რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების არასრულწლოვანი შვილის სახელზე გაფორმებისას - კვირის პალიტრა

რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების არასრულწლოვანი შვილის სახელზე გაფორმებისას

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს, tea.khurtsilava@gmail.com. ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები. ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა­ როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს.

- მაქვს კერძო ფირმა და ვიმუშავე ერთ-ერთ კომპანიასთან ქვეკონტრაქტორად. ზედმიწევნით შევასრულე დაკისრებული სამუშაო. კომპანიის ხელმძღვანელობამ თავიდან ჩამირიცხა გარკვეული თანხა და დანარჩენის­ გადახდას­ სამუშაოს დასრულების შემდეგ მპირდებოდა­ დაასრულა ობიექტი და როგორც ვიცი, თვითონ­ აიღო შესრულებულ სამუშაოში თანხა, თუმცა­ მე დროს მიწელავდა და ბოლოს გავარკვიე, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოა­ცხადა. არც მუშების თანხა გადაუხდია და ახლა სახელმწიფო საშემოსავლოს გადახდასაც მე მთხოვს. ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია, ამბობს­, რომ თვითონაც არის დაზარალებული და მასაც­ არ გადაუხადეს თანხა. თუმცა მე დავადგინე, რომ იტყუება. ამ ადამიანის სახელზე არანაირი­ ქონება არ ფიქსირდება, თვითონ ყოფილი­ ადვოკატია და კანონები კარგად იცის... ავიყვანე ადვოკატი, გადავუხადე სოლიდური თანხა, დამპირდა, რომ მოიგებდა საქმეს, მაგრამ თვეები გადის და არაფერი გაუკეთებია. ამბობს, რომ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში და ელოდება რეაგირებას. ადვოკატების ნდობაც დავკარგე, მას დიდი სანაცნობო ჰყავს­ და არა მაქვს გარანტია, რომ სხვა ადვოკატსაც არ გადაიბირებს. როგორ დავამტკიცო ჩემი სიმართლე?

- მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე პრობლემური საკითხია დასმული, კერძოდ, შემოსავლების სამსახური შემკვეთი კომპანიის ნაცვლად გადასახადების გადახდას სხვა კომპანიას სთხოვს, ეს საკითხი აღწერილობაში ასე ჩანს, რაც დაუშვებელია, ვინაიდან თითოეული კერძო სამართლის სუბიექტი თავის ვალდებულებაზე თავადაა პასუხისმგებელი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მოვალე კომპანიას ქონება არ გააჩნია, გამოდის, მის კერძოსამართლებრივ­ პასუხისმგებლობას არსებითი შედეგი ვერ ექნება გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობისას მეტი დეტალია გასარკვევი. მაგალითად, მოვალე კომპანია რა სამართლებრივი ფორმისაა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ ვინ მიიყვანა კომპანია გადახდისუუნარობამდე. რაც შეეხება ადვოკატის დაპირებას, რომ საქმეს მოიგებს, ეს არის გარანტიის გაცემა საქმეზე, რაც კანონით ადვოკატებს ეკრძალებათ.

- ვადაგადაცილებული სესხი გადასცეს კერძო არბიტრაჟს, ამ დროს მსესხებელს რისი უფლება აქვს და რისი გაკეთება შეუძლია? როგორც სასამართლოში ხდება, აქაც უნდა დაიწეროს შესაგებელი? ადვოკატი დამჭირდება?

- სამართალწარმოების პროცესში საპროცესო უფლებები და ვალდებულებები­ თითქმის ერთნაირია მოპასუხისათვის. საარბიტრაჟო სარჩელზე, ისევე როგორც სასამ­ართლო სარჩელზე, უნდა მომზადდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესაგებელი. რაც შეეხება საკითხს, დაგჭირდებათ თუ არა ადვოკატი, ეს თავად მხარის გადასაწყვეტია. თუ თავად შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები, კანონი არ ავალდებულებს იყოლიოს ადვოკატი.

nugbara-3-1706167033.jfif

- დამეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა,­ არა მაქვს სამსახური და ვერ ვახერხებ გადახდას,­ გადაუხდელობის შემთხვევაში რა მოხდება? ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ არის გაფორმებული, ხომ არ არის შესაძლებელი დააყადაღონ მშობლების ბინა?

