ფრანგული ომის 5 სცენარი: შეიყვანს თუ არა მაკრონი ოდესაში 20-ათასიან ჯარს - რა ამოცანები ექნებათ ნაპოლეონის მემკვიდრეებს - კვირის პალიტრა

ფრანგული ომის 5 სცენარი: შეიყვანს თუ არა მაკრონი ოდესაში 20-ათასიან ჯარს - რა ამოცანები ექნებათ ნაპოლეონის მემკვიდრეებს

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ფრანგული ოკუპაციის მთავარი სცენარები უკრაინაში“ (ავტორი - ამორა კუტანსე-პერვიკერი), პუბლიკაციაში წარმოდგენილია უკრაინის ტერიტორიაზე საფრანგეთის ჯარების განლაგების ხუთი „პირობითი და არა ნამდვილი“ სცენარი, რაზედაც კვლავ აგრძელებს საუბარს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მათგან ორი გულისხმობს შეზღუდულ ჩარევას, სამი კი ისეთი სცენარია, რომელთა განხორციელება გარდაუვლად გამოიწვევს საფრანგეთის აღიარებას კონფლიქტის სუბიექტად და ისეთ დანაკარგებს, რომელთა შესახებაც მთავრობას მოსახლეობისათვის პასუხის გაცემა მოუწევს.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ემანუელ მაკრონი აგრძელებს განცხადებების გაკეთებას , რომ პარიზს შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ჯარების განლაგება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პარტნიორების უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ მსგავსი გეგმები მათ არ აქვთ, ფრანგი პრეზიდენტი მაინც არ ჩერდება და აღნიშნავს - „ბევრი ევროპული სახელმწიფო, ყველაზე პატარებიც კი“, სინამდვილეში მის კურსს მხარს უჭერენ. ამასთან დაკავშირებით, "ლე ფიგაროს" რედაქცია აღწერს უკრაინაში ფრანგული საჯარისო ქვედანაყოფების გაგზავნის სავარაუდო სცენარებს და მათ ჰიპოთეტურ შედეგებს.

როგორც ავტორი წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსაც წარმოადგენს და აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი სურვილით და ინიციატივით გასცეს ბრძანება ჯარების უკრაინაში გადასროლის თაობაზე. არსებული კანონები მას მხოლოდ იმას ავალდებულებს, რომ პარლამენტს, ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამ დღეში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება. ერთადერთი, რაც ასეთ შემთხვევაში კანონმდებლებმა უნდა განიხილონ და დაამტკიცონ, მხოლოდ ჯარების ყოფნის ვადების გაგრძელებას ეხება - ისიც ოთხი თვის თავზე მათი განთავსების შემდეგ.

სხვათა შორის, როგორც ავტორს საფრანგეთის თავდაცვის უწყებიდან ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, მუსიე ემანუელ მაკრონის პოზიცია სამ ძირითად კითხვას ბადებს: პირველი - რას ეტყვის პრეზიდენტი ფრანგ ხალხს, „როცა კუბოები დაიწყებს დენას უკრაინიდან“, მეორე - გასცემენ თუ არა ფრანგები პასუხს იმას, თუ ჯარებს ამოცანად დაუსახავენ გარკვეული რაიონის გაკონტროლებას, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გარეშე, მაგრამ რუსეთის დარტყმებით დაზარალდებიან და მესამე - მისცემს თუ არა ნებას აშშ საფრანგეთს მარტოდ ჩაებას რუსეთთან ბრძოლაში.

თუ საფრანგეთი მაინც გადაწყვეტს უკრაინაში სამხედრო სახით ყოფნას, პარიზს შეუძლია ეს რამდენიმე ფორმით მოახდინოს და სხვადასხვა მასშტაბით: „გაფართოებული ან შეზღუდული სახით“. როგორც ამას წინათ განაცხადა საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა პიერ შილმა, ქვეყანას ამჟამად საზღვარგარეთ არა უმეტეს 20 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა შეუძლია.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საფრანგეთის მთავრობის ჩინოვნიკების განცხადებების თანახმად, ფრანგული არმიის სავარაუდო ინტერვენცია შეიძლება განხორციელდეს „ხუთი პირობითი და არანამდვილი სცენარიდან“ ერთ-ერთის მიხედვით:

პირველი სცენარი - უკრაინაში ფრანგული სამხედრო ქარხნების განთავსება, რომლებიც დაკავებულნი იქნებიან როგორც იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოებით, ასევე საბრძოლო ტექნიკის მომსახურებით [მოვლენების ასეთ განვითარებას უშვებდა მარტის დასაწყისში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების (ანუ თავდაცვის) მინისტრი სებასტიან ლეკორნო]. საფრანგეთის არმიას მართლაც აქვს თავისი ტექნიკის მომსახურების საკმაოდ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა;

მეორე სცენარი საფრანგეთის არმიის მონაწილეობისა უკრაინის ომში, მხარის სტატუსის გარეშე, არის დანაღმული ადგილების განნაღმვა და უკრაინის არმიის მომზადება, აგრეთვე სამხედრო ტექნიკის ზოგიერთი გარკვეული სახეობის (ვთქვათ, სარაკეტო კომპლექსების, რადიორეტრანსლაციო სადგურების) მართვაში უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან, როგორც ფრანგული წყაროები ფრთხილად ეკიდებიან ამგვარ მონაწილეობას, ვთქვათ, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას უკრაინის ტერიტორიაზე,რადგან ეს მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს კონფლიქტის მიმდინარეობაზე, მით უმეტეს, რომ უკრაინელები უკვე ემზადებიან პოლონეთში და თვითონ საფრანგეთშიც. თუ ფრანგები განნაღმის სამუშაოებით დაკავდებიან, დიდი ალბათობით, ან დაიღუპებიან, ან დასახიჩრდებიან რუსული ნაღმების აფეთქებით, ელისეის სასახლეს კი ფრანგი ხალხის წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს.

რაც შეეხება სამხედრო ტექნიკის მართვას, ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები - როგორც ეს „უნებლიედ გაამჟღავნა“ კანცლერმა ოლაფ შოლცმა - ამას უკვე აკეთებენ არაოფიციალურად და ერთადერთი, რაც ამ მხრივ პარიზს შეუძლია, ის არის, რომ ხელისუფლებამ, უბრალოდ, ოფიციალურად გააფორმოს ასეთი სახის ყოფნა.

მესამე სცენარი - ფრანგი სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნა ოდესაში (ეს ქალაქი ფრანგებს იზიდავთ - ალბათ, იმიტომ, რომ ოდესის ქალაქის თავი და ნოვოროსია-ბესარაბიის გუბერნატორი 1803-1814 წლებში იყო ფრანგი ეროვნების ჩინოვნიკი - არმან-ემანუელ დე რიშელიე. სხვათა შორის, იგი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრიც). ოდესაში ფრანგული ჯარის დისლოკაცია განპირობებულია იმით, რომ (სავარაუდოდ), ემანუელ მაკრონს ძალიან ადარდებს ხორბლის ფასების მკვეთრი გაზრდა, თუ ოდესას რუსეთის არმია დაიკავებს. სწორედ ოდესიდან ხდება ბოლო დროს უკრაინული ხორბლის ექსპორტი. ანუ მაკრონის ჩანაფიქრით, ფრანგი სამხედროები ქალაქს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან დაიცავენ. მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსები, რომლებსაც ამ ეტაპზე ქალაქის დაკავების შესაძლებლობა არ აქვთ, ფრანგების დისლოკაციის პასუხად ქალაქის უმოწყალოდ დაბომბვას დაიწყებენ. ოპერაციის ასეთ კონტექსტში ფრანგებს დიდი რისკის გაწევა მოუწევთ და თავდაცვისათვის სერიოზული საშუალებებით სარგებლობა - მაგალითად, SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით. ასეთი იარაღი ფრანგებს მხოლოდ რვა ერთეული აქვთ და მათი დიდი უმეტესობა პარიზში მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების უსაფრთხოებისათვის იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, ასეთ სიტუაციაში პარიზი ვერაფერს ვეღარ დამალავს: საფრანგეთი პირდაპირ კონფრონტაციაში ჩაერთვება რუსეთთან, დანაკარგებიც აუცილებლად იქნება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საზოგადოების წინაშე თავის მართლება მოუწევს.

მეოთხე სცენარი - საფრანგეთის არმიის მიერ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა. ასეთი ვარიანტი წინას ანალოგიური, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბების აქვს, კერძოდ, ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფები შეიძლება გაიგზავნონ იმ რაიონებში, რომლებიც უკრაინელები აკონტროლებდნენ ომის დაწყების წინ, მაგალითად, ბელარუსის საზღვართან მდებარე რაიონები, აგრეთვე ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში, რათა „რუსებს სიგნალი მისცენ, რომ მათი შემდგომი წინსვლა აღნიშნულ რაიონებში შეუძლებელია და მათ თავი უნდა შეიკავონ შეტევისაგან“. არ არის გამორიცხული „ფრენებისათვის აკრძალული ზონის“ შექმნაც.

ფრანგის სამხედროების აზრით, ამ შემთხვევაში პარიზის წინაშე დადგება საკითხი - უპასუხებენ თუ არა ფრანგები რუსების სავარაუდო დარტყმებს . გაურკვეველია აგრეთვე ისიც, თუ როგორ იქნება ორგანიზებული ლოჯისტიკა. მაგალითისთვის გავიხსენოთ ნატოს ჩარჩოებში მომხდარი შემთხვევა: გერმანია არ იყო იმის მომხრე, რომ გერმანიიდან წასულ ფრანგულ ტანკებს რუმინეთის გზებზე გაევლოთ და უკრაინაში ისე ჩასულიყვნენ. პარიზი იძულებული გახდა ტანკები უკრაინაში მატარებლებით გადაეტანა. და ბოლოს, ასეთი სცენარითაც კი საფრანგეთი დე-ფაქტო მაინც ხდებოდა ომის მხარე.

და ბოლოს, მეხუთე სცენარი - ყველაზე ნაკლებსავარაუდო: საფრანგეთის არმიის სრულმასშტაბიანი ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეზე. ასეთი ვარიანტი რუსეთისათვის ომის გამოცხადების თანასწორია და მას მოჰყვება სერიოზული პოლიტიკური დანაკარგებიც, კერძოდ, პრეზიდენტი იძულებული გახდება ქვეყნის პარლამენტის სხდომაზე გაიტანოს საკითხი ომში ჩარევის შესახებ, „რადგან საზოგადოება ვერ გაიგებს, თუ რაიმე განხილვის გარეშე უკრაინიდან საფრანგეთში „კუბოების მდინარე“ გაჩნდება“. და საერთდ, საკითხავია, განა რა გარდატეხას მოახდენს ფრანგული 20 ათასიანი კონტინგენტი ომში იმ დროს, როცა უკრაინის არმის რიცხოვნობა უკვე მილიონს უახლოვდება?

ასეთი მასშტაბით ძალის გამოყენება ფრანგული არმიის ლოჯისტიკისათვის სერიოზული გამოცდაც იქნება - საფრანგეთს ხომ მსგავსი ოპერაციები 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ ჩაუტარებია, სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, როცა ერაყში 12,5 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა. ახლა პარიზს უფრო მეტი ტექნიკა და საბრძოლო მასალები დაჭირდება, აგრეთვე ენობრივი პრობლემის მოგვარებაც.

ამრიგად, თუ ასეთი ოპერაციის განხორციელებას დაიწყებს, საფრანგეთი მას მოკავშირეების დახმარების გარეშე ვერ დაასრულებს. მოკავშირეებს კი, ემანუელ მაკრონის სიტყვებზე მათი რეაქციიდან გამომდინარე, უკრაინის ომში ჩარევა მაინცდამაინც დიდად არ უხარიათ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო