ბოროტება შობს ბოროტებას - პუტინს მეორე „ნორდ-ოსტი“ მოუწყვეს „კროკუს სითი ჰოლში“ მაყურებლის დახვრეტით... - კვირის პალიტრა

ბოროტება შობს ბოროტებას - პუტინს მეორე „ნორდ-ოსტი“ მოუწყვეს „კროკუს სითი ჰოლში“ მაყურებლის დახვრეტით...

...ამ ტერაქტით „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში რუსულ საავიაციო დაბომბვებისთვის შური იძია?

22 მარტის საღამოს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში ტერორისტების თავდასხმამ შეიწირა 150-ზე მეტი კაცი, 145-ზე მეტი დაიჭრა და დაშავდა.

ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებითა და უშუალოდ თვითმხილველების მიერ მობილურ ტელეფონებზე გადაღებული ვიდეოკადრებით შეიძლება იმ მიახლოებითი სურათის აღდგენა, თუ რა მოხდა.

მოსკოვის დროით 20:00 სთ-ზე ამ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 6 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს, უნდა დაწყებულიყო ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი, როდესაც შენობას თეთრი "რენო" მიადგა და იქიდან გადმოსულები ცეცხლსასროლი იარაღის სროლით შეცვივდნენ შენობაში, გაანეიტრალეს დაცვა და შემდეგ ფოიეში დამიზნებით ესროდნენ ხალხს, რის შემდეგაც ავიდნენ უშუალოდ საკონცერტო დარბაზში და იქ გააგრძელეს "ნადირობა" მაყურებელზე, რომლებიც ცდილობდნენ სკამებს შორის ჩაწოლილიყვნენ და დამალულიყვნენ.

რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს და ცეცხლი წაუკიდეს დარბაზის სკამებს, რაც დიდ ხანძარში გადაიზარდა - ცეცხლი წაეკიდა შენობის სახურავსაც, რის ჩასაქრობად სახანძრო შვეულმფრენებიც კი ააფრინეს, თუმცა ძლიერმა ხანძარმა სახურავი საკონცერტო დარბაზის თავზე ნაწილობრივ ჩამოშალა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მსხვერპლი უშუალოდ მაყურებელთა რიგებში, ასევე ათეულობით ადამიანი გაიგუდა ხანძრის კვამლისგან, როდესაც შენობის სათავსებსა და ტუალეტებში ტერორისტების ტყვიებს ემალებოდა.

photo-2024-03-23-11-52-57-1711181042.jpg
ტერორისტებმა გასაოცარი სისულელე ჩაიდინეს - ტერაქტის დროს გამოყენებული თეთრი "რენოთი" მოსკოვიდან ბრიანსკამდე თითქმის 400 კმ გაიარეს, სანამ მათ მანქანას ცეცხლი არ გაუხსნეს და არ შეაჩერეს - საკონცერტო დარბაზთან დაყენებულ სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულნომრიან თეთრ "რენოს" ხომ მთელი რუსეთის პოლიცია და სპეცსამსახურები ეძებდნენ...

ოთხი ტერორისტი "კალაშნიკოვის" ავტომატების მსგავს იარაღს ისროდა, რომელთა ნაწილი შეიძლება "საიგას" ტიპის სანადირო შაშხანებიც იყო, რომლებსაც ავტომატური ჯერებით სროლა არ შეუძლიათ, თუმცა დაღუპულებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ოთხივე ტერორისტმა უპრობლემოდ დატოვა დანაშაულის ადგილი. რუსეთის სპეცსამსახურები ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს ეძებდნენ ამ ტერაქტის შესრულებაში ეჭვმიტანილების სახით და რამდენიმე საათში ბრიანსკის ოლქში, მოსკოვიდან დაახლოებით 400 კმ-ში სროლით იძულებით გააჩერეს ის თეთრი "რენო", რომლის ნომრებიც დაფიქსირებული იყო საკონცერტო დარბაზის შენობის შესასვლელთან. დააკავეს ოთხი ტაჯიკი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ამ საშინელი ტერაქტის ჩადენაში. მათგან ერთ-ერთმა აღიარა, რომ 500 ათას რუსულ რუბლის დაჰპირდნენ ამ შეიარაღებული თავდასხმისთვის და თანხის ნაწილი უკვე ჩაურიცხეს კიდეც.

2-ter-1711279363.jpg
ტერორისტების ერთ-ერთი იარაღი - 5,45 მმ კალიბრის "კალაშნიკოვის" ავტომატი...

მაგრამ ვინ შეიძლება იყვნენ ამ საშინელი ტერაქტის შემკვეთები?