- ჯარიმით ჯარიმდება კონკრეტული ქმედების ჩამდენი, ანუ ნებისმიერი ვალდებულებისთვის თუ ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხს მისი ქონებით აგებს კონკრეტული პირი ანუ თქვენი ვალდებულება თქვენი გადასახდელია. მესამე პირები პასუხს არ აგებენ.

- მეუღლესთან განქორწინებული ვარ. განქორწინება იუსტიციის სახლში გაფორმდა.­ მაშინ დამპირდა ყოფილი ქმარი, რომ ჩემს წილს მომცემდა და სასამართლოს გარეშე მოგვარდებოდა ეს პრობლემა. ველოდები უშედეგოდ მისგან დაპირებულ თანხას, სამი წელი გავიდა განქორწინებიდან და სულ მატყუებს. ახლა რომ ვუჩივლო სასამართლოში, რა დოკუმენტები­ დამჭირდება და ბაჟის სახით რა თანხის გადახდა მომიწევს? მე და ჩემს შვილს ჭერი არა გვაქვს, ფაქტობრივად, ქუჩაში ვართ დარჩენილი.

- ქორწინებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, ვადის ათვლა იწყება განქორწინებიდან. ამიტომ საკითხზე მსჯელობისას აუცილებელი დეტალია ვიცოდეთ, განქორწინებიდან რამდენი წელია გასული. რაც შეეხება ქონების გაყოფას, ქორწინების დროს შეძენილი ქონება ნაწილდება თანაბრად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის მოთხოვნის მიხედვით ანუ სასარჩელო მოთხოვნის 3%-ია.

- აღსრულებაში მინდა საჩივრის შეტანა გამარტივებულ წარმოებაზე, როგორც გავიგე, ბაჟია 200 ლარი გადასახდელი. ეს გადახდილი­ თანხა დამეკარგება თუ მოვალეს დაეკისრება გადახდა?

- გამარტივებული წარმოებით იმ შემთხვევაში განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მოვალის ზუსტი მისამართი ცნობილია და მას დოკუმენტები ჩაბარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ვერ განიხილება. თუ საქმის განხილვა მოხერხდა, გამარტივებული წარმოების თანხა მოვალეს დაეკისრება, ხოლო თუ საქმის განხილვა ვერ მოხერხდა, გამარტივებული წარმოების თანხა არ დაბრუნდება.

- ავიყვანე ადვოკატი სამოქალაქო დავის გამო, თანხა გადავიხადე, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. რამდენჯერაც­ დავურეკე, დროის უქონლობას იმიზეზებს. როგორ მოვიქცე?

- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ეტაპზეა საქმე, მოსარჩელე ხართ თუ მოპასუხე, რა არის გაკეთებული, თუ პროცესის დანიშვნას ელოდებით, სასამართლო პროცესის ჩანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე და ხშირად თვეობით და ხანდახან წლებიც უწევთ მხარეებს ლოდინი პროცესის ჩასანიშნად. გამოართვით ადვოკატს საქმის მომხმარებელი და პაროლი, თავად შეამოწმეთ რა ეტაპზეა საქმე სასამართლოს ვებგვერდის მეშვეობით.

- გთხოვთ მიპასუხოთ, მამობაზე უარის თქმა და გვარის ჩამორთმევა როგორ ხდება?

- მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით, საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.

- უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ხელის მოწერა როგორ ხდება. რა დოკუმენტებია საჭირო და ამისთვის დასჭირდება თუ არა ბინადრობა საქართველოში?

- ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ქორწინების სახლებში, ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში. თქვენს შემთხვევაში ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნა. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არა აქვს ბინადრობის მოწმობა, მაგრამ კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია ქორწინების რეგისტრაცია. თუ დარღვეული აქვს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება რეგისტრაცია.

- ბინის შეძენას ვაპირებ და მინდა ეს ქონება პირდაპირ ჩემი არასრულწლოვანი შვილის სახელზე გავაფორმო. რა არის საჭირო ამისთვის? არასრულწლოვანს ხომ არ შეექმნება პრობლემა ქონების შეძენის დროს? რა რისკებს შეიცავს ეს?

- თუ ბავშვისათვის ხდება ქონების შეძენა და შეძენა არ ხდება ბავშვის კუთვნილი­ თანხებით, ჩვეულებრივად დასაშვებია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა იქნება­ საჭირო, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ბავშვის საუკეთესო ინტერესს კი ადგენს სასამართლო, რაც ნიშნავს, რომ ბავშვის ქონების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით.