რუსული "ავტოგოლი" ანუ რაკეტებით შეიარაღებული "ივანუშკა დურაჩოკების" ამბავი - როგორ გაუმართეს "საზღვაო ბრძოლა" თავისივე მეთევზეებს - კვირის პალიტრა

რუსული "ავტოგოლი" ანუ რაკეტებით შეიარაღებული "ივანუშკა დურაჩოკების" ამბავი - როგორ გაუმართეს "საზღვაო ბრძოლა" თავისივე მეთევზეებს

აქამდე, საზღვაო ბრძოლებზე ინფორმაცია ძირითადად შავი ზღვის აკვატორიიდან მოდიოდა, სადაც რუსული ფრეგატები და კორვეტები ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინის ქალაქების მიმართულებით და ასევე ადენის ყურედან, სადაც ჰუსიტები სავაჭრო საზღვაო გემებს რაკეტებითა და დრონებით ემუქრებიან და აფეთქებენ...

ამჯერად „საზღვაო ბრძოლა“ კი ბალტიის ზღვაში გაიმართა, სადაც რუსული კორვეტიდან გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა...რუსულივე თევზსაჭერ ტრაულერს მოხვდა...

რუსეთის ოფიციალურმა წყაროებმა მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ბალტიის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა მცირე თევსაჭერ ტრაულერს „კაპიტან ლობანოვს“, რის შემდეგაც ის კალინინგრადის ოლქის ბალტიისკის პორტში ბუქსირით შეიყვანეს. ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის შვიდი წევრიდან ერთი დაიღუპა, სამი კი ჰოსპიტალიზირებული იქნა.

თუცა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ცეცხლწაკიდებული და შემდეგ ბუქსირებული „კაპიტან ლობანოვის“ ფოტო-ვიდეო კადრები, დიდი ეჭვი გაჩნდა, რომ აქ საქმე სხვანაირად იყო - ამ თევზსაჭერი ტრაულერის გემბანზე ისეთი მნიშვნელოვანი მექანიკური დაზიანებებიც შეიმჩნეოდა, რასაც მხოლოდ ხანძარი ვერ იზამდა - აშკარად ეტყობოდა საბრძოლო დაზიანება,მიყენებული რაკეტის მოხვედრით...

1-gemi-1711096938.png
რუსული მცირე თევზსაჭერი გემი „კაპიტანი ლობანოვი“ ასე გამოიყურებოდა,სანამ...რუსულივე რაკეტა მოხვდებოდა...

მანამდე,19 მარტს, რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის სარდლობა სიამაყით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბალტიის ზღვაში გამართული სამხედრო-საზღვაო სწავლების ფარგლებში კორვეტმა „ბოიკიმ“ პირობითი საზღვაო სამიზნის მიმართულებით გაუშვა „ურანის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და სავარაუდო მოწინააღმდეგის მცურავი საშუალება წარმატებით „გაანადგურა“...

როგორც ჩანს, პირობითი საზღვაო სამიზნე რეალურად,რუსულივე მცირე თევზსაჭერი ტრაულერი „კაპიტანი ლობანოვი“ აღმოჩნდა, თუმცა ამას რუსი ადმირალები ჯერ არაფრისდიდებით არ აღიარებენ - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი სულ ერთი კვირაც არ არის, რაც შეიცვალა(ყოფილი სარდლის კარიერა შავ ზღვაში უკრაინული დრონების მიერ რუსული ხომალდების აფეთქებებსა და ჩაძირვებს შეეწირა) და ეტყობა არ სურს ასეთი სამარცხვინო ფაქტით დაიწყოს ფლოტის ხელმძღვანელობა...

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ურანს“, რომლის ზემოქმედების შედეგადაც დიდი ალბათობით მიიღო ასეთი მძიმე დაზიანება სათევზაო ტრაულერმა „კაპიტანმა ლობანოვმა“, რუსი სამხედრო მეზღვაურები უკრაინის წინააღმდეგაც იყენებენ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს თითქმის აღარ დარჩათ საბრძოლო ხომალდები, რუსული „ურანები“ ისევ უკრაინულ ქალაქებს უტევენ...

2-gemi-1711108023.png
„კაპიტანი ლობანოვი“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ურანის“ საბრძოლო ზემოქმედებისგან მძიმედ დაზიანების შემდეგ...

სხვათაშორის, ჯერ კიდევ საბჭოთადროინდელი „ურანის“ უკრაინულ მოდიფიკაციას წარმოადგენს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ - 2022 წლის 13-14 აპრილის ღამეს ორმა უკრაინულმა „ნეპტუნმა“ ზუსტი მოხვედრით მძიმედ დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“,რომელიც რამდენიმე საათში ჩაიძირა...

P.S. რუსული ხომალდიდან გაშვებული რაკეტით სამოქალაქო გემის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავატაროთ პარალელი იმასთან, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში...

3-gemi-1711109289.png

რუსულ კორვეტ „ბოიკიდან“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ურანის“ სტარტის მომენტი...

რუსული სახელმწიფო პროპაგანდა დღემდე ირწმუნება, რომ 2008 წლის 10 აგვისტოს თითქოს გაიმართა საზღვაო ბრძოლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისა და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის და მათმა მცირე სარაკეტო ხომალდმა „მირაჟმა“ ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „მალახიტი“ გაუშვა და ქართული ფლოტის ფლაგმანი „დიოსკურია“ ჩაძირა...

აგვისტოს ომის დროს არავითარი საზღვაო ორთაბრძოლა არ გამართულა, ხოლო „დიოსკურია“ მართლაც ჩაგვიძირეს, ოღონდ რუსულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა და ისიც ფოთის სამხედრო პორტის ნავმისადგომთან...

4-gemi-1711109362.png
რუსული მცირე სარაკეტო ხომალდ „მირაჟის“ „დამწვარი“ სარაკეტო კონტეინერები, ხომალდსაწინააღმდეგო „მალახიტების“ აგვისტოს ომის დროს, ვითომ ქართული „დიოსკურიის“ მიმართულებით გაშვების შემდეგ... რუსული რაკეტების სამიზნე სინამდვილეში ხორბლით დატვირთული მოლდოვური გემი აღმოჩნდა...

რუსულმა ხომალდებმა კი იმ დღეს ორი „მალახიტის“ გარდა“ საზენიტო „ოსა-მ“-ის რაკეტებიც კი გაუშვეს, ოღონდ რუსული სარაკეტო შეტევა განხორციელდა არა ქართული სამხედრო კატარღების მიმართულებით(რომლებიც პორტიდან არც კი გასულან), არამედ...ფოთის პორტიდან 30 საზღვაო მილში მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის „ლოტოს 1“-ის მიმართულებით, რომელსაც ფოთის სავაჭრო პორტში 1 475 ტონა ხორბალი უნდა დაეცალა, რომელიც რუსეთის ეისკის პორტიდან მოჰქონდა...

ბალტიის ზღვაში „კაპიტან ლობანოვზე“ რამდენიმე დღისწინ დატრიალებული ტრაგედიიდან განსხვავებით, მაშინ აგვისტოს ომის დროს, მოლდავურ გემზე მყოფნი სასწაულად გადარჩნენ - რუსული ხომალდსაწინააღმდეგო 5,4 ტონიანი „მალახიტი“ „ლოტოსიდან“ ასიოდე მეტრში 20-30 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდდა(პირველი „მალახიტი“ საერთოდ ასცდა)და გემი ნამსხვრევებით მცირედ დააზიანა(აფეთქებული რუსული რაკეტის ნამსხვრევების ფოტოები ნივთმტკიცებად დარჩა)...