„ექვსი თვე ცის სინათლე არ დამინახავს, სიკვდილს ვებრძოდი“ - კვირის პალიტრა

„ექვსი თვე ცის სინათლე არ დამინახავს, სიკვდილს ვებრძოდი“

"...იდგა რუხი 1997 წელი... მე 16 წლის, ის კი 17 იყო. ჩვენ სიკვდილის სარეცელზე­ თბილისში გვერდიგვერდ რამდენიმე თვე ვიბრძოდით. სიცოცხლისთვის ბრძოლაშიც­ მოდის თურმე სიყვარული, იმიტომ, რომ მასში უფალია... საბედნიეროდ, გადავრჩით, მაგრამ ვერ დავრჩით ერთმანეთისთვის. გავიყარენით ბევრი მცდელობისა და ბრძოლის მიუხედავად. მისი ბრძოლა სიკვდილთან ბრძოლაზე უფრო რთული აღმოჩნდა. ცხოვრებამ გვატარა, გვახეტიალა, ბევრი გზა სწორი გავიარეთ, ბევრიც მრუდე, ბევრი ნაყოფიერი, ბევრიც უნაყოფო, მაგრამ ცალ-ცალკე, ერთმანეთზე აღარაფერი ვიცოდით... მას შემდეგ 25 წელი, საუკუნის მეოთხედი გავიდა და უფალმა და ჩემმა ორმა ღვთის საჩუქარმა ეს გვირგვინი დამადგეს... ეს ჩვენი საუკუნის მეოთხედია. სავსე და ცარიელი, ცარიელი და სავსე... "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნებისო", უფალო, გვამრავლე და გვაძლიერე, ამინ!" - წერს ჟურნალისტი, პოეტი, ხელოვანი, გამომცემლობის დირექტორი და ხელოვანთა საზოგადოება "მზის თეატრის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნათია¿ჯიმშელეიშვილი. ის გვიამბობს­ სიყვარულის შესახებ, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

- ადამიანები დადიან დედამიწაზე­ და ყველა თავის მნიშვნელოვან ისტორიას დაატარებს. ჩვენც გვაქვს ამბავი, რომლის ასაკიც საუკუნის მეოთხედია, ცოტა მეტიც... 90-იანები­ ჩემს თაობას კარგად ახსოვს. 1997 წელი იდგა, მაგ დროს მოგვიწია ორივეს სკოლის დამთავრებამ: მე ქუთაისში, დათას­ - ჩხოროწყუს რაიონში. 16 წლისამ გამოვიხურე სკოლის კარი და ბანკეტის დღეც დადგა. სად იყო გამართული სილამაზის ცენტრები, სახლში, მზით გამთბარი წყლით დავიბანე თავი და თაკარა სიცხეში სახლთან უახლოეს სალონში გავიქეცი ახალდაბანილი თმით, ვარცხნილობა რომ გამეკეთებინა, თუ გამიმართლებდა და დენი იქნებოდა... ბანკეტის დღე არაჩვეულებრივი იყო. თუმცა იმ დღის შემდეგ ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ ვსუსტდებოდი, დღითი­ დღე თავის ტკივილი მიმძაფრდებოდა, სინათლის სხივს ვერ ვიტანდი, დავწვებოდი, დარაბებს დავხურავდი, თვალებზე შავ ქსოვილს ვიფარებდი, რომ აბსოლუტური სიბნელე ყოფილიყო... გულისრევის შეგრძნება­ არ მტოვებდა. ცხელ ამინდს ვაბრალებდით, ვიდრე ერთ დღეს გონებადაკარგული არ დავვარდი.­.. სამდღიანი უგონობიდან გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ექიმი ჩემთვის ხერხემლიდან სითხის აღებას ცდილობდა. ეს იყო საშინელი მომენტი, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, სუსტ და სიფრიფანა გოგოს ექვსი კაცი მაკავებდა...

- დიაგნოზი რა იყო?

- თავის ტვინის სიმსივნის (მცდარი)­ დიაგნოზი დამისვეს, ამის შემდეგ სასწრა­ფოდ­ თბილი­სში გადამიყვანეს, სადაც ზუ­სტი­ დიაგნოზი ტუბმენინგიტის უმძიმესი­ ფო­რმა დამიდგინდა. ერთი მომენტი მახსოვს­ - როცა ქუთაისიდან თბილისში უნდა გადავეყვანე, მამამ მთხოვა, თუ ოდნავ მაინც შეგიძლია, შენს თავს საკაცეზე დაწოლილს ნუ დამანახებ, ნელ-ნელა შენი ფეხით ჩამოდიო. ბოლო ძალა მოვიკრიბე­ და მათი დახმარებით ნელ-ნელა მეოთხე სართულიდან ფეხით ჩამოვედი. როცა მანქანაში ჩამაწვინეს, მახსოვს, ყველა ფანჯრიდან თეთრხალათიანები იყვნენ გადმომდგარი, ხელს მიქნევდნენ, მაცილებდნენ და პირჯვარს იწერდნენ. ეს ჩემს თვალებში­ ჩარჩენილი ბოლო კადრი იყო, მას შემდეგ­ აღარაფერი მახსოვს... ექვსი თვე ცის სინათლე არ დამინახავს, სიკვდილს ვებრძოდით მე, ჩემი მკურნალი ექიმი და მშობლები. ის დღეები ჩემი ცხოვრების ერთი წიგნია, წიგნი, რომელსაც სათაური დღემდე ვერ მოვუძებნე, ამ მდგომარეობის ზუსტი შეფასება და დასათაურება ძალიან რთულია.

როცა კვლევების შემდეგ პალატაში გადასაყვანად მომამზადეს, გაუსაძლისი თავის ტკივილისა და ბოლო ხმაზე ტირილის გამო ექთანი მეუბნება, არ იტირო, შენ გვერდით ოთახში ისეთი ლამაზი ბიჭი წევს, უნდა გაგაცნო და ასე ატირებული არ მოეწონე­ბიო... დათაც იმავე დიაგნოზით, ტუბმენინგიტის უმძიმესი ფორმით ჩემამდე თვეებით ადრე იწვა და მკურნალობდა, მას სამთვიანი კომატოზური მდგომარეობა ჰქონდა გამოვლილი და ჩემი მიყვანისას უკვე გაცილებით კარგად იყო. საავადმყოფოში მედპერსონალს ძალიან უყვარდა, ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო. დათასთვისაც უთქვამს ექთანს, ახლა შენ გვერდით ისეთი ლამაზი გოგო შემოგვყავს, ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ვიდრე ოთახში შევიყვანთ, დაგანახებო... როგორც ამბობს, იმ წამიდან დაიწყო მისთვის ახალი სამყარო, ახალი სიცოცხლე და ბრძოლა გადარჩენისთვის - ამბობდა, დიდი და ბრიალა თვალები, რომელიც დავინახე და თმა, რომელიც საკაციდან ძირს ეყარა, ჩემი ცხადისა და სიზმრის თანამგზავრი გახდაო...

კლინიკაში სიკვდილის შიში არ მომშორებია, იმედი არასოდეს მოუცია ექიმს, მხოლოდ იმას მეტყოდა ხოლმე, რომ მე ღმერთს ვევედრები, გადაგარჩინოსო. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს შვიდი სიკვდილის ტოლფასი­ დღეც მქონდა ამ თვეების განმავლობაში - მაშინ, როცა ხერხემლიდან სითხე სწორედ შვიდჯერ ამიღეს... იგივე დღეები და თვეები უფსკრულებივით გადალახა დათამაც. ჩვენ ბევრი პაციენტის სიკვდილიც ჩაგვრჩა მეხსიერებაში, დედების კივილის ხმა, რომელიც ხშირად შუაღამისას მაღვიძებდა და ყოველთვის შიშით მაკანკალებდა, რომ მომდევნო მე ვიქნებოდი. ამ სტრესში ვიცხოვრეთ კლინიკაში. დათამ სიარული ჩემ თვალწინ ისწავლა, მისი სავალი გზა თავისი ოთახიდან ჩემს ოთახამდე მოდიოდა და პირიქით. ჩემზე ადრე გაეწერა, მაგრამ საავადმყოფოდან თითქმის არ წასულა, ყოველდღე წითელი ვარდებით მოდიოდა, დილიდან საღამომდე თავთან მეჯდა, შემოშვებაზე უარს არავინ ეუბნებოდა, რადგან ნათიასა და დათას ამბავი მთელმა საავადმყოფომ იცოდა.

