სასაკლაო „კროკუსში“ - რას გეგმავს პუტინი?! - კვირის პალიტრა

სასაკლაო „კროკუსში“ - რას გეგმავს პუტინი?!

სიტყვები - "მოღალატე", "ნაძირალა", "არაკაცო", "გაგხევ ცემაში" - წინა კვირას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმოდა, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მანდატურებს დასჭირდათ ყაველაშვილის შეკავება, რომელიც ვაშაძის საცემრად იწევდა. ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მუშტი-კრივი­ იმართება, მაგრამ საგანგაშო ის არის, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, სიტუაცია მით უფრო იძაბება, თან მაშინ, როცა ევროკავშირთან მოლაპარაკების დასაწყებად ერთ-ერთი პუნქტი პოლარიზაციის შემცირებაა... თუმცა, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მეორე დღეს აღარც ვაშაძე ახსოვდა ვინმეს და აღარც ყაველაშვილი, მოსკოვის ცენტრში მომხდარმა ტერაქტმა, ფაქტობრივად, ყველა ამბავი გადაფარა. 22 მარტს, პარასკევ საღამოს, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს პირებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ სავაჭრო ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს ჯერ შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს, რომლებიც კონცერტის დაწყებას ელოდებოდნენ, შემდეგ კი დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო. შენობაში გაჩნდა ხანძარიც, რომელიც, ფაქტობრივად, დილამდე ვერ ჩააქრეს. დაღუპულთა რაოდენობამ ას კაცს გადააჭარბა და მსხვერპლის გაზრდას ელოდებიან. თავდასხმიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და მიზეზად შურისძიება დაასახელეს, რაც კითხვებს უფრო ამძაფრებს. რუსეთის მეექვსედ არჩეულმა პრეზიდენტმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ამბობენ, რომ თავდასხმა სულ რაღაც ნახევარი მილი­ონი რუბლის (დაახლოებით 5.500 აშშ დოლარი)­ სანაცვლოდ ჩაიდინეს. ცხადია, იბადება არაერთი კითხვა და ფაქტია, მომავალ დღეებში ეს მოვლენა იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, მით უმეტეს, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სულ უფრო იზრდება. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ „პუტინისგან სწორედ ეს იყო მოსალოდნელი, ტერაქტის უკრაინისთვის გადაბრალებას დაიწყებდა.

irakli-melashvili.jpg

- რუსეთი გააფრთხილეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, რომ ტერაქტი იგეგმებოდა. ძალიან კი მალავდნენ და არ უნდოდათ ამის თქმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერაქტი რუსეთში მცხოვრები მუსლიმანების მოწყობილია და გრუ-ს უკავშირდება. ძალიან სურდათ რამენაირად ეს უკრაინელებისთვის დაებრალებინათ და ახლა ცდილობენ ის დააბრალონ, თითქოს ტერორისტები უკრაინაში გადასვლას ცდილობდნენ. პუტინმა თქვა, უკრაინელებმა "ფანჯარა გაუკეთესო". კი, მაგრამ რუსულ მხარეს როგორ გაუკეთეს ფანჯარა უკრაინელებმა? სინამდვილეში, როგორც დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა თქვეს, ბელარუსის საზღვრიდან 25 კილომეტრში იყვნენ გაჩერებული, 125 კილომეტრზე კი უკრაინის საზღვრიდან. რა თქმა უნდა, პუტინი ეცდება ეს თავისი შიდა პოლიტიკისთვის გამოიყენოს. მას სჭირდება ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა მობილიზაციის ჩასატარებლად. ფაქტია, არა მარტო მობილიზაცია უჭირს, არამედ დიდი პრობლემები აქვს ბელგოროდის ოლქში, სადაც 12-ში სხვადასხვა ბატალიონი შევიდა: ციმბირის, ჩეჩნური, კიდევ ორი რუსული ბატალიონი და აგერ უკვე ორი კვირაა, ფაქტობრივად, პუტინი ვერაფერს აკეთებს და უფრო მეტიც, ევაკუაციის დაწყებამ მოუწიათ. ასეთ ვითარებაში მას ძალიან სჭირდება მობილიზაცია, ამიტომ ყველანაირად ეცდება ეს თემა გამოიყენოს ქვეყანაში უფრო ძლიერი მასობრივი ფსიქოზის დასანერგად უკრაინელების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ძლიერი ძვრებია რუსეთში. ბელგოროდის ოლქში აჰმედ ზაკაევის შვილი იბრძვის, ჩეჩნების დიდი ნაწილიც შეუერთდა ამ ბრძოლას, კადიროვი კი დუმს, არადა, ერთი ჩეჩნური ბატალიონი მთლიანად გაანადგურეს ბელგოროდში. ამიტომაც შეიძლება დიდი უკმაყოფილება დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ძალიან ჭკვიანურად იქცეოდა და ჩეჩნურ ბატალიონებში, ძირითადად, რუსებს აბრძოლებდა. ასევე საინტერესოა ბატალიონი "ციმბირი", რომელიც, როგორც ამბობენ, ციმბირელებით არის დაკომპლექტებული. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ციმბირში დიდი მოძრაობა იყო, კონფედერაციულ საწყისებზე გადასვლა სურდათ, რადგან ყელში ამოუვიდათ მთელი რუსეთის რჩენა, მაშინ, როცა თვითონ არაფერი რჩებათ. მოკლედ, პუტინს ეშინია შიდა უკმაყოფილების და ამიტომაც შეეცდება ახლა ეს მობილიზაციისთვის გამოიყენოს.

- საქართველოს დავუბრუნდეთ. ძალიან ხმაურიანი იყო "ევრონესტის" ასამბლეაზე ქართული რეზოლუციის ვერდაინიცირების საკითხი, რასაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს აბრალებენ. თქვენ რას ფიქრობთ, რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?

- მრავალი წელია ქართულ პოლიტიკაში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები უკანა პლანზე გადადის, უპირველესი ამოცანაა, ხელისუფლებას დაუშავო­ რამე, საქმე გაუფუჭო და ეს შიდაპოლიტიკური ამბებისთვის გამოიყენო. თუმცა, ერთია, რა ქნა "ნაცმოძრაობამ" და მეორე, რა გააკეთა­ ხელისუფლებამ. დელეგაციას ხელმძღვანელობს ქალბატონი ბოჭორიშვილი, რომელიც მრავალი წელია, ამ პოსტზეა. თუ მას არა აქვს იმხელა ავტორიტეტი და შესაძლებლობა, რომ ევროპაში "ნაცმოძრაობამ" ვერ აჯობოს, და მოახერხოს მისი ხელმოწერების დაბლოკვა, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენს დელეგაციას უვარგისი ხელმძღვანელი ჰყოლია? ეს ქალბატონი 2012 წლამდეც ევროსტრუქტურებში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, ოღონდ მაშინ დაკავებული იმით იყო, რომ თავის­ დღევანდელ პარტიასა და ბიძინა ივანიშვილს ეძახდა რუსეთის დაქირავებულს, რუს ოლიგარქს და ლანძღავდა "ქართულ ოცნებას". ახლა მან ჩააგდო ის დავალება, რაც მიღებული ჰქონდა პარლამენტიდან და ეს აჩვენებს, რომ ის დელეგაციის ცუდი ხელმძღვანელია. როდესაც საკითხის არათუ გატანას, ინიცირებასაც კი ვერ ახერხებ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, ეს ნიშნავს, რომ შენი დელეგაცია უვარგისია.

- უკრაინელების პოზიციაზე რას იტყვით?­ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას ვგულისხმობ.

- თუკი ჩვენ უკრაინელებს მივმართეთ და უკრაინელებმა ამაზე უარი თქვეს, ეს ძალიან ცუდია არა მარტო ჩვენთვის, მათთვისაც. უკრაინაშიც უნდა შეთანხმდნენ, რა უნდათ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ერთია და პარტიებს შორის ურთიერთობა - მეორე. მათ ადრეც ჰქონიათ ისეთი­ ნაბიჯები თუ განცხადებები, რაც ნამდვილად არ იწვევდა აღფრთოვანებას, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ პიროვნული დაპირისპირებების, სააკაშვილის გამო იქნება თუ სხვა ვინმესი, სახელმწიფოს დონეზე გადატანა არ შეიძლება. უკრაინელების ასეთი ნაბიჯები სწორედ იმას ადასტურებს,­ რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება არა აქვთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ვინც დღეს უკრაინულ პოლიტიკაშია, ბევრი მათგანი, რასაც ვხედავ და უკრაინული შიდაპოლიტიკური ამბებიდან მესმის, ხშირად უშვებს შეცდომებს. როგორ შეიძლება პიროვნული პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე წინ გქონდეს დაყენებული?!

- ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიციის ქმედებები რა შთაბეჭდილებას ტოვებს გარეშე პირისთვის?

- ოპოზიცია ასეთიც არის და ისეთიც, ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება­. "ნაცმოძრაობის" პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია - ნებისმიერ რაღაცაზე წამსვლელი არიან, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

- შეგაწყვეტინებთ და დავაკონკრეტებ, თუ "ნაცმოძრაობის" პოზიცია ცნობილია, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი განსხვავდება "ნაცმოძრაობისგან"? თუ კი, რითი?

- დავასრულებ და გეტყვით. "ნაცმოძრაობა", როგორც გითხარით, ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წავა, მაგრამ ამ პოლიტიკით ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, მაგრამ მათი არ იზრდება. ხელისუფლების ასეთი დაცემული რეიტინგის პირობებშიც ოპოზიცია რომ ვერ ახერხებს ვერაფერს და მათი გამარჯვება ძალზე სათუოა, ამას მოხერხება უნდა. გეთანხმებით, ამ მხრივ მათ შორის განსხვავება მართლა­ არ არის. არაფრის შემცვლელები არ არიან. თითოეულ მათგანს პატარა პლაკატი რომ უჭირავს და პერფორმანსს აწყობენ, არ ვიცი, ვინ უთხრა, საზოგადოება ამას სერიოზულად აღიქვამსო. ძალიან იაფფასიან ქმედებებზე დავიდნენ, სხვებს კი ეს იაფფასიანი შოუებიც კი აღარა აქვთ.

- "მუსტანგით" რეგიონებში სიარული და ივანიშვილისთვის კვირების დათვლა მაინც არ გადის ამ კატეგორიაში?

- დღეს ოპოზიცია ძალიან უცნაურ რეჟიმშია. ვერც იაზრებენ, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. სულ რამდენიმე თვეში წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად დაიწყება და ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, ვინ ვისთან დაწყვილდება და რა ფორმატით გავლენ არჩევნებზე. ეტყობა, სიურპრიზს გვიმზადებენ და ეს ბლოკები მერე ჩამოყალიბდება, მაგრამ ჯერჯერობით მუდმივი საუბრები იმაზე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საზოგადოებაში უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს, ვიდრე მოლოდინს აჩენს. ლიდერების მიმართ უფრო არასერიოზულობის განცდა ჩნდება, ვიდრე პოზიტიური მოლოდინი.

მარტივ მაგალითს მოვიყვან - ყოველდღე გაიძახიან, ქვეყნიდან 800 ათასი კაცი გავიდაო, და უკან არავინ არ დაბრუნებულა? თუ ზრდასრულ მოსახლეობაზეა ლაპარაკი, დავრჩენილვართ მილიონ ხუთასი ათასი. რვაასი ათასი თუ გავიდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 40%-ით უნდა გავზარდოთ და მაშინ ეკონომიკაში საქმე მაგრად გვქონია, მაგრამ გვაქვს? რაღაც ლოგიკურად ხომ უნდა გადააბა, მოსახლეობას აბსოლუტურად იდიოტად ხომ არ უნდა თვლიდე?

- ოპოზიციის ერთნაირობა-განსხვავებაზე ვსაუბრობდით და საზოგადოებაში არ არის აღქმა, რომ მათ შორის არის რაღაც სხვაობა? ანუ ძალიან რომ უნდოდეთ ხმის მიცემა, შეძლებენ მეტ-ნაკლებად სასურველი აირჩიონ?

- განსხვავება არის, მაგრამ ეს ნათელია­ ჩემთვის და ჩემისთანებისთვის, ვინც მათ პიროვნულად ვიცნობთ. ეჭვი მეპარება, ეს განსხვავება, რაც მათ ამ ხნის განმავლობაში ატარეს და ატარებენ, საზოგადოებას დაანახონ. წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ სრულიად სხვა მოლოდინი ჰქონდათ და სრულიად სხვა შედეგები მიიღეს. არც ახლა არის უკეთესად საქმე, რასაც მე ვაკვირდები. ერთადერთი, რაღაც ნიშის დაკავებას ცდილობს გახარიას პარტია და რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან აქამდე გახარიას სიჩუმე ოქრო იყო სხვა ლიდერების სისულელეების ლაპარაკის ფონზე და ამას გარკვეული რეიტინგი მოჰქონდა. წინასაარჩევნო კამპანია რომ გახურდება, რას იზამს, არ ვიცით, კამპანიაში სიჩუმე აღარ გამოვა. ადამიანებს უნდა აჩვენო გამოსავალი, მთავარი ეს არის, მაგრამ გამოსავალს არავინ აჩვენებს. როგორც "ლელოს" 1000-ლარიანი პენსია არ არის გამოსავალი, საიდან მოიტანენ ამ ფულს, რომელსაც დღევანდელი ბიუჯეტის 1/3 სჭირდება, ასეთივე არადამაჯერებელია ის დაპირებები, რომლებიც გაიცა - თურმე მეტროს 15 სადგურს ავაშენებთ. საიდან მოვიდა ეს იდეა, რომელსაც ქალაქის დაახლოებით 25 წლის ბიუჯეტი დასჭირდება, თორემ კი ბატონო, ან მეტრო რატომ, როცა ტრამვაი უფრო იაფი ჯდება?! ასეთი დაპირებები 20-25 წლის წინანდელ ამომრჩეველზე უფროა გათვლილი, ვიდრე ახლანდელზე.

- პარლამენტში ისევ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდნენ. დეპუტატებს ლამის ყველა სხდომაზე­ გაშველება სჭირდებათ, თან მაშინ, როცა ევროკავშირთან მოლაპარაკების დასაწყებად ერთ-ერთ პირობად პოლარიზაციის შემცირება გვაქვს. რატომ მივიდა საქმე აქამდე და თან ეს ხელისუფლებიდან და მათთან ასოცირებული რადიკალებიდან მოდის?

- პოლარიზაციის შემცირებით არავინ­ არ არის დაინტერესებული საარჩევნო წელს, რადგან ორივე ძირითადი მოთამაშის ხმების მოგროვების ტაქტიკა ფოკუსირებულია პოლარიზაციის გაზრდაზე და არა შემცირებაზე. "ქართულმა ოცნებამ" ახლა ლგბტ თემა შემოაგდო, რომელიც მთელ მსოფლიოში პოლარიზაციის საკითხია და ესენიც იყენებენ ასე - აი, ვინც ჩვენი მომხრე არ არის, ლგბტ პროპაგანდის მომხრეაო, რაც უფრო ზრდის პოლარიზაციას. ორივე ძირითადი ძალა ამ პოლარიზაციით არის დაინტერესებული და დანარჩენებიც აყოლილი არიან, რადგან ვერ ხედავენ სხვა ვერანაირ შანსს. ზოგიერთი უფრო მეტად ცდილობს პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას, რათა იქნებ ასე უფრო მოიპოვოს რამე. ამ სიტუაციაში რა პოლარიზაციის შემცირებაზეა ლაპარაკი? საერთოდ, არჩევნებს ახასიათებს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენთან ეს პოლიტიკურ პოლარიზებასთან ერთად გადავიდა პოლიტიკური ლიდერების პიროვნულ დაპირისპირებაში. ეს არის ყველაზე საშიში, რადგან ამან ჩვენ 1991 წელს სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. მას შემდეგ წლების განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირებები იყო, პოლარიზაციის გარკვეული ხარისხიც იყო, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან ურთიერთობასა და გადამწყვეტ მომენტში მოლაპარაკებასაც ახერხებდნენ ისე, რომ სისხლიან დაპირისპირებამდე და სამოქალაქო უბედურებამდე საქმე არ მისულიყო. "ნაცმოძრაობის" დროს გაიზარდა პიროვნული დაპირისპირება. მაშინ დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მორალური განადგურება და დღესაც იგივე გრძელდება, თან ტემპერატურა მატულობს და მატულობს. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ "ნაცმოძრაობის" დროს მართლა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ, მიუხედავად ყველაფრისა, პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რომ რაღაც ზღვარზე არ გადაებიჯებინათ. დღეს კი იმ ადამიანებს, ვინც ლიდერებად მოგვევლინენ, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვთ, მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკაში შენარჩუნება სურთ. პოლიტიკური გამოცდილების უქონლობამ შეიძლება ძალიან აჭრას სიტუაცია, რადგან ის ნეგატიური გამოცდილებაც კი, რაც იყო, მაინც გამოცდილებაა და ამას ყველა ითვალისწინებდა 1990-იანების შემდეგ. დღეს ამას აღარ ითვალისწინებენ. დღევანდელი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა 2012 წლამდე პოლიტიკაში არც ყოფილა.

რუსა მაჩაიძე