„დამცინოდნენ, კორპუსის მეორე სართულის აივანზე წყარო ვის გაუგიაო“ - კვირის პალიტრა

„დამცინოდნენ, კორპუსის მეორე სართულის აივანზე წყარო ვის გაუგიაო“

რაჭისკენ მიმავალი მგზავრები ხშირად ჩერდებიან ტყიბულელი ანჟელა არაბიძის სახლთან, ფოტოებს უღებენ ორიგინალურ სახლს და სოციალურ ქსელში ათავსებენ. "ერთ დღეს ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ აივანზე წყარო გამეკეთებინა. ბევრი დამცინოდა, კორპუსის მეორე სართულზე, აივანზე, წყარო ვის გაუგიაო! მოკლედ, დავიწყე წყაროს გაკეთება და გამომივიდა. მომივიდა იდეა, თიხაზედაც შემექმნა მსგავსი სილამაზე და, ესეც გავაკეთე", - ამბობს ანჟელა არაბიძე და გვიამბობს, როგორ შექმნა ფერადი კენჭებით ნანატრი სამყარო.

316464452-521709766546042-1330007450775215521-n-1711277004.jpg

- ჩემთვის დიდი დღესასწაულია, როცა ბუნებაში იმას ვპოულობ, რაც ცხოვრებას მიხალისებს! ვერ დავითვლი, იმდენად ხშირად ვლაშქრავ ახლომახლო მდებარე ტერიტორიებს, განსაკუთრებით ნაქერალასა და ცხრაჯვარს. ძალიან მომწონს პეიზაჟების გადაღება. გზად მიმავალი ხშირად ვპოულობ განსხვავებულ ქვებს და შინ წელმოწყვეტილი, დატვირთული მოვდივარ. ქვების მოსაგროვებლად შორსაც წავსულვარ, მაგალითად ციხისძირში, ქობულეთსა თუ რაჭაში... ლამაზი ქვები ვიპოვე ჩემს საყვარელ სოფელ მუხურაშიც, სადაც ულამაზესი და ხმაურიანი ჩანჩქერი გადმოედინება. ჩემს სოფელში არის სალოცავი - ელდათის წმინდა გიორგი, რომელიც ძნელად მისასვლელ ადგილასაა. ჩემმა ნათლულმა ჯუბია ბოჭორიშვილმა იქაურობა კარგად გამაცნო. იქ არის ადგილი, სახელად ქვერუნა, სადაც წყალი დიდ სიღრმეში ჩაედინება. სწორედ იქ ვიპოვე საინტერესო ქვები და არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვიღე. ერთხელ ჩემი ქვები შორს გადაყრილი ვიპოვე და ძალიან გავბრაზდი. ყველამ ხომ არ იცის, ჩემთვის რამდენად ძვირფასია ისინი და რამდენი ენერგია და დრო მაქვს მათთვის დათმობილი. მეზობელი მეკითხება, როგორ იცანი, იქნებ შენი არც არისო? ვუთხარი, შეიძლება თქვენ ვერ გიცნოთ ქუჩაში, მაგრამ ჩემს ქვას ნამდვილად ვიცნობ-მეთქი.

423766417-1336916560343759-6736385396661498782-n-1711277344.jpg

- საიდან დაგებადათ ქვების შეგროვების იდეა?

- ციხისძირში დასასვენებლად შვილიშვილი წავიყვანე და იქ უამრავი ფერადი ქვა ვიპოვე. ცხადია, ძალიან ბევრი სახლშიც წამოვიღე. ერთ დღეს ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ აივანზე წყარო გამეკეთებინა. ეს იდეა დიდ­ხანს მაწუხებდა, მაგრამ ბევრი დამცინოდა, კორპუსის მეორე სართულზე, აივანზე, წყარო ვის გაუგიაო! შემდეგ ამ იდეით ჩემი ბიძაშვილი, იმედა არაბიძე დაინტერესდა და ის დამეხმარა. წყარო აგურებით ამოაშენა და მასწავლა, ქვები როგორ უნდა მიმეკრა. მოკლედ, დავიწყე წყაროს გაკეთება და გამომივიდა. შემდეგ კედლებიც შევცვალე და აივანიც გავაფერადე. მომივიდა იდეა, თიხაზედაც შემექმნა მსგავსი სილამაზე და, ესეც გავაკეთე!

316126658-1225802437967526-6218873075275720723-n-1711277003.jpg

სულ ვფიქრობ ახალ იდეებზე, მაგრამ ყველაფერი ხშირად არცთუ ისე მცირე თანხებს უკავშირდება. ცხოვრებაში არასდროს მქონია საშუალება, მუსიკა პროფესიულ დონეზე შემესწავლა, რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა შემძლებოდა. ძალიან მიყვარს ხელოვნების ყველა დარგი, განსაკუთრებით სიმღერა, ხატვა, კერვა. ბავშვობიდან ვოცნებობდი მომღერლობაზე. ერთხანს შევეჭიდე კიდეც სიმღერას, მაგრამ ზოგს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ზოგსაც ძალიან მოსწონდა. ვახერხებდი პატარა ღონისძიებების გამართვასაც. ყოველთვის ვცდილობ ვინმეს რამეში გამოვადგე, ადამიანებს სიხარული და ბედნიერება მივანიჭო და რაც მთავარია, მათი სიყვარული დავიმსახურო, რადგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია!

ამჟამად ასეთი ჩანაფიქრი მაქვს: ვიმუშაო სადღესასწაულო კაბებზე, შევქმნა კოსტიუმები სახასიათო როლებისთვის. იმედია, შევძლებ!