„ბოლოს და ბოლოს, ყველამ გააცნობიერა, რომ პუტინთან არ შეიძლება რევერანსები“ - კვირის პალიტრა

„ბოლოს და ბოლოს, ყველამ გააცნობიერა, რომ პუტინთან არ შეიძლება რევერანსები“

"კრემლს ნამდვილად აქვს განზრახული­ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ომის დაწყება და ამიტომ ნატოს წევრები შესაბამისად უნდა მოემზადონ", - ნათქვა­მია ბრიტანული გაზეთის "დეილი­ ტელე­გრაფის"­ სტატიაში, სათაურით "პუტინი­ ღიად გეგმავს­ ომს ნატოს წინააღმდეგ". მას შემდეგ­, რაც ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდე­ნტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით (თითქმის 88%) პოსტსაბჭოური რეკორდი­ დაამყარა და მეხუთე ვადით საკუთარი თავის არჩევა უზრუნველყო, დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში გაჩნდა ვერსია,­ რომ ის შეეცდება თავის პარანოიდულ იდეებს ხორცი შეასხას. ნიშანდობლივია, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსეთ-უკრაინის ომში "კოლექტიური დასავლეთის" ჩართვის შესახებ, ასევე, შიდა მობილიზაციის აუცილებლობაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა. "მას შემდეგ, რაც დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე გახდა, სპეცოპერაცია ომად იქცა. ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ყველამ უნდა გაიგოს", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.დასავლეთის ლიდერები რუსი პოლიტიკოსების მუქარასა და შანტაჟს არსებითად განსხვავებული განცხადებებით ეხმაურებიან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა,­ რომ ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკები­სთვის. "მტერი გადაწყვეტს, როდის და სად დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს", - განაცხადა რობ ბაუერმა. რა მოხდება ახლა, რის უფლებას მისცემს თავს რუსი პრეზიდენტი და როგორი იქნება დასავლელი ლიდერების პოზიცია, ისევ შეიცვლება თუ არა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი და ვის რა ფუნქცია და როლი ექნება ახალ მოცემულობაში, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება.

- ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აგრესიული იქნება რუსეთი და რამდენად იქნება მობილიზებული­ საერთაშორისო საზოგადოება. ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლებოდა­ და ასეც ხდება - პუტინი აგრძელებს ავტოკრატიული სახელმწიფოს შენებას და მეზო­ბლების დაშანტაჟებას. მომავალშიც ასე გააგრძელებს, სანამ ამის შესაძლებლობა მიეცემა. ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორი იქნება ამერიკაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ევროკავშირში ჩატარებული არჩევნების შედეგები. პუტინმა­ იცის, რომ არჩევნების პერიოდში ყველა საშინაო პოლიტიკაზეა მობილიზებული და ყველა ცდილობს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაკლებად მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხარჯების ზრდასთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, ის შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პერიოდი, სადაც შესაძლებლობა მიეცემა, ჩაერიოს საარჩევნო პროცესში, მოახდინოს საზოგადოების დეზორიენტაცია და ა.შ. ძალიან რთული პერიოდია, 2024 წელი ყველასთვის რთული წელი იქნება.

- რა ტიპის დასკვნების გამოტანის საფუძველს გვაძლევს დასავლელი ლიდერების შესამჩნევად გამკაცრებული, ხისტი პოზიცია რუსეთის მიმართ?

- ბოლოს და ბოლოს, ყველამ გააცნობიერა, თუ რა საფრთხეა პუტინი და მისი რეჟიმი მთელი მსოფლიოსთვის, რომ მასთან არ შეიძლება რევერანსები. მას უნდა ელაპარაკო ისეთი ენით, როგორითაც თავის დროზე დასავლური ბლოკი ელაპარაკებოდა საბჭოთა კავშირს. რაც უფრო მეტად გაძლიერდება სანქციების წნეხი და მიზანმიმართული იქნება კონკრეტულ პირებზე, მით მალე გამოეცლება საძირკველი­ რუსულ იმპერიალიზმს. არ შეიძლება ერთი სახელმწიფო მთელ მსოფლიოს აშანტაჟებდეს ბირთვული იარაღით, მაშინ, როდესაც ის ერთადერთი ბირთვული ქვეყანა არ არის.

- ე.ი. ამ ხნის განმავლობაში დასავლელი პოლიტიკოსები პუტინს ვერ აფასებდნენ ან საკუთარ შიშებს ებრძოდნენ, თორემ ბირთვული საფრთხე არც ისე რეალური იყო?

