"მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო" - კვირის პალიტრა

"მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო"

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა.

ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.

ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის "ეფესბე"-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი "განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით".

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.