როგორ არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა - კვირის პალიტრა

როგორ არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი გვანცა­ გურგენიძე.

- ყოფილი მეუღლის მხრიდან მომდის მუქარის მესიჯები, პოლიციისთვის არ მიმიმართავს, რადგან ვიცი, დედამისი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ციხეში არ აღმოჩნდეს. სხვა რა გზა არსებობს ასეთ დროს, რას მირჩევთ?

- თავდაპირველად განვმარტოთ, რა არის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად. კანონი განმარტავს, რომ დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თუ სახეზე არის მსგავსი შემთხვევა, ერთადერთი გზა არის პოლიციისათვის მიმართვა. კითხვაში აღწერილ გარემოებასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, დანაშაულის მსხვერპლს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვს დამნაშავის (ან ამ შემთხვევაში, დამნაშავის ოჯახის წევრის) გავლენების შესახებ. ეს მეტწილად მსხვერპლის მიერ მიღებული სტრესის და შიშის მიერ გამოწვეული მცდარი მოლოდინია. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს სრულად და ობიექტურად. დასახელებულს ხელს ვერ შეუშლის კონკრეტული ინდივიდების ნება. მეორე მხრივ, მუქარა სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის შესაწყვეტად არ არის აუცილებელი მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩენა. მთავარია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა და შესაფერისი სასჯელის შეფარდება. სასჯელს, როგორც სისხლის სამართლის ინსტიტუტს, ახასიათებს პრევენციული ბუნება, დამოუკიდებლად იმისა, ის ჯარიმის ფორმითაა გამოყენებული, საზოგადოებრივი შრომის თუ ა.შ.

- თუ არის შესაძლებელი დღევანდელი კანონით ხუთსართულიან ძველ კორპუსზე ფართობის მიშენება. ჩემი ბინა არის მეორე სართულზე, პირველი სართულები დიდი ხანია ამოშენებულია. ბინა მდებარებს თბილისში, ნაძალადევის რაიონში.

- მშენებლობის/შენობის სახეცვლილების საფუძველი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვა. კონკრეტული შემთხვევის შესაფასებლად და კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს", მისამართი: თბილისი, შარტავას ქ. #7, ცხელი ხაზი - 2 72 22 22.

- ვიყიდე ბინა ზედა სართულზე, სხვენი, სადაც იყო სასტუმრო ნომრები, არასტანდარტული დაბალი ჭერით. ვფიქრობ ჭერის აწევას, ნებართვაზე ვის მივმართო და საიდან დავიწყო? შესაძლებელია თუ არა საბუთების მოწესრიგება და ჭერის აწევა, რა დოკუმენტები დამჭირდება ამისთვის?

- მშენებლობის/შენობის სახეცვლილების საფუძველი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვა. კონკრეტული შემთხვევის შესაფასებლად და კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს", მისამართი: თბილისი, შარტავას ქ. #7, ცხელი ხაზი - 2 72 22 22.

- როგორ უნდა დავიკანონო მიწის ნაკვეთი, როცა არ გაგვაჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი არ არის ჩემი საცხოვრებლის მომიჯნავედ, არის განცალკევებით, მაგრამ წლებია ვიყენებთ სასოფლო-სამეურნეო მიზნით.

- მსგავსი ტიპის ქონების ლეგალიზების მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. თუმცა დეტალური კონსულტაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით ჯობს მიმართოთ იურისტს.

- პატრულმა უსამართლოდ დამაჯარიმა და გამოწერილ ჯარიმას არ ვეთანხმები, რამდენად აქვს აზრი ამ ჯარიმის გასაჩივრებას სასამართლოში? მართალი ვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ისიც არ ვიცი, ასეთ დროს რა თანხის გადახდა მომიწევს სასამართლოში.

- სასამართლოში გასაჩივრებამდე აუცილებელია ჯარიმა ჯერ გაასაჩივროთ ზემდგომ ორგანოში, ამ შემთხვევაში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. თუ დასახელებული დეპარტამენტი არ გააუქმებს ჯარიმას, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ საერთო სასამართლოებს. ჯარიმის გასაჩივრება არ არის დაკავშირებული რაიმე თანხობრივ გადასახადთან და არის უფასო. ბუნებრივია, მტკიცებულებების მოძიება თქვენს ინტერესშია. თუ თავად ვერ ახერხებთ, მიმართეთ იურისტს კონსულტაციისათვის, რომელიც მიგითითებთ, თუ რა ტიპის მტკიცებულებების წარდგენაა შესაძლებელი მსგავს საქმეებზე.

- რა შემთხვევაში არა აქვს ადამიანს ქონების გაჩუქების უფლება?

- სამოქალაქო კოდექსი უშვებს გამონაკლისს, როდესაც პირს არ შეუძლია საკუთარი ქონების გასხვისება. აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

- დავიბადე საქართველოში, სკოლა აქ დავამთავრე, მაგრამ წლების განმავლობაში ვცხოვრობდი რუსეთში, გამიუქმეს საქართველოს მოქალაქეობა, ახლა მთხოვენ გამოცდების ჩაბარებას, რომ მომცენ მოქალაქეობა.P პირველ გასვლაზე ვერ შევძელი გამოცდის ჩაბარება, რადგან სამ საგანში მიწევს მომზადება: საქართველოს ისტორია, სამართალი და ქართული, წელიწადში ერთხელ მაქვს გასვლის უფლება, თუ არის რაიმე გამოსავალი ასეთ დროს, შეიძლება თუ არა გამოცდის ჩაბარებამდე ბინადრობის უფლება მოვიპოვო?

- მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხი საკმაოდ კომპლექსური სამართლებრივი თემაა და ინდივიდუალური შემთხვევები განხილულ უნდა იქნეს ცალ-ცალკე, იურისტთან დეტალური კონსულტაციის ფორმით, თუმცა ზოგადი ინფორმაციის სახით შემიძლია გაცნობოთ, რომ საქართველოში გაიცემა ბინადრობის უფლება როგორც დროებითი, ისე მუდმივი ცხოვრების უფლებით. მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში. მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის უფლება შეიძლება გაიცეს ასევე 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელზე, დამატებითი პირობების არსებობის შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლების მიზნით შესაძლოა გაიცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა და ა.შ. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, პირმა შესაძლოა მოიპოვოს ნატურალიზაციის გზით. დასახელებულის სახეებია: საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის გზით. მოცემულ შემთხვევაში უფრო რელევანტური ჩანს მოქალაქეობის აღდგენის საკითხი. თუმცა ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ასევე, საქართველოს სახელმწიფო ენის დადგენილ ფარგლებში ცოდნას არ უმოწმებენ იმ პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ არამართლზომიერად.

თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს:tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები