"ღირსეული პოლიტიკოსები არიან ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე... სიტუაციას ძალიან ადეკვატურად მიჰყვებიან" - კვირის პალიტრა

"ღირსეული პოლიტიკოსები არიან ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე... სიტუაციას ძალიან ადეკვატურად მიჰყვებიან"

ვინ მიაჩნია ღირსეულ პოლიტიკოსებად თაკო მამაიაშვილს?

ასაკი: 33 წლის.

განათლება: დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: წამყვანი, "ინფლუენსერი", მონაწილეობს გადაღებებში.

ჰობი: მოგზაურობა, ხატვა, მუსიკა, წერა, წიგნების კითხვა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: სპორტდარბაზში ვარჯიში, ცეკვა, სიმღერა...

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- საოცარ, საინტერესო ადამიანს, საუკეთესო მეგობარს... დიდი პატივისცემა და სიყვარული მაქვს მის მიმართ, ვისაც სარკეში ვხედავ.

- ცხოვრებაში მოტივაციას რა გაძლევს?

- საკუთარი თავი. გარეშე ფაქტორებზე ან ადამიანებზე დამოკიდებული არასოდეს ვარ. ხშირად გაიგონებთ, როდესაც ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას სხვებს, გარემო პირობებს და ა.შ. აბრალებენ. ვფიქრობ, თუ ადამიანს რაღაც გინდა, არავინ და არაფერი გჭირდება - საკუთარი თავის მოტივატორი თავად უნდა იყო, მოტივაცია შენში უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, ცხოვრება უკვე მარტივია და თვალების ცეცებით ვიღაცებს არ ეძებ, რომ დაგეხმარონ, გვერდში დაგიდგნენ.ასე რომ, ლოგინიდან ყოველთვის ჩემი თავი მაყენებს და იქ მივყავარ, სადაც მივდივარ ხოლმე.

- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. ძალიან მიხარია, როცა ჩემ მიმართ დადებითად განწყობილები არიან, მაგრამ ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე თავად რას ფიქრობ. სამყარო ზუსტად ისე აღგიქვამს, როგორც თავად ხედავ საკუთარ თავს.

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვს?

- ძირითადად - მეცინება (იცინის). იცი, რა ხდება? ძალიან მეგობრული, პოზიტიური ადამიანი ვარ. ხშირად ჩემი დამოკიდებულება ეშლებათ - ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად, ვეფლირტავები. მერე ახსნა-განმარტების რეჟიმში ყოფნა მიწევს, რომ ვინმემ რამე არასწორად არ გაიგოს... მიუხედავად ამისა, ამ თემაზე სულ მეცინება.

- უცებ დაგვისახელე ერთი ღირსეული, ქართველი, მოქმედი პოლიტიკოსი...

- ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე...

- ღირსეულად რატომ მიგაჩნია?

- მათი პოლიტიკური ნაბიჯების საფუძველზე: სიტუაციას ძალიან ადეკვატურად მიჰყვებიან, ღირსეულ ნაბიჯებს დგამენ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებას მაქსიმალურად ცდილობენ. ასე რომ, ჩემთვის სამივე ადამიანი ღირსეული პოლიტიკოსია.

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?

- ყოველთვის შინაგანი სამყაროთი.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენების დღესაც გრცხვენია?

- იმ დღეს ცოტათი მრცხვენოდა, როცა საავადმყოფოში მოხვედრილს მეკითხებოდნენ, - რა მიირთვიო (იცინის)? კვება ჩემი, ასე ვთქვათ, პრობლემაა. ექიმმა მითხრა, - წესით, ახლა დიეტას უნდა იცავდეო. ვუხსნიდი, - დიეტის დაცვა რომ შემეძლოს, საავადმყოფოში ხომ არ მოვხვდებოდი-მეთქი?.. მოკლედ, ჩემთვის ეს სიტუაცია ცოტათი უხერხული იყო... კონკრეტული საქციელი, რის გამოც მრცხვენია, არ მახსენდება, თორემ აუცილებლად გეტყოდით.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ძირითადად - ჩემს დას. ყველაზე ხშირად მასთან ვურთიერთობ - სულ რაღაცაზე "ვმაიმუნობთ", ვღადაობთ, ვერთობით... 24/7-ზე სულ რაღაცას განვიხილავთ, როგორც დების ურთიერთობაში ხდება ხოლმე.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?

