ტროცკის მკვლელის აღსასრული: ლიკვიდაცია მაჯის საათით - რა ბედი ელოდათ საბჭოთა კავშირში მზვერავებს, რომლებიც უცხოელებმა გაშიფრეს - კვირის პალიტრა

ტროცკის მკვლელის აღსასრული: ლიკვიდაცია მაჯის საათით - რა ბედი ელოდათ საბჭოთა კავშირში მზვერავებს, რომლებიც უცხოელებმა გაშიფრეს

დღეს მკითხველს საბჭოთა დაზვერვის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო და დაუნდობელ ასპექტზე მოვუთხრობ. სპეცსამსახურების ისტორია გამარჯვებისა და მარცხის ისტორიაა: წარმატებებზე ხმამაღლა არავინ გაჰყვირის, მარცხი და წარუმატებლობა კი უმალ ხდება ცნობილი. საინტერესოა, რა ბედი ელით „ჩავარდნილ“ და გაშიფრულ აგენტ/მზვერავებს?

დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ასპექტი წინასწარაა გათვალისწინებული და სახელმწიფო გაშიფრული და დაპატიმრებული აგენტ/მზვერავების არა მარტო გამოხსნაზე, სამშობლოში დაბრუნებაზე და ფულად კომპენსაციაზე, არამედ მათ სოციალურ/ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და შემდგომ დასაქმებაზე ზრუნავს. განსხვავებული მდგომარეობა იყო საბჭოთა კავშირში, სადაც “ჩავარდნილ” მზვერავ/აგენტებს ბოლომდე არასდროს არ ენდობოდნენ: მათ არც უცხოეთში უშვებდნენ და არც სამშობლოში აძლევდნენ სერიოზულ და მნიშვნელოვან დავალებებს. „ჩავარდნილ/გაშიფრულები“ ერთგვარ “სამუზეუმო ექსპონატებად” იყვნენ ქცეული და მათ კა-გე-ბე/გე–ერ–უს ინსტიტუტების სხვადასხვა ფაკულტეტებზე დაატარებდნენ ლექციების წასაკითხად. ეს იყო და ეს. გარეგნული „დაფასების“ პარალელურად, „ჩავარდნილ/გაშიფრულები“ ფაქტიურად „შინაპატიმრობაში“ და მუდმივი მეთვალყურების ქვეშ ჰყავდათ: მათი ტელეფონები “კონტროლზე იყო” ანუ ისმინებოდა, მე-7 სამმართველოს გარე თვალთვალის გოგო-ბიჭებიც თან დაჰყვებოდნენ და თვალს არ აცილებდნენ. მკაცრად შეზღუდული იყო მათი კონტაქტი უცხოელ დიპლომატებთან და ჟურნალისტებთან. „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ : კა-გე-ბეს ხელმძღვანელობა არ გამორიცხავდა, რომ „ჩავარდნილ/გაშიფრულები“ მოწინააღმდეგეს გადაებირებინა და ორმაგ აგენტად „შემოეცურებინა“ უკან. უფრო მეტიც: მათ ამის მანიაკალურად სჯეროდათ!

ამიტომ იყო საჭირო განუწყვეტელი თვალთვალი და კონტროლი. ოდნავი ეჭვიც საკმარისი იყო, რომ უკვე კერპად ქცეულ მზვერავს მოულოდნელად ავტომობილი დასჯახებოდა ან „გულის შეტევა“ მოსვლოდა და დაღუპულიყო. მისი დაკრძალვა კიდევ ერთი, მორიგი ფარსი იყო: სამგლოვიარო ცერემონიალით, დამწუხრებული სახეებით და ბოლოს ჰაერში ავტომატების ჯერით. ერთადერთი გარდაცვლილი აგენტ/მზვერავების ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ ამ “ტრაგიკული შემთხვევების”.

ერთად გავიხსენოთ რამდენიმე ამგვარი ისტორია.

მეოცე საუკუნის 20–30 წლებში ი. სტალინის მთავარი მტერ-მეტოქე სოციალისტური რევოლუციის ერთ-ერთი ბელადი ლევ ტროცკი იყო, რომელიც ადრევე გახდა მისი იდეური მოწინააღმდეგე და დაუძინებელი მტერი. ლევ ტროცკიზე საბჭოთა დაზვერვის მიერ ორგანიზებული რამდენიმე თავდასხმა უშედეგოდ დამთავრდა. სტალინმა მხოლოდ 1940 წლის 21 აგვისტოს ამოისუნთქა შვებით, როდესაც ტროცკის სიცოცხლე შეწყდა. მრავალწლიანი და მრავალსვლიანი ოპერატიული კომბინაციების შემდეგ, საბჭოთა დაზვერვამ შეძლო ტროცკის გარემოცვაში აგენტის, „კანადელი ბიზნესმენის, ფრენკ ჯეკსონის“ (სინამდვილეში ესპანელი რამონ მერკადერის) შეგზავნა, რომელმაც მექსიკაში თავშეფარებული ტროცკი 1940 წლის 20 აგვისტოს ალპინისტის ყინულის ნაჯახით სასიკვდილოდ თავში დაჭრა. ლევ ტროცკი მეორე დღეს გარდაიცვალა.

beso-1711089188.jpg

მკვლელობის იარაღი: ალპინისტის ყინულის ნაჯახი

თავად მერკადერი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. დაკითხვისას ის უარყოფდა ყოველგვარ კავშირს საბჭოთა კავშირთან. ტროცკის ლიკვიდაცია სტალინმა გარეგნულად ჩვეული თავშეკავებით, ემოციების გარეშე მიიღო და ბერიასა და სუდოპლატოვს განუცხადა: ამ ოპერაციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებით დაჯილდოვდება . . .. თუმცა მხოლოდ მოსკოვში დაბრუნების შემდეგო. მართლაც სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს ოპერაცია „იხვის“ (რატომღაც ამგვარი სახელი შეურჩიეს ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაციას) ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა: პავლე სუდოპლატოვმა, ნაუმ ეიტინგონმა, რამონ მერკადერის დედამ – კარიდად მერკადერმა და სხვებმა.

რამონ მერკადერმა კი ოცი წელი გაატარა მექსიკის ციხეში, საიდანაც მხოლოდ 1960 წლის 6 მაისს გაათავისუფლეს. 31 მაისს კი სტალინის დანაპირები შესრულდა: სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საიდულო ბრძანებით „რამონ ლოპესს“ (რამონ მერკადერი ამ გვარით ცხოვრობდა მოსკოვში) საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. რამონ მერკადერი, კვალის ასარევად ჯერ კუბაში, შემდეგ ჩეხეთში ჩაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს. საბჭოთა კავშირში.

beso-2-1711089237.jpg

რამონ მერკადერი დაკითხვისას

საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ლოპეს–მერკადერს მოსკოვში ბინა და აგარაკი გამოუყვეს. სამუშაოც მოუძებნეს: მერკადერი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე და გამოცდილი სამხედრო ოფიცერი იყო .. .მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში, მეცნიერ მუშაკად დანიშნეს. მერკადერს აკრძალული ჰქონდა უცხოელ ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან ნებისმიერი კონტაქტი. კა–გე–ბეს მე–7 სამართველოს „ოპერები“ მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, ფარულ მიყურადებაზე იყო ჩართული მერკადერის ბინის ტელეფონი. სამსახურში კი მეგობარი „მეცნიერ თანამშრომლები“ (შეთავსებით კა–გე–ბეს აგენტები) არ აკლებდნენ „მზრუნველობას“ და „ყურადღებას“. 1970 იანი წლების დასაწყისში მერკადერი აღარ მალავდა, რომ საბჭოთა „ოქროს გალიიდან“ წასვლა და სამშობლოში, ესპანეთში დაბრუნება უნდოდა. ეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის ნამდვილი შოკი იყო: ისინი მერკადერზე კონტროლს კარგავდნენ! მან კი ძალზე ბევრი იცოდა საბჭოთა სპეცსამსახურების სისხლიანი ტერორისტული ოპერაციების შესახებ. 1974 წელს გამოსავალი მოიძებნა: მერკადერს კუბაში გამგზავრების უფლება მისცეს, თანაც დიდი პატივისცემის ნიშნად გამგზავრებამდე მოსკოვში ოქროს მაჯის საათი აჩუქეს სამახსოვრო წარწერით: „საბჭოთა კავშირის გმირ რამონ ლოპესს გამარჯვების დღის აღსანიშნავად“. საბჭოთა კილერ–ტერორისტს იმდენად მოეწონა საჩუქარი, რომ ხელიდან არ იცილებდა, რაც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

beso-2-1711089292.jpg

ტროცკის მკვლელი, საბჭოთა კავშირის გმირი – რამონ მერკადერი (1913–1978)

იმავე წლის სექტემბერში რამონი ჰავანაში ჩავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღო კუბის დიქტატორმა ფიდელ კასტრომ. მერკადერი კუბის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დანიშნეს და თითქოსდა მისი ოცნება ახდა: აქტიურ და მისთვის ნაცნობ საქმიანობას დაუბრუნდა. მერკადერის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: რამდენიმე თვეში მან თავი შეუძლოდ იგრძნო, კუბელმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს მის ავადმყოფობას. რამონის მდგომარეობა კი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. მერკადერი 1978 წლის 18 ოქტომბერს ჰავანაში, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვში: სამგლოვიარო ცერემონიალით, დამწუხრებული სახეებით და ბოლოს ჰაერში ავტომატების ჯერით. ალბათ აქ დასრულდებოდა ჩვენი საუბარი, რომ არა რამონ მერკადერის უმცროსი ძმა – ლუის მერკადერი (1923–1998). ლუისი თექვსმეტი წლიდან საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მოქალაქეობაც მიიღო. ის იყო რადიოტექნიკური დარგის ცნობილი მეცნიერი და ათწლეულების მანძილზე მუშაობდა საბჭოთა იმპერიის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის საიდუმლო ინსტიტუტებში. 1978 წელს, უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ლუისმა მიიღო ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება: დატოვა საბჭოთა კავშირი და ესპანეთში დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილმა საბჭოთა მეცნიერმა გადაწყვიტა გაემხილა უფროსი ძმის გარდაცვალების საიდუმლო. მან ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქროს მაჯის საათი, რომელიც რამონ მერკადერს საბჭოთა „კოლეგა–მზვერავებმა“ აჩუქეს თალიუმით დამუშავებული ნაწილებისგან იყო დამზადებული და თანდათანობით წამლავდა მისი ძმის ორგანიზმს.

(პირველი ნაწილის დასასრული)