"დიახ, მე ის მოვკალი": სტალინის დაცვის უფროსის შალვა წერეთლის ჩვენება - ვაჭრობდნენ თუ არა საბჭოთა ბელადი და ბერია ნარკოტიკებით?! - კვირის პალიტრა

"დიახ, მე ის მოვკალი": სტალინის დაცვის უფროსის შალვა წერეთლის ჩვენება - ვაჭრობდნენ თუ არა საბჭოთა ბელადი და ბერია ნარკოტიკებით?!

გენერალი შალვა წერეთელი საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა მეოცე საუკუნის ქართულ და საბჭოთა ისტორიაში.

მცირე დოსიე: შალვა ოთარის ძე წერეთელი დაიბადა 1894 წელს საჩხერეში. სწავლით დიდად არ გამოირჩეოდა, ალბათ უფრო პირიქით - სულ ორი კლასის განათლება მიიღო. სამაგიეროდ თავგადასავლებისა და ავანტიურის დიდი მოყვარული იყო. 1915 წელს მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში, თავიც მალევე გამოიჩინა და 1916 წელს გიორგის ჯვარიც დაიმსახურა. ამის შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, სადაც ორი წელი დაჰყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, 1918 წლის ბოლოდან, შტაბს-კაპიტნის ჩინით მსახურობდა ქართულ ჯარში. თუმცა გული კი მაინც ბოლშევიკებისკენ მიუწევდა. 1919 წელს ფარულად გახდა კომუნისტური პარტიის წევრი.

“ საზოგადოთ ჩვენ დაგვღუპა ამნაირმა ოფიცრობამ (საუბარია მეფის რუსეთის ჯარში ნამსახურებ ოფიცრებზე –ბ.ა.), მას არ ქონდა არავითარი პატრიოტიზმი, ყველაფერს უყურებდა გამორჩენის თვალსაზრისით . . . . ეს რუსეთუმე ხალხი იყო ნამდვილი რისხვა ჩვენი საქმისთვის” , - ასე აფასებდა წლების შემდეგ ნოე ჟორდანია რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ მებრძოლ ქართული ეროვნების სამხედრო კადრებს.

რა თქმა უნდა ეს შეფასება ყველაზე არ ვრცელდებოდა, თუმცა შალვა წერეთელს კი სრულად შეეფერებოდა. თავადი წერეთელის რუსეთისადმი სიმპატია საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას არ გამოპარვია და ბოლშევიკების აგენტობის ბრალდებით მას ჯერ თბილისის, ხოლო 1920 წელს, ქუთაისის ციხეში უკრეს თავი. ამავე ციხეში იჯდა ლავრენტი ბერიაც, რომელიც საქართველოში რუსეთის წარმომადგენლის სერგეი კიროვის ჩარევის შემდეგ, იმავე წლის ივლისში გაათავისუფლეს. შალვამ კი ციხის ლაზარეთიდან გაქცევა მოახერხა. ერთი წელი ტყეს აფარებდა თავს და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდა. ალბათ სწორედ ამ დამსახურებისათვის ბოლშევიკებმა ის 1921 წელს მუშათა და გლეხთა მილიციის ბანდიტიზმის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. სავარაუდოდ ამ პერიოდიდან მოხვდა შალვა წერეთელი ჯერ საქართველოს, შემდგ ამიერკავკასიის ჩეკას ხელმძღვანელის ლავრენტი ბერიას თვალთახედვის არეში.

1233-1710834015.jpg

მარცხნიდან პირველი ზის შალვა წერეთელი

ბერიამ იცოდა ერთგულების დაფასება. წერეთელს 1935 წლის 26 მარტს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების კომისრის წოდება, ხოლო 1938 წელს მოსკოვში გადაყვანამდე, რესპუბლიკის მილიციის უფროსი იყო. ბერიამ მოსკოვში გადასვლისთანავე “თავისი გუნდიც” წაიყვანა. შალვა საკავშირო შინსახკომის მე-3 გაყოფილების (დაპატიმრება და ჩხრეკა) უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე ამ განყოფილების უფროსია. წერეთელი პირადად მონაწილეობდა საკავშირო შინსახკომის ყოფილი ხელმძღვანელების: ეჟოვოს, ფრინოვსკის, კედროვის და სხვა მაღალჩინოსანი ჩეკისტების დაპატიმრებაში. ბერიას დავალებით ჩატარებულ სრულიად საიდუმლო ოპერაციებში დამსახურებისთვის წერეთელი 1941 წელს საქართველოს შინსახკომის პირველი მოადგილედ დანიშნეს. 1942 წლის 14 თებერვალს წერეთელს სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისრის (ანუ გენერალ-მაიორის) სამხედრო წოდება მიანიჭეს. 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე ბერიას დავალებით ის სტალინის პირად დაცვას ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგ საქ.სსრ უშიშროების მინისტრის მოადგილეა, 50 წლის შესრულდა თუ არა, “საჩუქრად” გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭეს. შალვა წერეთელი 1949 წლის დეკემბრიდან, 1953 წლის 6 ივლისამდე საქართველოს სსრ უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე და სასაზღვრო ჯარების სარდალი იყო.

133-1710834046.jpg

გენერალ–ლეიტენანტი შალვა წერეთელი

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და შალვა წერეთლის კარიერას საფრთხე არ ემუქრებოდა, როცა 1953 წლის 26 ივნისს მოულოდნელად მოსკოვში გამოიძახეს. მანამდე კი . . .

ჩაქუჩი: ჩეკისტების მთავარი იარაღი

შალვა წერეთლის ჩვენებიდან: “ 1939 წლის ზაფხულში გამომიძახა ბოგდან ქობულოვმა, მის კაბინეტში უკვე იმყოფებოდა ვლოდზიმირსკი. შემდეგ ყველა შევედით ბერიასთან, რომელმაც მე დამავალა: უხმაუროდ უნდა მოხდეს ორი პირის ლიკვიდაცია და რომ უმჯობესია ავტოკატასტროფის იმიტაცია-ინსცენირება. საქართველოს შს სახკომისრის რაფავას შესაბამისი დავალება უკვე აქვს მიღებულიო”.

144-1710834072.jpg

ბოგდან (ბახჩო) ქობულოვი

შემსრულებლებმა თავიდან არც კი იცოდნენ, თუ ვისი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ და რატომ. ბრძანება არც დოკუმენტურად გაფორმებულა: მათთვის ბერიას სიტყვიერი დავალება აუცილებელ “ფორმალობაზე” მეტი იყო.

მატარებელი ქუთაისს, რომ მიუახლოვდა ცოლ-ქმარი კუპიდან ცალ-ცალკე გამოიყვანეს და ჩაქუჩის თავში დარტყმით დახოცეს: ტრამვა ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანების მსგავსი უნდა ყოფილიყო. შემდგომში ჩეკისტი-კილერები გასაგები მიზეზების გამო, სხვადასხვანაირად იხსენებდნენ ფაქტებს და ხელს ერთმენეთს ადებდნენ.

ლ. ვლოდზიმირსკის ჩვენებიდან: “ცოლ-ქმარი, უკვე როგორც პატიმრები, შიდა ციხიდან გადაყვანილი იქნენ მატარებელში. როდესაც მატარებელი წყალტუბოდან ქუთაისისკენ მიდიოდა, მე გამოვიყვანე ჯერ ქმარი, რომელიც წერეთელმა და მირონოვმა კეფაში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლეს. შემდეგ გამოვიყვანე ცოლი, რომელიც იმავე ხერხით ასევე მათ მოკლეს”.

შ. წერეთლის ჩვენებიდან: “ვლოდზიმირსკიმ ჩაქუჩის ჩაარტყმით მოკლა ქალი. მე ქმარს ჩავარტყი ჩაქუჩი, მაგრამ არ მოკვდა და შემდეგ მირონოვმა დაახრჩო. შემდეგ გვამები ტომრებში ჩავალაგეთ. ერთ პატარა სადგურზე რაფავა გველოდებოდა ავტომობილებით. გვამები ერთ-ერთ ავტოში ჩავდეთ”.

კვლავ ვლოდზიმირსკის ჩვენებიდან: “ერთ-ერთ სადგურზე ორი მანქანით რაფავა დაგვხვდა. გვამები ერთ ავტომობილში გადავიტანეთ და გზატკეცილზე მკვეთრ მოსახვევამდე მივედით. შემდეგ მძღოლმა მანქანა დასძრა, შემდეგ თვითონ გადმოხტა, ხოლო მანქანა ღრმა ხევისკენ მიმართა. მანქანა როცა გადავარდა, ჩვენ შემთხვევის ადგილი დავტოვეთ. შემდეგ გამოიძახეს ავტოინსპექცია და ყველაფერი გააფორმეს, როგორც საავტომობილო კატასტროფა. ამ ყველაფრის ორგანიზება რაფავამ გააკეთა”.

ა. რაფავას ჩვენებიდან: “რამდენიმე ხნის შემდეგ მოსკოვიდან ბოგდან ქობულოვმა ოპერაციის ზუსტი გეგმა შემატყობინა. თბილისში სპეცვაგონით მოსკოვიდან ჩეკისტები ჩამოვლენ და თან ბოვკუნების გვამებს ჩამოიტანენო.

