სისხლიანი კონცერტი - ვინ დგას მოსკოვის ტრაგედიის უკან?! - კვირის პალიტრა

სისხლიანი კონცერტი - ვინ დგას მოსკოვის ტრაგედიის უკან?!

22 მარტის საღამოს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში ტერორისტების თავდასხმამ შეიწირა 60-ზე მეტი ადამიანი, 150-ზე მეტი დაიჭრა (ეს ციფრები საბოლოო არ არის)...

ქუჩის სათვალთვალო ვიდოკამერებითა და უშუალოდ თვითმხილველების მიერ მობილურ ტელეფონებზე გადაღებული ვიდეოკადრებით შეიძლება იმ მიახლოებითი სურათის აღდგენა თუ რა მოხდა...

მოსკოვის დროით 20:00 სთ-ზე ამ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 6 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს, უნდა დაწყებული ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი, როდესაც შენობას თეთრი ფერის „რენოს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მიადგა და იქიდან გადმოსულები ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლით შევარდნენ შენობაში, გაანეიტრალეს დაცვა და შემდეგ ფოიეში დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს, რის შემდეგაც ავიდნენ უშუალოდ საკონცეტრო დარბაზში და იქ გააგრძელეს „ნადირობა“ მაყურებლებზე, რომლებიც ცდილობდნენ სკამებს შორის ჩაწოლილიყვნენ და დამალულიყვნენ...

2-t-1711181043.jpg
ტერორისტები თეთრ „რენოში“ საკონცერტო დარბაზის შენობაში შეჭრის წინ...

რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს და ცეცხლი წაუკიდეს დარბაზის სკამებს, რაც დიდ ხანძარში გადაიზარდა- ცეცხლი წაეკიდა შენობის სახურავსაც, რის ჩასაქრობად სახანძრო შვეულმფრენებიც კი ააფრინეს, თუმცა ძლიერმა ხანძარმა სახურავი უშუალოდ საკონოცერტო დარბაზის თავზე ნაწილობრივ ჩამოშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ქვემოთ სავარაუდოდ მოჰყვნენ ადამიანები და მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს...

დაახლოებით ასეთი სურათი იქმნება ტერაქტიდან 12 სთ-ის შემდეგ, ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვევლია, თუმცა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ტერორისტები არანაკლებ ოთხნი იყვნენ, რომლებიც ისროდენენ „კალაშნიკოვის“ ავტომატების მსგავსი იარაღიდან, რომელთა ნაწილი შეიძლება „საიგას“ ტიპის სანადირო შაშხანები იყო, რომლებსაც ავტომატური ჯერებით სროლა არ შეუძლიათ, თუმცა დაღუპულებისთვის ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს...

3-t-1711181043.jpg
შენობის ფოიეში ტერორისტები აუჩქარებლად მიაბიჯებენ და დამიზნებით ესვრიან ადამიანებს...

ფაქტია, რომ ოთხივემ ან უფრო მეტმა ტერორისტმა უპრობლემოდ დატოვა დანაშაულის ადგილი და ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს ეძებენ ამ ტერაქტის შესრულებაში ეჭვმიტანილების სახით...

რუსი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ნაწილმა, როგორც მოსალოდნელი იყო იჩქარა და ამ საშინელი ტერაქტის ორგანიზება უკრაინას დააბრალა, თუმცა ამის არავითარი საფუძველი არ ჰქონიათ.

თავის მხრივ, ოფიციალური კიევი კატეგორიულად უარყოფს უკრაინის რაიმე სახის კავშირს ამ ტერაქტთან.

სამაგიეროდ, „ისლამური სახელმწიფოს“ საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ მაშინვე თავის თავზე აიღო გუშინდელი ტერაქტის „ავტორობა“.

4-t-1711181043.jpg
ტერორისტების მიერ დაგდებული „კალაშნიკოვის“ ავტომატი (ან მისი ნახევრადავტომატური სამონადირეო ვერსია „საიგა“)

„ისლამურ სახელმწიფოს“ ჩვევია იმ მოქმედებების საკუთრად გასაღება, რასთანაც არავითარი კავშირი არ აქვს-საკუთარი თავის „გაპიარებისთვის“, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სწორედ „ისლამური სახელმწიფო“ მართლაც გახლდეს ამ ტერაქტის დამკვეთი...

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 7 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა 48 სთ-ის განმავლობაში მორიდებოდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, მათ შორის კონცერტებზეც, რადგან ძალიან მაღალი გახლდათ ტერორისტული აქტების განხორციელების საშიშროება...

5-t-1711181042.jpg
მაყურებლების ტყვიებით დაცხრილვის შემდეგ ტერორისტებმა შენობას ცეცხლი გაუჩინეს და მიიმალნენ...

ანუ ამერიკულ სპეცსამსახურებს ეტყობა ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია შესაძლო ტერაქტების განხორციელებაზე რუსეთში და როგორც ახლა ირკვევა, ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში აშშ-ს რუსეთის ხელისუფლებისთვის შეუტყობინებია, რომ ავღანეთში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება (რომელსაც ემტერებიან ადგილობრივი თალიბები) აპირებს რუსეთის „სამაგალითოდ“ დასჯას იმისთვის, რომ რუსეთი მუსლიმებს ბომბავს და ანადგურებს ჩეჩნეთსა და სირიაში...

photo-2024-03-23-11-52-57-1711181042.jpg
ბრიანსკის ოლქში გზაზე ეს თეთრი „რენო“ ჩაცხრილეს, რომელშიც სავარაუდოდ ტერორისტები ისხდნენ-დაკავებულია ტაჯიკეთის ორი მოქალაქე, დანარჩენები ტყეში გაიქცნენ...

თუკი რუსული სპეცსამსახურების მიერ ეჭვმიტანილებად და ძებნაში გამოცხადებული ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე მართლაც მონაწილეობდა ამ ტერაქტში, მაშინ ძალზე რეალური ხდება, რომ ყველაფერ ამის უკან სწორედ „ისლამური სახელმწიფო“ იდგეს...