პუტინის სენსაციური განცხადება ნავალნიზე, "დატოლება" ზელენსკისთან და მესამე მსოფლიო ომით მუქარა - კრემლის ბინადარი სტალინის რეკორდს "უტევს" - კვირის პალიტრა

პუტინის სენსაციური განცხადება ნავალნიზე, "დატოლება" ზელენსკისთან და მესამე მსოფლიო ომით მუქარა - კრემლის ბინადარი სტალინის რეკორდს "უტევს"

ბრიტანული „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სტატიით - „ვლადიმერ პუტინი რუსეთის არჩევნებში იმარჯვებს: პრეზიდენტი 2030 წლამდე ქვეყნის მმართველი იქნება“ (ავტორები მაქს სედონი, ანასტასია სტოგნეი და პოლინა ივანოვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი, პრაქტიკულად, გამარჯვებულია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც მან თავისი ხელისუფლება განიმტკიცა. იგი კიდევ ექვსი წელი იქნება ქვეყნის ლიდერი უკრაინის ომისა და სხვაგვარად აზროვნების მიმართ მკაცრი ზეწოლის ფონზე.

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 87% მიიღო, ხოლო არჩევნებში ამომრჩეველთა 74% მონაწილეობდა. ასეთი საოცრად მაღალი შედეგი, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მონაცემების ჩათვლით, წინასწარ მოსალოდნელი იყო, რადგან კრემლმა პუტინისა და ომის ყოველგვარი კრიტიკა კანონგარეშე გამოაცხადა, ასევე, აკრძალა ოპოზიციონერების ნებისმიერი კანდიდატის ბალოტირება.

როცა ცნობილი გახდა წინასწარი შედეგები, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და თავის წინასაარჩევნო შტაბში, კრემლთან ახლოს, ჟურნალისტებს გაესაუბრა. „ყველა გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ რუსეთის განვითარებისათვის, უეჭველია, რეალიზებული იქნება, ხოლო მიზნები - მიღწეული“, -თქვა მან, - "ჩვენ გრანდიოზული გეგმები გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ მათი განხორციელებისათვის“.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამომრჩეველთა ფართო მონაწილეობა მოწმობს იმას, რომ იგი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. „მომდევნო ექვს წელიწადში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება უკრაინაში მიმდინარე სპეციალური ოპერაციის მიზნების მიღწევა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება“.

ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რუსეთისა და ნატოს ჰიპოთეტურ კონფლიქტზე, რომელიც, მისი თქმით, „მესამე მსოფლიო ომისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ვარაუდი გამოხატა უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის თაობაზე.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად იგი უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები გადადო და არ ჩაატარა „სამხედრო მდგომარეობის გამო“. „ჩვენ ვიფიქრებთ, თუ ვისთან გავმართოთ მოლაპარაკება ომის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ მოლაპარაკება გვინდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერს საბრძოლო მასალები უთავდება“, - თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასწრო ვლადიმერ პუტინს და თავის „იქს-ქსელში“ ასე დაწერა: „რუსეთის დიქტატორმა არჩევნების მორიგი იმიტაცია მოახდინა. მსოფლიოში ყველამ იცის, თუ ვინ არის ეს პიროვნება... იგი მიეჩვია ხელისუფლებაში ყოფნას და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მარადიული მბრძანებელი იყოს. არჩევნების იმიტაციის პირობებში, ლეგიტიმურობა შეუძლებელია“.

ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი მმართველია იოსებ სტალინის შემდეგ, თავისი ხელისუფლება განამტკიცა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების მიუხედავად. რუსეთის არმიამ დაიბრუნა ინიციატივა უკრაინის თანამედროვე იარაღით აღჭურვილი არმიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში, ხოლო რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ წარმატებით ვითარდება, სამხედრო წარმოების ზრდის კვალობაზე, აგრეთვე, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაფართოების ხარჯზე.

ვლადიმერ პუტინის მიერ სხვაგვარად აზროვნების ჩახშობისა და ოპოზიციონერების დევნის შემდეგ მას არც ერთი სერიოზული მეტოქე აღარ დარჩა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა პირველად წარმოთქვა ალექსი ნავალნის სახელი. მან უარყო ბრალდება, რომ ოპოზიციონერი რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა. „რაც შეეხება ბატონ ნავალნის... დიახ, იგი ამ ცხოვრებიდან წავიდა, რაც ტრაგიკული მოვლენაა. რაც ვიზამთ, ხდება ხოლმე ასეთი ფაქტებიც. ხომ არის სხვა შემთხვევები, როცა პატიმრები ამ ცხოვრებიდან მიდიან? განა ასეთი ფაქტები არ ხდება აშშ-ში და სხვა ქვეყნებში? დიახ, ხდება და - ბევრჯერაც“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ იგი თანახმა იყო, ალექსი ნავალნი რომელიმე ტყვეზე გაცვლილიყო, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. „მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. მე გაცვლას დავთანხმდი მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი [ალექსი ნავალნი] რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება“.

ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც საპყრობილეებში სხედან ან უცხოეთში გაძევებულები არიან, ამომრჩევლებს მოუწოდეს, მასობრივად მისულიყვნენ საარჩევნო უბნებში და ხმა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიეცათ. მართლაცდა, მოსკოვის საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად გრძელი რიგები დადგა.

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად გრძელი რიგები იყო იმ ქალაქებში, სადაც ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობს - დუბაის, ალმატის და ბერლინის ჩათვლით, სადაც ალექსი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია სხვებთან ერთად იდგა რიგში.

რუსეთის პოლიციამ კვირას 65 მოქალაქე დააკავა იმის გამო, რომ მათ საარჩევნო ბიულეტენზე დააწერეს „არა - ომს“, ასევე, მაისურებისათვის წარწერით - „ნავალნი“.

ზოგიერთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის - მაგალითად, ორგანიზაცია „გოლოსის“ წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება სახელმწიფო სექტორის მოსამსახურეებზე და თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდა და მათ იძულებულს ხდიდა, ხმები ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ მიეცათ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამმა დეპუტატმა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ და არჩევნებში პუტინის „მეტოქედ“ გამოდიოდნენ, მხარი დაუჭირა უკრაინასთან ომს და თავი აარიდა პრეზიდენტის კრიტიკას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.ft.com/content/5aa91ea1-6a57-4325-a0a0-ae2959c81b04

-----------------