"ჩინური კროსვორდი" - "დაუძინებელი" მეგობარი: რა თამაშს "ეთამაშება" სი ძინპინი პუტინს?! - კვირის პალიტრა

"ჩინური კროსვორდი" - "დაუძინებელი" მეგობარი: რა თამაშს "ეთამაშება" სი ძინპინი პუტინს?!

„დასავლელი ლიდერებისაგან განსხვავებით, პეკინი მიესალმება ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. სი ძინპინმა ფსონი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე დადო და ვლადიმერ პუტინში უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს ხედავს. რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება ფასეულია ჩრდილოეთ კორეასთვისაც. ირანი და ინდოეთი, ასევე, იგებენ მოსკოვთან ურთიერთობით და „პუტინის ერის“ გაგრძელებით“, - ნათქვამია ამერიკული ტელეარხის - „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პუტინის კიდევ ექვსწლიანი მმართველობა ბევრი ქვეყნისთვის შემაშფოთებელია, მაგრამ არა - ჩინეთისათვის, მისთვის „პუტინის ერის“ გაგრძელება მომგებიანია“ (ავტორი - საიმონ მაკარტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

დასავლელ ლიდერებს არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გარდაუვალმა გამარჯვებამ შეახსენა ის რეალობა, თუ რა უმკაცრესად კონტროლდება რუსეთის პოლიტიკური არენა უკრაინის ომის პირობებში. მაგრამ ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს და სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, რომლებიც თავიანთთვის სასარგებლოდ თვლიან რუსეთის უარს დასავლურ გლობალურ წესრიგზე, ვლადიმერ პუტინის გამარჯვება უნდა გაუხარდეთ.

სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობის არჩევანი ორი წლის წინ გააკეთა: მან გადაწყვიტა, რომ უარი არ ეთქვა „უსაზღვრო პარტნიორობაზე“, რომელიც მან რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკების დროს განაცხადა, უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ჩინეთის პოზიცია რამდენიმე მომენტით არის განპირობებული: პეკინს მოსკოვთან თანამშრომლობა სურს, ვაშინგტონის წინააღმდეგ. სი ძინპინი ვლადიმერ პუტინში ხედავს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს აშშ-სთან მზარდი კონფრონტაციის ფონზე, მსოფლიოს გარდაქმნის დროს, - იმ მსოფლიოში, რომელშიც უსამართლოდ დომინირებენ ის წესები და ფასეულობები, რომლებიც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს.

რუსეთთან სტაბილური ურთიერთობით ჩინეთი კარგად სარგებლობს. მას შესაძლებლობა ეძლევა, ყურადღება მიაქციოს სხვა პრობლემებს, მაგალითად, ტაივანის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხებს.

სი ძინპინისათვის ვლადიმერ პუტინი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია, თითქმის ყველა მიმართულებით“, - ამბობს სტივ ცანგი, ლონდონის უნივერსიტეტის ჩინური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, - "ვლადიმერ პუტინს არჩევნები დამაჯერებლად რომ არ მოეგო, დაბალი შედეგი პეკინისათვის იმედგაცრუება იქნებოდა“.

სი ძინპინი, რომელმაც თავის ქვეყანაზე კონტროლს ცენტრალიზებურად ისეთ მაღალ დონეზე ახორციელებს, რომელიც თავის დროზე მაო ძედუნსაც კი შეშურდებოდა, არ არის მხოლოდ ერთადერთი ლიდერი, რომელიც „გამარჯვებულ“ ვლადიმერ პუტინს ტაშს უკრავს და აპლოდისმენტებით მიესალემება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერისათვის - კიმ ჩენ ინისათვისაც ვლადიმერ პუტინის გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ლიდერმა კორეელ კომუნისტებს დახმარება შესთავაზა, ეკონომიკური სირთულეების გადალახვის მიზნით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას და მას იარაღით ამარაგებს. ეს ხდება აშშ-სა და სამხრეთ კორეის მჭიდრო ურთიერთობების ფონზე.

ვლადიმერ პუტინს მიესალმება დასავლური სანქციებისაგან დაზარალებული ირანის ხელისუფლება და პირადად - პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს და მას დრონებს და სარაკეტო იარაღს აწვდის. ეს ნიშნავს, რომ თეირანისთვისაც მოგებიანია „პუტინის ერის“ გაგრძელება.

ინდოეთიც კი, რომელიც დასავლეთმა აზიის უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ შერაცხა და რომელიც აშშ-სთან კავშირებს აფართოებს, უარს არ ამბობს რუსეთთან ურთიერთობაზე, კერძოდ, ვაჭრობაზე, განსაკუთრებით ნავთობის შესყიდვაზე დაბალ ფასებში. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თავის მილოცვაში იმედი გამოხატა, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება.

„გლობალური სამხრეთის“ სხვა ქვეყნების მთავრობები, ასევე, ისწრაფვიან განამტკიცონ პარტნიორული ურთიერთობა მოსკოვთან, თუნდაც იმ პირობებში, როცა მათი ეკონომიკა ზარალდება რუსეთის მიერ დაწყებული ომით. მაგალითად, აფრიკის საჰელის ზონის ქვეყნები, აგრეთვე, ბურკინა ფასო, ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და სხვები. ვლადიმერ პუტინს მოკავშირეთა ფართო წრე ჰყავს ლათინურ ამერიკაში: კუბა, ნიკარაგუა, ვენესუელა, გვატემალა, ბოლივია, ეკვადორი და ა.შ.

მათ შორის, ვინც ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების გარდა, ასევე არიან: ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზაიევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი, ბოლივიის პრეზიდენტი ლუის არსე, ნიკარაგუის - დანიელ ორტეგა, ვენესუელის - ნიკოლას მადურო, მიანმის პრემიერ-მინისტრი მინ ამუნ ხლაინი, ჰონდურასის პრეზიდენტი სიომარა კასტრო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო