ვანგელის, შენ გელის... ჯოჯოხეთი! - კვირის პალიტრა

ვანგელის, შენ გელის... ჯოჯოხეთი!

ანგელის პავლიდისი საბერძნეთის ნაკრებისა და "ალკმაარის" თავდამსხმელია. ნიდერლანდური კლუბის მაისურით გამართულ 26 მატჩში 23 გოლი გაიტანა, თუმცა... ნაკრებში ასეთივე შედეგიანი ვერ არის და იმედია, ასეც გააგრძელებს მინიმუმ უახლოესი მატჩის განმავლობაში. ყაზახებთან 5:0 მოგებულ ნახევარფინალში ელინთა მწვრთნელმა პავლიდისი სათადარიგო სკამზე დატოვა და იმედია, ვანგელისს ვერც "დინამო არენაზე" ვნახავთ. პავლიდისს არაფერს ვერჩით და დანარჩენი ბერძნებისგან არც გამოვარჩევთ. რა მისი ბრალია, მშობლებმა მაინცდამაინც ის სახელი რომ დაარქვეს, დღევანდელი წერილის სათაურს რომ მოუხდა?!

ფიქრობთ, რომ სახუმაროდ არა გვაქვს საქმე? ვითომ რატომაც არა?! ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მხოლოდ ერთი მოგება გვაშორებს და... ამიტომაც არათუ ვანგელისს ან რომელიმე სხვა ბერძენს - მხოლოდ გამარჯვებას ველით და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ!

"ჯოჯოხეთს" კი ბერძნები "დინამო არენაზე" ელიან: სწორედ ასეთი ეპითეტი­ გამოიყენა ბერძნული გამოცემის ჟურნალისტმა. მთავარ საშინაო არენაზე მასპინძლებს ფანტასტიკური მხარდაჭერა ექნებათო, დარწმუნებული არიან ბერძნები და სტუმრებს მოლოდინი არ უნდა გავუწბილოთ! მანამდე კი, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ლუქსემბურგთან მატჩზე - უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალზე, რომელმაც კოკისპირული წვიმისა და ზღვა ემოციის ფონზე ჩაიარა:

Firefighter

ქართულ ენაზე "მეხანძრეს" ნიშნავს და ჰქვია სიმღერას, რომელიც ნუცა ბუზალაძემ წლევანდელ "ევროვიზიაზე" უნდა შეასრულოს. საქართველო-ლუქსემბურგის დროს ისე ხვავრიელად წვიმდა, სახანძრო მანქანა მხოლოდ წყლის ამოსატუმბად თუ გახდებოდა საჭირო, მაგრამ ტაიმებს შორის მოედანზე ნუცას გამოჩენამ და მისმა ენერგიულმა სიმღერამ ტრიბუნებს უფრო მეტი მუხტი შესძინა. ისევე, როგორ თამაშის დაწყებამდე, მოედანზე გასულმა ილია თოფურიამ, UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, მაყურებელს ჩემპიონის ქამარი წარუდგინა, ლევან კობიაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან კი საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისური მიიღო.

საქართველოს ნაკრებს ცეცხლთან არ უბრძოლია, ლუქსემბურგელ "წითელ ლომებთან" კი ნამდვილად იომა და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლუქსემბურგის­ მასშტაბის საფეხბურთო ქვეყანასთან "ომის" ხსენება საქართველოს ნაკრებისთვისაც კი სირცხვილი იქნებოდა, თუმცა... დღეს სხვა ვითარებაა. მეტიც, ლუქსემბურგელებს­ უკვე იმხელა ამბიცია აქვთ, საქართველოს ნაკრებთან თბილისში წაგებას... მსაჯს აბრალებენ!

იმ ეპიზოდზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მთლიანობაში კი ჩვენი გუნდის თამაში დადებითად უნდა შეფასდეს: გუნდს აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი და დავალება, სანიოლის ტაქტიკურმა მონახაზმაც გაამართლა და რაც მთავარია, ჟინი და მონდომება მოედანზე მყოფი ყველა ქართველისგან იგრძნობოდა. მატჩი ყველამ ნახეთ და, ბერძნებთან კარსმომდგარი შეხვედრის წინ უკვე ჩავლილზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ რამდენიმე სიტყვა მაინც უნდა ვთქვათ: სანიოლმა შემტევი შემადგენლობა­ შეარჩია (ლუქსემბურგთან სხვაგვარად, როგორ უნდა ყოფილიყო?!) და სანამ იმაზე ვმარჩიელობდით, ზივზივაძეს ათამაშებდა თუ მიქაუტაძეს, ორივე თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. არც შემცდარა - მატჩის მთავარ გმირად სწორედ ბუდუ ზივზივაძე იქცა: ორივე გოლი მის ანგარიშზეა და სხვა ეპიზოდებშიც ძალიან ბევრი იბრძოლა. ბუდუ ტიპური "საჯარიმოს ფორვარდია" - კარის სიახლოვეს ბურთი თუ მიიღო, გაწბილებული იშვიათად რჩება. გასაგებია, რომ ზივზივაძის ფონზე შედარებით დაბალი შეფასება მიიღო გიორგი მიქაუტაძემ, მაგრამ სინამდვილეში, "ჟორჟი" ძალიან სასარგებლო იყო - ბევრს მოძრაობდა (მათ შორის, იმ პოზიციებზეც, სადაც მცველები არ ელოდნენ), მუდმივად კარისკენ იწევდა და რაც მთავარია, სწორედ მანდ შექმნა ეპიზოდი, რომელიც მატჩის გარდამტეხ მომენტად იქცა: ჩაკვეტაძის (რომელმაც ასევე ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა!) პასის შემდეგ მიქაუტაძემ ჩვეული ოსტატობით დაუმალა ბურთი მცველებს და მის წინააღმდეგ წესების დარღვევა რომ არა, საჯარიმოში შესვლასაც მოასწრებდა. იმ მომენტში მსაჯმა დარღვევა ვერ შენიშნა და თამაში გაგრძელდა, რასაც ქართველების შეცდომა და როდრიგესის­ გოლი მოჰყვა. თუმცა საბოლოოდ საქმეში მაინც ჩაერია VAღ (Vიდეო Aსსისტანტ ღეფერეე) და არბიტრმა ლუქსემბურგელების გოლი გააუქმა, შანო კი მოედნიდან გააძევა.ლუქსემბურგელებისა რა გვიკვირს, დამარცხდნენ და ბუნებრივიც არის, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მხოლოდ იმაზე რომ ლაპარაკობდნენ, მატჩი მსაჯმა წაგვაგებინაო. მაგრამ... მე ის გამკვირვებია, მათ ბევრი ქართველიც რომ ეთანხმება! არ ვიცი, VAR-ის შესახებ პირველად ახლა თუ გაიგეს, მაგრამ მოგვწონს თუ არა, არბი­ტრის ვიდეოასისტენტის მთავარი ფუნქცია სწორედ საეჭვო ეპიზოდების გადამოწმებაა. გადაამოწმეს კიდეც, მსაჯს შესაძლო დარღვევაზე აცნობეს, სანჩესმა კი ვიდეოჩანაწერი პირადად შეამოწმა და გააუქმა გოლი, რომელიც წესების დარღვევის შემდეგ დაწყებულ შეტევას მოჰყვა! არბიტრს იმიტომ ჰქვია "მთავარი", რომ ასეთ ეპიზო­დებში გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს და მიიღო კიდეც - მართლა გგონიათ, რომ "მოვისყიდეთ" ან ილია თოფურიამ შეაშინა?!ასე რომ, ნუ ვიქნებით "პაპზე (და ლუქსემბურგელებზე) უფრო კათოლიკეები" და ჩვენი ნაკრების დამუნათებას, აქაოდა, ფინალში მსაჯმა გაგვიყვანაო, სჯობს, ბიჭები­ გავამხნევოთ და უმნიშვნელოვანეს მატჩში­ წარმატება ვუსურვოთ. იყო ეპიზოდები, როცა უხეში შეცდომები დავუშვით (ასეთებს საბერძნეთი არ გვაპატიებს!), ისიც ვნახეთ, რომ პირველი ტაიმის მოგების შემდეგ ზოგიერთმა ფეხბურთელმა ნაადრევად­ ირწმუნა გამარჯვება და კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ მთლიანობაში ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ნაკრებმა დაუმსახურებლად მოიპოვა ფინალის საგზური?

ufc-is-pirvelma-kartvelma-chempionma-ilia-topuriam-maqurebels-chempionis-kamari-carudgina-le-1711289599.jpg

აუცილებლად უნდა ვახსენოთ სტადიონზე მისული მაყურებელიც: საბედნიეროდ, უკვე ვისწავლეთ, რომ ტრიბუნები მატჩის დაწყებამდე უნდა შევავსოთ და არა პირველი ტაიმის ბოლოს, ეროვნული ჰიმნიც გუნდთან ერთად შევასრულოთ და ტაში მხოლოდ ჩვენების გოლს არ მივაყოლოთ. ამ მხრივ საქართველო-ლუქსემბურგზე მისული ქომაგი მართლაც სამაგალითო იყო და ცხადია, 26 მარტს კიდევ უფრო მობილიზებული იქნება. ის მუხტი და "ცეცხლი", რაც სტადიონსა და ტრიბუნებზე ვნახეთ, კოკისპირულმა წვიმამაც ვერ ჩააქრო. ვერც ნუცამ და მისმა Fირეფიგჰტერ-მა.

