მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა?! - კვირის პალიტრა

მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა?!

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცების შესახებ. არსებული ცნობით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა და ისინი სამი დღეა ტყვეობაში არიან. მათ შორის ქალებიც არიან. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თურმე 90.000 დოლარს ითხოვენ. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთ-ერთმა გატაცებულმა ქართველმა ახლობელსა და ოჯახის წევრებს მოკლეტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა. ერთ-ერთი მიმოწერის სქრინი სოცქსელშიც გავრცელდა. "მიშო, ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ ქართველები და 90 ათასს ითხოვენ. საქართველოში ვაცნობეთ, დედამ იცის, ყველა ფეხზეა. შეიძლება ცოტა ხანში ტელეფონი ისევ წაგვარ­თვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ, სულ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას. მიშო, იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი, რატომ", - წერს გატაცებული და შველას ითხოვს.

418986832-122120087282226056-8438183887672924189-n-1710602585.jpg

როგორც გაირკვა, ამ ახალგაზრდასთან კავშირი 14 მარტს შეწყდა და მას შემდეგ მას ვერც ოჯახი და ვერც ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ.

"ჩვენთან იყო რამდენიმე დღე ესპანეთში.­ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო საზღვარზე. სანამ მექსიკაში შევიდოდა, სამჯერ გაექცნენ პოლიციას. საბოლოოდ ჩავიდნენ მექსიკაში. ამ ბიჭს ჰქონდა სურათები დადებული სასტუმროში, მშვიდად ვიყავით, წყნარად. გვეგონა, ყველაფერი კარგად იყო... 14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით, ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას. გვეგონა, მექსიკის პოლიციაში იყო. ირკვევა, რომ გატაცებულია. ძალიან ვღელავთ", - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.

417553340-122120087336226056-5044350053003028073-n-1710602585.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოში სატელეფონო ზარები არ წყდება­. მოგვიანებით ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. უწყება აცხადებს, რომ კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და რომ გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს ადგენენ. "საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზეა მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ჩვენ ესპანეთში დავუკავშირდით ერთ-ერთი გატაცებული ბიჭის ახლობელს, რომელმაც განგაში წუხელ გვიან ატეხა და სოცქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მამუკა ტოროშელიძე: - ჩვენი ახლობელია ერთ-ერთი გატაცებული, ის საზღვარზე გადასვ­ლას აპირებდა. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკრძალვის მიუხედავად ემიგრანტები (სხვა ჯგუფი) ვიღაცას გადაჰყავდა, იმ პირს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ვინც გადასვლას ცდილობდა, პოლიციაში გადაიყვანეს. ახლახან ჩვენი ახლობლის გატაცების ამბავი გავიგეთ. როგორც ვიცით, 30 ქართველია გატაცებული. სულ 120 კაცი ყოფილა ტყვეობაში. ისინი დახმარებასა და ფულს ითხოვენ, რომ თავი დაიხსნან. მათზე ძალადობენ. ჩვენმა ახლობელმა ჩემს მეგობარს მესიჯი მოსწერა. 30 წლის თბილისელი ბიჭია, ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ. ძალიან ვღელავთ. გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც არის გასაკეთებელი, ამ ხალხის გამოსახსნელად. რა იქნება, არ ვიცით და ძალიან ვღელავთ. გატაცებულთა უსაფრთხოება არ არის დაცული. კი, დიდ რისკზე მიდიან, როცა ამ ნაბიჯს დგამენ, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ, უმუშევრობაა ქვეყანაში. ახლა ჩვენი მიზანია როგორმე მშვიდობიანად გამოვიყვანოთ ის ხალხი იქიდან.

417591500-122120087384226056-6796668946058187873-n-1710602585.jpg

გატაცებული ქართველის კიდევ ერთი ახლობელი აცხადებს, რომ ბოლო დროს ამერიკაში მექსიკით გადასვლა ძალიან საშიში გახდა. "როცა ვინმე ანაზღაურების სანაცვლოდ გადაყვანას ჰპირდება ჯგუფს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს უსაფრთხო არ არის, შეიძლება კრიმინალების ხელში აღმოჩნდნენ", - ამბობს ის.

P.S. მოგვიანებით გავრცელდა ვიდოე, სადაც დაკავებული ქართველები ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და მალე გამოუშვებენ.