„მყვირალებიდან“ რეკლამებამდე - კვირის პალიტრა

„მყვირალებიდან“ რეკლამებამდე

ამერიკელი პუბლიცისტი ვენს პაკარდი­ ამბობდა: "რეკლამა ხელოვნებაა - უმიზნებ­ თავში, რათა მოახვედრო საფულეში", სტეფანი ბრინლი კი დაასკვნიდა: "ბრენდები,­ რომლებსაც არა აქვთ რეკლამა, ხალხს მალე ავიწყდება". ეროვნული ბიბლიოთეკის საზო­გადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნინო გედენიძე­ მოგვითხრობს, როდის გაჩნდა პირველი რეკლამა, საიდან მომდინარეობს მისი სახელი­ და რას მოგვითხრობენ ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი გასული საუკუნეების რეკლამები.

- რეკლამა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უძველესი ფორმაა. მონათმფლობელობის პერიოდში მონების ბაზარი გამოდგება ამის მაგალითად - მონა იყო პროდუქტი, რომლის ღირსებებსაც წარუდგენდნენ მყიდველებს. თავად­ სიტყვა "რეკლამა" ლათინური წარმოშობისაა და წამოყვირებას ნიშნავს. დიახ, სწორედ ყვირილით ამცნობდნენ სპეციალურად შერჩეული, ძირითადად მოზარდი ბიჭები, ამა თუ იმ პროდუქციით დატვირთული გემების შემოსვლას საპორტო ქალაქის ბინადრებს. "მყვირალები", სავარაუდოდ, ძველი კოლხეთის საპორტო ქალაქებსაც აყრუებდნენ წამოძახილებით. ეს კარგა ხანს გაგრძელდა. უფროსი თაობის ქალაქელებს დღესაც ახსოვთ ახმაურებული ქუჩები: "სტეკლო რეჟუ, მაწონი, მალაკო, შეშას ვჩეხავ" და ათასი წვრილმანი. დღეს კი "მაწონი", "მალინა" და "ჯართს ვიბარებ" არღვევს მყუდროებას და ახანგრძლივებს მრავალსაუკუნოვანი პროფესიის სიცოცხლეს.

\"მყვირალებს" სერიოზული კონკურენტი 1477 წელს გამოუჩნდათ, როდესაც ლონდონში პირველი ნაბეჭდი რეკლამა გამოჩნდა.­ მე-17 საუკუნეში იტალიაში­ ცალკეულ ფურცლებზე დაბეჭდილ ინფორმაციაში გადასახდელი მონეტის სახელი გახლდათ "გაზეტ". ასე დაიბადა გაზეთი, სადაც 1704 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა (ბოსტონში) პირველად განათავსა სარეკლამო განცხადება. პირველი რეკლამა სწორედ გაზეთის შესაძლებლობებზე მკითხველის ინფორმირებას ემსახურებოდა: "ეს გაზეთი გამოვა ყოველკვირეულად და ყველას, ვისაც ცხენები ჰყავს, აქვს მიწის ნაკვეთები, სხვადასხვა სამრეწველო და სამეურნეო საქონელი, და სურთ გაყიდონ ან გააქირაონ იჯარით, ან აქვთ ნივთები, რომლებიც მოიპარეს ან დაკარგეს, შეუძლიათ აქ მოათავსონ განცხადება, ზომიერ ფასად". ამ ტექსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე გაზეთის 60% განცხადებებმა დაიჭირა. სარეკლამო განცხადებების სიმრავლით არც ქართული პრესა ჩამორჩა ბოსტონურს.

- ჩვენთან როდის გამოჩნდა რეკლამა?

- სულ რაღაც 115 წლით დააგვიანდა ქართულ რეკლამას, რომელიც თავდაპირველად განცხადება უფრო იყო. დროით ჩამორჩენა ქართული რეკლამების ხარისხზე­ არ ასახულა - ევროპული თუ ამერიკული,­ ახლო თუ შორეული აღმოსავლეთის პროდუქციის შესახებ ქართულენოვანი გაზეთები­ უსწრაფესად ავრცელებდნენ ინფორმაციას. ადგილობრივი მწარმოებლებიც ჩაებნენ სარეკლამო რბოლაში და დღეს სწორედ ამით არის საინტერესო ძველი რეკლამები. მრავალფეროვან ინფორმაციას შორის გამოიკვეთა: უცხოური ბრენდები, ქართველი მწარმოებლები, სოციალური რეკლამა, დისტრიბუტორები. სხვათა შორის, კონკურენციის თანმდევი არაკეთილსინდისიერი, სხვისი დაკნინების ხარჯზე რეკლამა თითქმის არ გვხვდება...

ბაზარზე ჩნდება ახალი პროდუქტი, რომელიც განმარტებას საჭიროებდა: "ყავა მოკო - დილით უნდა დალიოთ"... მართალია, რეკლამები გაზეთში შავ-თეთრი იყო, მაგრამ ისინი ვიზუალურად მაინც გხიბ­ლავთ დღესაც. ნათელია, რომ ადამიანები იწყებენ ფიქრს პროდუქციის შეფუთვაზე, განსხვავებულად მიწოდებაზე. მომხმარებლის მიზიდვის­ მიზნით­ ბევრი ტექნიკა გამოიყენებოდა,­ რაც აისახე­ბოდა რეკლამებში.­ "თბილისიდან­ მივდივარ"­ (ანუ სასწრაფოდ ვყიდიო - ავტ.), ასე იწყებ­ოდა ბრილიანტების რეკლამა­ რამდენიმე წლის განმავ­ლობაში... "ინგლისური­ რკინის­ კრაოტები" მაღაზიის­ სავიზიტო ბარათად იქცა. იქ ბევრი­ რამ იყიდებოდა, თუმცა "ინგლისური­ კრაოტი"­ შეარჩიეს მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.

1-1711287492.jpg

- ძველ რეკლამებში თვალში საცემია ბარბარიზმებით მდიდარი ტექსტები.... კიდევ რა სახის განცხადებებს ვხვდებით?

- მაგალითად: "შაბათს, იანვრის 6, ტფილისის კრუჟოკის დარბაზში გამართული იქნება ბალი, ტფილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სასარგებლოდ. ფასი ბილეთისა 2 მან. ბილეთები ისყიდება კრუჟოკის შვეიცართან. მოსულებს შეუძლიათ გულამოუჭრელ კაბებითაც დაესწრნენ".

დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ბარბარიზმებისაგან იწმინდება საგაზეთო განცხადებები.

მე-19 საუკუნეში ხშირად გვხვდება სიქაჩლესთან ბრძოლის, ქალებისთვის კი ნაოჭების საწინააღმდეგო საცხებისა და ფერ-უმარილის ძალიან საინტერესო რეკლამები... გასული საუკუნეების რეკლამები ეპოქის ამბებს მოგვითხრობენ...

თეატრალური აფიშები ცალკე ისტორიაა. მათზე მითითებული იყვნენ მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები, ადგილი, სადაც იდგმებოდა სპექტაკლები. ვისთვის და ვინ აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, ხშირად საქველმოქმედო აუქციონების ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებდნენ­ - ვინ შეწირა და რამდენად გაიყიდა. რა ითვლებოდა მოდურად, რა იყო ყველაზე­ მოთხოვნადი - მაგალითად, ზინგერის საკერავი მანქანები, რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს, არაერთი თაობა მოიხმარდა და დღემდეა შემორჩენილი ოჯახებში.

ძალიან საინტერესო და ბევრის მთხრობელია რეკლამებზე მითითებული მისამართები - ვის ეკუთვნოდა შენობა, სად მდებარეობდა. რეკლამებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე - დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში თითქმის გაქრა რეკლამა გაზეთებიდან, საბჭოთა ოკუპაციის პირველი წლებიც, ნეპის პერიოდიც არ გამოირჩევა რეკლამების სიმრავლით, იშვიათი გამონაკლისი იყო გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი (1923-1924წწ.).

ახალ გამოცემებს საინტერესო შეთავაზება ახლდა: "ვინც გამოიწერს 10 ცალს, დაეთმობა მანეთზე აბაზი", "ქილილა და დამანას" არანაკლებ 20 ცალის გამოწერისას "თითო წიგნზე დაეთმობა ათი შაური", საყმაწვილო სურათებიანი წიგნის "შალვას თავგადასავლის" რამდენიმე ცალის შემძენს მანეთზე "ერთი აბაზი ეთმობოდა". მე-19 საუკუნის 80-იან წლებში საყმაწვილო ლიტერატურას დიდი ყურადღება ეთმობოდა - გამოიცა "რობიზონ კრუზოს თავგადასავალი", ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები... ი. გომართელის "სქესობრივი საკითხი და ბავშვი" (1896), უფროსებისთვის "ყველასთვის საჭირო და სასარგებლო წიგნი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი", აკაკის "თამარ ცბიერი", ჰაინეს ლექსები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანი... წიგნებს ყიდდნენ არა მარტო სტამბები, არამედ კერძო პირებიც: "იყიდება საბინინის "საქართველოს სამოთხე", გაჭირვების გამო".

ძალიან ხშირად გვხვდება სასტუმროების, განსაკუთრებით რესტორნებისა და სასადილოების რეკლამები, სადაც მენიუც არის აღწერილი და ხაზგასმულია არა მარტო სისუფთავე და გამორჩეული გემოვნება, არამედ სტუმრების კატეგორიაც. მაგალითად, თბილისსა და სამტრედიაში გაიხსნა რესტორნები "ინტელიგენტური"...

- კომუნისტური ხანის პრესა რას მოგვითხრობს?

- ამ პერიოდში "ქონება საერთო ხდება",­ ამიტომ კომუნისტური საქართველო­ რეკლამებით ღატაკია. სამაგიეროდ, მე-20 საუკუნის დასასრულს რეკლამა ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა...