"საფლავების მძარცველები":შავი არქეოლოგია საქართველოში - როგორ ანადგურებენ "განძზე მონადირეები" ქვეყნის ისტორიას - კვირის პალიტრა

"საფლავების მძარცველები":შავი არქეოლოგია საქართველოში - როგორ ანადგურებენ "განძზე მონადირეები" ქვეყნის ისტორიას

შავი, იგივე უკანონო არქეოლოგიის განვითარება საქართველოში 90-იანი წლებიდან იწყება. იმ პროცესების პარალელურად, რომელთაც ნგრევა და სიღატაკე გამოიწვიეს, "იაფი სიმდიდრის" მომპოვებლები ისტორიულ ძეგლებს შეესივნენ, გადათხარეს და მოძიებული ექსპონატების გატანა თურქეთში დაიწყეს. ამ წლებში ჩვენი­ ისტორიული სიმდიდრე სხვა ნივთებთან ერთად მიზერულ ფასად იყიდებოდა, მათზე­ მოთხოვნა კი განუზომელი იყო. მოგვიანებით, ისტორიული ექსპონატები ევროპის­ ქვეყნებშიც გავიდა, სადაც მათი კვალი დაიკარგა. თუმცა ამ დროიდან მოყოლებული­, შავ არქეოლოგიასთან დაკავშირებული კანონის დარეგულირება სახელმწიფოს არ უცდია. მართალია, ამ ეტაპზე ქვეყნიდან ძვირფასი ლითონების გატანა კონტროლდება, თუმცა შეუძლებელია შემოწმება, რა რაოდენობით მოხვდა ისტორიული ექსპონატი მოსახლეობაში, მათი გადადნობა ან სამკაულების სახით გასხვისება,­ მით უფრო, რომ შავი არქეოლოგების მუშაობის არეალი მკვეთრად გაფართოვდა, ექსპონატების მოძიება კი გაადვილდა. უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა მეტალოდეტექტორები, რომლებიც ძვირფას ლითონებს ნიადაგის ღრმა ფენებშიც აფიქსირებენ. მათი შეძენა უამრავ მარკეტსა და ონლაინმარკეტში შეიძლება, მათ შორის, სახლში მიწოდების სერვისით. ამ დღეებში ცნობილმა არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა წალკის წყალსაცავის­ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დაწეული წყალსაცავის არეალში მძიმე ტექნიკით გადათხრილი დაახლოებით 4500-წლოვანი ყორღანები ჩანს. როგორც ცნობილია, თრიალეთის ყორღანების ნაწილი წალკის წყალსაცავის აშენებისას წყალში მოყვა და მხოლოდ პერიოდულად ჩნდება მაშინ, როდესაც წყალსაცავის დონე დაბლა იწევს. სწორედ აქ, თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილ ოქროს თასებითა თუ სხვა ექსპონატებით გაითქვა სახელი უძველესმა ქართულმა კულტურამ მთელ მსოფლიოში. აღმოაჩინეს და გაიტაცეს თუ არა ძვირფასი ნაკეთობები წყალსაცავის ტერიტორიიდან, სამწუხაროდ, ამას ვერავინ გეტყვით. აპრილიდან კი წალკის წყალსაცავი კვლავ შეივსება და ტრაქტორებით გადავლილი ისტორია ისევ წყლით დაიფარება.

"დროა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მეტალოდეტექტორებით ძიება კანონით დარეგულირდეს"

გოდერძი ნარიმანიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: - 1999 წლიდან ყოველ წელს მივდივარ წლისაგან­ დაცლილი წყალსაცავის­ დასათვალიერებლად. მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში, წყალსაცავის აშენებამდე, ამ ტერიტორიაზე არაერთი­ ყორღანი გაითხარა. იქ აღმოჩენილი მასალები საქართველოს ეროვნული მუზეუმის­ მუდმივ გამოფენაზე შეგიძლიათ იხილოთ. როდესაც საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა სურთ, წყალსაცავის ტერიტორიაზე მოპოვებული უნიკალური მასალაა წარმოდგენილი. თავის დროზე, ბ. კუფტინმა დიდხანს იმუშავა მომავალი წყალსაცავის ფსკერზე და ყველა დარწმუნებული­ ვიყავით, რომ ძირითადი აღმოჩენები უკვე მომხდარი იყო, მაგრამ 1999 წლის ზამთარში­, როდესაც წყლის დონე მაქსიმალურად იყო დაწეული­, კიდევ მრავალი არქეოლოგიური ძეგლი იპოვეს. ეს მცირე შესავალი­ იმიტომ გავაკეთე, რომ 2024 წლამდე ყველა არქეოლოგიური ობიექტი ხელუხლებელი გვხვდებოდა. წლევანდელმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენი­ ისტორიის მძარცველებმა, რომლებიც­ მეტალოდეტექტორებით არიან აღჭურვილი, აქამდეც მოაღწიეს. საქართველოში არაერთგან შემხვედრია მათი ნაკვალევი, მაგრამ წალკის წყალსაცავმა გვიჩვენა, რომ ისინი უკვე მძიმე ტექნიკითაც შეიარაღდნენ და, შესაბამისად, უფრო საშიში­ გახდნენ. მძარცველები აქ დიდთოვლობის დროს მოსულან, თოვლი ტექნიკის საშუალებით მოუშორებიათ ყორღანისათვის და ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე. დროა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე მეტალოდეტექტორებით ძიება და არტეფაქტების მოპოვება კანონით დარეგულირდეს!

"ჩანს, შავ არქეოლოგებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ"

ქვეყანაში შავი არქეოლოგების კვალს მკვლევრები ყველგან აწყდებიან. მათ შორის, ერთ-ერთი აქტიური მკვლევარი კუკური მეტრეველია სამცხე-ჯავახეთში. ამ ისტორიული ძეგლებით გამორჩეულ მხარეში ის შავი არქეოლოგიის სავალალო კვალს არაერთ ძეგლზე ხედავს.

- უამრავი მკვლევარია, ვინც ამ ისტორიის მძარცველებისაგან გადათხრილ ისტორიულ ძეგლებს წასწყდომია და ეს საჯაროდაც განუცხადებია. თუმცა არავინ ისჯება იმის გამო, რომ ჩვენი ისტორია­ გაძარცვა. ან შედეგი როგორ გამოჩნდება, როდესაც ქვეყანაში კანონით არ არის დარეგულირებული, რომ ისტორიული ექსპონატების განზრახ თხრა, გარდა სპეციალისტებისა, აკრძალული უნდა იყოს, მით უფრო დღეს, როდესაც ყველას შეუძლია ხელში მეტალოდეტექტორი დაიჭიროს და მთელი საქართველო გადათხაროს. მთელი საქართველო წინაპართა საძვალეებითა­ და მათი კვალით არის სავსე. ჩვენს ისტორიას უამრავი ადამიანი გასაძარცვად არის შესეული და ამ ვანდალიზმის კვალს სულ უფრო ხშირად ვხედავ. განსაკუთრებით დაცლილ სოფლებში. ეს ხალხი მეტა­ლოდეტექტორით იკვლევს, სად არის მეტალი და სად გააკეთოს თავისი ავი საქმე. არაადამიანებისთვის ეს საქმე უკვე ბიზნესად არის გადაქცეული. ყველა ფაქტი მაქვს აღრიცხული, შემიძლია ოფიციალური სტრუქტურებიც ნაჯიჯგნ ძეგლებზე წავიყვანო და ვაჩვენო, მაგრამ რეაგირება არ იქნება. განა მარტო ახლა? ასეა 1990-იანი წლებიდან, რა დროიდანაც შავი არქეოლოგია აღორძინდა. სხვათა შორის, ერთ-ერთ პირველ გამაოგნებელ ფაქტს 2000-იანი წლების დამდეგს თავად წავაწყდი, იალას ველზე თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ისტორიულ ძეგლზე ვიღაც კაცს ტრაქტორი ჰყავდა მიყვანილი და მიმტკიცებდა, აქაურობა უნდა გავთხარო, უნდა დავამტკიცო, რომ აქ შუმერები ცხოვრობდნენო! შემდეგში მსგავსი ამბები გახშირდა. მართალია, ყველას ტრაქტორით არ მუშაობს, მაგრამ ბნელ საქმეს ხელითაც ახერხებენ. მთელ მესხეთ-ჯავახეთში ლამის მთელი ძეგლები გადათხრილია. რამდენიმე წლის წინ ნინოწმინდაში ძეგლთან ერთად გარშემო საფლავებიც კი ამოტრიალებული დამხვდა. 18 საფლავიდან ძვლები იყო ამოყრილი. შოკირებულმა ჟურნალისტებს ვთხოვე დახმარება. ჩამოვიდა კიდეც ერთ-ერთი ტელევიზია, მაგრამ ჟურნალისტსაც და მეც იქვე მითხრეს, ამაზე სიუჟეტი არ გაუშვათო.

ჩანს, შავ არქეოლოგებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ. სხვათა შორის, ნინო­წმინდის საფლავების დარბევის შესახებ სიუჟეტი ტელევიზიაში მაინც გავიდა, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლის კომენტარი ასეთი იყო, რას ამბობთ, საფლავებს არავინ­ შეხებია, ჩვენ იქ ყველაფერი ვნახეთ, მხოლოდ ერთი საფლავია, ასე ვთქვათ, გაკაწრულიო. თავი ვერ შევიკავე, დავურეკე იმ პირს და ვუთხარი, ის წინაპრები, რომლებიც იმ საფლავებში იყვნენ, შეიძლება შენი უშუალო წინაპარი უფრო იყოს, ვიდრე ჩემი, მაგრამ ჩათვალე, რომ წინაპარი საერთოდ არ გყოლია, უსამშობლო და უნიადაგო კაცი ხარ-მეთქი. არადა, ის პირი დღესაც, მგონი, ისევ კულტურის სამინისტროში მუშაობს.

- იქნებ ფაქტის გამზეურებას ეთნიკური შუღლის აცილების მიზნით მოერიდნენ.

- მე არ ვფიქრობ, რომ მსგავს ფაქტებს ეთნიკური საფუძველი აქვს. პირიქით, მგონია, შავ არქეოლოგიას ის ხალხი მისდევს, ვინაც წარსული იცის და ისიც სმენია, რა წეს-ჩვეულებები გვქონდა. წარმოიდგინეთ, კლდეებზე, გამოქვაბულებშიც კი დაუწყეს ძიება ოქროს. იციან, მტრის შემოსევების დროს ჩვენი წინაპარი განძს ხშირად ინახავდა მიუვალ ადგილებში. შავი არქეოლოგები ისტორიის კარგად მცოდნე პირებისგან შემდგარი ჯგუფებია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ანადგურებენ უკვე დეტექტორებითა და მძიმე ტექნიკით. დეტექტორი პირდაპირ მიუთითებს, სად არის ჩაფლული ლითონი და მის მოძებნას რაღა უნდა! წალკაში, წყალსაცავის ყორღანზე შავი არქეოლოგების მიჭაჭანება როგორ შეიძლებოდა, როცა სწორედ ყორღანის კულტურამ გააცნო სულ სხვა კუთხით საქართველო მსოფლიოს. თუკი არქეოლოგმა ნახა ეს ნამუსრევი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატომ არ ნახა?! ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მეცნიერების საპატ­რონო არ არის, სახელმწიფომ თვალი უნდა გაახილოს და ისტორია კანონით დაიცვას.

"თუ სახელმწიფო სახელმწიფოს არ დაემსგავსა, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გაიძარცვება"

ექსპერტმა ანდრო ბარნოვმაც­ განაცხადა მეტალოდეტექტორებით შეიარაღებული ოქროს მაძიებლების შესახებ, რომელიც მის კუთვნილ ტერიტორიას ყოფილან შესეული.

- სოფელ ახალციხეში ვენახი მაქვს, ღვინოს ვაწარმოებ, მის მიმდებარედ კი ჯერ კიდევ შეუღობავი ნაკვეთია. იმ დღეს ჩემი მუშახელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, როდესაც ნაკვეთთან ხალხით სავსე სამი "ჯიპი" მოვიდა. ავტომანქანებიდან რაღაც ხელსაწყოებით შეიარაღებული ხალხი გადმოვიდა და ჩემს ნაკვეთს შეესია. თავიდან ვერც მივხვდი, რა უნდოდათ და რატომ მოვიდნენ, მაგრამ ერთმა მუშამ მითხრა, ეგენი აქ რაღაცას ეძებენ, დეტექტორები იმიტომაც მოიტანესო. ნაკვეთში გადავედი და ვიკითხე, ვინ ხართ ან ჩემს ნაკვეთში რას აკეთებთ-მეთქი?! მიპასუხა, მონეტებს ვეძებთო!

- ასე პირდაპირ გიპასუხათ?

- დიახ. რომ ვუთხარი, ახლავე აქედან წადით, ეს ნაკვეთი კერძო საკუთრებაა-მეთქი, ერთი მათგანი ავტომანქანასთან ჩავიდა და დანარჩენებს ურეკავდა, ახლავე ჩამოდით, თურმე ნაკვეთი კერძო საკუთრება ყოფილაო. ასე, 15 წუთი დარჩნენ, ჩასხდნენ ავტომანქანებში და წავიდნენ. თუ სახელმწიფო სახელმწიფოს არ დაემსგავსა, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გაიძარცვება, მით უფრო, მიწაში დამარხული ლითონის ამომცნობი დეტექტორის შეძენა არავის უჭირს, საკმარისია გამოიწერო და შინ მოგიტანენ.