ერთ დღეს მოხდა ისეთი რამ, რამაც ყველაფერი შეცვალა. ჩემს ოთახში ექთანი ნემსის გასაკეთებლად შემოვიდა და გასვლი­სას ჩემს გასაგონად დედას უთხრა, იცი, რა, დათა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ, თუ ამათი ქორწინება მოხდება, აუცილებლად ავადმყოფი შვილი გაუჩნდებათ, რადგან ორივეს მენინგიტი აქვთ გადატანილიო. ამის გაგონება და, ავუკრძალე დედას, რომ დათა ჩემთან შემოეშვათ. საკუთარ თავსაც ავუკრძალე ფიქრი. აღარ მინდოდა აღარაფერი, არც მისი დანახვა და არც არავისი. დათა მაინც დადიოდა ყოველდღე საავადმყოფოს ეზოში და ჩემს ფანჯრებს უყურებდა. რამდენჯერმე მისი განწირული ხმაც გავიგონე, ჩემს სახელს რომ ყვიროდა...

საბოლო­ოდ აღმოჩნდა, რომ იმ ექთანს, რომელმაც დედას უთხრა, რომ ჩვენი ქორწინება ცუდ შედეგს მოიტანდა, საკუთარი ვაჟის საცოლედ დაუდგამს ჩემზე­ თვალი, რადგან დედ-მამა იმ გაჭირვების ჟამს არაფერს მაკლებდა, ყველა დეფიციტური მედიკამენტი დანიშვნიდან მეორე დღესვე მოჰქონდა მამას და სხვა პაციენტებსაც ურიგებდა. თურმე ამ პირობების გათვალისწინებით ამირჩია სარძლოდ და ეს მაშინ გავიგე, როცა თავისი ჩემზე ბევრად უფროსი ბიჭი ჩემს მოსანახულებლად პალატაში თავზე დამაყენა. წავიდა თუ არა, ისტერიკა დამემართა.

ჩვიდმეტი წლის საავადმყოფოში გავხდი.­ დადგა ის დღე, როცა ჯერ ჯდომა უნდა მესწავლა. ორი კვირის განმავლობაში პატარა ბავშვივით ვიყავი, რომელიც წელს ვერ იმაგრებს და წონასწორობას ვერ ინარჩუნებს. ორი კვირის მერე კი დადგა დღე, როცა ექიმმა მითხრა, სიარულიც უნდა ისწავლოო. სიტყვა "სწავლა" გადაჭარბებად­ არ მიიღოთ, რადგან მართლაც თავიდან ვისწავლე სიარული. პირველი ნაბიჯი ფანჯრისკენ გადავდგი, მინდოდა ცა დამენახა. ექვსი თვე არ მეხილა, როგორი იყო და რომ დავინახე, მეგონა, სივრცეს შევუერთდი. ვერ აგიხსნით, როგორი ლამაზი მომეჩვენა ცის ფერი, მას შემდეგ ვფიქრობ, რომ მოვკვდე, თვალებში სწორედ ეს ფერი ჩამრჩება.

saavadmqoposhi-1711283710.jpg

- დათას ისევ როდის შეხვდით?

