"სამწუხაროდ, უკრაინელები მარცხდებიან, პოლონეთი რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს" - პოლონელი გენერლის სკანდალური წინასწარმეტყველება - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, უკრაინელები მარცხდებიან, პოლონეთი რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს" - პოლონელი გენერლის სკანდალური წინასწარმეტყველება

პოლონური ტელეარხის - PolSat TV-ის პროგრამაში „მოვლენის სტუმარი“, გადაიცა საუბარი პოლონეთის ჯარების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, გენერალ რაიმუნდ ანჯეიჩაკთან, რომლის ტექსტი ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „აუცილებელია მოვემზადოთ“: გენერალი რაიმუნდ ანჯეიჩაკი ომის საფრთხის შესახებ“ (ესაუბრება პროგრამის წამყვანი, ტელეჟურნალისტი ბოგდან რიმანოვსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პროგრამის სტუმარმა განაცხადა, რომ პოლონეთს რუსეთის თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით მოსამზადებლად ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი ორი-სამი წელი. მან ასევე აღნიშნა უკრაინის მძიმე მდგომარეობა: „ამ ომში უკრაინელები მარცხდებიან“, - განაცხადა გენერალმა.

„ერთი მხრივ, საჭიროა როგორმე მოსახლეობის დამშვიდება, სიტუაციის ახსნა-განმარტება, მაგრამ მეორე მხრივ - ჩვენ ბევრი რამ უნდა მოვასწროთ. საჭიროა მოვემზადოთ“, - უპასუხა რაიმუნდ ანჯეიჩაკმა კითხვას - „ელოდება თუ რა პოლონეთს ომი ახლო მომავალში?“.

„იქნება თუ არა ეს ორი, სამი ან ხუთი წლის შემდეგ, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენზე. ჯერჯერობით დრო გვაქვს, მაგრამ სამუშაოც ძალიან ბევრია“, - დაამატა მან.

ჟურნალისტმა ბოგდან რიმანოვსკიმ დაიმოწმა გერმანიის დაზვერვის მონაცემები, რომელთა თანახმად, 2026 წლისათვის რუსეთის არმიამ შეიძლება, ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანას შეუტიოს და გენერალს კითხვა დაუსვა - „გვაქვს თუ არა ჩვენ, პოლონეთს, მოსამზადებელი დრო?“, რაზედაც რაიმუნდ ანჯეიჩაკმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ გვაქვს“, თუმცა მან იქვე დაამატა: „დღეისათვის პოლონეთის თავდაცვითი სტრატეგია, პრინციპში, უკვე მოძველებულია“.

რუსეთის არჩევნები: „პუტინი უფრო თავისუფლად იმოქმედებს“

პროგრამის სტუმარმა კომენტარი გაუკეთა რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნა: „პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვლადიმერ პუტინს უფრო თავისუფლად შეუძლია იმოქმედოს, მაგალითად, გამოაცხადოს მოსახლეობის მორიგი მობილიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების შევსების მიზნით“. გენერალმა მიუთითა, რომ რუსეთს მობილიზაციის განხორციელების შესაძლებლობა აქვს, რადგან მოსახლეობა უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე - უკრაინას.

გარდა ამისა, რუსეთში სამხედრო მრეწველობა გამალებული ტემპებით მუშაობს, რაც ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლებში დაადასტურა. „არჩევნების შემდეგ კრემლს მეტი შესაძლებლობა აქვს არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც მიიღოს“.

უკრაინის პრობლემები: „დრამატული სიტუაცია“

„სიტუაცია ძალიან დრამატულია“, - ასე შეაფასა გენერალმა უკრაინის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა, - „ომის დროს სასწაულები არ ხდება. მთავარსარდლის შეცვლით სტრატეგიული სიტუაცია არ შეცვლილა. გენერალ ალექსანდრე სირსკის იგივე პრობლემების გადაწყვეტა უწევს, როგორსაც ვალერი ზალუჟნი წყვეტდა. ვითარება უფრო დამძიმდა, ამიტომ ალექსანდრე სირსკი იძულებული გახდა, უკრაინის ჯარებისათვის [ავდეევკიდან] უკანდახევა ებრძანებინა, ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის მიზნით. ყველა ის პრობლემა, რაც ვალერი ზალუჟნის დროს არსებობდა, არსად გამქრალა, ისევ არის, რაც ალექსანდრე სირსკის ხელს უშლის“, - თვლის პოლონელი გენერალი.

