„შემოდიოდა სიკვდილი ცელით...“
(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #12)
1921 წელს საქართველოს ანექსია ბოლშევიკური აგრესიით მოხდა და მას შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდით, შავი პიარით, საბჭოური მითებითა და ძალდატანებით შეცვლილი მოგონებებით ცდილობდა საზოგადოების მეხსიერებაში გაექრო საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი და მისი სიდიადე. როგორ გავხდით რუსეთის "ისტორიული ტერიტორია" 103 წლის წინ, როგორ დაგვიპყრო ბოლშევიკურმა რუსეთმა, რომელიც პატარა სახელმწიფოების დაპყრობას მუშურ-გლეხური სახელმწიფოს შექმნის სურვილად ასაღებდა, ამაზე სხვა, უფრო მართალი ისტორია გვიამბობს."კვირის პალიტრა" აგრძელებს თხრობას, თუ რა ტიპის ტერორი და რეპრესიები დაიწყო საქართველოში ავადსახსენებელი ოკუპაციის მომენტიდან 1921 წლის ბოლომდე, ვინ ხდებოდა "ცელით შემოსული სიკვდილის" ტერორის მსხვერპლი და როგორი იყო საერთო მდგომარეობა ქვეყანაში. ისტორიკოსი, თსუ-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ბევრ ისეთ დეტალს გვიყვება, რომელსაც აქამდე ტაბუ ედო.
ტერორის მანქანა
- საქართველოს ოკუპაციასთან ერთად იწყება მასობრივი პოლიტიკური ტერორი, რომელიც ფართო მასებისთვის უცნობი და დაკარგული ისტორიაა. მივყვეთ 1921 წლის მოვლენებს და ვნახოთ, ვის წინააღმდეგ რა ტიპის რეპრესიები იყო და პოლიტიკური ლიდერებიდან ვის შეეხო. მითია, რომ რეპრესიებს თავიდან არ ჰქონდა მასობრივი სახე, თითქოს რეჟიმი რბილი იყო, რეალობა სრულიად საპირისპირო გახლდათ. მოხდა ოკუპაცია და ბოლშევიკურ რეჟიმს ჩვენს საზოგადოებაში, ფაქტობრივად, დასაყრდენი არ ჰქონდა. რესურსი არ ჰყოფნიდა, რომ გაეკონტროლებინა ეს პატარა ქვეყანა. ამიტომ საოკუპაციო რეჟიმის სიმყარეს განაპირობებდა დამპყრობელი ძალა, ხოლო მისი მთავარი იარაღი რუსული საბჭოთა არმია და მისი სპეცსამსახურები იყვნენ. ანუ ტერორის მანქანას შიშითა და რეპრესიით უნდა დაემორჩილებინა მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც იდეოლოგიურად იყვნენ ამ სისტემის მოწინააღმდეგეები. ამას ემატებოდა ეროვნული განზომილება, რომ რუსეთი არის უცხო ქვეყანა, რომელიც წინა საუკუნის განმავლობაში იყო კოლონიზატორი, ყველანაირად უშლიდა ხელს ეროვნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას და ახლა ახალი ქურქით, როგორც წითელი რუსეთი, მოვიდა და დაიპყრო უკვე შემდგარი თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ რეჟიმს სჭირდებოდა მაქსიმალურად მკაცრი, ტერორზე დაფუძნებული პოლიტიკა. რეჟიმი ანგარიშს უსწორებდა ყველა მოწინააღმდეგეს.
პირველი ქართველი მსხვერპლი
- პირველ ეტაპზე რეჟიმმა დაიწყო საქართველოში თავშეფარებული ჩრდილო კავკასიიდან და რუსეთის სხვადასხვა მხარიდან საბჭოთა რუსეთთან მებრძოლი ძალების გამოვლენა-დასჯა-განადგურება - ოფიცრების, ჯარისკაცების, თეთრგვარდიელი ოფიცრობისა. მათ აღრიცხავდნენ, აპატიმრებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. მათ რიგს მიამატეს ქართველი ოფიცრების და მაღალი რანგის სამხედროები. მათ შორის ყველაზე ტრაგიკულია სტეფანე ახმეტელის (ახმეტელაშვილის) ბედი, რომელიც პირველსავე კვირებში დააპატიმრეს, ომის დამთავრებისას ჯერ ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი გადაგზავნეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ტიფით დაიღუპა. სტეფანე ახმეტელი რეჟიმის ერთ-ერთი პირველი ქართველი მსხვერპლი და დამფუძნებელი კრების დეპუტატების, ლადო და სიმონ ახმეტელის ძმა იყო. შემდეგ იწყება დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების ოფიცრებზე ნადირობა, დაპატიმრება და განადგურება, რომლებიც ლეგალურად ან არალეგალურად დარჩნენ საქართველოში (იგულისხმება არმიის გენშტაბის, დაზვერვის და კონტრდაზვერვის ოფიცრები, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ოფიცრები, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინა წლებში თავი ისახელა საბჭოთა რუსული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში). მათ სჯიდნენ ძალიან მკაცრად. მათ შორის იყო გენშტაბის კონტრდაზვერვის უფროსი პეტრე ფავლენიშვილი. ის დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი გამოძიების, წამებისა და დაკითხვების შემდეგ დახვრიტეს. ვლადიკავკაზში დააპატიმრეს საქართველოს საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი სიო სეფერთელაძე, ყოფილი ბოლშევიკი. ის რუსეთის სამოქალაქო ომის დროს დაბრუნდა და ჩადგა საქართველოს რესპუბლიკის სამსახურში. ის თავის ძველ რეპუტაციას იყენებდა და აქტიურად მუშაობდა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში. რასაკვირველია, სიო სეფერთელაძე დახვრიტეს. ამავე რიცხვს მიეკუთვნება საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფიგურა, კონსტანტინე მარკოზაშვილი - რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი, წითელი არმიის საშუალოზე მაღალი რანგის მეთაური, დამსახურებული მებრძოლი ჩრდილო კავკასიაში თუ დასავლეთის მიმართულებაზე. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საბჭოთა რუსული რეჟიმის მორიგი სამიზნე იქნებოდა. მარკოზაშვილს წითელმა არმიამ ჩრდილო კავკასიაში დაავალა ქართველი მოხალისეების შეკრება და ცხენოსანი ნაწილის დაკომპლექტება, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოზე თავდასხმაში. მარკოზაშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ღონისძიების ჩასაშლელად - კონტაქტში შევიდა ქართულ დაზვერვასთან, ფაქტობრივად, ჩაშალა რაზმის დაკომპლექტება, დაზვერვის წარმომადგენლებს მისცა საშუალება გაეტაცებინათ ცხენოსანი ნაწილის დასაკომპლექტებელი მთელი ფონდი, ანუ ბიუჯეტი. ამის გამო ჩეკამ დააპატიმრა, მაგრამ ეტაპირებისას მარკოზაშვილმა მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა საქართველოს. აქ გვარდიის სამსახურში ჩადგა და 1921 წელს საქართველოს დასაცავად იბრძოდა. ოკუპაციის დასრულების შემდეგ მალევე დააპატიმრეს, რამდენიმეთვიანი წამების შემდეგ დახვრიტეს. ესეც იყო ტერორის პირველი ტალღის თვალსაჩინო და ტრაგიკული ნიმუში.
გათამაშებული სცენარი
- მაისისთვის იწყება პირველი მასობრივი პოლიტიკური დაპატიმრებების სერია, რაც უკავშირდება მომავალ დღესასწაულებს - 1-ლ მაისს (მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე) და 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე). საოკუპაციო რეჟიმს ეშინია, რომ საყოველთაოდ მიღებული საზეიმო დღეები დიდი დემონსტრაციების გზით ოკუპაციის გასაპროტესტებლად იქნება გამოყენებული, განსაკუთრებით 26 მაისი. ამიტომაც რეჟიმი იწყებს მასობრივ დაპატიმრებებს, რისთვისაც გაითამაშეს: ქუთაისში რევკომის და ბოლშევიკური პარტიის ცეკას ერთ-ერთ წევრს, საშა გეგეჭკორს თითქოს მოკვლა დაუპირეს, ყუმბარა ესროლეს. ეს პროპაგანდისტული სცენარი იყო, რათა მასობრივი დაპატიმრებებისთვის საბაბი შეექმნათ და გამოაცხადეს: ჩვენ თავს გვესხმიან, ტერორს გვიწყობენ, ამიტომ პასუხი უნდა გავცეთო, და იწყება ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერების და წევრების დაპატიმრება. უკვე ყველა პოლიტიკური პარტიის ლეგალური არსებობა გაუქმებულია. საოკუპაციო რეჟიმმა არ დაუშვა, რომ ბოლშევიკური პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც ლეგიტიმურად არ აღიარებდნენ და არ თანამშრომლობდნენ საოკუპაციო ხელისუფლებასთან, ლეგალურად ეარსება. იწყება დაპატიმრების სერია მთელ საქართველოში. ამიერკავკასიაში ამ კურსს ატარებენ საოკუპაციო ჯარები, კავკასიის ცალკეული არმია (უკვე წითელი არმია), რომლის სამხედრო საბჭოს მმართველ პარტიულ ორგანოს სერგო ორჯონიკიძე წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ცენტრის - მოსკოვისა და სტალინის მითითებით. სერგო ორჯონიკიძე ასევე წარმოადგენს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს ლიდერსა და ოკუპირებული საქართველოს დონეზე რევკომს (რომელიც აცხადებს, რომ ის არის საქართველოს საბჭოთა მთავრობა და ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტი). რევკომში შედიან ბოლშევიკების ელიტა: ფილიპე მახარაძე, შალვა ელიავა, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი და სხვები. საბჭოთა რუსეთი უარყოფს, რომ მან მოახდინა ოკუპაცია, ის საგარეო არენაზე ქადაგებს, რომ ეს იყო გადატრიალება, რევოლუცია, შიგნიდან აჯანყება და საბჭოთა რუსეთი მხოლოდ შემდეგ "დაეხმარა" აჯანყებულ მუშებსა და გლეხებს, რომ მას არ დაუპყრია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ისინი არიან დამოუკიდებელი რესპუბლიკები, ოღონდ საბჭოთა რესპუბლიკები ბოლშევიკური პარტიით სათავეში.
26 მაისის ჩასაშლელად...
- 1921 წლის 26 მაისისთვის რეჟიმმა ტაქტიკა შეიმუშავა: იცის, რომ ვერ შეუშლის ხელს 26 მაისის ზეიმს რესპუბლიკაში, ამიტომ გადაწყვიტა, ეს თარიღი პროპაგანდისთვის გამოეყენებინა. გადაწყდა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ 26 მაისი უნდა აღნიშნოს, ოღონდ საბჭოურად, საბჭოთა ლოზუნგებით, ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დაგმობით, სამწლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განქიქებითა და იმის წარმოჩენით, რომ თითქოს ეს არ იყო ნამდვილი დამოუკიდებლობა, თითქოს საქართველო ოკუპირებული იყო გერმანიის, ოსმალეთის, ბრიტანეთის მიერ და ახლაა ჭეშმარიტად თავისუფალი. დაიგეგმა 26 მაისის დემონსტრაცია, რაზეც საზოგადოებამ კონტრზომებით უპასუხა - გადაწყდა, რომ 26 მაისს თბილისში ყველა ოფიციალური ღონისძიებისთვის ბოიკოტი დაეპირისპირებინათ, არ გამოსულიყვნენ ქუჩაში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში არ მიეღოთ მონაწილეობა. ეს იყო დაცინვა - შეუთავსებელია ოკუპაცია და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. რეგიონებში კი პირიქით, მასობრივად უნდა გამოსულიყვნენ და გადაეფარათ ფორმალური ღონისძიებები, რამდენადაც იქ საოკუპაციო რეჟიმს ნაკლები რესურსი ჰქონდა. თბილისში ბოიკოტი შედგა, ზეიმში მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხოლო რეგიონებში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ჩაახშო (ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს. რამდენიმე კაცი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა) და ამასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.
სტალინის ფიასკო
- მომდევნო ტალღა აგორდა ივლისში, როდესაც რუსეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი, ნაციონალურ საქმეთა კომისარი იოსებ ჯუღაშვილი ჩამოვიდა თბილისში. ფაქტობრივად, სტალინი იყო საბჭოთა რუსეთის კურსის განმსაზღვრელი კავკასიაში. მან ძალიან ბევრი იშრომა საქართველოს ოკუპაციის დაჩქარებისათვის. წლების შემდეგ ის ჩამოვიდა სამშობლოში, რათა ტრიუმფი მიეღო. გაიმართა შეხვედრა პლეხანოვის სახელობის კლუბში, მუშათა თეატრში (ამ ფაქტზე წინა ნომერში მოგითხრობდით). საოკუპაციო რეჟიმმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როდესაც დასწრების საშუალება მისცა ყველა მსურველს. შეხვედრაზე უმეტესად შეიკრიბნენ ნაძალადეველი მოქალაქეები, მუშები, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ავანგარდი. სტალინი ცდილობს საზოგადოებას უქადაგოს, რატომ იყო აუცილებელი საქართველოს დაპყრობა, რომ ეს არ იყო ოკუპაცია, არამედ იყო გათავისუფლება, მაგრამ ამას მოჰყვება შეძახილები, სტვენა... პირველი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ სტალინმა რუსულ ენაზე დაიწყო მოხსენება და დამსწრეებმა აიძულეს ქართულად ელაპარაკა. ფაქტობრივად, შეხვედრა სრული ფიასკოთი დასრულდა, რაც მომდევნო დღეებში მასობრივი დაპატიმრებების ახალი დიდი ტალღისა და კურსის გამკაცრების საბაბიც გახდა.
რეჟიმმა ამოცანა შეასრულა
- 1921 წლის აგვისტო-სექტემბერში წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, კიდევ უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური პარტიები და იატაკქვეშეთი. ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო მომდევნო ფაზა - დაპირისპირება-შეჯახების პიკი, როდესაც დედაქალაქის და მთავარი ქალაქების მთელ საწარმო და ეკონომიკურ ცენტრებში იგეგმება გაფიცვა. ამ დროს უკვე აშკარად ჩანს საოკუპაციო რეჟიმის კურსი, რომელმაც დაიწყო მთელი ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემის გაერთიანება და რუსიფიკაცია (მანამდე, 3-4 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელ საქართველოს დამოუკიდებელი სატრანსპორტო სისტემა ჰქონდა, ჩვენი რკინიგზა გაცილებით კარგად იყო შენახული, ვიდრე სომხეთის და აზერბაიჯანის, მით უმეტეს, რუსეთის და ჩრდილო კავკასიის). ხდება იმპერიის დროინდელი ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემის აღდგენა რუსული ადმინისტრაციით, სარკინიგზო ქონების განაწილება ისევ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, მეტიც, ვაგონები, დანადგარები, დეტალები რუსეთში იგზავნება, რასაც კრიზისი, შრომითი მიგრაცია, რუსეთიდან მუშახელის ჩამოყვანა და ადგილობრივების ჩანაცვლება მოჰყვა. ამის საპროტესტოდ იწყება მუშათა გაფიცვა, რა თქმა უნდა, სოციალ-დემოკრატების აქტიურობით - ისინი აკომპლექტებენ დელეგაციას, ადგენენ საპროტესტო ნოტას და მიდიან რევკომში გადასაცემად. დელეგაციის წევრებს აპატიმრებენ და მათი კვალი რამდენიმე დღის განმავლობაში ქრება (ჩეკაში წაიყვანეს). პარალელურად, გრძელდება მღელვარება, პროტესტი, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვება. ეს მოვლენები 1921 წლის ბოლოს ვითარდება და უკვე ცხადი ხდება კურსი, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიზანია, მოცემულობა - საქართველო დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკაა - ქაღალდზეც კი აღარ დარჩეს, აღდგეს ის მოდელი, რომელიც 1917 წლამდე იყო - კავკასიის ერთიანი ადმინისტრირება და რუსული, როგორც მთავარი ენა. იატაკქვეშეთში პარტიები იწყებენ მოლაპარაკებებს, რომ აუცილებელია ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი და ბრძოლა დამოუკიდებლობის აღსადგენად. მოლაპარაკება 1921 წლის ბოლოს შედის ფინალურ ფაზაში, მთავრდება შეთანხმებით და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის დაფუძნებით, როგორც მთავარი ცენტრის გაერთიანებული ფრონტის ორგანო ოკუპაციის წინააღმდეგ. პარალელურად, თვითონ საოკუპაციო რეჟიმის სტრუქტურაშიც, კომუნისტური ბოლშევიკური პარტიის ელიტაშიც იწყება დაპირისპირება და ძალაუფლების დანაწილებისთვის ბრძოლა - ქართველი ბოლშევიკების ნაწილს, ძველ, გამოცდილ და ავტორიტეტულ ლიდერებს არ მოსწონთ ამ ფორმალურად სახელმწიფოებრიობის ატრიბუტების იგნორირება, ცენტრიდან წამოსულ დირექტივებზე პირდაპირი მორჩილების კურსი. სამაგიეროდ, ამ დირექტივების მთავარი ადმინისტრატორია სერგო ორჯონიკიძე, სტალინის მარჯვენა ხელი. ძველი ბოლშევიკები ამრეზილი არიან, რომ მათი სტაჟის, გავლენის, ავტორიტეტის მქონე ჯგუფს გუშინდელი ახალგაზრდა კარნახობს ზემოდან, მოითხოვს მორჩილებას, იღებს გადაწყვეტილებებს... ამის