დიდი შიშიანობა ცხინვალში - "ოს მარიონეტებს შიშები აქვთ, რომ რუსეთმა შესაძლოა ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს, რადგან..." - კვირის პალიტრა

დიდი შიშიანობა ცხინვალში - "ოს მარიონეტებს შიშები აქვთ, რომ რუსეთმა შესაძლოა ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს, რადგან..."

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვლავ დაიწყეს საუბარი რუსეთთან შეერთებაზე. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბოროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით­ განიხილება და როდესაც ცხინვალი და რუსეთი ერთობლივად მივლენ ამ იდეამდე, ეს მოხდება. როგორც წესი, ცხინვალში რუსეთთან შეერთების თემა ყველა დე ფაქტო არჩევნების წინ აქტიურდება და გააქტიურდა ახლაც, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 9 ივნისს გაიმართება, თუმცა ამჯერად განცხადება ბევრად ფრთხილი იყო, ვიდრე გასულ წლებში, როდესაც ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, რუსეთთან შეერთების დაპირებაზე იდგა, წელს ამგვარი დაპირება­ აღარ იქნება. ოსების ეს სიფრთხილე რუსეთიდან მიღებულმა მკაცრმა დირექტივამ განაპირობა, რადგან როგორც "ეხო კავკაზა" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო პირდაპირი მითითება, რომ სამხრეთ ოსეთმა არ გააღიზიანოს თბილისი. გამოცემის ცნობით­, თებერვლის დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე პასუხისმგებელი სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი ცხინვალს ეწვია და დახურულ შეხვედრაზე ოსებს მკაცრი მითითება მისცა,­ რომ ცხინვალის წინასაარჩევნო კამპანიამ არ უნდა გამოიწვიოს სკანდალები საქართველოში, სადაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სანდო წყაროს ცნობით, დაისვა კატეგორიული მოთხოვნა, რომ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საარჩევნო დებატებიდან უნდა გამოირიცხოს საქართველოს საზღვრის გადახედვის თემა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი, რადგან მოსკოვს არ სურს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსებმა ქართულ "დესტრუქციულ" ოპოზიციას "ქართული ოცნების" ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები მისცეს... ამ ორი თემიდან დელიმიტაციის საკითხი ცხინვალში მაინც გააქტიურდა და მოსკოვიდან სასჯელმაც არ დააყოვნა - ეფ-ეს-ბემ სამ ოს "დეპუტატს": გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს გამოუგზავნა შეტყობინება რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე "რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მზარდი დაძაბულობის გამომწვევი ქმედებების გამო". როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დააკონკრეტა, ეს ყველაფერი უკავშირდება ე.წ. სახელმწიფო საზღვარს საქართველოსთან და რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, ამ საკითხზე "დეპუტატების" სამართლებრივ აქტივობას. ამბავი გასული წლიდან იწყება, როდესაც ე.წ. დეპუტატების ჯგუფმა ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის დადგენის შესახებ დოკუმენტი შექმნეს და გადაუგზავნეს დე ფაქტო პრეზიდენტს. ოსების პრეტენზიით, რესპუბლიკის კუთვნილი მიწის“რამდენიმე კვმ კილომეტრი დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ე.წ. საზღვარი უნდა გადაიწიოს. სამი ოსი "დეპუტატი" აქტიურად ცდილობდა ამ დოკუმენტის შესაბამისად მიეღოთ საკანონმდებლო ცვლილებები და საპასუხოდ რუსეთმა "დეპუტატები" "გააფრთხილა"... რა ხდება ცხინვალში, რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, ამ თემაზე კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი საუბრობს.

- ამ არჩევნებზე რუსეთთან შეერთების თემა არ გააქტიურდება. ახლაც არ თქმულა, რომ შეერთებაზე რაიმე პროცესი მიმდინარეობს. ე.წ. პარლამენტის სპიკერმა რუსი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთის გარეშე მიერთების საკითხი ვერ გადაწყდება. როცა ალან გაგლოევი (დე ფაქტო პრეზიდენტი) ხელისუფლებაში მოვიდა, შეაჩერა რეფერენდუმის­ საკითხი, რომელსაც წინა დე ფაქტო ხელისუფლება აპირებდა. თქვა, რომ ეს რუსეთთან კოორდინაციით უნდა გადაწყდეს. ამჯერადაც მან დაახლოებით იგივე განაცხადა.

ცხინვალში შიშები აქვთ, რომ რუსეთმა შესაძლოა ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს, რადგან თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობა დაათბო. ეს ეჭვი აქვთ. არ გეუბნებით, რომ ვიღაცამ ეს ოფიციალურად განაცხადა, პირად კონტაქტებში, სამოქალაქო სექტორის დონეზე მიდის მსჯელობა, რომ შესაძლოა ეს რეალურად მოხდეს.

სწორედ ამ განწყობებს ეხმიანება ის, რომ რუსეთმა სამ ოს ე.წ. დეპუტატს, რომელთაც შედარებით მკვეთრი პოზიცია ჰქონდათ დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, გამოუცხადა, რომ სიტუაციის არევის მცდელობის გამო ჩამოა­რთმევს რუსეთის მოქალაქეობას. ესეც მინიშნება იყო ოსებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გააღიზიანონ.

- ოსები რუსების დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ და მოსკოვიდან აკრძალვის მიუხედავად, რატომ გააქტიურდა ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის თემა?

