ამ სამყაროსთვის პოეტის არსებობა ზედმეტი ფუფუნებაა - კვირის პალიტრა

ამ სამყაროსთვის პოეტის არსებობა ზედმეტი ფუფუნებაა

შეუძლებელია ამ თარიღს არ გამოვეხმაურო. ამ დღეებში იქნება ერთ-ორი მინავლებული ხმაური პოეტებისა და მერე მთელი წელი ისევ არავის გაახსენდება. არადა, ხშირად უნდა ვწერდე ამ თემაზე ისე გახრიოკებულია მთელი სამყარო პოეზიის გარეშე. მეც კი, რომელსაც ასე მიყვარს პოეზია, ბოლო დროს სულ მივატოვე... იქნებ იმიტომაც გაცივდა და გატლანქდა ადამიანი, რომ პოეზია დაივიწყა?

იყო ასეთი, ვისლავეა შიმბორსკა, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლონელი პოეტი ქალი, ის შენიშნავდა, თანამედროვე პოეტს, თითქოს, ერცხვინება საკუთარ პროფესიად პოეტობის დასახელებაო. ეს გამანადგურებელი თვითირონია, ცხადია, აიტაცა „ამა სოფელმა“ და სიტყვა „პოეტის“ გაგონებაზე (მის დანახვაზე ხომ საგანგებოდ იბრმავებს თვალს) იქედნურად ეღიმება და საჩვენებელ თითს წამდაუწუმ საფეთქელთან ატრიალებსო.

ეს სიტყვები წლების წლის წინ იწერებოდა და მოგვიანებით, როდესაც პროფესორმა გია ჯოხაძემ იოსიფ ბროდსკის ლექსები პირველად თარგმნა ქართულად, შესავლის სახით მიაწერა: „...ამიტომაც იყო, რომ პოეტთა უმრავლესობა ხან ტრიბუნას ითავსებდა, ხან - აკადემიკოსობას, ხან - მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობას, ხანაც - სამივეს ერთად... პოეტიც თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო, რომ მისთვის ალმაცერად არ შეეხედათ, გიჟად ანუ მარტო ენასა და რითმებზე მოფიქრალად არ მიეჩნიათ... პოეტები ხანდახან პროზასაც წერდნენ, რომ როგორმე სერიოზულ ფიგურად აღექვათ. მათი თავგანწირვა პროზაში ხშირად (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) მათივე ტანჯვისა და უსუსურობის ექვივალენტი იყო, თუმც როგორც მიამიტურად სწამდათ, ამას ვერავინ ამჩნევდა!“

რას ვიზამთ, პოეტებს გიჟებად აღარ ვნათლავთ, მაგრამ ასეა დღესაც. პოეტებს ტელეგადაცემებში მათ ლექსებსა და მსოფლაღქმაზე, მათ განცდებსა თუ ემოციებზე, ან ზოგადად პოეზიაზე სასაუბროდ კი არ იწვევენ, არამედ - სოციალურ ან პოლიტიკურ პრობლემებზე აზრის გამოსათქმელად. ისინიც ნებდებიან. „ანდერგრაუნდი მოდაში აღარ არის (უფრო სწორად, დღეს ის პირდაპირ „მიწისქვეშეთად“ ითარგმნება).“

ბროდსკი ვახსენე და მისი წიგნის შესავალში მთარგმნელმა შენიშნა: ამ არმიისგან, რომელთაც პოეტი არაფრად მიაჩნდათ, ისეთივე გაუცხოებული იყო, როგორც სიტყვა - „დემოკრატია“ თავისი ნაყალბევი შინაარსისგან. სასამართლოზე თავის ერთადერთ საქმედ პოეტობა გამოაცხადა - მას არც გააჩნდა სხვა და, ამდენად, უპირველესად საკუთარი თავის წინაშე თქვა სრული სიმართლე. ოქმში კი ვერავინ ჩაწერდა განსასჯელი ბროდსკის, პროფესიისთვის გამოყოფილ გრაფაში - „პოეტი“ . საბჭოთა დროს ეს ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო.

იოსიფ ბროდსკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღადგინა პროფესია „პოეტის“ მოკრძალებული ხიბლი - ის თვითონაც ამაყობდა ამით და სხვებსაც ამას მოუწოდებდა თავისი საქმიანობით - კარგად წერით...“ ჰო, ალბათ არსებობს ერთი უცილო პირობა - პოეტმა კარგად უნდა წეროს...

რამდენი პოეტი ცხოვრობს დღეს ღრმა პოეტურ რეალობაში ? ანაც, საერთოდ რაში სჭირდება სამყაროს პოეზია?

თავად ბროდსკის ჰქონდა ერთი მცირე ჩანაწერი პოეტებზე:

„ადამიანი არ არის სამყაროს ნაწილი, როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ. უფრო პირიქითაა: სამყაროა ადამიანის ნაწილი. უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანი სამყაროს საუკეთესო ნაწილია.

საკითხის ამგვარი დასმით იმთავითვე გამოვრიცხოთ, რომ პრაგმატიზმი შეუთავსებელია შემოქმედებით რეფლექსიასთან, იმიტომ, რომ თვით პრაგმატული თვალსაზრისითაც კი, პოეზია საჭიროა და აუცილებელი. პოეზიის გარეშე სამყარო ისე მეტყველებს, რომ მისდა უნებურად, დესპოტისა თუ დემაგოგის სახეს იღებს.

სწორედ, პოეზია ავითარებს სამყაროში ინდივიდუალობის, უნიკალობის პრიმატს. უპოეზიოდ შეუძლებელია შუამავლის გარეშე საუბარი, უშუალო ურთიერთობა. პოეზიის გარეშე ეკლესიებიც კი ცარიელდება. ლექსი იძლევა შანსს, მოიხელთო დრო, უფრო სწორად, პოეზიის გარეშე აწმყო არ არსებობს ანუ არ არსებობს დრო, როგორც ასეთი. ჩვენს შემთხვევაში კი გაადამიანებული სამყაროს ცქერა გამოცხადების ტოლფასია...“

ამასწინათ ერთ ქართველ მწერალს ვესაუბრებოდი და მითხრა, - ხელოვანებს ნაკლებ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი სრულყოფილი იყოს პოეზიის გარეშე, თუნდაც ომშიო.

არადა, პოეზია გახსენებს, რომ შესაძლებელია მეტი მგრძნობელობა გარემოსა და ადამიანის მიმართ. ბოლოს და ბოლოს მოქალაქეს რეალობაში აბრუნებს.

დღეს, როდესაც ყველგან ისმის გულწრფელი თუ ყალბი პათოსი, პოლიტიკისაგან გაქცევის წყურვილი თუ მის ჩრდილს შეფარების აპრობირებული პოზა, ღირსების შენარჩუნება თუ უღირსობის გამართლების ცდა... აი, ამ დროს როგორ საჭიროა „მართალი“ პოეტი, ძლიერი პოეტი, რომელიც მთელი თავისი განწირულობით ღაღადებს თავის სიტყვებს, რომელიც ადამიანურ სულს აფხიზლებს, ექომაგება, შეაგონებს...