„მოდის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ოცნების სამოსს „შეგვიკერავს“ - კვირის პალიტრა

„მოდის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ოცნების სამოსს „შეგვიკერავს“

ხელოვნურმა ინტელექტმა მოდაშიც შეაბიჯა, თანაც საქართველოში უფრო ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში... ჩვენს ქვეყანაში მოდის ხელოვნურმა ინტელექტმა ნებისმიერ მომხმარებელს სთხოვა დაწერონ და "გაუგზავნონ" იმ სამოსის აღწერილობა, რომელზეც ოცნებობენ, ნახაზისა და თარგის შექმნა კი მას მიანდონ, რასაც სულ რამდენიმე წუთში გააკეთებს! დანარჩენი მკერავების საქმეა, - თუ თარგიც აქვს და ნახაზიც, მკერავს სხვა რაღა უნდა! ვფიქრობ, ალბათ, სწორედ მოდაა ის სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი ისე გაშლის ფრთებს, სულაც არავის შეავიწროებს, პირიქით, ყველას გაალამაზებს. სხვათა შორის, საკუთარი კომპანიისთვის კიმონოს შექმნა პირველად მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა შეუკვეთა და ხელოვნურმა ინტელექტმა დიზაინიცა და თარგიც იმაზე სწრაფად გაუმზადა, ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია. თუ როგორ ხდება­ ეს ამბები, ლაშა კვარაცხელია გეტყვით. სწორედ ის არის იმ ტექნოლოგიური სტარტაპის თანადამფუძნებელი, რომელსაც მხოლოდ უნდა მისწეროთ, როგორ ტანსაცმელზე ოცნებობთ, დანარჩენს თავად გააკეთებს. და კიდევ: სიტყვა "სტარტაპი" მხოლოდ უნიკალური პროდუქციის მწარმოებელს ნიშნავს, იმას, რაც აქამდე არ ყოფილა:

- ლაშა, ხელოვნური ინტელექტი ყოფის­ უამრავ სფეროში ინერგება. ხალხს ეს ზოგჯერ მოსწონს, ზოგჯერ არა, მაგრამ მოდაში უნიკალური იქნება. რამდენი ქალის საოცნებო კაბის შექმნა შეიძლება მისი დახმარებით.

- ბევრი ოცნებობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ყველაზე მეტად "მისი" იქნება, მას მოუხდება და გაალამაზებს, მაგრამ ეს ტანსაცმელი არ არის, ვერ უსრულდება ოცნება. თუნდაც იმიტომ, რომ არ შეუძლია ასეთი სამოსის ნახაზი დახაზოს და ან სხვას შეაკერვინოს, ან თავად შეიკეროს. ან დრო არა აქვს, რომ სწორედ თავისი ჩაფიქრებული ტანსაცმელი მოძებნოს. აი, სწორედ მათთვის იმუშავებს ხელოვნური ინტელექტი. ყველასთვის, ვისაც სურს საოცნებო ტანსაცმელი ჰქონდეს, თავისი მოფიქრებული, თავისი დიზაინით, სიგრძე-სიმოკლითა და ფერებით. ქალები იქნებიან თუ მამაკაცები, მოდის ხელოვნური ინტელექტის ვებგვერდს მისწერენ, აღუწერენ, როგორი ტანსაცმელი სურთ. შემდეგ ხელოვნური­ ინტელექტი ამ ტექსტს "გადაამუშავებს", "გაითვალისწინებს" და ზუსტად ისეთ ტანსაცმლის ნახაზს შექმნის, როგორსაც შემკვეთი წერდა. შემდეგ ამ ნახაზს მოაყოლებს თარგსაც. სამოსის შექმნაში კი ეს ორი ელემენტია მთავარი: ნახაზი და თარგი, მასთან ერთად ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, დამკვეთის ყველა სურვილი. დანარჩენს მკერავები მიხედავენ.

- ბრწყინვალე იდეაა ანუ როგორი კაბაც უნდა მინდოდეს, კლასიკური, თანამედროვე, გრძელი, მოკლე თუ სხვა., ხელოვნური ინტელექტი ზუსტად ისეთს გააკეთებს?

- რასაც დაუწერთ, ზუსტად იმას გააკეთებს, უზუსტესად, იმ ფერებით, სიგრძე-სიგანითა და დიზაინით, როგორიც გსურთ.

- ვინ ეხმარება ინტელექტს ასეთი სამოსის შექმნაში?

- რა თქმა უნდა, ადამიანები. პირველი დამკვეთი თაკო ნაცვლიშვილი იყო. მისი დაკვეთა მშვენიერი გამოვიდა, ძალიან კმაყოფილია. სხვათა შორის, უკვე გვყავს სხვა შემკვეთებიც, რომელთაც ძალიან მოსწონთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამზადებული ტანსაცმელი.

- ვთქვათ, ყვითელი კაბა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შევუკვეთე, სულაც არ მიხდება, ან მოკლე კაბა მაჩენს ძალიან მსუქანს. ამის შესახებ თუ გამაფრთხილებს ხელოვნური ინტელექტი?

- სამწუხაროდ, ჯერ ვერა. თუ რა მოგიხდებათ, ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობას ვერ იღებს. თუმცა ეგებ ამის დროც მოვიდეს. სამაგიეროდ, მას შეუძლია კაბის შექმნა გაუმარტივოს როგორც მწარმოებელს, ისე დამკვეთს. ყველას, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ტანსაცმლის შექმნას დაავალებს, გზა გახსნილია. ისურვეთ და გექნებათ!