გამო იწყება უთანხმოება, რომელიც 1922 წლის დასაწყისისთვის აშკარად გამოდის მზის სინათლეზე... ამ შემთხვევაში რეჟიმმა თავისი ამოცანა შეასრულა, დაამთავრა დაპყრობითი ომების ძირითადი ფაზა და ახლა უნდა გააფორმოს მთელი სისტემა, როგორც ერთი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ეჯახება ერთმანეთს განსხვავებული ხედვები და მოდელები - ერთია რუსული იმპერიული, შეულამაზებელი ხედვა, რომელსაც ცენტრში სტალინი და ძერჟინსკი ლობირებდნენ, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი, უნიტარული სახელმწიფო, არარუსული პატარა პერიფერიებითა და მიწებით, რომლებიც რუსებით არ არის დომინირებული და ავტონომიების სახე უნდა მიეღოთ. ეს პროექტი ხდება წამყვანი, რითაც უკმაყოფილო არიან ამ პერიფერიების ბოლშევიკური ელიტები, მათ მეტი პრივილეგია და გასაქანი უნდათ ადგილზე. განსაკუთრებით აქტიურობს საქართველოს კომპარტია. 1922 წლის პირველი ნახევარი ამ პროცესებით არის განპირობებული - ერთი მხრივ, იატაკქვეშეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის კოორდინირებით და გაერთიანებით, მეორე მხრივ კი, თვითონ კომპარტიაში დაპირისპირებით.
ეს არის 1921 წლის მთელი ქრონოლოგია, როცა მიდიოდა პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურად განადგურება, განსაკუთრებით იმ პირების, რომლებმაც იბრძოლეს და ზიანი მიაყენეს საბჭოთა რუსულ ინტერესებს საქართველოში, თუმცა 1922 და მომდევნო წლები უფრო და უფრო მასობრივ ტერორზე დაფუძნებული ხდება.
1921 წლის რეპრესიების დროს მნიშვნელოვანი იყო ბოლო სამხედრო მინისტრის, პარმენ ჭიჭინაძის დახვრეტა, რომელიც ოკუპაციიდან მალევე დააპატიმრეს დასავლეთ საქართველოში და თბილისში, მეტეხის ციხეში გადმოგზავნეს. შემოდგომაზე მას მოულოდნელად მენინგიტი შეეყარა, ციხის ადმინისტრაციამ პატიმარს ყურადღება არ მიაქცია და ის მალევე გარდაიცვალა. პარმენ ჭიჭინაძის დაკრძალვა დიდ დემონსტრაციად გადაიქცა და ამან იმდენად შეაშფოთა რეჟიმი, რომ ოჯახს და გამოსულ მასებს მისი დაკრძალვა აუკრძალეს დღევანდელი პარლამენტის წინ (სადაც სამხედრო ტაძარი და ომში დაღუპული მებრძოლების საერთო საპატიო სამარხი იყო). შემდეგ დემონსტრაცია და სამგლოვიარო პროცესია შებრუნდა და ჭიჭინაძე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ოკუპაციის პირველივე კვირას, როდესაც საქართველოში დარჩენილმა წითელი ჯვრის საზოგადოებამ ფრონტიდან დაღუპული მებრძოლების ნაწილი ჩამოასვენა (9 მარტს ჩამოასვენეს 20-მდე ჯარისკაცი, ვინც ვერ ამოიცნეს), სამხედრო ტაძრის გალავანში დაკრძალეს, სადაც თებერვლის დღეებში ჯერ კიდევ თბილისის დაცვისას დაღუპული მებრძოლები და გმირები დაკრძალეს. 40 დღის გასვლის შემდეგ მათი სულის მოსახსენიებელი წირვა და დიდი პროცესია გაიმართა, მოქალაქეების დიდი მასა შეიკრიბა და მოხდა მნიშვნელოვანი რამ - პოეტმა იოსებ მჭედლიშვილმა დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა, რის გამოც ის ჩეკამ მაშინვე დააპატიმრა. ეს არის პირველი ნიმუში და სიმბოლური აქტი გამოხატვის თავისუფლებისთვის პოეტების და მწერლების რეპრესირებისა. ეს ხდება 1921 წლის დასაწყისში. ფაქტია, რომ იმ დროს ქართველი საზოგადოება ახერხებს და აჩვენებს, რომ განწყობები მაქსიმალურად ანტირუსული და ანტისაოკუპაციოა.