"კვირის ბოლოს ომი დაიწყება..." - ფაშინიანის სკანდალური განცხადება: ახალი შეტაკებების საფრთხე საქართველოს საზღვართან?! - კვირის პალიტრა

"კვირის ბოლოს ომი დაიწყება..." - ფაშინიანის სკანდალური განცხადება: ახალი შეტაკებების საფრთხე საქართველოს საზღვართან?!

"...კვირის ბოლოს ომი დაიწყება, მე ვიცი, რა იქნება ამ ომის ბოლოს. მერე სადმე რომ შემხვდებით, აღარ მითხრათ, რატომ არ არ გაგვაფრთხილეთო...“-ასეთი სიტყვებით მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხეთის ტავუშის ოლქის იმ ოთხი სოფლის მოსახლეობას, რომელთა ტერიტორიების გადაცემას დაჟინებით ითხოვს აზერბაიჯანი...

პრემიერი ფაშინიანი სპეციალურად ჩავიდა ამ საზღვრისპირა სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ აუხსნა - სომხეთის სასიცოცხლო ინტერესებშია აზერბაიჯანთან სასწრაფოდ სამშვიდო ხელშეკრულების გაფორმება და საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, მაგრამ ბაქოს პრეტენზია აქვს რვა, აქედან კი განსაკუთრებით იმ ოთხ საზღვრისპირა სოფელზე, რომლებსაც აზერბაიჯანის კუთვნილებად თვლის...

2016 წლის აპრილის დასაწყისში ტავუშის ოლქში ერთხელ უკვე გაიმართა „ოთხდღიანი ომი“, რომელიც ყარაბაღის 2020 წლის მეორე ომის ერთგვარ პრელუდიათ იქცა, რადგან პირველად სწორედ ამ ლოკალურ საბრძოლო დაპირისპირებში გამოჩნდა ის, რითაც აზერბაიჯანი მომავალ დიდ ომში გამარჯვებისთვის გამოიყენებდა - ისრაელისგან ნაყიდი „ჰაროპის“კამიკაძე-დრონები, ტანკსაწინააღმდეგო „სპაიკები“ და რუსეთისგან მიღებული „ცეცხლისმფრქვეველი“ „სოლნცეპეკები“...

მაშინ ის ოთხდღიანი ომი ბაქოსთვის უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ შემდეგ ორ, 44 დღიან და 24 საათიან ყარაბაღის ომებში გამარჯვებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ოფიციალურ ბაქოს სურს კონტროლი დააწესოს იმ საზღვრისპირა სოფლებზეც, რომლებშიც საბჭოთა პერიოდში ძირითადად აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა, მაგრამ ყარაბაღის პირველ ომში სომხური მხარის გამარჯვებისთანავე , მათ სასწრაფოდ მოუწიათ თავიანთი სოფლების დატოვება და აზერბაიჯანში გადაბარგება.

ყველა დეტალის გარკვევა ურთულესია, ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი რეალობა დადგა - ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი თავის პირობებს უყენებს იმ სომხეთს, რომელსაც არანაირად არ სურს ახალ ომში ჩართვა მასზე ბევრად ძლიერ აზერბაიჯანთან, რომლის უკანაც კიდევ უფრო ძლიერი თურქეთი მოიაზრება ,ხოლო სომხეთის ისტორიულმა „დიდმა ძმამ“ - რუსეთმა სომხეთს ერთხელ უკვე უღალატა ყარაბაღის 2020 წლის ომში და ეხლაც გვერდზე გადგება, თუკი აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს სომხეთის წინააღმდეგ.

კრემლის პროაზერბაიჯანული პოზიცია იმითაც იქნება გამყარებული, რომ „რუსული ღალატის“ შემდეგ ფაშინიანის ხელისუფლებამ დასავლეთის კურსის არჩევა დაიწყო, რამაც განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია კრემლში - დასავლეთისკენ მზირალი სომხების დასასჯელად პუტინი ფარულად მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას - აცხადებენ ერევანში და დასძენენ - ამით მოსკოვს ჩვენი ჭკუის სწავლება და დასჯა სურს, რომ ევროკავშირისკენ მივისწრაფით...

ახალი ომის დაწყება, რა თქმა უნდა, დიდად შეაფერხებს სომხეთის საერთაშორისო კურსის გადასვლას რუსული ლიანდაგებიდან ევროპულზე, რაც სურთ კიდეც კრემლში - თავზე მოხვეული ომების რუსულმა ტაქტიკამ დაწყებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ხომ ბევრჯერ წარმატებით იმუშავა საქართველოს, მოლდოვისა თუ იმავე სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე, როდესაც შიდაომების ჭაობში ჩაგვითრიეს და თანაც მომრიგებლად ისევ რუსი სამხედროები დაგვიყენეს „სამშვიდობო ძალების“ ნიღბის ქვეშ...

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ამ ყველაფერს კარგად ხვდება და ამიტომაც ყველა ძალით ცდილობს, თავიდან აიცილოს ახალი ომი - ის პოლიტიკოსისთვის ყველაზე არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაზეც მიდის და ღიად ეუბნება თანამოქალაქეებს - ამ ოთხი სოფლისთვის, რომლებიც თავის დროზე არც გვეკუთვნოდა, ნუ გავწირავთ მთლიანად სომხეთის უახლოესს მომავალს, სჯობს დავთმოთ, საბოლოოდ გავარკვიოთ საზღვარი აზერბაიჯანთან და მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას, რათა ამის შემდეგ სომხეთმა ომებზე კი არა, არამედ ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპასთან დაახლობაზე იფიქროსო...

ტავუშის ოლქის სოფლების ვოსკეპარის, ბეგანისის და ვოსკევანის მოსახლეობა, ვისაც პირადად შეხვდა და აუხსნა შექმნილი სიტუაციის მთელი დრამატიზმი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აცხადებენ, რომ არ დატოვებენ სოფლებს და იარაღით ხელში დაიცავენ მათ - ეს კი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს, რომელშიც აზერბაიჯანის არმიას უდიდესი უპირატესობა ექნება და ბაქომ შეიძლება სამაგიერო გადაუხადოს სომხეთს-მისი სხვა ოლქებიც კი დაიკავოს, როგორც ეს სომხეთმა 1994 წელს ყარაბაღის პირველ ომში განმარჯვების შემდეგ გააკეთა და აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ჰქონდა დამატებით ოკუპირებული 26 წლის განმავლობაში...

P.S. ყარაბაღის ომები საქართველოს საზღვრიდან 200 კმ-ის დაშორებით მიმდინარეობდა, სომხეთის ტავუშის ოლქი კი უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს, ხოლო სადავო სოფლებიდან საქართველოს საზღვრამდე მხოლოდ...20-იოდე კმ-ი თუა. ასე რომ, ამ ადგილებში აზერბაიჯან-სომხეთის დიდი ომის დაწყება ძალაუნებურად იმოქმედებს საქართველოზეც...