რაიმუნდ ანჯეიჩაკმა ასევე აღნიშნა ომში უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგების შევსების პრობლემა: „ მე ვთვლი, რომ მათი დანაკარგები მილიონობით არის და არა - ასეულ ათასობით. უკრაინას რესურსები არ აქვს, ომში წასვლა და ბრძოლა სულ უფრო ცოტა უკრაინელს სურს“.

პროგრამის წამყვანმა გენერალს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა იმ ცნობისათვის, რომლის თანახმად, მარტის ბოლოსათვის უკრაინას საზენიტო რაკეტები გამოელევა. „ესე იგი, რუსეთი ახალ დარტყმებს დაუსჯელად განახორციელებს, იქნება უფრო მეტი მსხვერპლი, ინფრასტრუქტურა უფრო მეტად დაინგრევა. ამ ომს უკრაინელები აგებენ“, - აღიარა გენერალმა.

პრობლემები საბრძოლო მასალების წარმოებაში

ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა გენერალს, თუ რამდენად სამართლიანად გაანაწილა ევროკავშირმა ფინანსები საბრძოლო მასალების წარმოების მხრივ, უკრაინის დასახმარებლად. როგორც ცნობილია, პოლონეთმა 500 მილიონი ევროდან მხოლოდ 2 მილიონი მიიღო.

„საქმე მილიონ ევროებში არ არის და არც საბრძოლო მასალების რაოდენობაში. საქმე ისაა, რომ ასე პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ მთლიანად უნდა შევცვალოთ ქვეყანაში საბრძოლო მასალების წარმოების სტრატეგია, უკვე საკმაოდ ჩამოვრჩით და სხვანაირად დროსთან შეჯიბრში ვერ გავიმარჯვებთ. საბრძოლო მასალები უფრო მეტი უნდა ვაწარმოოთ, უფრო სწრაფად. საჭიროა ქარხნების დივერსიფიცირება. ამისათვის აუცილებელია ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მძიმე შრომა“, - თქვა გენერალმა.

„მე მხარს ვუჭერ ახალი ქარხნების მშენებლობას. დღეს ჩვენი სამხედრო ქარხნები აღმოსავლეთის საზღვართან ახლოს მდებარეობენ. საჭიროა მათი მშენებლობა საზღვრიდან შორს - სილეზიაში, ლიაბუსის სავოევოდოში. ქარხნები უნდა აშენდეს ამერიკელებთან ერთად, რომ მათ აწარმოონ 120-მილიმეტრიანი ჭურვები ტანკებისათვის და 155-მილიმეტრიანი - ქვემეხებისთვის. ჭურვები გადანაწილდება ნატოს წევრ ქვეყნებზე, მიეწოდება უკრაინასაც“, - აღნიშნა რაიმუნდ ანჯეიჩაკმა.

უნდა ჰქონდეს თუ არა პოლონეთს ბირთვული იარაღი?

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა გენერალს - უნდა იყოს თუ არა პოლონეთი ისეთი სახელმწიფო, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს? „ჩემი აზრით, უეჭველად უნდა იყოს. ასეთი იარაღი თუ გვექნება, ჩვენს სრულიად სხვა ლიგაში ვიქნებით“, -თქვა გენერალმა.

ბოგდან რიმანოვსკის კითხვაზე - „შეშინდებიან თუ არა რუსები, თუ პოლონეთი ბირთვული იარაღის მფლობელი გახდება“ - გენერალმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ მათ ჩვენი შეეშინდებათ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო