ომში დამარცხების შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიის დანაწევრება მეზობლების და არა მარტო აგრესორი რუსეთის მიერ - რამდენად რეალურია ეს საფრთხე? - კვირის პალიტრა

ომში დამარცხების შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიის დანაწევრება მეზობლების და არა მარტო აგრესორი რუსეთის მიერ - რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

ჩვენს მეზობელ აგრესორ რუსეთს საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს, იმედია, დროებით, მაგრამ მაშინ საქართველომ, საბედნიეროდ, შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და მეტ-ნაკლები ტემპით ეკონომიკურადაც ვითარდება, მაგრამ უკრაინაში, სადაც კრემლი არ დაკმაყოფილდა მანამდე ოკუპირებულ-ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულითა და დონბასის ნაწილით და აგრძელებს ფართომასშტაბიან შეტევებს ფრონტის მთელ ხაზზე, ოფიციალური კიევისთვის ყველაფერი ბევრად რთულად არის.

რუსეთთან უთანასწორო ომის მესამე წლის დამდეგისთვის გამოიკვეთა უკრაინისთვის ძალზე არასახარბიელო სიტუაცია ფრონტის ხაზზე - მნიშვნელოვნად შემცირდა დასავლური და უპირველესად ამერიკული სამხედრო დახმარება. ამასთან, უკრაინელების არცთუ პატარა ნაწილი, რომელიც ომის დასაწყისში თავად ეწერებოდა მოხალისე მებრძოლების რიგებში, დღეს სამხედრო კომისარიატებს ემალება.

მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსები ძალაუნებურად ალაპარაკდნენ პოტენციურ საფრთხეებზე მთლიანად უკრაინის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს მომავალზე, თუკი უახლოეს თვეებში ან სულაც კვირებშიც კი რაიმე ძირფესვიანად არ შეიცვლება.

გამოიკვეთა ერთი, ძალზე არასახარბიელო სიტუაციაც, რომლის გადატანითი მნიშვნელობით წარმოდგენა დაახლოებით ასე შეიძლება: "დათვი", რუსეთის სახით, თავს დაესხა "ირემს", უკრაინას და მისი დიდი ნაწილის "შეჭმას" ცდილობს. იქვე კი ტრიალებენ ნერწყვმომდგარი "ირმის" მეზობელი "ტურები", რომლებიც იმედოვნებენ, რომ "დათვის" გაძღომის შემდეგ "ირმის" მცირე "ნაწილები" მათაც შეხვდებათ. "ტურებში" შეიძლება იგულისხმებოდეს უკრაინის ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთა პოლიტიკური ლიდერები აღარც მალავენ იმ სიხარულს, რაც უკრაინის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლით შეუძლიათ განიცადონ.

ამ "ტურებს" შორის პირველთაგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც უკრაინის დამარცხების მსურველია და აღარც მალავს ამას.

აშშ-ში ჩასული უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი არ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სამაგიეროდ, ესტუმრა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მასთან საუბრის შემდეგ განაცხადა: "ტრამპს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს: ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ პენსაც არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულსა და იარაღს არ მისცემენ, ომი დასრულდება. თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, მაშინ ევროპელები მარტო ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება", - უხარია ორბანს.…ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სწორედ ტრამპის ფარული თუ აშკარა მითითებებით აშშ-ის კონგრესის ქვედა წარმომადგენლობათა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენები მეხუთე თვეა ბლოკავენ უკრაინისთვის 60 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფას, რის გადაცემასაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის ამდენი ხანია ამაოდ ცდილობს.

2-ukraina-1710705590.png
2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებისა და რუსული ტანკების თბილისში შემოჭრის შემთხვევაში, როდესაც შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთიანობის დარღვევის საფრთხეც კი გაჩენილიყო, საინტერესოა, რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნები?

