ტვინების "შტურმი" ანუ ქართული პოლიტიკური "ბაზარი" - ლადო პაპავას ანალიზი:რეალურია თუ არა პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები - კვირის პალიტრა

ტვინების "შტურმი" ანუ ქართული პოლიტიკური "ბაზარი" - ლადო პაპავას ანალიზი:რეალურია თუ არა პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები

საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ერთმანეთზე უკეთესი დაპირებების გაცემა. მაგალითად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ თქვა, პენსიას 500 ლარამდე გავზრდიო, "ლელომ" ეს დაპირება 1.000 ლარამდე აიყვანა. სტუდენტების ფასიანი სტაჟირების იდეა "ქართულ ოცნებას" მოეწონა და ირაკლი კობახიძის პრემიერობის ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ ამის განხორციელებაა. ბოლო დღეებში კი "ნაცმოძრაობის" საყვარელი თემა გახდა "2012 წელთან შედარებით კატასტროფულად გაზრდილი ფასები" და "1 ლიტრი ბენზინიდან სახელმწიფოს მიერ მოპარული ლარ-ნახევარი". რატომ გააქტიურდა წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ეკონომიკური საკითხები და განსაკუთრებით ფასების თემა, ქვეყანაში ამისთვის რა საფუძველია და რაც მთავარია, რამდენად სწორად ხდება ამ თემების გამოყენება და საზოგადოებას მიეწოდება თუ არა სათანადოდ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.

- საერთოდ, როდესაც ეკონომიკაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიები, ეს მისასალმებელია, რადგანაც თუ ეს არ არის გამოწვეული პოლიტიკური ინტრიგებით, საქმეში გარკვეულობას რა სჯობს. მე, როგორც ეკონომისტს, ყოველთვის მახარებს პოლიტიკური პარტიების დაინტერესება ეკონომიკით. მაგრამ, როდესაც ეს არაკვალიფიციურია, პოლიტიკური ინტრიგების მატარებელია და რეალობას აცდენილი, რა თქმა უნდა, ასეთი მსჯელობა ეკონომიკაზე გამართლებული არ არის. მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ ფასების დონეზე, და იცით, რომ დღეს ყველაზე მეტად ამ თემაზე ლაპარაკობენ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა შევადაროთ ერთმანეთს ფასები. მეთოდოლოგიას აქვს მნიშვნელობა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვალუტაა, რის გამოც აუცილებელია ფასების გადაყვანა ერთ ვალუტაში, როგორც წესი, დოლარში. ფასების შედარებისთვის აქ წერტილის დასმა კი არის შეცდომა, რადგან აშშ დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს, 1 დოლარით ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შეიძლება. ამიტომაც მსოფლიო ბანკს შემუშავებული აქვს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის კოეფიციენტი, რის მიხედვითაც ხდება აშშ დოლარში გამოხატული ფასების კორექტირება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით კი უკვე რეალურად არის შესაძლებელი, შედარდეს ფასები ერთმანეთს. მართლაც, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მორიგი კვლევა, სადაც სწორედ მსყიდველობითუნარიანობაა გათვალისწინებული და ამ კოეფიციენტით გამოვიდა, რომ ფასების სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო სამეულშია.ჩვენთან შედარებით მცირედით დაბალი ფასებია ჩრდილოეთ მაკედონიასა და თურქეთში. სხვაგან ყველგან უფრო მაღალია ფასების დონე, ვიდრე საქართველოში. ამიტომ საკითხი დგება ასე - ვის დავუჯეროთ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ეს თემა პიარტექნოლოგიისთვის სჭირდებათ და თანაც არაკვალიფიციურად აკეთებენ თავიანთ გათვლებს, თუ მსოფლიო ბანკს, რომელიც ამას აკეთებს საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდით?

ახლა ჩავუღრმავდეთ თავად საკითხს, თუ გლობალურად რა პროცესთან გვაქვს საქმე. ფაქტია, დღეს აშშ-ში ინფლაცია რეალურად დაბალია, მაგრამ მოსახლეობის მიერ ფასების აღქმა არ არის დაბალი. მათი ზრდა განპირობებული იყო პანდემიით, რომელიც ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც გამოიწვია მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა და შედეგად, მიწოდების შემცირება და ინფლაციის ზრდა. შემდეგ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეძლო ინფლაციის მოთოკვა, რომ მაღალი (ფასების საშუალო დონის ზრდა) აღარ ყოფილიყო, მაგრამ პანდემიით მომატებული ფასები ხომ დარჩა? და აღარ შემცირებულა და ვერც შემცირდებოდა. ამიტომ აღქმა არის ის, რომ ფასები გაიზარდა. შესაბამისად, უმჯობესია სხვადასხვა ქვეყნის ფასების შედარება, რადგან მსოფლიოში ფასები ყველგან არის გაზრდილი. ამის მთავარი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, იყო პანდემიის დროს ეკონომიკის ჩაკეტვა; შემდეგ ფასები გაზარდა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში; ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ისრაელ-"ჰამასის" დაპირისპირებაც - ჰუსიტების მიერ დაბომბვის გამო წითელი ზღვით ტვირთების გადაადგილება შეიზღუდა და ესეც აისახება ფასებზე, ეს კი გლობალური პროცესებია.

გლობალურად თუ შევხედავთ, ფასების დონით სად არის დღეს საქართველო, 188 ქვეყანას შორის 33-ეა და ევროპაში - მესამე. ამიტომ აქედან გამომდინარე, რადიკალური ოპოზიციური პარტიების კრიტიკა, ფაქტობრივად, არაკვალიფიციური და არაობიექტურია.

- ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია ბენზინის ფასზე ლაპარაკი და მაგალითად ასახელებენ ფასებს მეზობელ ქვეყნებში. სხვა საკითხია, რომ ჩვენს სამეზობლოში დაახლოებით ისეთივე ფასებია, როგორიც საქართველოში და ზოგან უფრო მეტიც. საინტერესო ის არის, მართლაც ხელისუფლების ბრალია, რომ ფასები ასე მაღალია და არის საშუალება, რომ ბენზინის ფასი საქართველოში დაბალი იყოს?

- პრობლემას უნდა შევხედოთ შედარებითად. როგორც გითხარით, აუცილებელია გავითვალისწინოთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი. რადგან სხვადასხვა ვალუტაა, ფასი უნდა გადავიყვანოთ დოლარში და ამ დოლარსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მსყიდველობითი უნარი აქვს.

მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან - ბიგ-მაკი არის პროდუქტი, რომელიც "მაკდონალდსის" რესტორნებში იყიდება. ამ უკანასკნელის მსოფლიო ქსელში, ყველგან, მენიუ ერთი და იგივეა, მისი კლასიკური პროდუქტი, ბიგ-მაკი, ყველგან ერთი და იმავე ტექნოლოგიით მზადდება და ყველგან იყიდება შესაბამის ფასად მოცემული ქვეყნის ვალუტაში. მაგრამ როგორც კი ამ ვალუტას გადაიყვანთ დოლარში, გამოჩნდება, რომ ბიგ-მაკს, ანუ ერთი და იმავე პროდუქტს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი აქვს დოლარში გამოხატული. ეს ადასტურებს, რომ დოლარის მსყიდველობითუნარიანობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ვერ მივხვდებით, ფასები ერთნაირია თუ არა. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გარეშე ფასების შედარება არაკვალიფიციურია. ბიგ-მაკის ინდექსი, როგორც ცნობილია, მსყიდველობითუნარიანი პარიტეტის კოეფიციენტის მარტივი ინტერპრეტაციაა.

- 2012 წლის ფასების დღევანდელ ფასებთან შედარებაც ხომ არაკვალიფიციურია, მაგრამ საზოგადოებაში მუშაობს?

- ბუნებრივი ინფლაცია პრაქტიკულად უწყვეტი და თანაც მსოფლიო პროცესია, ანუ ფასები ყოველწლიურად და თითქმის ყველგან იზრდება. ამიტომ ფასების დონის დროში შედარება ბევრს არაფერს იძლევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ვიცით, რომ 2019 წლის ბოლოს დაიწყო კოვიდპანდემია, რაც ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, შემდეგ დაიწყო რუსეთის ომი უკრაინაში, რაც დღესაც გრძელდება. ფასები ნახტომისებურად ამ პერიოდში სწორედ ამის გამო გაიზარდა. მართალია, შემდეგ ინფლაცია კი მოითოკა, მაგრამ გაზრდილი ფასები ხომ დარჩა? ამ ყველაფრის ფონზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით საქართველო საკმაოდ წარმატებულია, თანაც ეს ვინმე პოლიტიკოსის ან რომელიმე ეკონომისტის ნათქვამი კი არ არის, არამედ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგია.

- გასაგებია, რომ ოპოზიცია ამ საკითხს თავისი ინტერესიდან გამომდინარე არაკვალიფიციურად იყენებს, მაგრამ საზოგადოებაში რომ არ იყოს ამ საკითხით დაინტერესება, ხომ ვერ გამოიყენებდა? ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით რა საფუძველია იმისა, რომ ეს საზოგადოებისთვის მისაღები თემა იყოს?

- ეკონომიკაში პრობლემები ყოველთვის არის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და არის ჩვენთანაც, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს ამაზე, რამდენად კვალიფიციურად და კომპეტენტურად, თორემ ამ თემაში გარკვევა საზოგადოების მოთხოვნა რომ არის, ცხადია. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, საქართველო არც ამ მხრივ არის გამონაკლისი. პრობლემა ის არის, რომ აქ ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, არც კვალიფიკაცია ჰყოფნის, არც კომპეტენცია, მაგრამ გასაგებია, რომ ამით სხვა თემების გადაფარვა სურთ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია, ჯობს, ამ თემებზე ილაპარაკოთო, მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ "ნაცმოძრაობაში" ჰყავდათ კვალიფიციური ეკონომისტი, რომან გოცირიძე, რომელმაც დატოვა ეს პარტია. დარწმუნებული ვარ, რომან გოცირიძემ შესანიშნავად იცის, რა არის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი.

- ტელევიზიებში მათი მხარდამჭერი ექსპერტები, ეკონომიკის პროფესორებიც იმავეს ამბობენ და მათთანაც კვალიფიკაციის ნაკლებობაა თუ ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას?

- ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ეტყობა, მიაჩნიათ, რომ მეტი იციან, ვიდრე მსოფლიო ბანკმა.

- გასაგებია, რომ ფასების თემაზე განცხადებები ძალიან პოლიტიზებულია, მაგრამ თეორიულად ფასების დაწევა რამდენად არის შესაძლებელი? თუნდაც ეს ხალხი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ან ვინც იქნება, შეძლებს ფასების დაწევას და, თუ შესაძლებელია, ამას რა დრო დასჭირდება?

- ხომ იყვნენ ხელისუფლებაში, ფასები შეამცირეს?

2012 წლის ფასებთან პირდაპირი შედარება ძალიან არაკვალიფიციურია. მოსახლეობის მოტყუებაზე არიან გადასული, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს აგრესიული ოპოზიცია სანდო არ არის, რადგან ახსოვთ ის, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. 2012 წლის ფასებზე ასე ლაპარაკი პროფესიულად არაკომპეტენტური და არაკვალიფიციურია, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით ამის შესახებ, სულ ცოტა, ის უნდა ლაპარაკობდეს, ვინც ნდობას იწვევს. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რაზეც არის დამოკიდებული საკვები პროდუქტების წარმოება და ფასი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩააყენა უმძიმეს მდგომარეობაში. ესეც გავიხსენოთ, როცა რუსეთმა ღვინის ბაზარი დახურა, როგორ იყო სახელმწიფო სტრუქტურებზე შეწერილი ღვინის შესყიდვა. ეს იყო ეკონომიკა? ან თუნდაც ჰიბრიდული სიმინდის პროექტი გავიხსენოთ! საერთოდ, რაზეა საუბარი.

- "ლელოს" ათასლარიანი პენსიის დაპირება უკვე მწვავედ გააკრიტიკეს. თქვენ როგორ აფასებთ ამ დაპირებას, რამდენად კვალიფიციურია? მათ მაინც ხომ იციან ეკონომიკა?

- ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც განიხილებოდა 2024 წლის ბიუჯეტი, სერიოზული ზრდა ჩაიდო სოციალურ პროექტებში, რაც პენსიებსაც შეეხო. ამასთან, კანონით არის განსაზღვრული საბიუჯეტო სექტორში ხელფასების ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა. ფაქტია, მთავრობა მაქსიმალურად შეეცადა სოციალურ საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება და ამის გამო მაშინ ოპოზიცია აკრიტიკებდა ხელისუფლებას.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყო სოციალურ და არა ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული. დაპირება ყველაფრის შეიძლება და რატომ 1.000 ლარი და არა 2.000 ლარი ან 10.000? მაგრამ რის ხარჯზე? როგორ უნდა გაიზარდოს, ეს არის მთავარი. ამიტომ ის კი არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რა თანხას დაჰპირდებიან პენსიონერებს, არამედ ის, რომ ამან არ გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები. თუ ინფლაციური პროცესების ხარჯზე გაიზარდა პენსიები, შეიძლება 1.000 ლარი კი არა, 10.000 მისცე, მაგრამ მისი მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალი იქნება. ამის კარგი მაგალითია კუპონის პერიოდი, როდესაც ყველა ერთბაშად მილიონერები გავხდით, მაგრამ კუპონის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალი იყო, ის ყოველდღიურად ეცემოდა.

განაგრძე კითხვა