რუსი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ნაწილმა, როგორც მოსალოდნელი იყო, იჩქარა და უკრაინას დააბრალა იმის საფუძველზე, რომ ეს ტერორისტები მოსკოვიდან ბრიანსკის ოლქის გავლით უკრაინის საზღვრისკენ მიიჩქაროდნენ და თითქოს იქ უნდა შეეფარებინათ თავი. შესაბამისად, ამ ტერორისტული აქტის დამკვეთები უკრაინაში არიანო.

თავის მხრივ, ოფიციალური კიევი კატეგორიულად უარყოფს უკრაინის კავშირს ამ ტერაქტთან. სამაგიეროდ, "ისლამური სახელმწიფოს" საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ მაშინვე თავის თავზე აიღო გუშინდელი ტერაქტის "ავტორობა".

"ისლამურ სახელმწიფოს" თავის "გაპიარებისთვის" სჩვევია იმ მოქმედებების თავისად გასაღება, რასთანაც არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სწორედ "ისლამური სახელმწიფო" მართლაც იყოს ამ ტერაქტის დამკვეთი.

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 7 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა 48 საათის განმავლობაში მორიდებოდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, მათ შორის კონცერტებზეც, რადგან ძალიან დიდი იყო ტერორისტული აქტების საშიშროება - ეტყობა, ამერიკის სპეცსამსახურებს ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთში შესაძლო ტერაქტების თაობაზე და როგორც ახლა ირკვევა, ჯერ კიდევ მარტის დამდეგს რუსეთის ხელისუფლებისთვის შეუტყობინებიათ, რომ ავღანეთში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფება (რომელსაც ემტერებიან თალიბები) აპირებს რუსეთის "სამაგალითოდ" დასჯას იმისთვის, რომ რუსეთი მუსლიმანებს ბომბავს და ანადგურებს ჩეჩნეთსა და სირიაში.

4-t-1711181043.jpg
ოთხი ტერორისტი საკონცერტო დარბაზში მაყურებელს დამიზნებით და დაუნდობლად ესვრის...

თუკი რუსული სპეცსამსახურების მიერ ტერაქტში ეჭვმიტანილებად გამოცხადებული და დაკავებული ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე მართლაც მონაწილეობდა ამ ტერაქტში, მაშინ ძალზე რეალური ხდება, რომ ამის უკან სწორედ "ისლამური სახელმწიფო" იდგეს.

თუმცა კრემლში ეტყობა უფრო უკრაინული კვალის "გამოკვეთა" სურთ, დაახლოებით ისე, როგორც ეს 1999 წელს - მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომელიც მალე პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო, საბაბს ეძებდა, რათა ჩეჩნეთისთვის მეორედ შეესია რუსული არმია და რუსეთისთვის ჩამოერეცხა ის სირცხვილი, რაც ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხების გამო იწვნია.

1999 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე რუსეთში და მათ შორის დედაქალაქ მოსკოვში ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა - კრემლმა ეს მაშინვე "ჩეჩენ ტერორისტებს" დააბრალა და შურისძიების მომიზეზებით ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო.

ორიოდე წელში კრემლმა ჩეჩნებისგან მართლაც მიიღო ტერორისტული აქტი მოსკოვში, დუბროვკაზე, "ნორდ-ოსტის" კონცერტზე - 2002 წლის 23-26 ოქტომბერს ჩეჩენ მოვსარ ბარაევის შეიარაღებულ ჯგუფს სამი დღის განმავლობაში ამ საკონცერტო დარბაზში 916 მაყურებელი ჰყავდა მძევლად აყვანილი და რუსეთის არმიის ჩეჩნეთიდან გაყვანას მოითხოვდა - პუტინის პირადი ნებართვით რუსეთის სპეცსამსახურებმა ამ დარბაზში საძილე ეფექტის მქონე ძლიერმოქმედი გაზი გაუშვეს, რამაც ბევრი მძევალი იმსხვერპლა. ამ ტერაქტს შეეწირა 174 და დაშავდა 700-ზე მეტი კაცი.

თუკი კრემლი შეძლებს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტი უკრაინის ხელისუფლებას დააბრალოს, ეს რუსეთს ხელ-ფეხს საბოლოოდ გაუხსნის, რათა შეტევებიც გააძლიეროს და პარალელურად დასავლეთისგან დაჟინებით მოითხოვოს, შეიარაღებით აღარ დაეხმაროთ იმ უკრაინას, რომელიც რუსეთში ტერორისტულ აქტებს აწყობსო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკვე დასდო ბრალი უკრაინას, თითქოს უკრაინის სპეცსამსახურებს გამზადებული ჰქონდათ "ფანჯარა" რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე, საიდანაც ამ ტერორისტებს უკრაინაში უნდა შეეფარებინათ თავი.