"მიძინებული ომი" - ვინ ცდილობს მოლდოვის აფეთქებას და არის თუ არა ახალი ფრონტის გახსნის საფრთხე?! - კვირის პალიტრა

"მიძინებული ომი" - ვინ ცდილობს მოლდოვის აფეთქებას და არის თუ არა ახალი ფრონტის გახსნის საფრთხე?!

გუშინ, 17 მარტს აეროდრომზე მდგომი Ми-8Т ტიპის მოძველებული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი კამიკაძე-დრონმა ააფეთქა, რომლის მიფრენისა და შვეულმფრენზე დაჯახება/აფეთქების შთამბეჭდავი კადრები ქუჩის სათვალთვალო კამერამ გადაიღო...

რუსეთ-უკრაინის ორწლიან ომში Ми-8 ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის არანაკლებ 39 ერთეული შვეულმფრენი აქვთ დაკარგული რუს ოკუპანტებს და არანაკლებ 25 ცალი კი - უკრაინის დამცველებს, ასე რომ, კიდევ ერთი ახალი შვეულმფრენის აფეთქება დიდ ყურადღებას არ მიიპყრობდა, რომ არა აფეთქების ადგილი - ტირასპოლის აეროდრომი...

ტირასპოლი მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის „დედაქალაქს“ წარმოადგენს, ბოლო 32 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც კრემლმა დამოუკიდებლობა გამოცხადებულ მოლდოვას ისევე „აუფეთქა“ დნესტრისპირეთი, როგორც საქართველოს - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი...

მას შემდეგ სეპარატისტული დნესტრისპირეთი გაყინულ კონფლიქტის ზონას წარმოადგენს, რომელსაც დაკარგული ჰქონდა რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა, სანამ რუსეთმა უკრაინას ღია ომი არ დაუწყო, ორი წლის წინ.

2-tir-1710752901.jpg
ტირასპოლის აეროდრომზე ამ ძველი Ми-8Т ტიპის შვეულმფრენის სადემონსტრაციო აფეთქება რას ისახავდა მიზნად, მალე გამოჩნდება...

ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე მრავალრიცხოვანი საზღვაო დესანტის გადასხმა, უკრაინისთვის შავი ზღვის სანაპიროზე გასასვლელის ჩაკეტვა და ოკუპირებული ოდესიდან სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრა - ეს სტრატეგიული ჩანაფიქრი ჰქონდათ კრემლში, რაც, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ.

შესაბამისად, დნესტრისპირეთელი პრორუსი სეპრატისტები „დიდი ძმის“ - რუსეთის ფედერაციის სამხედრო დახმარების გარეშე დარჩნენ, რადგან იმავე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისგან და აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუძლია დნესტრისპირეთამდე არც ხმელეთით, არც ზღვითა და არც საჰაერო სივრცით მიწვდომა - ამისთვის მოუწევს, ბრძოლებით გადალახოს უკრაინის ტერიტორია...

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ვის შეიძლება აწყობდეს გაყინული კონფლიქტის გალხობა და საბრძოლო მოქმედებების განახლება - მოლდოვას, უკრაინას თუ რუსეთს?

ეს კითხვა იბადება მას შემდეგ, როდესაც ტირასპოლის აეროპორტში წლობით ერთ ადგილას მდგომ ძველ საბჭოთა შვეულმფრენს აფეთქებენ, რისი არავითარი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა...

3-tir-1710752850.png
ყვითლადაა მონიშნული მოლდოვის პრორუსული სეპარატისტული დნესტრისპირეთი, რომელსაც აღმოსავლეთით უკრაინა ესაზღვრება

მოლდოვას, ბუნებრივია, სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, კიშინიოვს ამისთვის საჭირო არც სამხედრო და არც ეკონომიკური რესურსი გააჩნია და, სიმართლე ითქვას, არც პოლიტიკურადაა მზად, თუნდაც იმიტომ, რომ პრორუსული განწყობა მოლდოვას მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილში, დიდია.

შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ტირასპოლის აეროდრომზე წლების განმავლობაში უძრავად მდგომი შველმფრენის აფეთქებით სწორედ მოლდოვის ხელისუფლება იყო დაინტერესებული, ძნელად დასაჯერებელია.

უკრაინა უშუალოდ ესაზღვრება სეპარატისტულ დნესტრისპირეთს და კიევში, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ, რომ ზურგში ეს პატარა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად სახიფათო რუსული „ანკლავი“ რჩებათ, რამდენიმე ათასი რუსი სამხედროთი და დნესტრისპირელი სეპარატისტი მებრძოლით, რის გამოც, უკრაინის არმია იძულებულია, სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან საზღვრის დაცვაზე „მოაცდინოს“ საბრძოლო დანაყოფები, ფრონტზე გაგზავნის სანაცვლოდ.

ასე რომ, უკრაინის ინტერესებში, გარკვეულწილად, შედის დნესტრისპირეთში გაყინული კონფლიქტის გალხობა, რათა უკრაინულმა ძალებმა მოლდოვას შეიარაღებული დანაყოფების გვერდიგვერდ ბრძოლით სწრაფად და საბოლოოდ „მოაგვარონ“ რუსული სეპარატიზმის პრობლემა დნესტრისპირეთში - ამის შესახებ კიევმა კიშინიოვს რამდენჯერმე ფარული მინიშნებაც გაუკეთა, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ...

იხილეთ ვიდეო ლინკზე - ტირასპოლის აეროდრომზე Ми-8Т ტიპის შვეულმფრენის კამიკაძე-დრონით აფეთქების მომენტი

თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად რუსეთსაც შეიძლება აწყობდეს დნესტრისპირეთში სროლების განახლება და იქნებ სწორედ რუსმა სამხედროებმაც განახორციელეს ეს პროვოკაცია ტირასპოლის აეროპორტში, უმოქმედოდ მდგომი შვეულმფრენის საჩვენებელი აფეთქებითა და ყოველივე ამის ვიდეოკადრებზე შთამბეჭდავად აღბეჭდვით...

საქმე ის არის, რომ რამდენიმე კვირის წინ დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლება აპირებდა განეცხადებინა, რომ ისინი მოსკოვს სთხოვდნენ, რუსეთის ფედერაციას თავის რიგებში მიეღო დნესტრისპირეთი და მისი სამხედრო დახმარება - დაცვა გაეწია...

ეს იქნებოდა ნამდვილი გამოწვევა მოლდოვისთვის, ევროპისთვის (პირველ რიგში, მოლდოვის დიდი ძმის - ნატოს წევრი რუმინეთისთვის) და, რა თქმა უნდა, იმ უკრაინისთვის, რომლის „ზურგში“ დარჩენილი პრორუსი სეპარატისტები თავისთან იწვევდნენ მთელ რუსულ არმიას...

დნესტრისპირეთის სეპარატისტების ლიდერებმა ბოლო მომენტში ვეღარ გარისკეს და ოფიციალურად არ უთხოვიათ კრემლისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რადგან მიხვდნენ, რომ ამ შემთხვევაში, კიევი დიდი ალბათობით, დაიწყებდა სეპარატისტული დნესტრისპირეთის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას...

შვეულმფრენის საჩვენებელი აფეთქების უკან შეიძლება იდგეს კრემლის ჩანაფიქრი, ეს დააბრალოს უკრაინის მხარეს და თანამემამულეების ფიზიკური დაცვის მოტივით, სცადოს ტირასპოლისკენ რუსული არმიის შენაერთების გადასროლა, მაგრამ ტექნიკურად როგორ გამოუვა ეს მოსკოვს, ძალზე ძნელი სათქმელია, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ერთი უკრაინული სოფლის დასაპყრობად ხშირად თვეები სჭირდებათ და ისიც - დიდი მსხვერპლის ფონზე - უკრაინის შავი ზღვის სანაპიროდან დნესტრისპირეთის ტირასპოლამდე გასაჭრელად კი ყველაზე ნაკლები, ასი კმ მაინცაა ბრძოლებით გადასალახავი, აქედან 50 კმ-ი - უკრაინის ტერიტორიაზე...