- რამდენიმე თვის გამოსული ვიყავი­ საავადმყოფოდან, როცა დათა მეგობართან ერთად მოვიდა ჩემთან. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაუბარებია. ამის შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა თბილისიდან ქუთაისში, ხან სახლში გვსტუმრობდა, ხანაც უნივერსიტეტში, როცა ერთწლიანი შესვენების შემდეგ მეც სწავლა დავიწყე, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება იგივე იყო, რაც საავადმყოფოდან გამომყვა. იმ ექთანის სიტყვები ვერ მოვიშორე... ასე გრძელდებოდა ორ წელიწადს, სანამ დათას თავიდან მოშორების მიზნით მეგობარი შეყვარებულად არ წარვუდგინე. ახლა ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვაგვარად ვერ დავძლიე მისი თავგანწირული ბრძოლა ჩემი გულის მოსაგებად. ეს იყო ყველაზე საშინელი სათქმელი ჩემთვის და უფრო დიდი ტკივილი მისთვის. ცრემლი ჩამოსდიოდა სახეზე. საბოლოოდ კი იმით დამთავრდა, რომ ჩემგან სამუდამოდ წასულმა­ მალევე იქორწინა და ესეც ხანმოკლე­ აღმოჩნდა, რადგან მიზეზი ქორწინებისა იყო ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება.

ამ წლების განმავლობაში ის წარმატებული ადვოკატი გახდა. მეც ჩემი ცხოვრების გზა მიმყავდა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ. ოცდაექვსი წლისამ შევქმენი ოჯახი, მყავს ორი საუკეთესო შვილი, ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები, ძალიან ჰუმანურები და სიკეთით სავსენი. მე და დათამ ერთმანეთის­ შესახებ აღარაფერი ვიცოდით, მხოლოდ ერთხელ შევხვდით შემთხვევით ათი წლის წინ. იმ სიყვარულიდან მხოლოდ ორი ჩვეულება დაუტოვებია სახსოვრად: ერთი ის, რომ ჩემი ფოტო ყოველთვის საფულეში ჰქონდა, მეორე ის, რომ როცა ქუთაისში მოხვდებოდა, მამიდამისის სახლამდე ფეხით მისულიყო და ჩემი სახლის ქუჩა გაევლო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გავლისას შემთხვევით შევხვდით. მას შემდეგაც ორივემ ჩვენი გზით გავაგრძელეთ სიარული.

მას არც მეუღლე ჰყავდა და არც შვილი, მაგრამ ჩემს ოჯახურ ურთიერთობას დიდ პატივს სცემდა. დადგა მძიმე პერიოდი - ჩემი პირადი ცხოვრების არევასთან ერთად "კოვიდის" ურთულესმა პერიოდმა მამა წამართვა, ეს შემთხვევით გაუგია დათას და მაშინ გადაწყვიტა მოვეძებნე სამძიმრის სათქმელად. მამას საფლავზე სანთელიც აუნთო და მერე ისევ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. წავიდა ევროპაში, ჩემი ოჯახის დანგრევის შესახებაც არაფერი იცოდა, ყველაფერი იქ შეიტყო. საბოლოოდ კი გადაწყვიტა ჩემს ცხოვრებაში­ ისევ შემოსულიყო, მაგრამ ახლა ნებართვა ჩემთვის აღარ უთხოვია, ჩემს შვილებს სთხოვა და უამბო მათ, თუ რამდენი იბრძოლა ჩემთვის. მეც მხოლოდ ორი ადამიანი მყავდა, უფლის შემდეგ, ვისგანაც ნებართვას ავიღებდი მეორედ ოჯახის შექმნისთვის, მაგრამ ესეც არ დამჭირვებია, მათ გადაწყვიტეს, რომ მე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. არ შემიძლია არ აღვნიშნო დათას ოჯახის წევრების მიმართ მადლიერება და სიყვარული მათ ცხოვრებაში ერთის ნაცვლად ჩვენ სამის მიღებისთვის. ჩვენ თებერვლის ბოლო დღეს უკვე ოთხნი გავხდით. სადედოფლო კაბაც შვილების სურვილით ჩავიცვი.