პლასტმასის პროდუქტი - კვირის პალიტრა

პლასტმასის პროდუქტი

21-ე საუკუნეში ქიმიური სინთეზით მიღებული კვების პროდუქტები აღარავის აკვირვებს. ბოლო ხანებში სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის საკვები შექმნეს - ხორცისა და ბრინჯის ჰიბრიდი. უფრო ადრე კი, ჩინელებმა დაიწყეს პლასტმასის მასალისგან ბრინჯის წარმოება. პლასტმასის ბრინჯი თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის!

რას მოუტანს კაცობრიობას მსგავსი ექსპერიმენტები? - ამის თაობაზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს ბელა ყურაშვილს ვესაუბრეთ:

- რამ აიძულა მეცნიერები, რომ ქიმიური ნივთიერებებისგან საკვები შეექმნათ?

- რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია: პირველ ყოვლისა, პლანეტის მოსახლეობამ კარგა ხანია 8 მილიარდს გადააჭარბა და საკვების პრობლემა გამწვავდა. ამას ემატება გლობალური დათბობაც­ - ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს, რასაც მდინარეების და ტბების დაშრობა მოჰყვება, ბუნებრივია, მცენარე­ებისა და ცხოველების რაოდენობაც მოიკლებს. ამიტომ ნედლეული, რომელიც საკვებად გამოდგება, ნელ-ნელა შემცირდება. მეცნიერები ალტერნატიულ გზებს ეძებენ საკვების დეფიციტის შესავსებად. ამიტომაც მიიღეს ხელოვნური ხორცი ჯერ ნავთობპროდუქტებისგან, მერე კი სოიისგან. ამ უკანასკნელისგან ყველიც გააკეთეს, რომელსაც ტოფუს ეძახიან და ძალიან პოპულარულია ამერიკაში.

- ქიმიური სინთეზით მიღებული პროდუქტები ბუნებრივ საკვებს ხომ ვერ ჩაანაცვლებს?

- მართალია, ამგვარ პროდუქტს ისეთივე კვებითი ღირებულება არა აქვს, როგორიც ნამდვილს, მაგრამ მათ უმატებენ საკვებ დანამატებს, რომლებიც ბუნებრივის მსგავს გემოს და არომატს ანიჭებს. ასე გამოიყენეს ხელოვნური კვერცხის დასამზადებლად კალციუმის კარბონატი, ალუმინი, წყალი და საღებავები. ქიმიური სინთეზის გზით მიღებული პროდუქტები სრულფასოვანი არ არის, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ხორცს სოიისგან იღებენ და სულ სხვა, როდესაც საკვები პროდუქტების მისაღებად პლასტმასის მასალას იყენებენ. ასეთი საკვები სრულყოფილი როგორ იქნება?!

- რატომ აწარმოეს ასეთი ბრინჯი ჩინელებმა და მერე ექსპორტზეც გაიტანეს?

- იმიტომ, რომ ჩინეთის მოსახლეობა­ მრავალრიცხოვანია. ისედაც, რით იკვებე­ბიან? - ნებისმიერი რამით, რაც ბუნებაში­ მოიპოვება: მწერებით, ბაყაყებით თუ სხვა ცხოველებით... მიზეზი ის არის, რომ იქ საკვების ნაკლებობაა. ჩვენი ტურისტები რომ მიდიან ტაილანდში, ჩინეთში, სხვა აღმო­სავლურ ქვეყნებში და ამბობენ, ეგზო­ტიკური კერძები აქვთო, რომელ ეგზო­ტიკაზეა ლაპარაკი? - რასაც კვებითი ღირებულება აქვს, ყველაფერს ჭამენ. მაგალითად, კალია ცილისგან შედგება, ცუდი კი არ არის, მაგრამ თქვენ კალიას შეჭამთ? საკვების ნაკლებობას ისიც ემატება, რომ პურის ნაცვლად ბრინჯს იყენებენ. ბრინჯი მათთვის ერთ-ერთი ძირითადი საკვებია და ამიტომ იძულებული გახდნენ, მისი ანალოგის შესაქმნელად პლასტმასი გამოეყენებინათ. სულ სხვა საქმეა კორეელი მეცნიერების ექსპერიმენტი: მათ კუნთოვან მასას ნამდვილი ბრინჯი შეურიეს და ახალი, ჰიბრიდული პროდუქტი მიიღეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას არ აზიანებს. ამიტომ ნუტრიციოლოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ყოველთვის ბუნებრივი, ნამდვილი პროდუქტის გამოყენება ჯობია. საკვების ავკარგიანობას მხოლოდ შესახედაობა, ფერი, სუნი და გემო კი არ განსაზღვრავს, მთავარია, როგორ აითვისებს მას ადამიანის ორგანიზმი.

- კიდევ რომელ საკვებს ამზადებენ ქიმიური ნივთიერებებისგან?

- ყველს, კვერცხს, კიბორჩხალას ჩხირებს, ბრინჯს, თაფლს... - ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითად, ხიზილალას, ნავთობპროდუქტისგან ან თევზის ქონისგან იღებენ: სხვადასხვა დანამატით გააჯერებენ, რათა შესაბამისი ფერი, სუნი და გემო ჰქონდეს, მერე მრგვალ ფორმას აძლევენ. ასეთი ხიზილალის კვებითი ღირებულება დაბალია, უფრო მეტიც, ის ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. ნამდვილ ხიზილალაში კი უამრავი ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება შედის. იგივე უნდა ვთქვა კიბორჩხალას ჩხირებზე - მას დაბალი ხარისხის თევზისგან, მოივასგან ამზადებენ, თვითონ კიბორჩხალა კი ძვირია და ამ გზით დიდ მოგებას ნახულობენ.

- რას გვეტყოდით გენმოდიფიცირებულ საკვებზე?

- ვფიქრობ, სინთეზურ საკვებს ისევ გენმოდიფიცირებულის გამოყენება სჯობს, რატომ? - მასზე თამამად ვერ ამბობენ, რომ ცუდია. ეს არის გენური ინჟინერიით შექმნილი ორგანიზმები, რომლებშიც გენე­ტიკური მასალა შეცვლილია. 1994 წელს აშშ-ში პირველად გამოჩნდა გენმოდიფიცირებული პამიდორი, რასაც მოჰყვა GMO კარტოფილი, სიმინდი, ამ გზით ცხოველთა ახალი ჯიშებიც გამოიყვანეს. ამგვარი პროდუქცია გამძლეცაა და დიდ მოსავალს იძლევა, თუმცა რისკ-ფაქტორი არის: ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები სხვადასხვა სახის ალერგიას იწვევს და შეიძლება ადგილობრივი, ბუნებრივი მცენარეებიც გაანადგუროს. ამიტომ ასეთი­ პროდუქციის ეტიკეტს აუცილებლად უნდა ეწეროს GMO, რაც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ნიშნავს.

- დავუბრუნდეთ ხელოვნურ, ქიმიურ საკვებს. პლასტმასისგან დამზადებული ჩინური ბრინჯი საქართველოშიც­ იყიდება?

- ჩვენს მაღაზიებში­ პლასტმასის ბრინჯი და კვერცხი არ იყიდება, რადგან სურსათის უვნებლობის სამსახური ყველაფერს ამოწმებს. მიუხედავად ამისა, სურსათის შეძენისას ყურადღება მაინც საჭიროა. ძალიან გახშირდა არაჯანსაღი კვებით გამოწვეული საშიში დაავადებები. ადამიანის სიჯანსაღე კვებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებების ჩამოთვლაც კი რთულია: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ. ცნობილია არაერთი დაავადება, რომელთა მკურნალობაში წამყვან როლს სწორედ კვება ასრულებს. პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი მეთოდია ფორტიფიცირება ანუ საკვების გამდიდრება მიკროელემენტებითა და ვიტამინებით - როდესაც საკვებს რაღაც ვიტამინი აკლია, სასურველია დავუმატოთ. მაგალითად, შეიძლება რძეს A ვიტამინი დავუმატოთ, ფქვილს - B ჯგუფის ვიტამინები და რკინა, ზეთს - A და D ვიტამინები. იმ რეგიონებში, სადაც იოდის ნაკლებობაა და მოსახლეობას ჩიყვი უვითარდება, იოდიზებული მარილი­ უნდა გამოვიყენოთ. სასურველია, ეს მეთოდი გამოვიყენოთ საკვები ბოჭკოების ანუ უჯრედისის შესავსებად, რაც ორგანიზმისთვის არანაკლებ საჭირო და აუცილებელია.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საეჭვო შემადგენლობის პროდუქტები არ შევიძინოთ?

- ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი, სადაც შავით თეთრზე წერია,­ რამდენია მასში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების რაოდენობა და რისგან შედგება ის. დასასრულ, მინდა ჩვენს მკითხველს ვუთხრა: საქართველოს ბუნება იმდენად მდიდარია, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის პროდუქციას საკმარისი რაოდენობით თუ ვაწარმოებთ, ყველაფერი გვექნება. ჩვენს მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია საკუთარი ხელით მოყვანილი ბუნებრივი პროდუქტები მოიხმაროს და ამისათვის პლასტმასის, ნავთობპროდუქტების და სხვა ქიმიური ნივთიერებების დახმარება არ დასჭირდეს. ბუნებრივი გზით მიღებულ საკვებს ვერანაირი ქიმია და გენური ინჟინერია ვერ შეედრება - ამის მიხვედრას არც ექიმობა სჭირდება და არც ექსპერტობა.

ხათუნა ჩიგოგიძე