- ნოემბერში, იტალიაში ყოფნისას, მგონი, მატარებლით ვიმგზავრე.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად თუ გიგრძნია თავი?

- ალბათ, ბავშვობაში. კონკრეტული არაფერი მახსენდება, მაგრამ ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, - არა-მეთქი, მართალი არ იქნება: ალბათ, ადამიანებს ცხოვრებაში გვაქვს ეპიზოდები, როცა სამყაროს აზრზე არ ვართ, თავს ყველაზე სუსტად ვგრძნობთ... ბავშვობაში, გარდატეხის ასაკში ხომ გვგონია ხოლმე, რომ მთელი სამყარო გვებრძვის, არა? რა თქმა უნდა, შეიძლება, უსარგებლო ადამიანად იმ დროს მიგრძნია თავი და არა - დღესდღეობით.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- პანდემიის პერიოდში, როცა მოგზაურობიდან საქართველოში დავბრუნდი და ხალხი მცნობდა, მივხვდი - უკვე რაღაც "ისე" ვერ იყო (იღიმის). კი, სოციალურ ქსელში გამომწერები მანამდეც მყავდა, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემს პოსტებს დიდი რეზონანსიც არ მოჰყვებოდა ხოლმე. როცა საქართველოში დავბრუნდი, გამომწერების რაოდენობა და აქტიურობა საგრძნობლად გაიზარდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს უკვე ყოველდღიურობაა. პოპულარობას არაფერი მოაქვს - ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, შეიძლება, ქუჩაში 10 ადამიანით მეტი მცნობდეს, ვიდრე მაგალითად, 4 წლის წინ მცნობდა. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ხანდახან დისკომფორტიც მოჰყვება, რადგან შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში ისეთი თავისუფალი ვეღარ იყო, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყავი, როცა არავინ გიცნობდა... სიმართლე გითხრათ, პოპულარობასთან შეგუებამ მომიწია - ეს ჩემთვისაც რაღაც ახალი იყო...

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რისთვის მიიღე?

- ექიმისგან. მითხრა, - თაკო, ასე მოქცევა არ შეიძლება. აბა, შენ იცი, 1 თვეში შევხმიანდეთო. თან, თავს ვუქნევდი, - კი, აუცილებლად-მეთქი... 1 თვე მალე გადის. იმედია, ექიმის მოლოდინს გავამართლებ...

- ექიმის რეკომენდაცია დროებით დავივიწყოთ და გვითხარი: 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- დედაჩემის მიერ მომზადებულ ბროკოლის სუპს. ვგიჟდები, ისე მიყვარს!..

- შენი ხასიათის უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- ფეთქებადი ხასიათი მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, "აფეთქების" ზღვრამდე არ მივიდე და ემოციები ვაკონტროლო. რეალურად, გაბრაზებულ გულზე გადაწყვეტილებები არასოდეს უნდა მივიღოთ, არასოდეს ვისაუბროთ, რადგან შეიძლება, გაბრაზებულებმა ხანდახან ისეთი რაღაცები ვთქვათ, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობთ, მაგრამ იმ სიტუაციაში, ემოციურ ფონზე, ვამბობთ... ფეთქებად ხასიათს იშვიათად ვავლენ. საერთოდ, ჩემი ხასიათის ეს თვისება არ მომწონს და ვცდილობ ვაკონტროლო, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გავექცევით.

- ემოციების კონტროლის უნარი რამ შეიძლება დაგაკარგვინოს?

- აი, თუ მშიერი ვარ, ემოციების კონტროლი მაშინ მიჭირს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- პოზიტივის და ბევრი სიკეთის. ვფიქრობ, ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ სხვას იმედი გაუჩნდეს, - კარგი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ და ცხოვრება ღირსო.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- ძალიან მაგარი. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, შეფასების 5-ბალიანი სისტემა იყო და ყოველთვის "5-იანზე" ვსწავლობდი. უნივერსიტეტშიც ძალიან მაგარი სტუდენტი ვიყავი, რადგან სწავლა ყოველთვის მიყვარდა. ჩემი ერთ-ერთი სისუსტე კითხვა, ახალი ინფორმაციის მიღების, განვითარების სურვილია. მხოლოდ ჩემს სასწავლო მასალას კი არ ვსწავლობდი, არამედ - ჩემი დის, იმის, ამის (იცინის)...

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდი?

- პირველი სურვილია, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს, მეორე - უსახლკაროდ არც ერთი ადამიანი აღარ იყოს, მესამე - არც ერთი ბავშვი, არც ერთი ადამიანი მშიერი არ იყოს... 3 სურვილს ამ ყველაფერში ჩვეულებრივად, თავისუფლად დავხარჯავდი. საერთოდ, ყველაზე მეტად ის მიხარია, როცა გახარებულ, ბედნიერ ადამიანებს ვხედავ. ცხოვრება ასეთია - ყველას ვერ დაეხმარები. თუკი შანსი მექნებოდა, აუცილებლად გავაკეთებდი იმას, რომ უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოში ომი აღარ ყოფილიყო.

- ბოლოს მედიასაშუალებებით გავრცელებულმა რომელმა მოვლენამ მიიქცია შენი ყურადღება?

- ინფორმაციამ ბოლო პერიოდში მომხდარი პედოფილიის ფაქტის შესახებ, რომელიც კითხვის პროცესში "მკლავს" - ბოლომდე ვეღარ ვკითხულობ... ჩემთვის ეს ისეთი საშინელებაა, რომ ამის წაკითხვას ყველაფერი მირჩევნია.

- თითქოს დღეს ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომია, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები, მაგრამ ასეთი ფაქტები მაინც ხდება. თავად რა მიგაჩნია გამოსავლად?

- მშობელს არ უნდა "ეძინოს". ბავშვის დასაცავად ყოველთვის სადარაჯოზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი შვილთან მეგობრული დამოკიდებულებაა: ბავშვს მშობლის არ უნდა ეშინოდეს, მის მიმართ პატივისცემის განცდა უნდა ჰქონდეს, მეგობრობდეს, რომ რამის დამალვამ არ მოუწიოს...

- დღე-ღამის განმავლობაში რამდენ საათს გძინავს?

- 8 საათი.

- დღის რომელ მონაკვეთში ხარ უფრო მეტად შრომისუნარიანი?

- როგორც კი ვიღვიძებ, მაშინვე "ხოდზე" ვარ. სანამ არ დავიძინებ, მთელი დღე აქტიური გახლავართ.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- ახლა ვკითხულობ ელ რაისის და ჯერ ტრაუტის "მარკეტინგულ ომებს". ძალიან საინტერესოა. მხოლოდ მარკეტინგის შესახებ არაა - მკითხველს ბევრ რამეს გასწავლის. თან საუბარია უდიდეს კომპანიებზე, მათი განვითარების, მეტოქეობის ისტორიებზე - ვინ სად რა მარცხი განიცადა და ა.შ. ეს წიგნი საინტერესო კიდევ იმიტომ არის, რომ მარკეტინგული ომები ნამდვილ ომთანაა გაიგივებული... ვისაც კითხვა უყვარს, ამ წიგნს აუცილებლად ვურჩევ...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სიკეთე. კეთილ ადამიანებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს - ვისაც არანაირი გამორჩენა არ აქვს და უბრალოდ, გულკეთილია. შესაბამისად, ჩემი ქმედებებიც მსგავსია - ცუდი არავისთვის მინდა, ბოროტი ნამდვილად არ ვარ. ვფიქრობ, სიკეთე ყველამ უნდა გააკეთოს - ცხოვრების მიზანი ეს არის...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"