მე უნდა გამეკეთებინა ავტოკატასტროფის ინსცენირება და ოფიციალური ცნობა პრესაში დაგვებეჭდა. ნეკროლოგის ტექსტიც მოსკოვიდან მოგვცეს.

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ჩვენს მიერ გადაჩეხილ იქნა ცარიელი მანქანა, რომელსაც წინდაწინ საჭის მართვის სისტემა გავუფუჭეთ. ავტინსპექციის მუშაკებს, რომლებმაც სათანადო დოკუმენტაცია შეადგინეს, განეცხადათ, რომ ავტოავარიაში მოყოლილები თბილისში გავგზავნეთ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. საინამდვილეში გვამები სასაფლაოზე დავმარხეთ, თუმცა შემდეგ ქობულოვის დავალებით ამოვთხარეთ და დიდი სამგლოვიარო ღონისძიების შემდეგ დავმარხეთ”.

შემდეგ დაკითხვებზე ავქსენტი რაფავამ ჩვენება მნიშვნელოვნად შეცვალა:

“ მე-6 კილომეტრზე მანქანა გვამებით ხევში გადავჩეხეთ. გამოძახებულ იქნა ავტოინსპექცია და ყველაფერი გავაფორმეთ, როგორც ავტოკატასტროფა. გვამები სასაფლაოზე გადავიტანეთ და ჩუმად დავმარხეთ. მაგრამ მეორე დღეს ბერიამ დარეკა და დაგვავალა, რომ ჩაგვეტარებინა ისეთი ოფიციალური დაკრძალვის პროცესი, როგორც “ავტოავარიაში გარდაცვლილ საბჭოთა ელჩს” შეეფერებოდა”.

ამის შემდეგ საქართველოს შინსახკომის თანამშრომლებმა ამოიღეს გვამები და მოაწყვეს დიდი სამგლოვიარო პროცესი ორკესტრითა და გვირგვინებით. რაფავა ჩვენებაში იმასაც ამბობდა, რომ „მძღოლი ბორის ჩუპრინი“ ლეგენდირებული პიროვნება იყო, უფრო მარტივად რომ ვთქვა – ის ბუნებაში არ არსებობდა და ჩეკისტების გამოგონილი იყო.

.სამგლოვიარო გვირგვინების ტევა არ იყო თბილისის წითელი არმიის („ე.წ. „ოფიცერთა“) სახლში, საიდანაც 1939 წლის 14 ივლისს გარდაცვლილები გამოასვენეს. ბოვკუნების ოჯახის ნათესავები და ახლობლები დაკრძალვის ცერემონიალზე არ ივნენ, თუ არ დაუშვეს უცნობია. ამიტომაც ნათესავებს ამ ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდათ. მათ არც იმის სჯეროდათ, რომ თბილისში ვერის სასაფლაოზე ცოლ-ქმარი ბოვკუნები და არა სხვა უპატრონო გვამები დაკრძალეს.

155-1710834149.jpg

საბჭოთა იმპერიის „პირველი რეჟისორი“

სულ მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ეს ისტორია მალევე მიეცა დავიწყებას.

ამ ტრაგედიის მონაწილე ჩეკისტ-კილერთა ბედი მსხვერპლთა ანალოგიური იყო. ბერიას, ლევ ვლოდზიმირსკის, ბოგდან ქობულოვს და სხვებს სისხლის სამართლის კოდექსის 58 -1-ბ მუხლი - სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს. საბრალდებო დასკვნაში, რომელიც საბჭოთა იურისპუდენციის “შედევრად” შეიძლება ჩაითვალოს, ვკითხულობთ:

“ბერიამ შექმნა საბჭოთა სახელმწიფოს მტრული მოღალატური ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა .. . . ძალაუფლების ხელში ჩაგდება საბჭოთა წყობის განადგურების, კაპიტალიზმის რესტავრაციის და ბურჟუაზიის ბატონობის აღდგენის მიზნით”. უფრო მეტი, უადვოკატოდ დატოვებული ბერია და მისი უახლოესი გარემოცვა, ერთდროულად ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის სპეცსამსახურების აგენტობაში დაადანაშაულეს.

ბერიას სიკვდილის (თუ მკვლელობის?) დეტალები დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის, ამჟამად კი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო საიდუმლოებად. რუსეთის ხელისუფლება კვლავ “ცხრაკლიტულებში” მალავს ამ საქმის საარქივო დოკუმენტებს.

ვლოდზიმირსკი 1953 წლის 23 დეკემბერს, რაფავა, წერეთელი, რუხაძე, ხაზანი და სხვები 1955 წლის 15 ნოემბერს დახვრიტეს. ბევრის მცოდნე და ამიტომ არასასურველი მოწმეების თავიდან მოცილებით, ხრუშჩოვი და საბჭოთა პოლიტბიუროს ძველი წევრები ცდილობდნენ ისტორიიდან სამუდამოდ ამოეშალათ საკუთარი დანაშაულის კვალი.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

ამ ტრაგიკული ისტორიიდან თითქმის ოთხმოცდახუთი წელი გავიდა, თუმცა კვლავ ძალზე ბევრი კითხვაა უპასუხოდ დარჩენილი.

რა საჭირო იყო მსხვერლთა მოსკოვიდან თბილისში, მერე კი წყალტუბოში ჩაყვანა და იქ ლიკვიდაცია? ხომ შეიძლებოდა მოსკოვშივე მოეწყოთ ავტოკატასტროფა ან სხვა “უბედური შემთხვევა”? რატომ და რა მიზნით გათამაშდა ორმოქმედებიანი ტრაგედია? რით “დაიმსახურა” ბოვკუნ-ლუგანეცმა ასეთი “პატივისცემა”?

ბოვკუნს, თუ შერისხული ლიტვინოვის ერთგულება ან ეჟოვის “ანტისაბჭოთა ჯგუფში” მონაწილეობა ბრალდებოდა, მისი ლიკვიდაცია მოსკოვში განა გაჭირდებოდა? მით უფრო, რომ სწორედ ასე არ გაანადგურეს უამრავი საბჭოთა დიპლომატი, მხედართმთავარი და მზვერავი?

stal-1710834108.jpg

ბოვკუნის პიროვნება და მისი ტრაგედია საბჭოთა დიპლომატიის და დაზვერვის ისტორიიდან შეგნებულადაა ამოგდებული. სავარაუდოა, რომ ორი დიქტატორი და მომავალი გენერალისიმუსი : სტალინი და ჩან კაი-ში, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის არაფერზე არ იხევდნენ უკან. შესაძლებელია ბოვკუნებმა “საბჭოთა რევოლუციის დიქტატურისთვის” ოპიუმის რეალიზაციით ვალუტის მოპოვების საიდუმლო შეიტყვეს და არასასურველ მოწმეებად იქცნენ. ხოლო მთელი ეს ტრაგედია იქნებ იმისთვის გათამაშდა, რომ ოპიუმის რეალიზაციის არხი: ჩინეთი – საბჭოთა კავშირი – დასავლეთ ევროპა არ მოშლილიყო.

წერტილის დასმა ჯერ ნაადრევია

რუსეთის პროკურატურამ 1990-იანი წლების დასაწყისში ბოვკუნების რეაბილიტაცია მოახდინა, მაგრამ რატომღაც ეფ–ეს–ბეს და საგარეო დაზვერვის სამსახურის არქივებში არ იქნა მოძიებული ბოვკუნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები, ჩხრეკის, დაკითხვის და დაპირისპირების ოქმები და ა.შ. ჩემი ინფორმაციით ამ საქმის ირგვლივ საქართვგელოში არსებული ოპერატიულ-აგენტურული მასალები, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის რომან რუდენკოს მოთხოვნით 1953-1955 წლებში თბილისიდან მოსკოვში გაიგზავნა. ხოლო დაბრუნდა თუ არა უკან, ეს კი უცნობია.

წვიმს. ვერის სასაფლაოზე ივანე ბოვკუნ-ლუგანეცის და მისი მეუღლის საფლავების ძებნას ვაგრძელებ. სამწუხაროდ 85 წლის წინანდელი დაკრძალვის მომსწრე აღარც კაცია შემორჩენილი და აღარც საბუთი. ძებნას კი ვაგრძელებ, მაგრამ იქნებ საფლავის კვალიც აღარ არსებობს? კარგა ხნის წინ, უადგილობის გამო დახურულ ვერის სასაფლაოზე, ვინმე დატოვებდა კი “ისე”, ძვირადღირებულ, თანაც უპატრონო საფლავს? უცნობია იქ დაკრძალეს კი ისინი საერთოდ?

ვერის სასაფლაოზე ბოვკუნების სამარხის მიგნება ვერ მოხერხდა. წვიმა, მარტოობა და ირგვლივ მდუმარე საფლავები, ძალაუნებურად ცხოვრების ამაოებაზე ჩააფიქრებს კაცს.

(დასასრული)