ზელენსკის შურისძიება:"სარეკორდო" შეტევა ყირიმზე - კიდევ რამდენ რუსულ ხომალდს წაიყვანს კრეისერი "მასკვა" საზღვაო "საიქიოში"?! - კვირის პალიტრა

ზელენსკის შურისძიება:"სარეკორდო" შეტევა ყირიმზე - კიდევ რამდენ რუსულ ხომალდს წაიყვანს კრეისერი "მასკვა" საზღვაო "საიქიოში"?!

23 მარტს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ანექსირებული ყირიმის რუსულ სამხედრო ობიექტებზე, ამ ომში ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს Storm Shadow/SCALP-EG ტიპის „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის ორ ათეულამდე მართვადი ფრთოსანი რაკეტის გაშვებით...

თანამგზავრული ფოტოებით,რომლებიც ამ საჰაერო იერიშის შემდეგ იქნა გადაღებული და გამოქვეყნებული, უკვე შეიძლება იმის მტკიცება,რომ უკრაინელების დარტყმას საკმაოდ მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა ჰქონდა...

პირველი-უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმა მიაყენეს ოკუპირებულ სევასტოპოლში მდებარე ერთ კონკრეტულ შენობას,რომელშიც ათი წლის წინ,რუსული ოკუპაციის დაწყებამდე...თავად უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი იყო განთავსებული,ეხლა კი იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კავშირგაბმულობის მთავარი ცენტრი ფუნქციონირებს,საიდანაც იმართება უკრაინის ქალაქებზე დრონებისა და რაკეტების თავდასხმა-შესაბამისად, სახურავის ჩანგრევისა და უშუალოდ სამსართულიანი შენობის შიგნით აფეთქების შედეგად იქ მომუშავე არაერთი რუსი სამხედრო შეიძლება დაჭრილიყო/დაღუპულიყო.

მეორე-ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გვარდეისკის საჰაერო ბაზასთან უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა ნავთობბაზის 15 რეზერვუარიდან არანაკლება სამი ააფეთქეს.

1-x1-1711362298.png
უკრაინული რაკეტის მოხვედრის შემდეგ 775 პროექტის რუსული დიდი სადესანტო ხომალდ „იამალის“ ტრიუმებიდან ეხლა შეუწყვეტლივ ქაჩავენ ზღვის წყალს, რომ ეს, 112 მ სიგრძისა და 4 ათასი ტონა წყალწყვის ხომალდი ნავმისადგომთან არ ჩაეძიროთ...

მესამე და მთავარი- უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ოკუპირებული სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის მე-13 გემთსარემონტო ქარხნის ნავმისადგომთან ამავე საჰაერო ოპერაციის დროს ფრთოსანი რაკეტის ზუსტი მოხვედრის შედეგად კრიტიკული დაზიანება მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდმა „იამალმა“ და ის მარჯვენა ბორტზე დაფერდდა-ხომალდის ტრიუმებიდან შეუწყვეტლად მიმდინარეობს ზღვის წლის ამოქაჩვა,რომ „იამალი“ არ ჩაიძიროს...

გარდა ამისა,ამავე გემთსარემონტო ქარხნის სიახლოვეს ღუზაჩაშვებული მეორე დიდი სადესანტო ხომალი „აზოვი“ და სადაზვერვო ხომალდი „ივან ხურსი“ სავარაუდოდ,ასევე დაზარალდნენ უკრაინული საჰაერო დარტყმების შედეგად...

2-x-1711364099.png
საბჭოთადროინდელი Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენისა და ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების დუეტი უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტის მთავარ თავსატეხად გადააქციეს...

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად,უკრაინულმა Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებმა ამ მასირებული საჰაერო დარტყმის განხორციელების დროს 18 ერთეული Storm Shadow/SCALP-EG ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს რუსული სამხედრო ობიექტების მიმართულებით ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე,რომლებიდანაც 11 რაკეტა თითქოსდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს-თავად სევასატოპოლელების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს,რომ ღამით როგორ ეცემა სამიზნეებს და ფეთქდება არანაკლებ ხუთი უკრაინული რაკეტა,ხოლო ერთ ფრთოსან რაკეტას ღამისეულ ცაში რუსული საზენიტო რაკეტა ანადგურებს.

3-x1-1711363978.jpg

თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს,რომ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდ „იამალზე“ უკრაინული ფრთოსანი რაკეტის მოხვედრის შემდეგ,ზღვაში საკმაო რაოდენობით დიზელის საწვავი ჩაიღვარა,ხოლო თავად „იამალის“ გადარჩენას სამი საზღვაო ბუქსირი ცდილობს...

ფოტოს მარჯვენა მხარეს მოჩანს უშუალოდ ნავმისადგომთან მდგარი მეორე, ამავე პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი „აზოვი“,რომელიც უშუალოდ ნავმისადგომზე უკრაინის ფრთოსანი რაკეტის აფეთქების შედეგად, სავარუდოდ ასევე დაზიანდა...

თუკი დაზიანებული „იამალიც“ ჩაიძირა,გამოვა,რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ამ ომში უკრაინელების სარაკეტო თავდასხმებისა და საზღვაო კამიკაძე-კატარღების შეტევების შედეგად არანაკლებ ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი დაკარგეს იმ შვიდიდან,რაც ომის დაწყების წინ ჰყავდათ შეიარაღებაში(უკრაინაზე თავდასხმის წინ რუსეთმა სამხედრო-საზღვაო სწავლებების მომიმიზებით ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტებიდან შავ ზღვაში კიდევ ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი შემოიყვანა).

P.S. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დიდი საბრძოლო ეფექტიანობა,რაც საბჭოთადროინდელი Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენისა და ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების დუეტს მოაქვს-ნატოს ამ ფრთოსანი რაკეტების ნაწილის ჩამოგდება მართალია ისწავლა რუსეთის საჰაერო თავდაცვამ,მაგრამ ის რაკეტები, რომლებიც „გაუსხლტებიან“ რუსულ საზენიტო „პანცირებსა“ და „ბუკებს“,ზეზუსტ საჰაერო დარტყმებს აყენებენ რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს,პირველ რიგში კი სამხედრო ხომალდებსა და აეროდრომზებზე განთავსებულ საბრძოლო თვითმფრინავებს...

4-x-1711363924.png
სქემატური სურათი იმისა,შავ ზღვაში მყოფი 13 რუსული დიდი სადესანტო ხომალდიდან რამდენი ჩაძირეს უკრაინელებმა და კიდევ რამდენს მოელის იგივე ბედი...

თუმცა წარმატებული შედეგი უკრაინული მხარისთვის მხოლოდ მას შემდეგ დგება,თუკი ისინი მასიურად გამოიყენებენ ამ მართვად და „ჭკვიან“,თუმცა ამასთანავე ძვირ ფრთოსან რაკეტებს(ერთი Storm Shadow/SCALP-EG-ს ფასი 1,3 მლნ ევროს აღწევს),მაგრამ ამისთვის საჭიროა,რომ დასავლეთმა გააგრძელოს მათი შეუფერხებელი მიწოდება,რაც დღეს ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი უკრაინისთვის-გერმანული Taurus KEPD-350 ტიპის ფრთოსანი რაკეტები თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ბრიტანულ-ფრანგულ Storm Shadow/SCALP-EG-ბზე მაღლა დგანან,მაგრამ გერმანიის ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს მათი უკრაინისთვის გადაცემაზე,პირველ რიგში კი იმის შიშით,რომ გამწარებულმა უკრაინელებმა 500 კმ-ზე შორს მფრენი „ტაურუსები“ თვით კრემლისკენ არ მიმართონ,რომელიც უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მხოლოდ 450 კმ-ითაა დაშორებული...

იხილეთ ვიდეო "ტვიტერზე"