რატომ ეწყობა საბავშვო მოედნები ნანგრევებში და ნაგავსაყრელზე, ანუ ვინ შეჭამა ფულები? - კვირის პალიტრა

რატომ ეწყობა საბავშვო მოედნები ნანგრევებში და ნაგავსაყრელზე, ანუ ვინ შეჭამა ფულები?

ბავშვობა ვისაც ჰქონია, ეს ლექსი უნდა ახსოვდეს:

მოდი ვნახოთ თხა,

ვინ შეჭამა თხა...

ამ ლექსს მოგვიანებით დავუბრუნდები და ბავშვობის ხსენებაზე გეტყვით, რომ და 2004 წელს დიღომში ვცხოვრობდი და კარგად მახსოვს როგორი აღფრთოვანება გამოიწვია მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე სკვერში ბავშვთა მოედნის გახსნამ. მთელი დიღმის წვრილფეხობა იქ იყრიდა თავს ფერად-ფერადი საქანელებით, სასრიალოებითა და კოშკურებით გასახალისებლად. რა გასაკვირია, რომ ეს მოედანი ჩემი 3 წლის ვაჟისთვისაც უსაყვარლეს ადგილად და "ახლო მუშტაეთად" იქცა. მაშინ ნამდვილად არავის მოუბრუნდებოდა ენა იმის სათქმელად: ამ მოედანს აქ რა უნდა, ან გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტი რაში იხარჯებაო (მით უფრო, რომ მახსოვს: რომელიღაც უცხოური ორგანიზაციის საჩუქარი იყო).

კომენტარებში ხშირად მწერენ დაუნახავი ხარო. ქვეყნის რამე კეთდება და რატომ ხარ უკმაყოფილოო. რაც საჭიროა და კეთდება იმაზე ვინც აუგი თქვას, მართლა გასალანძღია, მაგრამ უაზროდ გაფლანგულ-გადაყრილ ფულს სხვისას ვერ ვიტან და როდესაც "ჩემი ბიუჯეტიდან" იხარჯება ათასები სისულელეში? თან ამ სისულელეს მერე მართლა კარგ საქმეებს მიაბამენ და მიდი არკვიე, სტატისტიკურ მონაცემებში ასი საბავშვო მოედნიდან რომელია კარგი და რომელზეა ფული ნაკეთები.

ფოტოებზე აღბეჭდილი საბავშვო მოედანი სამგორის რაიონში, მოქმედი და დანგრეული ფაბრიკა-ქარხნების მეზობლად აღმოვაჩინე.

როგორც ხედავთ, მის დამგეგმავს ჩინებული ადგილისთვის, საუკეთესო გარემოსა და მშვენიერი პროექტისთვის მიუგნია. როგორი ჩრდილი, რა ჰაერი... ახლა ხედებსა და სამეზობლოს არ იკითხავთ?..

ცალ მხარეს გზა, მეორე მხარეს მავთულხლართიანი კედელი და აქეთ-იქეთ ნაგვით მოფენილი ნანგრევები...

როგორც ფოტოზე ჩანს, საკმაოდ მზიან ამინდში, კაცი-შვილის ჭაჭანება არ არის... დარწმუნებული ვარ ზაფხულის ხვატში აქ გაჩერება საერთოდ წარმოუდგენელი იქნება.

მართალია, არც ის ვიცი, როდის გაკეთდა ეს მოედანი და არც მისი შემქმნელ-აღმაშენებელზე მაქვს ინფორმაცია. ის ვიცი ნამდვილად, რომ ამ ადგილზე პუტინის შვილსაც არ გავუშვებდი სათამაშოდ, არათუ ჩემსას, ან ნებისმიერი თბილისელისას...

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერში უგულავაა დამნაშავე. არც ის მგონია, რომ ქალაქის მერმა დაწვრილებით უნდა იცოდეს სად რა ხდება, ან რომელ კუთხე კუნჭულში რა კეთდება.

მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ მერიაში შესაბამისი სამსახურები არსებობს, ვინც წყვეტს, სად რა გაკეთდეს... არიან კონტრაქტორი კომპანიები, რომელბიც ასრულებენ დაგეგმილ სამუშაოებს. არის სამსახური რომელიც ამოწმებს რამდენად კარგად შესრულდა სამუშაო...

მეტსაც გეტყვით. ისეთი სამსახურიც კი გაიხსნა, რომელიც ჩემი და თქვენი ფანჯრების შესაბამისობას ამოწმებს და დამპალი ჩარჩოს შეცვლის დროს ნებართვას გვაძლევს...

სწორედ ამათ ხელმძრვანელობს მერი.

ამიტომ ვეკითხები მერს: მაინტერესებს ამ ხალხმა რატომ დაგეგმა, გააკეთა და მერე მიიღო ეს მოედანი? გახსნაზე ვინ იყო ლენტის გამჭრელი?

იქნებ მართლა ყველასთვის მისაღებია და მე ვახურებ?

თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ადგნენ და ათამაშონ საკუთარი შვეიცარიაში დაბადებული და ავსტრიაში წამოჩიტებული შვილები ამ მოედანზე. მერმა, ვიცემერებმა, სამსახურების ხელმძღვანელებმა, სამგორის რაიონის გამგებელმა და მისმა თანამშრომლებმა. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მფლობელებმა...

ამას რომ ვნახავ, გავჩუმდები და ხმას აღარ ამოვიღებ...

მანამდე კი მგონია, რომ ვიღაცამ ამ კონკრეტული მოედნის გაკეთებით უბრალოდ ქულები დაიწერა, ვიღაცამ კი ფული "გაჭრა". ზოგიერთმა კი ერთდროულად ორივე მხრივ იხეირა...

ამათი გამოვლენა კი სულ სხვა სამსახურების საქმეა... ისინი მერს არ ექვემდებარებიან...

ბოლოს ისევ საბავშვო ლექსს დავუბრუნდები:

მოდი ვნახოთ მოედანი.

ვინ ააგო მოედანი?

მიველ ვნახე მოედანი...

...მოედნის ნახვის შემდეგ, ზრდილობიანი რითმის მოძებნა გამიჭირდა...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ”ვბუზღუნებ” იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge

TOP.GE