ორბანს სურს თავი მოაჩვენოს "მშვიდობის მტრედად", რომელსაც თითქოს ამ მართლაც საშინელი ომის შეჩერება სურს, მაგრამ რის ხარჯზე, უკრაინის სასწრაფო დამარცხების ხარჯზე?! ამის მოსმენა უცნაურია იმ პოლიტიკოსისგან, რომლის სამშობლოსაც 1956 წელს საბჭოთა ჩექმამ გადაუარა, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები მუხლუხებით ჭყლეტდნენ პატრიოტი უნგრელების ცხედრებს.

ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს საკუთარი მიზნებიც ამოძრავებს, რისთვისაც ასე სურს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაშლა. კერძოდ კი ის, რომ უკრაინის დასავლეთ ნაწილში, კარპატებში, უშუალოდ უნგრეთის საზღვართან, 150 ათასზე მეტი ეროვნებით უნგრელი უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს და თუკი საქმე მართლაც მივიდა უკრაინის დაშლამდე, ორბანი შეეცდება ისინი მათი საცხოვრებელი მიწებით უნგრეთს შეუერთოს.

ორბანის კოლეგა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მას ჰბაძავს - 2023 წლის ოქტომბრიდან ამ თანამდებობის დაკავებისთანავე ფიცომ სასწრაფოდ შეუწყვიტა სამხედრო დახმარება უკრაინას და ამტკიცებს, რომ "სწორედ უკრაინის ნეონაცისტებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გარდა ფართომასშტაბიანი ომისა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა, რათა ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოებულიყო". ამას ამტკიცებს თავად ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ასევე აქვს ფარული მიზნები, არ ჩამორჩეს უნგრელ კოლეგას და თუკი საქმე მაინც მივიდა უკრაინის ტერიტორიების მიტაცებაზე, მოსაზღვრე უჟგოროდში სლოვაკეთის დროშა ააფრიალოს.

უკრაინის კიდევ ერთი და ყველაზე დიდი მეზობელი დასავლეთით, პოლონეთია, რომელმაც ომის დასაწყისში უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, რასაც უკრაინელები უთუოდ აფასებენ, მაგრამ მათ დიდ გაკვირვებასა და გულისწყრომას იწვევს პოლონელი ფერმერების პროტესტი - ისინი მერამდენე თვეა ბლოკავენ უკრაინიდან პოლონეთში სასაზღვრო გადასასვლელებს იმ მოტივით, რომ უკრაინიდან იაფი მარცვლეული შედის პოლონეთში და მათი ხორბალი გაუყიდავი რჩება.

პოლონელი ფერმერების მოქმედებებში სხვაც ბევრი რამ არის გასაკვირი - ჯერ ერთი, უკრაინული ხორბლის უდიდესი ნაწილი პოლონეთში მხოლოდ ტრანზიტად გადის და მეორე - ბელარუსიდან არანაკლები რაოდენობის მარცვლეული შედის პოლონეთში და თანაც რუსული, რაზეც პოლონელ ფერმერებს რატომღაც არა აქვთ რეაქცია და განაგრძობენ საზღვრის ბლოკადას, მათ შორის არ ატარებენ იმ დასავლურ სამხედრო დახმარებასაც, რომელიც უკრაინის არმიისთვისაა განკუთვნილი. რა გამოდის, გაუთვითცნობიერებლად ან სულაც მიზანმიმართულად აგრესორი პუტინის საქმეს აკეთებენ?!

ის, რომ ქალაქი ლვოვი და უკრაინის სხვა დასავლეთი ნაწილი პოლონეთის საკუთრება იყო და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჰიტლერ-სტალინის საიდუმლო შეთანხმებით გადაეცა საბჭოთა კავშირს, დღეს საიდუმლო აღარ არის. ამიტომაც, თუკი საქმე მივიდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაშლამდე, პოლონეთი მზად იქნება ლვოვი და ლვოვის რაიონი დაიბრუნოს.

მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო პაქტის საფუძველზე 1940 წელს წითელმა არმიამ დაიკავა ბესარაბია და ჩრდილოეთი ბუკოვინა, რომელსაც რუმინეთი თავის ისტორიულ ნაწილად მიიჩნევდა. ამ ტერიტორიებზე შეიქმნა მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო ჩერნოვეცკისა და აკერმანის ოლქები უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა.

