ფეხბურთი და პოლიტიკა - ანუ მწვანე მინდორზე სანგრები საჭირო არ არის - კვირის პალიტრა

ფეხბურთი და პოლიტიკა - ანუ მწვანე მინდორზე სანგრები საჭირო არ არის

თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის­ ჩემპიონატზე მოხვდა, ყველა ქართველი ფეხბურთელი ეროვნული გმირი გახდება. ვთხოვთ, კიდევ ერთხელ მოინდომონ, თუ საჭიროა, საკუთარ თავს გადაახტნენ და გვაჩუქონ დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. თუ დღესასწაული შედგა, თითოეული ქართველი ფეხბურთელის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში და კარიერის დასრულების შემდეგ გზა ხსნილი ექნებათ ყველა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკაში. ჩვენი „ჯოკერი“ ხვიჩა კვარაცხელიაა და თუ მან, სხვებთან ერთად, სასწაული ჩაიდინა, თამამად შეუძლია კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობაზე განაცხადოს პრეტენზია... ვხუმრობთ, რა თქმა უნდა. რა დროს ხვიჩას კარიერის დასრულებაა და რა პოლიტიკა და რის პოლიტიკა.

თავი დავანებოთ კვარაცხელიას და ვთქვათ, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, ფეხბურთი მაინც ყველაზე დიდი პოლიტიკაა. იცით, ალბათ, რომ ფეხბურთის გამო ქვეყნებს შორის ომიც დაწყებულა (1969 წელს ჰონდურასსა და სალვადორს შორის საზღვრის გამო შორეულ წარსულში დაწყებული უთანხმოება, ერთი საფეხბურთო მატჩის გამო, საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა).

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოასპარეზე თბილისის „დინამო“ მხოლოდ სპორტული მოვლენა იყო? არა, რა თქმა უნდა. ის იყო ქართული იდენტობის გამოხატვა და სტადიონი იყო ლამის ერთადერთი თავისუფალი სივრცე ავტორიტარულ სახელმწიფოში. 1977 წლის 23 ივლისს მსაჯის არაობიექტურობით აღშფოთებულმა მაყუ­რებელმა ფეხებზე დაიკიდა საბჭოთა კავშირიც, კა-გე-ბეც, სტადიონზე შეიჭრა და დაშლას არ აპირებდა - რომ არა ცეკას მაშინდელი მდივნის ედუარდ შევარდნაძის უშუალო ჩარევა (რომელიც სტადიონზე გადავიდა და პირადად მიმართა მაყურებელს), დიდი ტრაგედია მოხდებოდა.

"შემიძლია წარმოვიდგინო, რაც ახლა თბილისში ხდება, საქართველოს დედაქალაქი ზეიმობს, მთელი ქვეყანა ზეიმობს", - ეს ფრაზა თქვა კოტე მახარაძემ მას შემდეგ, რაც 1981 წელს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამის გამო ის კა-გე-ბეში დაიბარეს და დაინტერესდნენ, რას გულისხმობდა "ქვეყანაში" (ანუ ლეგენდარულმა კომენტატორმა გამოყო თუ არა თავის გონებაში საქართველო საბჭოთა კავშირისგან).

10-nakrebi-1711280316.png

ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლო­ბის გამოცხადება დაასწრო მთელ ქვეყანას. 1990 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. სტადიონზე აღიმართა არა საბჭოთა საქართველოს, არამედ სამფეროვანი­ დროშა, რომელიც ქვეყნის ოფიციალური სიმბოლო მხოლოდ წლის ბოლოს გახდა­. ეს ნაბიჯი წმინდა პოლიტიკური აქტი იყო. ისიც გვახსოვს, რომ იმ პერიოდში­ ის ფეხბურთელი, ვინც რუსეთში­ გადადიოდა სათამაშოდ, ლამის მოღალატედ ცხადდებოდა.

