რუსული ფიშინგი - როგორ ჩაერევა კრემლი საქართველოს არჩევნებში - კვირის პალიტრა

რუსული ფიშინგი - როგორ ჩაერევა კრემლი საქართველოს არჩევნებში

საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე მიზეზის გამო. გარდა იმისა, რომ მმართველი პარტია მეოთხე ვადით გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლას და თანაც, როგორც ამბობენ, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ყველაზე მთავარი მაინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივაა, რადგან მოლაპარაკებების დასაწყებად სწორედ არჩევნების ნორმალურად ჩატარება დასახელდა. ამ არჩევნებს კი ვინ როგორ გამოიყენებს და როგორ შეეცდება თავისი ინტერესების გატარებას, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან რუსეთის სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის დიდი გამოცდილება დაგროვდა, თუნდაც ბოლო წლების გამოცდილებით. შედის თუ არა ახლა რუსეთის ინტერესებში საქართველოში არჩევნებში ჩარევა, რა შანსია, რომ კრემლმა თუნდაც კიბერშეტევებით სცადოს თავისი ინტერესების გატარება, რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას და როგორ გამოიყენებენ პოლიტიკური ძალები, ამ საკითხებზე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ანდრო გოცირიძესა და პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.

"რუსეთს სჭირდება, რომ საქართველოში დემოკრატიის რწმენა შეირყეს"

ანდრო გოცირიძე: - კიბეროპერაციებით არჩევნებში ჩარევა რუსეთისთვის­ აპრობირებული ხერხია. მინიმუმ 2016 წლიდან ცნობილია, რომ ის ამგვარ საქმიანობას ეწევა. ცნობილია გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებში, აშშ-სა და საფრანგეთში პრეზიდენტების არჩევნებში, სხვადასხვა ქვეყნის რეფერენდუმებში ჩარევის ფაქტები. თუმცა ჩარევა ყოველთვის კიბეროპერაციებით არ ხდება. ზოგ შემთხვევაში კიბეროპერაციები გამოიყენება გავლენის ოპერაციების ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ამომრჩევლებში შესაბამისი განწყობების დათესვას ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად ან ზოგიერთ შემთხვევაში არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას, ნდობის შერყევას და მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ დემოკრატიული წყობა არაეფექტურია და ეფექტურია რუსული სახელმწიფო წყობა, რომელიც, პრინციპში, არჩევნებს გამორიცხავს კიდეც, იმდენად ფორმალური ხასიათი აქვს.

რაც შეეხება წმინდა კიბერშეტევებს, ეს არის ფიშინგი, რომლის მეშვეობითაც მაკომპრომეტირებელ მასალებს ან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებენ, რასაც მაკომპრომეტირებელ მასალად გადააქცევენ. ძალიან ხშირად გამოიყენება დიპფეიკის ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, იმგვარი ტექნოლოგიები, რომლებიც არჩევნებს შეაფერხებს, ჩაშლის, შეაფერხებს ხმის მიცემას, ხმების დათვლას და ა.შ. გარდა ამისა, არის საინფორმაციო ოპერაციები, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, ტროლებითა და ბოტებით სასურველი განწყობების შექმნა. ჩვენნაირ სახელმწიფოებში, ანუ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ პროცესს გამოუთხაროს ძირი, მთლიანად არჩევნების შედეგები გახადოს ნაკლებად სარწმუნო და არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ამას სხვა მეთოდებით ახერხებენ, იმიტომ, რომ მოსახლეობას ჩაუნერგონ ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესების მიმართ.

- ახლა რუსეთს აქვს ის ინტერესი, რომ საქართველოში არჩევნები ჩაშალოს?

- საქმეც ეგ არის, რომ არჩევნებს არ ჩაშლიან, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება არჩევნების მიმართ ნდობა,­ უფრო გამყარდება რუსული ნარატივი, უფრო მეტი მოქალაქე გადაინაცვლებს რუსულ ორბიტაზე. ვერც ერთი პარტია, რაც არ უნდა ამ ეტაპზე პრორუსულად იყოს განწყობილი, დემოკრატიულად არჩეული ვერ იქნება, რადგან მოსახლეობის მუხტი სხვა არის, ვერ უზრუნველყოფს რუსეთისთვის სასურველ შედეგებს. რუსეთს სჭირდება საქართველოში­ დემოკრატიის რწმენის შერყევა, რათა რეტროგრადულმა ძალებმა­ თქვან, ევროპა და ამერიკა ცუდია, მათი პოლიტიკური წყობა­ უვარგისია და ხომ არ დავბრუნდეთ რუს­ულ ორბიტაზეო. ეს არის რუსე­თის სურვილი და არა ის, რომ რომელი­ღაც პარტია მოკლე ვადით ჰყავდეთ­ ხელისუფლებაში. კრემლს ეს ტაქ­ტ­იკურად შეიძლება სურდეს, მაგრამ­ სტრატეგიულად არაფერს უწყვეტს.

- არის ნიშნები, რომ საარჩევნო პროცესში უკვე დაიწყეს ჩარევა?

- პოლარიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი ანტიდასა­ვ­ლური პროპაგანდა, რაც ხელს უშლის ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულ­ებაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის­ ჩარევით ხდება. თუ ეს მათი ინიცირებული­ არ არის, ამ ტალღას აჰყვებიან და მათთვის სასარგებლო შედეგების მიღებას შეეცდებიან.

- საქართველოს აქვს რესურსი, რომ რუსეთის ასეთ ქმედებებს გაუმკლავდეს? თუ ყველაფერი მაინც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული?

- პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, ძალიან უშლის ხელს საკითხების გადაჭრას ის, რომ ხელისუფლებაც ნებსით თუ უნებლიეთ ხდება ხოლმე რუსული პროპაგანდის მსხვერპლი და სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის­ გამავრცელებელიც კი, მაგრამ რესურსი არსებობს - სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია. სწორად უნდა იქნეს გამოყენებული პარტნიორებთან თანამშრომლობის ის ფორმატები, რომლებიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული.

- ყოველთვის არის მოლოდინი, რომ რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში არეულობა, რათა მერე სათავისოდ გამოიყენოს.

- ახლა საქართველოს გარემო მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ ელჩი ჰარჩინსკის ბოლო განცხადებით, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს და რამდენად სწრაფად შევა, ეს საქართველოზეა დამოკიდებული. ამიტომაც რუსეთი შეეცდება ნებისმიერი მეთოდითა და ფორმით შეაფე­რხოს ჩვენი წინსვლა. ყველა ნაბიჯი, რომლებიც მიმართული იქნება ამ წინსვლის შეფერხებისთვის, რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი მოქმედება, ცხადია, იქნება მათ შორის არჩევნებზე ზემოქმედების კონტექსტშიც განხილული, მით უმეტეს, რომ რუსეთს ასეთი მეთოდები, როგორც გითხარით, აქვს. საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების პენეტრაციის ხარისხი მაღალია, რუსეთის კიბეროპერაციების რიცხვიც შთამბეჭდავია და გულუბრყვილობა იქნება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს.

- ამის თაობაზე არ მოგვისმენია ხელისუფლების არც ერთი განცხადება, რომ პრევენციისთვის რამეს აკეთებენ ან სათანადო რეაგირება ექნებათ. ხელისუფლებას არ მიაჩნია­ რუსეთის ჩარევა საფრთხედ?

- ხელისუფლება ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ ის რუსეთისთვის არ წარმოადგენს პრობლემას და მიაჩნია, რომ დაშოშმინების პოლიტიკით რუსულ აგრესიას აარიდ­ებს თავს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა - რუსეთი აუცილებლად ჩაერევა ამ არჩევნებში, ექნება საქართველოზე ზემოქმედების მცდელობები და არა მარტო არჩევნებში, რადგან რუსეთი მოკლევადიან პერსპექტივაში არ მოქმედებს. ახლა მას დემოკრატიისთვის ბრძოლა აქვს და ამას უკრაინაში იარაღით ებრძვის. ამიტომაც შეეცდება, რომ საქართველოში დემოკრატიის ჩანასახიც კი მოსპოს და დააბრუნოს თავის ორბიტაზე.