არც უნდა ჩაქრეს. საბერძნეთის ნაკრებთან, პირველ რიგში, სწორედ ამ მუხტმა, მონდომებამ, ერთიანობამ უნდა მოგვაგებინოს. ბერძნებთან ხვიჩაც დაგვემატება და...

ბერძნული ნავსი უნდა გავტეხოთ!

ნავსია, აბა, რა?! აქამდე გამართული­ ცხრა მატჩიდან საბერძნეთის ნაკრებმა შვიდი­ მოგვიგო, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა. ასეთი ცუდი სტატისტიკა ბერძნებზე გაცილებით ძლიერ ნაკრებებთანაც კი არა გვაქვს და დროა, უსიამოვნო ტრადიცია დასრულდეს, ოღონდ, ამისთვის უფრო მეტი კონცენტრაცია და მონდომება იქნება საჭირო. საბერძნეთს არა ჰყავს კვარაცხელიას მასშტაბის ვარსკვლავი, მაგრამ ჰყავს შეკრული, ევროპის ძლიერ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც თამაშის "ჩაკეტვაც" ეხერხება და შეტევაზე სწრაფად გადასვლაც.

კიდევ ვამბობ: საქართველოს ნაკრებს­ არ ექნება ფუფუნება, დაცვაში ისეთი შეცდომები დაუშვას, გასულ მატჩებში და მათ შორის ლუქსემბურგთან შეხვედრაშიც­ რომ ვნახეთ. ცხადია, შეიცვლება ტაქტიკური­ მონახაზიც: დიდი ალბათობით, გამოკვეთილი ფორვარდი ერთი იქნება (ალბათ, ზივზივაძე), კვარა და ჩაკვე კი ბერძნების დაცვას უფრო სიღრმიდან შეუტევენ.

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი ამბობს, მეტოქეზე ყველაფერი ვიციო: "რთული მატჩი გველის. ქართველებს სწრაფი შემტევები ჰყავთ და კონტრშეტევაზე სახიფათონი არიან, მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ჩვენ ვითამაშებთ!" - თავდაჯერებულია ბერძენთა ურუგვაელი თავკაცი.

დიახ, თამაშის დაწყებამდე სწორედ საბე­რძნეთია ფავორიტი, მით უმეტეს, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკის გათვალისწინებით. თუმცა ეს ავადსახსენებელი სტატისტიკა სწორედაც რომ დამატებით მოტივაციად უნდა იქცეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის. გამარჯვება ორმაგად ფასეული იქნება და იმავდროულად, ახალი ეტაპის დასაწყისი ქართული ფეხბურთისთვის.

26 მარტი ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღად უნდა იქცეს - 13 წლის წინ ამავე სტადიონზე სწორედ ამ დღეს დავამარცხეთ ხორვატიის უძლიერესი ნაკრები!

სხვათა შორის, 26 მარტს უნდა გვეთამაშა 2020 წლის ერთა თასის პლეი-ოფის ნახევარფინალიც, თუმცა პანდემიის გამო ბელარუსთა ძლევა იმავე წლის ოქტომბრამდე გადაიდო, ერთ თვეში კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ავადსახსენებელი მატჩიც გაიმართა... მაგრამ აღარ გვინდა ცუდი ამბების გახსენება. ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ფინალს თამაშობს. სასწორზე გერმანიის საგზურია ("ევრო-2024"-ს სწორედ გერმანიის ქალაქები უმასპინძლებენ) და იქ საქართველოს ნაკრებიც უნდა ვნახოთ! ძალიან გვინდა ეს კვირა ოცნების ასრულების კვირა იყოს, იმ ოცნებისა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი 30 წელია რომ ელის. ზედმეტი აჟიოტაჟი, უსაფუძვლო შიში ან მოლოდინი არასწორია. ნაკრების ფეხბურთელებს დამატებითი წნეხი არ სჭირდებათ. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო მათ გვერდით არის, მომავალ 90 წუთს კი (შესაძლოა 120-საც), ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია მათი კარიერის, ქართული ფეხბურთის, მთელი ქვეყნისთვის...

დროა, ბერძნებს ვალი (მხოლოდ "ოქროს საწმისს" არ ვგულისხმობ) დავაბრუნებინოთ.

ვანგელის, შენ გელის... დიდი ომი!