საქართველო-რუსეთის 2003 წლის მატჩი­ გახსოვთ? ესეც წმინდა პოლიტიკა იყო. მაშინდელი პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, ორგანიზაცია "კმარა") ყველა­ნაირად ცდილობდნენ ამ ისტორიული მატჩით ქულების დაწერას და მსვლელობებიც გამართეს სტადიონიდან. და გამარჯვებაც ყველას მხოლოდ იმიტომ არ გაგვიხარდა,­ რომ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა­ საქართველოს ნაკრებმა - რუსები გავაგორეთ. აგერ სულ რამდენიმე წლის წინ თბილისის "ლოკომოტივმა" ევროტურნირებიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო - თბილისურ გუნდს მადრიდის "რეალი" რომ დაემარცხებინა, თქვენს მონა-მორჩილს ასე მაინც არ გაუხარდებოდა.

თუ თქვენ ამ სტატიას, მაგალითად, ოთხშაბათს კითხულობთ, უკვე იცით, თუ როგორ დასრულდა საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება. თუ მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ეს იქნება უდიდესი დადებითი ფსიქოლოგიური მუხტი მთელი ქვეყნისთვის და შედეგს აუცილებლად მოიტანს ყველა სფეროში (აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რამხელა ნახტომს გააკეთებს ქართული ფეხბურთი). ეს მთელ ერზე მოახდენს გავლენას. დავრწმუნდებით, რომ საბოლოო გამარჯვებების მიღწევა შეგვიძლია და ერთხელ და სამუდამოდ მოვიხსნით იმ კომპლექსებს, რაც გაჭირვებამ და ათასმა უბედურებამ გაგვიჩინა. ჩვენ, ყველამ ერთად, საკუთარი თავის რწმენა თუ დავიბრუნეთ, ჩვენი გამჩერებელი არავინ იქნება. თუ დავმარცხდით... ეს საშინელება იქნება. თუმცა ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ადრე თუ გვიან, ჩვენს ქუჩაზეც აუცილებლად დადგება გაზაფხული.

საქართველოს „კავკასიური მისია“

თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლოს და ბოლოს, გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა ამ მხრივ პრობლემებია. კერძოდ, აზერბაიჯანი სომხეთისგან ტავუშის ოლქის ოთხი სოფლის გადაცემას ითხოვს, რომელიც, ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანის კანონიერი საზღვრების შემადგენლობაში იყო და სომხებმა ყარაბაღის პირველი ომის დროს დაიკავეს. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ირიბად აღიარებს ბაქოს პრეტენზიებს და ამ სოფლების მოსახლეობას შეხვდა კიდეც, სავარაუდოდ, საფუძვლის მოსამზადებლად. თუმცა სომხეთის პოლიტიკურ ოპოზიციას და საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს, გაგონებაც არ უნდა ფაშინიანის არგუმენტების: "იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ლეგიტიმურად ჩვენია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გასცეთ ის, რაც ლეგიტიმურად ჩვენი არ არის". სომხეთის პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი ომიც დაიწყოს.

ახალი ომი სომხეთისთვის კატასტროფა იქნება. რუსეთის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგან ფაშინიანი პუტინმა­ თხასავით გაყიდა 2020 და 2023 წელსაც, როდესაც აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. სამხედრო უპირატესობა მთლიანად ბაქოს მხარეს არის. თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ბაქოშიც­ და ერევანშიც (ყოველ შემთხვევაში,­ ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე) უნდათ სამშვიდობო ხელშეკრულების ერთხელ და სამუდამოდ გაფორმება და 30-წლიანი დაძაბულობის დასრულება.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ კავკასიაში დიდ მოთამაშეებს ყველას თავისი ინტერესი აქვს - რუსეთს, თურქეთს, ირანს, ამერიკას და ევროპის დიდ სახელმწიფოებს. ფაქტობრივად, ყველა მათგანს ერთმანეთის წინააღმდეგ "ცივი ომი" აქვთ გამოცხადებული. ასევე, მაგალითად, აზერბაიჯანი მანევრირებს რუსეთთან, თურქეთის მოკავშირეა (ანკარა ბაქოს ერთ-ერთი უსაფრთხოების გარანტი არის), დაძაბული ურთიერთობა აქვს ირანთან, არცთუ კარგი საფრანგეთთან, ნეიტრალური ამერიკასთან. სომხეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან, გრძნობს თავს გადაგდებულად რუსეთისგან, მჭიდრო ურთიერთობები აქვს ირანთან და ცალი თვალით იყურება დასავლეთისკენ.

საქართველოს ამ ვითარებაში უნიკალური მდგომარეობა აქვს. აზერბაიჯანიც, სომხეთიც და თურქეთიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. სტრატეგიული­ პარტნიორობა გვაქვს ამერიკასთანაც და იმედია, ევროკავშირისკენ სვლას რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. მეტიც, თბილისს ნორმალური ურთიერთობა­ აქვს ირანთან, ოღონდ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ზღვარი ჩვენი დასავლელი­ პარტნიორების პოზიციებიდან გამომდინარე. რუსეთი ოკუპანტია, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები, იცოცხლე, ყვავის. შესაბამისად, ოფიციალურმა თბილისმა ეს უნიკალური შანსი უნდა გამოიყენოს და შეეცადოს, უფრო მეტი როლი შეასრულოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების აწყობაში (იქნება ეს მოდერაცია, შუამავლობა, თბილისის შეთავაზება დიალოგის პლატფორმისთვის და ა.შ). და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში. თუ საქართველომ შეძლო და კავკასიაში მშვიდობის „შემდუღებლის“ როლი შეასრულა, ის დაიბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას და გეოპოლიტიკური მოთამაშეებიც უფრო მეტ ანგარიშს გაუწევენ.

"მოდი, გავერთიანდეთ“

"მოქალაქეების" ლიდერმა­ ალეკო ელისაშვილმა "ლელოს", გახარიას პარტიას, საპარლამენტო "გირჩს" და ანა დოლიძეს­ გაერთიანებისკენ მოუწოდა... ელისაშვილის ლოგიკით, არჩევნებში ე.წ. შუაშისტური ძალების (რომლებიც, ფარულად თუ აშკარად, არც "ნაცმოძრაობას" მიეკუთვნებიან­ და არც "ოცნებას") ცალ-ცალკე მონაწილეობა შედეგს ვერ მოიტანს. ელისაშვილს ამერიკა ნამდვილად არ აღმოუჩენია - ის, ფაქტობრივად, საუბრობს­ ე.წ. მესამე ცენტრზე, რომელზეც საუბრით უკვე დაიღალნენ და ბოლო თვეებში­ აღარც ახსენებენ პოლიტიკის­ მიმომხილველები­. თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, თუ ასეთი გაერთიანება შედგა, გარკვეულწილად იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, ოღონდ, თუ ამომრჩეველს დაარწმუნებენ, რომ გრძელვადიანი ალიანსია და არა მარტო პარლამენტში მოხვედრის მიზნით შექმნილი კავშირი. თუმცა მეორე საკითხია, რომ ასეთი "ცენტრის" შექმნის შანსი ნულის ტოლია. თავი დავანებოთ იმას, რომ "ლელოსაც" და გახარიასაც გაცხადებული აქვთ, რომ არავისთან აპირებენ შეერთება-გამოერთებას - გადაწყვეტილების­ შეცვლა არაერთი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, ერთი მხრივ, უშუალოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესა და მეორე მხრივ, გიორგი გახარიას შორის იმდენ შავ კატას აქვს გარბენილი (განსაკუთრებით გახარიას პრემიერობისას), რომ გაერთიანებაზე საუბარიც ზედმეტია. საოცარი ის იქნება, საერთოდ, ხელი თუ ჩამოართვეს ერთმანეთს. რა თანამშრომლობაზეა საუბარი,­ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნაზე ერთმანეთს დღემდე ადანაშაულებენ. ელისაშვილსაც კარგად ახსოვს, რა დაპირისპირებები ჰქონდა მას ხაზარაძესთან.­ შეგახსენებთ, ხაზარაძემ "მოქალაქეების" ლიდერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი ოპოზიციური შეკრებიდან ინფორმაციის გავრცელებაში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. ამის გამო ერთ-ერთ ტელეეთერში "ლელოსა" და "მოქალაქეების" ლიდერები ლამის ხელით შეეხნენ ერთმანეთს. ქართულ პოლიტიკაში კი ბოდიშების მოხდა მოდაში­ არ არის. ასე რომ, ოცნებას ე.წ. მესამე ცენტრის შექმნის შესახებ ამ ეტაპზე ახდენა არ უწერია.

გიორგი კვიტაშვილი