- პუტინი აგრესიული ხდება მაშინ, როდესაც ხედავს მოწინააღმდეგის სისუსტეს. დიახ, მას რომ ჰქონოდა იმის მოლოდინი, დასავლეთის მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდებოდა, ვერც 2008 წელს გაბედავდა საქართველოში სამხედრო კამპანიის წამოწყებას, ვერც ყირიმის ანექსიას და ვერც ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პუტინის ძლიერება განპირობებულია დასავლეთის მოფერებით, დაყვავებით, დახმარებითა და იმ პოლიტიკით, რასაც აქამდე აწარმოებდა რუსეთსა და პუტინთან. ვგულისხმობ მისთვის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კომფორტის შექმნას. მაგალითისთვის შეგახსენებთ, "ნორდსტრიმ-2"-ის ცნობილ ბატალი­ებს - გერმანიის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა ეკონომი­კური პროექტი, რომელმაც გააძლიერა რუსეთი და ევროპის მოსკოვის ენერგოპროდუქტებზე დამოკიდებულება. არადა, სხვა პროექტებიც არსებობდა და შეიძლებოდა უპირატესობა მათ მინიჭებოდა და მეტი ყურადღება დაეთმოთ კასპიის რეგიონისთვის. ამის შედეგებს ახლა ვიმკით, უპირველესად კი დასავლეთი.

- ეს შეცდომების შედეგი იყო თუ კორუმპირებული ჩინოვნიკების მიზანმიმართული ქმედების ნაყოფი. ჩვენ ვიცით ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც "გაზპრომი" აფინანსებდა.

- დიახ, პრობლემაც ეს არის, ამის შესაძლებლობა მისცეს პუტინს. რომ არა დასავლეთის ლოიალურობა, პუტინი ვერ გაბედავდა ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვას, მოქრთამვასა და დაშანტაჟებას. ათწლეულების განმავლობაში დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, ვარდისფერი სათვალით უყურებდნენ პუტინს. გავიხსენოთ, თუნდაც ობამას გადატვირთვის პოლიტიკა... "მოდი დავეხმაროთ რუსეთს და მოსკოვში დაინახავენ, რომ ჩვენ არა ვართ მათი მტრები", - ასეთი ილუზიებით რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება.

- პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი შიშობს, რომ ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტებამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს.

- კარგად მახსოვს ანალოგიური საუბრები იყო, ვიდრე ტრამპი პირველად გახდებოდა პრეზიდენტი. საბოლოოდ აღმოჩნდა ის პრეზიდენტი, რომელმაც მოხსნა შეღზუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და მეტიც, დიდი რაოდენობის შეიარაღებაც გაგზავნა. საქართველოშიც სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიძრა "ჯაველინების" პროგრამა. ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომლის დროსაც საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მისმა­ ადმინისტრაციამ მიიღო საკანონმდებლო აქტი, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ვერც ერთი ის სახელმწიფო ვერ მიიღებს­ ამერიკის ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას, ვინც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას. მისი პრეზიდენტობის დროს კიდევ ბევრი სხვა რამ გაკეთდა, რამაც დიდი თავსატეხი გაუჩინა კრემლს. იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ტრამპი აკრიტიკებდა ნატოს, მაგრამ სწორედ მან შეუწყო ხელი ამ ალიანსის მნიშვნელოვან გაფართოებას... სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ტრამპის რიტორიკა არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების­ ერთიან კანდიდატად დასახელდა. ნახეთ, როგორია მისი ბოლო განცხადებები ნატოს შესახებ.

- დიახ, განაცხადა, რომ ამერიკა ნატოს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავიანთი ქვეყნების შიდაპროდუქტის 2%-ს გადაიხდიან­. თუმცა კითხვებს ბადებს მისი განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, როდესაც ამბობს, ამ ომს უსწრაფესად დავამთავრებო.

- უკრაინასთან ტრამპს თავისი ანგარიში აქვს - სურს წარმოაჩინოს, რომ მოქმედ პრეზიდენტზე ანუ ბაიდენზე ბევრად­ ძლიერია. მას სურს უკრაინელი პოლიტიკოსები მას ისე ესაუბრებოდნენ, როგორც გავლენიან და ძლიერ ლიდერს. დიახ, ნამდვილად არა მგონია, რომ ტრამპმა­ უკრაინის რუსეთისთვის დათმობა გადაწყვიტოს იქ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიციებიდან გამომდინარე. რაც შეეხება,­ ნატოს, ადრე ტრამპი ამბობდა, რომ ამერიკა უნდა გამოსულიყო ალიანსიდან, ახლა ამბობს, რომ თუ ნატოს წევრები თავის წილს გადაიხდიან, მაშინ ამერიკა მათ გვერდით იქნება. რას ამბობს არასწორს? ის 2% ევროპული ქვეყნებისგან საერთო უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვისთვის უნდა დახარჯონ თავიანთი ბიუჯეტის არანაკლებ 2%. რას უნდა მოხმარდეს ეს ფული?! უპირველესად სამხედრო ამუნიციის წარმოება-შეძენას. ჩვენ ხომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კარგად დავინახეთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპული ქვეყნების სამხედრო მრეწველობა საფრთხეებთან გასამკლავებლად მზად არ აღმოჩნდა. ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მხოლოდ წელს დაიწყო ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაწყობა. ის 2%, რომელზეც ტრამპი ლაპარაკობს, საჭიროა როგორც თითოეული ნატოს წევრი ქვეყნის, ასევე საერთო უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, გარკვეულწილად ტრამპის ასეთი პოზიციის შედეგიც არის, რომ ევროპამ მოახერხა შოკიდან გამოსვლა და სამხედრო პერიოდის ეკონომიკაზე გადაწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და იძლევა იმედს, რომ უკრაინისთვის დახმარება არათუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც.

- ე.ი. ახლა ჩიხში მოქცეული პუტინი საშიში აღარ არის?

- პუტინი საშიში უფრო მაშინ არის, როდესაც ჩიხში არ არის მოქცეული და ზეწოლას ვერ გრძნობს. პუტინსა და რუსეთს სხვადასხვა მომავალი აქვთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინს მომავალი აღარ აქვს, უბრალოდ, ყველაფერი დროის საკითხია. კამპანია, რომელიც მან უკრაინაში დაიწყო, მისი დასასრულის დასაწყისია.

- რუსეთის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამის პროგნოზირება ჯერ რთულია. ყველა თანხმდება, რომ მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში რუსეთს და რუსეთის მსგავს სახელმწიფოებს აღარ მიეცემათ საშუალება, ძალადობრივი გზით შეცვალონ დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრები, დააშანტაჟონ მეზობლები.

- დასავლელი პოლიტიკოსები შიშობდნენ, რომ რუსეთის­ დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა­ სივრცეში ქაოსი­ დაიწყებოდა და პროცესი უმართავი გახდებოდა, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გაბნეული ბირთვული იარაღის კონტროლი მნიშვნელოვნად გართულდებოდა.

- მე ასეთი შიში ყოველთვის მიამიტობის გამოხატულებად მეჩვენებოდა. სახელმწიფო, რომლის ხელში თავმოყრილია ყველა ეს უბედურება, თუ ბოროტებას ემსახურება, რა თქმა უნდა, საშიშია. ამიტომ არის დღეს საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურა შესაცვლელია. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, პირველი დამცველი უნდა იყოს მსოფლიო წესრიგის, სწორედ ის უნდა იყოს ბირთვული განიარაღების ავანგარდში, ამ დროს კი სწორედ ის უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს მსოფლიოს.

- ბელგოროდში რუსული ლეგიონის რეიდი მხოლოდ სამხედრო კომპონენტს შეიცავს თუ პოლიტიკური შემადგენელიც აქვს?

- აუცილებლად აქვს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური შემადგენელიც, ამასთან, ფსიქოლოგიურიც. ძალიან საინტერესო იყო პუტინის განცხადება, რუსეთი დაიცავს ბელგოროდსო. რაღაც ძალიან გამიჯნულად ახსენა. ამ დრომდე რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ ომი სადღაც სხვაგან იყო და ეს ყველაფერი მათ არ ეხებოდათ, ახლა შეტევები ბელგოროდზე, ასევე მოსკოვზე, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებზე რუს ხალხში გააჩენს განცდას, რომ ომი მათთანაც მივიდა და ეს მათ აზროვნებას ცოტათი მაინც შეცვლის.

- ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა მხოლოდ ის კი არ თქვა, რომ ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის,­ არამედ ისიც აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინა ალიანსის წევრი გახდესო.

- კონკრეტულ თარიღებზე საუბარი ძნელია, მაგრამ შარშან ვილნიუსის სამიტზე­ მნიშვნელოვანი რამ მოხდა - უკრაინამ მაპ-ის საკითხი და ნატო-უკრაინის კომისია­ საბჭოს დონეზე აიყვანა. უკრაინელები აქტიურად მუშაობენ, რათა უფრო წინ წაიწიონ ვაშინგტონის სამიტზე. რამდენიმე სცენარზე მიმდინარეობს მუშაობა, ვნახოთ, რა იქნება.

ხათუნა ბახტურიძე