"მოსახლეობის ქუჩაში გამოსასვლელად გაყალბება უნდა იყოს ძალიან აშკარა"

ვახტანგ ძაბირაძე: - ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ ქვეყანაში შეიქმნება არასტაბილური ვითარება. სხვა მხრივ ყველაფერი ნორმალურად იქნება. არასტაბილური გარემო ბლოკავს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ კავკასიას. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის ომს და პროცესებს,­ რომლებიც გლობალურად მიმდინარეობს, თუ გავითვალისწინებთ, რაც ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომლებიც თითქოს მიდიან იქამდე, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ხერხდება, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტაბილური ვითარება შეინარჩუნოს და არ დადგეს ახალი საპროტესტო და მით უმეტეს, დაპირისპირების წინაშე. ყველაზე ცუდი იქნება, თუ ასეთი რამ მოხდება.

სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გავლენა ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო და ხელისუფლების ცვლილებებიც ამ ძალების­ გარეშე არ მომხდარა - მოყოლებული 1990-იანი წლებიდან დღემდე ხელისუფლების ცვლილებებში სხვა ძალები მონაწილეობდნენ. ეს ძალიან აშკარა იყო შევარდნაძის შეცვლისას, ნაკლებად აშკარა იყო 2012 წელს, მაგრამ მაინც ჩანდა, თან ელჩებმა თავად თქვეს, რომ დარბოდნენ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. 2003 წელსაც და 2012 წელსაც უფრო ადვილი იყო რუსეთსა და დასავლეთს შორის პოლიტიკური დიალოგი, დღეს კი ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი და გამორიცხულია. დასავლეთს რომ აქ არეულობა არ აწყობს, გასაგებია, საუბარია იმაზე, რუსეთს აწყობს თუ არა. თუ რუსეთს აწყობს, საქართველოში მეხუთე კოლონა არის და გამოიყენებს. ეს ცხადზე ცხადია. შეიძლება ძალიან რთული ვითარება შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოინდომებს, რომ კავკასიაში სიტუაცია აირიოს. სომხეთმა რუსეთის ნდობა დაკარგა და დასავლეთისკენ აპირებს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შებრუნებას. ამას დაუმატეთ ისიც, რომ საქართველო იქცა ენერგორესურსების ტრანზიტად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. დიდი სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა რუსეთს ამიტომაც აწყობდეს საქართველოში არეულობა. ძირითადად, ეს მაინც არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამოჩნდება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ექნება თუ არა რუსეთს წინსვლა უკრაინაში.

კიდევ არის ერთი მომენტი, რაც უნდა გვახსოვდეს - რუსეთს აქ არეულობა მხოლოდ იმისთვის კი არ შეიძლება უნდოდეს, რომ თავად შემოიყვანოს ჯარები,­ არამედ იმისთვის, რომ არასტაბილური გარემო შექმნას. აქ იყოს დაპირისპირებები და დასავლეთმა დაკარგოს კავკასიისადმი ინტერესი. ბევრი ფაქტორია, ამიტომ არის რთული ვითარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მისაღებია და ყველაფერზე ჩუმად უნდა ვიყოთ.

- რა არის მისაღები, რაზე არ უნდა გავჩუმდეთ?

- არ არის მისაღები, თუ არჩევნები­ ისე გაყალბდა, რომ კატასტროფული შედეგი მივიღეთ.

- არის შანსი, რომ ხელისუფლება წავიდეს გაყალბებაზე? სჭირდება ეს "ოცნებას"?

- დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, გაყალბება ნამდვილად არ სჭირდებათ. საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს, ცხადია, მანამდე თუ არაფერი შეიცვალა. მაქსიმუმი, რაც ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს, ჩემი აზრით, არის 40%. ამის ზემოთ ვერ მიიღებს, მაგრამ ამით უმრავლესობაც შეიძლება მოიპოვოს, თუ 20-30 პარტია მიიღებს მონაწილეობას და, ალბათ, ასეც იქნება. ასეთ შემთხვევაში ხმები ისე გადანაწილდება, რომ ხელისუფლება შეძლებს უმრავლესობის მიღებას, ვიმეორებ, თუ დღევანდელი ვითარება დარჩა და რამე არ შეიცვალა. თუ პოლიტიკური სპექტრი გადაჯგუფდება და არჩევნებზე 4-5 პარტია იქნება, მაშინ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება.

- გადამწყვეტი მაინც არჩევნების დღეა. ვერსიებს თუ განვიხილავთ, ამ დღეს რა შეიძ­ლება მოხდეს, რომ დაინტერესებულმა ძალებმა­ ქვეყანაში არეულობის მოწყობა სცადონ? ვინ რა შემთხვევაში გამოვა ქუჩაში?

- ქუჩაში გამოსვლას მაშინ აქვს აზრი, თუ შენს პროტესტს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაც იძულებული იქნება წავიდეს­ დათმობაზე, მაგრამ თუ უმრავლესობა არ უჭერს მხარს პროტესტს და ქუჩაში ოპოზიციის პარტაქტივი გამოვა, არაფერიც არ იქნება. ივლიან რამდენიმე დღე ზევით-ქვევით და ბოლოს ყველაფერი დამშვიდდება. ის, რომ ოპოზიციას მხარი დაუჭიროს მოსახლეობამ და თქვას, კი, არჩევნები გაყალბდაო, უნდა იყოს ძალიან თვალსაჩინო. ისე, როგორც 2003 წელს, მაგრამ მაშინ ვითარება სხვაგვარი იყო. მაშინ ოპოზიცია სრულად აკონტროლებდა ოპოზიციურ ამომრჩეველს, ისევე, როგორც 2012 წელს. დღეს ოპოზიცია ოპოზიციურ ამომრჩეველს მთლიანად ვერ აკონტროლებს. საკმარისია დაისვას კითხვა, "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", ამომრჩეველი ისევ "ქართული ოცნების" მხარეს წავა. ჩვენ ამ 12 წლის განმავლობაში სულ ამას ვუყურებდით. ეს ვითა­რება დღეს თითქოს შეცვლილია­, მაგრამ არც იმდენად, რომ "ნაცმოძრაობა" ამომრჩევლის 1/3-ისთვის მისაღები იყოს. ოპოზიცია შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, რაღაცის შეცვლა ისევ ქუჩიდან სცადოს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება. მოსახლეობის ქუჩაში გამოსასვლელად გაყალბება უნდა იყოს ძალიან აშკარა და რადიკალური, რაც ხელისუფლებას არ სჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიცია უნდა გამსხვილდეს, სხვა შემთხვევაში ძალიან რთული ვითარება იქნება. მეორე პრობლემაა ის, რომ, თუკი "ოცნება" მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე შეინარჩუნებს ხელისუფლებას, 2028 წლამდე რა მოხდება, კაცმა არ იცის, მუდმივად დენთის კასრზე მოგვიწევს ჯდომა.

- "საარჩევნო კოდექსში" მიღებული ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებსაც­ ეწინა­აღმდეგება, ვენეციის კომი­სიის შეფასებასაც, მათ გარდა არავის მოსწონს, ხომ ქმნის­ ფონს, რომ არჩევნებს სანდოობა არ ჰქონდეს? ეს რაში სჭირდება ხელისუფლებას, რისთვის ემზადება?

- ემზადება იმისთვის, რომ ცესკო გააკონტროლოს, მაგრამ ყველა ხელისუფლება ხომ ასე იქცეოდა? შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ასე იქცევა ივანიშვილიც.

- მაგრამ ამით ხომ რისკს უქმნის თავის­ ლეგიტიმაციას? თანაც მეოთხე ვადაზეა ლაპარაკი. ახლა ხომ მეტად სჭირდებათ ნდობა და ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მუხტის შემქმნელი, რაც მერე უმართავ პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს.

- დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ატარებს გამოკითხვებს და მშვენივრად იცის, რა განწყობებია. ეს ჩანს მათი გამოსვლებიდან. როგორც კი ფასებზე დაიწყო­ ლაპარაკი, შავ დღეში არიან, რადგან იციან, რა უკმაყოფილებაც არის მოსახლეობაში... სასამართლოზე რაც ხდება, ვიცით და ა.შ. მოკლედ, ხელისუფლებას ბევრი პრობლემა აქვს და ასეთ დროს შეცდომებს უშვებენ.

გეთანხმებით, რომ ცვლილებები არაფერში არ სჭირდებოდათ და პრობლემა­ არ იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, რომ ყველაფერზე მიდიან. თუმცა, თუ მოსახლეობა ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, ყველა ეს ბერკეტი უძლური ხდება.

გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც სააკაშვილი ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ არაფერმა არ უშველა. თუმცა მაშინ ოპოზიცია იყო ძლიერი და ეს განსხვავებაა.

რუსა მაჩაიძე