წინასწარ "დაანონსებული" ტრაგედია?! - პუტინის შემზარავი თამაშები: შეიძლებოდა თუ არა მოსკოვის სისხლიანი მოვლენების თავიდან აცილება - კვირის პალიტრა

წინასწარ "დაანონსებული" ტრაგედია?! - პუტინის შემზარავი თამაშები: შეიძლებოდა თუ არა მოსკოვის სისხლიანი მოვლენების თავიდან აცილება

22 მარტს, პარასკევს საღამოს, მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მუსიკალური ჯგუფი „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე ტერორისტული აქტი მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 137 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაშავდა 182 ადამიანი. 24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა "კროკუს სიტი ჰოლის“ საკოცერტო დარბაზში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ოთხ პირს: დალერჯონ მირზოევს, საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამად სობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის. თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ნუ ვიჩქარებთ საბოლოო დასკვნების გამოტანას.

ვისი დაგეგმილი და განხორციელებული იყო ეს საზარელი ტერაქტი, რომლის მსხვერპლი სრულიად უდანაშაულო ადამიანები გახდნენ? ამ შემზარავ ტერორისტულ ოპერაციას წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ერთად გავიხსენოთ.

picture4-1711434489.jpg

ერთ–ერთ ეჭვმიტანილს საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდეს, რუსმა „ჩეკისტებმა“ დაკავებისას ყური მოაჭრეს

ყველა დიქტატორს უყვარს სიმბოლოები, სათქმელის ალეგორიებითა და მინიშნებებით გადმოცემა. ეს მათი „მეტყველების ენაა“. ამიტომ ხშირად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოქმედებას, ვიდრე ოფიციალურ განცხადებას. 17 მარტს რუსეთში „პრეზიდენტის არჩევნები“ დასრულდა, ვინ გაიმარჯვებდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. ყველა ქვეყანაში ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველ ვიზიტს უცხოეთში, ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებიან: ეს ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე მიანიშნებს. რუსეთის ახალ–ძველ პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების დიდი არჩევანი არა აქვს: ზუსტად ერთი წლის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ამიტომ რუსეთის ახლად „არჩეული“ პრეზიდენტის უცხოეთში პირველი ვიზიტი, ალბათ რუსეთის მსგავს მარგინალურ ქვეყანაში შედგება. თუმცა მანამდე „ჩეკისტმა“ პუტინმა ყველას გასაგონ–დასანახად აჩვენა, თუ რომელ სახელმწიფო სტრუქტურას ენდობა ყველაზე მეტად. ომში მყოფ ქვეყანაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საიმედო სახელმწიფო სტრუქტურა, არა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, არამედ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ეფ–ეს–ბე) აღმოჩნდა.

19 მარტს რუსეთის ახლად „არჩეული“ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეფ–ეს–ბეს ეწვია: შეაქო, მოეფერა და მტრის (რა თქმა უნდა „დასავლეთის“ და უკრაინის) წინააღმდეგ საბრძოლველად „დარაზმა“. მან აღნიშნა 2023 წელს ეფ–ეს–ბეს წარმატებული საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიმართულებით (ალბათ რუს „ჩეკისტებს“ ის შემართება მოუწონა, თუ როგორი სიჩაუქით ავლენენ უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეებს და ოპოზიციონერებს, ასაკისდა მიუხედავად).

picture3-1711434489.png

პუტინის სიტყვებს ბორტნიკოვი გულმოდგინეთ „აკონსპექტებს“

იმ შეხვედრაზე პუტინმა არც კონტრდაზვერვის სტრუქტურა დაივიწყა: „ბევრია დამოკიდებული ჩვენს კონტრდაზვერვაზე. ეს ეხება როგორც ანტიტერორიზმის სფეროს, ექსტრემიზმთან ბრძოლას, ასევე მოვლენებსაც, სადაც დასავლური სადაზვერვო სამსახურების „ყურები ხშირად ჩანს“ . . . . საუბარია უცხოური სპეცსამსახურების სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის განეიტრალებაზე და სტრატეგიული ხასიათის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზეო“, - დააკონკრეტა რუსეთის დიქტატორმა.

პუტინმა დაავალა ეფ–ეს–ბეს ხელმძღვანელობას რუსეთის სხვა სადაზვერვო სამსახურებთან და სამართალდამცავ უწყებებთან ერთად, გააძლიეროს ანტიტერორისტული საქმიანობა ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ირონიული იყო პუტინის გამოსვლის ის ნაწილი, როდესაც „ამერიკელების გაფრთხილებაზე“ საუბრობდა.

მკითხველს შევახსენებ, რომ 2024 წლის 8 მარტს აშშ–ის საელჩომ მოსკოვში გაავრცელა პრესრელიზი, სადაც აღნიშნული იყო: „საელჩოს გააჩნია ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ექსტრემისტები გეგმავენ თავდასხმებს მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე. ამიტომ აუცილებელია, რომ მომდევნო 48 საათის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეებმა თავი აარიდონ ამ სახის შეკრებებსო “. რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ანალოგიური მოწოდებით მიმართა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც . ჩემი ვარაუდით ამერიკელები პუტინს, სპეცსამსახურების ხაზით, უფრო კონკრეტულ ინფორმაციასაც მიაწვდიდნენ.

picture2-1711434489.jpg

პუტინის და ეფ–ეს–ბეს „რომანს“ მრავალი წლის ისტორია აქვს

პუტინმა კი დასავლელი დიპლომატების განცხადებებს, რუსეთში ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ "პირდაპირი შანტაჟი" უწოდა. მან მიანიშნა, რომ ალბათ უკრაინელები გეგმავენ ტერაქტებს „დასავლეთის მხარდაჭერით და მათი პირდაპირი მითითებით“ და ამიტომ წინასწარ „ალიბის“ შექმნა უნდათო.

განსაკუთრებული პათოსით წარმოთქვა პუტინმა შემდეგი სიტყვები: „ ეფ–ეს–ბემ არ უნდა დაივიწყოს მოღალატეები, რომლებიც მონაწილეობენ კიევის მხარეს საომარ მოქმედებებში. ასეთი კრიმინალები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, გასული დროის მიუხედავადო“.

პუტინს, საბჭოთა ბელადების სიტყვით გამოსვლების მსგავსად, სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს ტაშით და მქუხარე აპლოდისმენტებით.

პუტინმა კმაყოფილმა დატოვა დარბაზი. კმაყოფილი იყო რათქმა უნდა ეფ–ეს–ბეს დირექტორი, არმიის გენერალი ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ყველა სპეცსამსახურის კურატორი ნიკოლაი პატრუშევიც (რომელიც, არსებული ინფორმაციით , პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელ კორპუსების აფეთქებებს 1999 წელს). თუმცა მათ არ იცოდნენ, თუ რა პროფესიული სირცხვილი და დამცირება ელოდათ სამი დღის შემდეგ .

თუმცა არის სხვა ვერსიაც: რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ წინმსწრები ოპერატიული ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, მაგრამ „თვალები დახუჭეს“, რათა ეს საზარელი დანაშაული შემდეგ უკრაინელებისთვის გადაებრალებინათო.

მართლაც ტერაქტიდან უკვე რამდენიმე საათში ეფ–ეს–ბემ გაავრცელა ინფორმაცია "უკრაინული კვალის" შესახებ, ხოლო მეორე დღეს, 23 მარტს, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ტერაქტის ოთხივე პირდაპირი მონაწილე დავაკავეთ და გაირკვა, რომ მათთვის უკრაინის მხარეს საზღვრის გადასაკვეთად „ფანჯარა“ იყო უკრაინელების მიერ მომზადებულიო. რუსეთის ტერიტორიიდან როგორ უნდა მიეღწიათ ამ „ფანჯარამდე“, ამის თქმა პუტინს „დაავიწყდა“.

ტერაქტიდან რამდენიმე საათში საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართვა, რომელიც ტერაქტზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა.

picture1-1711434489.jpg

მოვლენების ამგვარი განვითარება არ შედიოდა რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში და რუსმა „პროპაგანდისტებმა“ ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობა „ამერიკელი იმპერიალისტების მიერ შემოცურებულ“ ფეიკად მონათლეს. მათთვის მთავარი ხომ „უკრაინული კვალის“ ვერსიის დამტკიცება არის! ამიტომ დაიწყეს გავრცელებულ ტექსტში ჩხირკედელაობა, რათა როგორმე დაემტკიცებინათ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართვა ყალბი იყო. ამ „საინფორმაციო ომში“ თავისი სიტყვა ებრაელმა და არაბმა ექსპერტებმა თქვეს. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ადევნებენ თვალს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებულ, როგორც მიმართვებს, ასევე ამ ორგანიზაციის საქმიანობას. მათი მტკიცებით ყველა დეტალი მიუთითებს ამ გზავნილების ავთენტურობაზე. რატომ აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე რუსეთი? ჯიჰადისტებს რუსეთზე შურისძიების მინიმუმ ორი მიზეზი აქვთ: პოლიტიკური და რელიგიური.

გავიხსენოთ, რომ ISIS-ს რუსეთთან დაპირისპირების საკმაოდ დიდი და მძიმე ისტორია აქვს: 2015 წელს ამ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ეგვიპტიდან აფრენილი რუსული ავიახაზების თვითმფრინავის აფეთქებაზე. მაშინ ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა; 2022 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქაბულში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს. მაშინ დაიღუპა ორი რუსი დიპლომატი და ოთხი ავღანელი დაიღუპა.

რუსეთსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, სადაც რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარეს დადგა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა.

გარდა ამისა, „თალიბანი“ არის „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე დიდი მტერი და ამიტომაც რუსეთის „თალიბანთან“ მეგობრობა, კიდევ უფრო მეტად იწვევს „ისლამური სახელმწიფოს“ გაღიზიანებას.

22 მარტის მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა ბევრ კითხვას აჩენს რუსეთის სპეცსამსახურების პროფესიონალიზმის მიმართ, თუმცა ყოველთვის ასეა: როდესაც ქვეყნის მთავარი სპეცსამსახური „პოლიტიკურ პოლიციად“ იქცევა, ეს უკვე უდიდესი საფრთხეა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

პ.ს. „კუმ ფეხი გამოყოო“, – ასეა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ამბავი. უსაქმოდ დარჩენილი რუსეთის ყოფილი „პრეზიდენტი“ ცდილობს დიქტატორს აჯობოს „სიმკაცრეში“ და არა მარტო ტერაქტის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების, არამედ ვინც დაეხმარა და ვინც თანაუგრძნობდა, ყველას განადგურების წინადადებით გამოდის.