"რამდენჯერმე ცრემლი ვერ შევიკავე..." - მავთულხლართებში მოქცეულ ადამიანთა სევდა და ტკივილი - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე ცრემლი ვერ შევიკავე..." - მავთულხლართებში მოქცეულ ადამიანთა სევდა და ტკივილი

მაvთულხლართებში მოქცეულ ადამიანთა სევდა და ტკივილი

„ჟიკჟიკობა ღამე“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 9 მარტს გაიმართა. მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ეკატერინე (კატო) შარიქაძეა. წარმოდგენა პიესა „ჟიკჟიკობის ღამეს“ და ამავე ავტორის მოთხრობის - „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ მიხედვით შეიქმნა. როგორც რეჟისორმა გვითხრა, სპექტაკლის დადგმის დროს გადაწყვიტა, რომ არა მხოლოდ ერთი პიესა, არამედ მიხო მოსულიშვილის სხვა ნაწარმოებიც გამოეყენებინა, ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ადამიანების ნამდვილი ამბებისთვის თავი მოეყარა და ასე შეექმნა ის საერთო სურათი სცენაზე, რაც ოკუპაციას ახლავს თან.

ერთმოქმედებიანი დრამა ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულსა და ოკუპაციაზეა, კერძოდ ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებსა და საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი ადამიანების ტკივილზე, რომელიც დღემდე არ ნელდება.

პიესის მთავარი გმირები, გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია, სამაჩაბლოს ერთ-ერთი ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე განისვენებენ. თუმცა, ისინი დროებით, მაყურებლის წინაშე „ცოცხლდებიან“, ირეალური სამყაროდან რეალურში ინაცვლებენ და თავიანთ წარსულსა და აწმყოში გადმოსულ განცდებს დარბაზში მსხდომთ უზიარებენ.

დღესდღეობით წინაპრების საფლავებზე თითქმის აღარავინ დადის, ვეღარც სანთლებს ანთებენ, როგორც უწინ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა აქ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგს - „ჟიკჟიკობისას“ იყო, სადაც გაზაფხულის სუსხიანი და არეული ამინდებისას, ყველა საფლავთან არაერთი სანთელი კიაფობდა.

დღეს უკვე ყველასათვის ნაცნობი მიზეზით, სამაჩაბლოში დასაფლავებულთა შთამომავლებს ნათესავ-ახლობლების საფლავების მონახულების შესაძლებლობა აღარ აქვთ...

სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ჰანგები: „იავნანა“, სულხან ცინცაძის „ყელსაბამი“ და ნინო კიკვაძე-ბარათაშვილის სიმღერა „მეჯინიბე“. წარმოდგენა მსახიობების - მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, რომლებიც ოლა ბებიისა და ილა პაპას როლებს განასახიერებენ. მათთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ: მალხაზ შაყულაშვილი, ნინო პაპიაშვილი, ჯაბა ჯანაშია, ლილი მეტრეველი და მაია მიქელაძე. მხატვარი მაია სულხანიშვილია, ლოტბარი მარია ელენე ბეჟაშვილი, ხოლო ხმის რეჟისორი ლევან გვაზავა.

პრემიერას ესწრებოდა მწერალი მიხო მოსულიშვილი, რომელსაც სპექტაკლის დასრულებისას შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვე. ასევე დავინტერესდი, თუ რა განცდაა, როცა საკუთარ ნაწარმოებს სცენაზე განხორციელებულს, დარბაზიდან ადევნებ თვალს.

- იცით, როგორ არის?! შენ რაღაც დაწერე, ეცადე, მაგრამ ყველაფერი ვერ გააკეთე, ვერ იფიქრე და შეძელი, მაგრამ შენს დაწერილს კარგი მსახიობი რომ თამაშობს, სულ სხვა თვალით აღიქვამ. ბედნიერებაა, როცა ისინი დაგანახვებენ, რა სიღრმეები და ქვეტექსტებია ტექსტში და ეს განცდა კარგ მსახიობებს მოაქვთ. სპექტაკლის მსვლელობისას, რამდენჯერმე ცრემლი ვერ შევიკავე, რადგან აქ ყველა ჩემიანია: პაპაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი ქვეყნის უახლესი ამბებია და ეს არის საქართველოს თავგადასავალი, რომელიც ჩემს ქვეყანას გადახდა. პიესაშია ნათქვამი, პაპები აფხაზეთში წვანან, მამები - სამაჩაბლოში და შვილიშვილები მაინც გადაარჩინე, ღმერთოო!.. და ასეა, სამშობლო შენი წინაპრის საფლავია და თუ ის ადგილი დაკარგე, არც არავინ ხარ უკვე ამქვეყნად...

15 და 20 მარტის წარმოდგენების შემდეგ, ერთმოქმედებიანი სპექტაკლი „ჟიკჟიკობა ღამე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე 9 აპრილს გათამაშდება. სპექტაკლი უშუალოდ მერაბ შარიქაძისა და მაია ჩართოლანის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.

P.S. ფოტოების ავტორი ბექა ცირეკიძე.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"