"ქართველი მუსლიმი თემის კოლორიტი იყო, კიდევ ერთი ვარსკვლავი მოსწყდა აჭარის ცას" - რას ამბობენ ორი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილ ქალზე და მამაკაცზე ახლობლები? - კვირის პალიტრა

"ქართველი მუსლიმი თემის კოლორიტი იყო, კიდევ ერთი ვარსკვლავი მოსწყდა აჭარის ცას" - რას ამბობენ ორი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილ ქალზე და მამაკაცზე ახლობლები?

წუხელ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ზედიზედ ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორივე გარდაცვლილი ქვეითად მოსიარულეა.

17 მარტს, 9 საათი სრულდებოდა, როცა ახალგაზრდა ქალი, დარინა ბოლქვაძე კლინიკასთან გზაზე გადადიოდა, ამ დროს მას მანქანა დაეჯახა. დარინა იქვე, კლინიკა

,,მედინაში” უნდა შესულიყო და რეანიმაციაში მყოფი შვილისთვის რძე უნდა მიეტანა. როგორც ჩანს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. მართალია, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მისი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა,“ – ამბობენ კლინიკა „მედინაში.

"ახალგაზრდა ქალი სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. მასზე წარსულში საუბარი დღეს ყველას უჭირს. ძალიან დიდი ტრაგედიაა, ძალიან განვიცდით. გამორჩეული გოგო იყო ჩემი მეზობელია დარინა ბოლქვაძე, მისი მეუღლე ემზარ ბათნიძეა. ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. ქირურგ რომან ბათნიძის ძმის ცოლია დარინა. ნამდვილად კარგი ადამიანი, შვილებზე მზრუნველი დედა იყო. სამი პატარა ბიჭი დარჩა უდედოდ. უფროსი ვაჟი მესამე კლასშია, მეორე ბიჭი, მეორე კლასში დადის, პატარა თვის და 10 დღისაა. ის, რაც დაიბადა მას მერე კლინიკა "მედინაშია", ხელვაჩაურში წევს, ბავშვი ჯერ სახლში არ გამოუყვანიათ. როგორც ვიცით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავის პატარასთან მიდიოდა იმ დროს დარინა, რძე უნდა მიეტანა ახალშობილთან, ამ დროს დაეჯახა მანქანა და ადგილზე დაიღუპა. ნამდვილად მოსიყვარულე ცოლი და დედა იყო, საოცრად კარგი ადამიანი. ასეთი ადამიანები ასე ტრაგიკულად არ უნდა ასრულებდნენ ცხოვრებას. ძალიან განვიცდით ყველანი. გზაზე გადადიოდა როგორც ვიცი, 9 საათი სრულდებოდა. სამწუხაროა, რომ ადამიანები არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ზიანს ვაყენებთ სხვის სიცოცხლესაც. იმდენად განვიცდი ამ ამბავს, რომ მიჭირს აზრების დალაგებაც კი. ასე გაანადგურა მძღოლმა ეს ოჯახი და მთელი სოფელი დატოვა ამ დიდ ტკივილთან. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის ოჯახს, მის პატარა შვილებს, რომლებიც უდედოდ უნდა გაიზარდონ. მართლა დიდი ტკივილია, დარინა იმდენად კეთილი იყო, რომ ცრემლები მახრჩობს. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ახლა მინდა სამართალმა იზეიმოს და მკაცრად დაისაჯოს დამნაშავე. დღე არ გადის ავარია არ მოხდეს და ასეთი მძიმე ამბები არ გავიგოთ. ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება დაუდევრობას, განადგურდა ოჯახები. სხვის სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, გიჟებივით დადიან. ასეთი სისწრაფე რომ არ ყოფილიყო, გოგო გადარჩებოდა, ადგილზე დაიღუპა. მანიაკები გვყავს, ძალიან დიდი სიჩქარით თუ არ იმოძრავებ, ასეთი რამ არ მოხდება. მითუმეტეს გზის რეაბილიტაცია რაც მოხდა მას შემდეგ, ისე აჭერენ გაზს ფეხს, ხელვაჩაურის დასაწყისიდან ხელვაჩაურის ბოლოში გადიან. არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. სამი პატარა დარჩა ახლა. ცოლ- ქმარი თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. სიტყვები უძლურია ამ დროს. კლინიკის წინ ზებრა გადასასვლელი კი არის, მაგრამ მაინც საშიშია იქ გადასვლა, რადგან არავინ არ უყურებს გადასასვლელს. ისეთი სისწრაფით მოძრაობენ ქუჩაში, განსაკუთრებით ღამის საათებში. ახლა გარდაცვლილი ქალის ცხედარი მაზლის სახლშია დასვენებული, თვითონ ცოლ-ქმარი სოფელ კალოთაში ცხოვრობენ, პატარას ჯანმრთელობის პრობლემების გამო იყვნენ აქ ჩამოსულები. დღეს გვიან გადააასვენებენ ხულოს სოფელ კალოთაში და იქ დაკრძალავენ. თვითონ დარინა სხალთის ხეობიდან, სოფელ ძმაგულადან არის. როგორც ვიცი,მშობლები აღარ ჰყავს ცოცხალი, დები ჰყავს. იმ ღამით კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ავარიას, მაგრამ ამ პიროვნებას მე პირადად არ ვიცნობდი და მასზე ვერაფერს გეტყვით. უნდა დასრულდეს ასეთი სიჩქარით მოძრაობა ქუჩებში, დამნაშავეები საკადრისად რომ დაისჯებიან მერე მეორე ვერ გაბედავს ამას", _ ამბობს დარინას მეზობელი.

მომხდარის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამავე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე კიდევ ერთი ავტოავარიის გამო.

როგორც ცნობილი ხდება, იმავე ღამით, იმავე ქუჩაზე, ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთ საათში კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ამჯერადაც ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მსხვერპლი ისევ ქვეითია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევა სარიტუალო დარბაზ "სამ ძმასთან" მოხდა. იქ არსებულ ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა ასაკოვანი მამაკაცი, იოსებ აბაშიძე, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. სამწუხაროდ ბატონი იოსებიც ადგილზე დაიღუპა. სოციალურ ქსელში ბევრი ტკივილიანი სტატუსი დევს, მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულების ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ და ამ ადამიანებზე საუბრობენ. როგორც ჩანს, ბატონ იოსებ აბაშიძეს ბათუმში ბევრი ადამიანი იცნობდა. "

"კიდევ ერთი ვარსკვლავი მოსწყდა აჭარის ცას. უზენაესმა ალაჰმა ყველაზე ძვირფას ჯენნეთში დაგამკვიდროს, მუდამ ისლამისთვის მებრძოლო, ჩვენო საამაყო და სამაგალითო ადამიანო. მოგვაკლდა მუსლიმ მრევლს ერთი მართლისმთქმელი და პირდაპირი ადამიანი. ვუთანაგრძნობ ოჯახს, ახლობლებს და სოფელს ამ დიდ დანაკლის", - წერს მისი ახლობელი. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი იოსებ აბაშიძე ხულოში დაკრძალეს.

"რა სამწუხარო ამბავია. ქართველი მუსლიმი თემის კოლორიტი იყო ეს ბაბუ. ბათუმის ჯამეში მასთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო იყო", - წერს კიდევ ერთი ახლობელი.

"3 თვის წინ ხულოში ცუდად რომ გავხდი და ხულოს საავადმყოფოში თვალი გავახილე, ჩემ გვერდით უამრავი ადამიანი იყო მიმღებში. ამ კარგ ადამიანებთან ერთად ისუფ ბაბუც იყო, ყოველ წამს მახსენდება, ისუფ ბაბუს თვალებიც როგორ მამხნევებდნენ. ღმერთმა ჯენეთის კოშკებში ამყოფოს, სოფელში ყველა ისეთი ადამიანები მიდიან, რომლებიც მაგალითი იყვნენ მომავალი თაობისთვის, სინდისის, ზრდილობის, რწმენის და მასწავლებლები, ჩემი თაობა მათ ხელში გავიზარდეთ..." - წერს მისი მოგვარე ნუგზარ აბაშიძე.

აღნიშნულ ფაქტზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ამ ტრაგედიას.