რუმინელები ყველანაირად ეხმარებიან ამ უთანასწორო ომში უკრაინელებს, მაგრამ თუკი საქმე საქმეზე მიდგა და უკრაინის მეზობლებმა მართლაც დაიწყეს ომში დამარცხებული უკრაინის ტერიტორიების "დაგლეჯა", ეტყობა, რუმინეთიც მოინდომებს ძველის დაბრუნებას.

რაც შეეხება უკრაინის კიდევ ერთ დიდ მეზობელს, ბელარუსს, მკითხაობაც კი არ არის საჭირო - პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინთან ერთად "წაქცეული" უკრაინის "შეჭმაში" წინ არავის გაუშვებს.

მოკლედ, უკრაინის შვიდი მეზობლიდან პირველი ორი, რუსეთი და ბელარუსი, შეეცდებიან ყველაზე მეტი წაგლიჯონ უკრაინას, შემდეგ მოდიან ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ეთნიკური უნგრელებისა და სლოვაკების დაცვის მოტივით, სავარაუდოდ, ჯარებს შეიყვანენ უკრაინის დასავლეთ საზღვრისპირა რაიონებში. მათ მიჰბაძავენ პოლონეთი და რუმინეთიც, მოლდოვას კი თავისი გასჭირვებია, თუმცა სიტუაციის ამ დონემდე არევის შემთხვევაში მოლდოვის სახელით, ალბათ, ისევ რუმინეთი იმოქმედებს.

აი, ასეთ მუქ ფერებში იხატება უკრაინის უახლესი მომავალი, რაც, დიდ იმედს ვიტოვებთ, რეალურად არ მოხდება, დასავლური სამხედრო დახმარების მოცულობა მალე ისევ გაიზრდება და უკრაინის დამცველებიც გააგრძელებენ აგრესორ რუსეთთან ბრძოლას.

რა მოხდებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომში წაგების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობაც რომ დაეკარგა

16 წლის წინ საქართველოც იდგა მოვლენების ასეთი საშინელი სცენარით განვითარების საფრთხის წინაშე - რუსი ოკუპანტების ტანკები აღარ გაჩერდებოდნენ იგოეთთან, გააგრძელებდნენ შეტევას დედაქალაქზე და ჩვენთვის სამწუხაროდ, ალბათ, საბრძოლო წარმატებასაც მიაღწევდნენ, რადგან ფრონტის ხაზი ჩამოშლილი იყო, ხოლო ჯარი - დეზორგანიზებული, თავად ხელისუფლება კი დიდ პანიკაში და ქვეყნიდან გაქცევის სამზადისში. ასეთ დროს საქართველოს სამი მეზობელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, შეეცდებოდა თუ არა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინ მდგარი ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიების ნაწილების დაუფლებას?

დიდი ალბათობით... დიახ!

თურქეთი ყველა ვარიანტში ისარგებლებდა ყარსის ხელშეკრულების თავისთვის მომგებიან კონტექსტში გამოყენებით და აჭარაში, მათ შორის ბათუმში, თავის სამხედრო დანაყოფებს შემოიყვანდა.

თავის მხრივ, შეიძლება ბაქოსაც მოენდომებინა ქვემო ქართლის აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობის დაცვის მოტივით იქ თავისი საჯარისო ნაწილების განთავსება, ხოლო სომხეთს კი უკვე სომეხი ეროვნების მოსახლეობაზე "ზრუნვის" მოტივით სომხური ჯავშანტექნიკის სამცხე-ჯავახეთში განთავსება.

თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი აგრესორი კრემლი აღარ მოინდომებდა ერთიანი საქართველოს, თუნდაც "გარუსებულის", შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს მეზობლებს საჯიჯგნად მიუგდებდა.მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მის სამეზობლოში ერთგვარი "სამშვიდობო ოაზისია", ის უდიდესი საფრთხე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წაგების შემდეგ დაგვემუქრა, სამწუხაროდ, არ გამქრალა.