნებელი კარიერა გექნება, თუ შენი გონებაგაყინული აგენტი შეგეშვება. არც შენ და არც მე არ უნდა ვყოფილიყავით ტურინის დირექციის დამშვიდებით დაკავებული, ეს შენს აგენტს უნდა მოეგვარებინა. შენ უნდა იფიქრო მხოლოდ მუსიკასა და დიდებულ საქმეებზე!

საბოლოოდ ძეფირელიმ დათმო 6 სპექტაკლიდან 3 ჩემს სასარგებლოდ, რათა ტურინში მომღერა, ამაზე კი უკვე უარი განაცხადა ნეაპოლის დირექციამ და ძეფირელიმ თავისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა ამჯერად უკვე ნეაპოლის დირექციის წინაშე. აი, ასე დასრულდა ჩემი მორიგი თავგადასავალი უდიდეს რეჟისორთან. გამგზავრების წინ მადლობის გადასახდელად მასთან საგრიმიოროში შევედი, მან კი ასე მიპასუხა: "გახსოვდეს, არც მე, არც აბადო და არც დომინგო შენი დამცველები არა ვართ! შენი ნიჭია შენივე დამცველი", - და მრავლისმთქმელად საჩვენებელი თითი ასწია. გამოვიხურე კარი, ჩემს საგრიმიორო ოთახში შევედი, და ცრემლები წამსკდა.

უხილავი პლატონური სიყვარული გვაკავშირებდა. როცა გაიგო, რომ ჰორო­სკოპით ტყუპი ვარ, აღფრთოვანდა, ყველა ჩემთვის ახლობელი ადამიანი ჰოროსკოპით ტყუპია, მთელი ჩემი ცხოვრება ტყუპების გარემოცვაში ვარო. მომდევნო ზაფხულს თავის აგარაკზე დამპატიჟა ოჯახთან ერთად. მინდოდა მეპასუხა, ვერ შევძლებ ჩამოსვლას, საქმეების გამო-მეთქი, თანაც იმხანად ჯერ კიდევ ვსწავლობდი იტალიურ ენას და შეცდომით ვუთხარი, მე არასდროს ვისვენებ-მეთქი.

- მართლა? - მკითხა და გაოცებით შემომხედა, - ძალიან ეკონომიურია­, ერთი უნდა ვცადო, - თქვა, სიგარას მოუკიდა და გადაიხარხარა.

"ის უბრალოდ უნიკალური იყო"

- ფრანკო ძეფირელი 2019 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს წერილი მისი გარდაცვალების დღეებში გამოვაქვეყნე: "ძეფირელის ცხოვრება სავსე იყო პარადოქსებით. ღრმა კათოლიკე და ანტიკომუნისტი, გეიორიენტაციის ადამიანი­, რასაც სახალხოდ არასდროს ამხელდა, გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ".

ჩემთვის ეს მისი პიროვნების ზედაპირული ანალიზია. მე ვიტყოდი, ექსტრაორდინარული პიროვნება, დიდი ჰუმანისტი, რომელიც რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ნაციონალობაზე ან პირად ცხოვრებაზე უფრო მაღლა იდგა. იყო ღრმად განათლებული ადამიანი. მან შემოიტანა ფილმი ოპერაში და ოპერა ფილმში. არასდროს უღალატია თავისი ძირითადი მისწრაფებისთვის, შინაგანი ან გარეგნული ესთეტიკური სილამაზის ძიებისთვის, იქნებოდა მუსიკა, სიმღერა, ადამიანი თუ ბუნება, ხოლო ვინც მას პირადად იცნობდა, დამეთანხმება, რომ ის იყო ფილანთროპი, სხვისი ნიჭის მოყვარული და დამფასებელი. საჭირო რომ იყოს მისი პიროვნება ერთი სიტყვით აღმეწერა, მე ვიტყოდი - "ის უნიკალური იყო". ფრანკოსთან ერთად წავიდა ჩემი ცხოვრების მთელი ეპოქა. მასთან ასოცირებული იყო ჩემი საოპერო შემოქმედების 15 წელი.

მასთან მაკავშირებდა თავისებური, მე ვიტყოდი, ტელეპათიური კონტაქტი. როდესაც დამესიზმრებოდა, ოჯახს ვეუბნებოდი: "ფრანკო დამესიზმრა, ნეტავ ამჯერად რისი თქმა უნდა?" - ფოსტას გავხსნიდი თუ არა, მისი ახალი წინადადება მხვდებოდა. მაესტროს უკანასკნელად მის 90-ე იუბილეზე შევხვდი. ძეფირელი დაუვიწყარი იქნება არა მარტო ისტორიისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მასთან ახლოს იყო. მაშინ ვუთხარი: ქართულად და ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ენაზე უზარმაზარ ბედნიერებას გისურვებთ, სადაც არ უნდა იყოთ, ძვირფასო ფრანკო!