- ამ საკითის გააქტიურება დე ფაქტო არჩევნებს უკავშირდება. ალან გაგლოევი პირველი ლიდერია ცხინვალში, რომელმაც სწრაფად დაკარგა მხარდაჭერა და ვინ იქნება მისი შემცვლელი, უკვე ყველა თავის სიტუაციას იზომავს, ამიტომაც გააქტიურდა ეს თემა. ე.წ. საზღვრის დამდგენი კომისია შეიქმნა ჩორჩანის კრიზისის შემდეგ, როდესაც 2019 წელს ქართული პოლიციის საგუშაგო განთავსდა სოფელ­ ჩორჩანაში და ცხინვალის რეჟიმმა თქვა, რომ ეს მათთვის­ მიუღებელი იყო. ცხინვალის დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ წინა ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა დაკარგა ტერიტორიები, თუნდაც სოფელი ჩორჩანა და ახლა ეს ე.წ. ხელისუფლება იღვწის ვითომ ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. წმინდა პიარული მომენტია მოსახლეობას მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

- როგორ დაიწყო ცხინვალში ე.წ. დელიმიტაციის თემის გააქტიურება?

- ე.წ. დელიმიტაციის კომისია დიდი ხანია მუშაობს. კომისიის გასული წლის დასკვნით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები­ უნდა გაფართოვდეს. რაღაც ტექსტური აღწერილობა აქვთ და აბსოლუტურად უზუსტო რუკები. საბჭოთა პერიოდში ავტ­ონომიური ოლქის სტატუსი ძალიან დაბალი იყო თავისი ადმინისტრაციული დატვირთვით, თან ეს საქართველოს შიდა ტერიტორიებს ეხებოდა, ამიტომ იქ პრობლემური მონაკვეთები არ არსებობდა და ზუსტ მონაკვეთებსაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ახლა დასჭირდათ ამ თემის წამოწევა, მაგრამ არ არსებობს ფუძემდებლური დოკუმენტაცია, გარდა ტერიტორიების­ მოხაზვის ტექსტური აღწერილობისა. კომისიამ შეადგინა დოკუმენტი, თავიანთ პარლამენტში­ განიხილეს კიდეც და დაასკვნეს, რომ ე.წ. საზღვარი არ არის იმის შესაბამისი, რაც თავად დაადგინეს და თურმე გაცილებით მეტი ტერიტორია ეკუთვნით. ეს დასკვნა მიუთითებს, რომ სადაც რუსებმა მავთულხლართები გააბეს და ბანერები აღმართეს, კიდევ უნდა გადაიხედოს და ტერიტორია გაფართოვდეს.­ ეს, როგორც მინიმუმ, რუსეთის კომპეტენციაში შეჭრაა და ამან, რა თქმა უნდა, გააღიზიანა მოსკოვი.

- კომპეტენციაში შეჭრა იყო რუსების რისხვის მიზეზი თუ მოსკოვს არ აწყობს ოსებმა გააღიზიანონ თბილისი?

- რა თქმა უნდა, ესეცაა. რუსეთს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აწყობს, ამას დაუფარავად ამბობს. ოსების ეს გააქტიურება მოასწავებდა საქართველო­სთან კონფლიქტის უფრო გამწვავებას, თუმცა ფორმალურად თუ მივუდგებით, 500 მეტრი აქეთ იქნება თუ იქით, ეს ოკუპაციის არსს არ ცვლის, მაგრამ ცვლის იმ არსს, რომ რაც რუსებმა ოსებისთვის გააკეთეს, თურმე არასაკმარისი ყოფილა...

- როგორ გაგრძელდება შერისხული დეპუტატების ამბავი?

- არაფერიც არ მოხდება, დიდი ალბათობით, არც მოქალაქეობას გაუუქმებენ.­ არც არავინ გამოესარჩლება მათ. ვითომ თავიდან თქვეს, რომ მოეწვიათ ე.წ. პარლამენტის სხდომა და ემსჯელათ ამ საკითხზე, მაგრამ იმდენად განუსაზღვრელია რუსეთის გავლენა, კონტრმოქმედების გამბედავი არავინ არის. ცხინვალში მიხვდნენ, თუ არ გაითვალისწინებენ რუსეთის გაფრთხილებას, ამას მოჰყვება სადამსჯელო პასუხი. ამიტომაც განწყობები შერბილდება.

- რუსების ასე აშკარად დაფიქსირებული პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება­ მათთვის სასარგებლოა, რამდენად წაადგება თავად "ქართულ ოცნებას"?

- გააჩნია, ვის როგორ დაანახებ ამ საკითხს. ზოგი იტყვის, აი, "ოცნების" სამშვიდობო პოლიტიკა გამართლებულია, რუსეთიც ითვალისწინებს ამას და არბილებს ჩვენდამი დამოკიდებულებასო. საქართველოში ამ პოლიტიკას მომხრეები არ აკლია.

- როგორც ამბობთ, ოსები შიშობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუთმოს. მართლაც მოსალოდნელია ამგვარი შეთავაზება რუსეთისგან?

- რუსეთისგან რაიმეს დათმობის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს. ამ უმწვავესი გამოწვე­ვების ფონზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება და რაც შეიძლება მერე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზეც გავრცელდეს, ხელისუფლება უფრო რისკების მინიმიზაციაზეა­ ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ხვალ-ზეგ ამ პოლიტიკით რუსეთი სამხრეთ ოსეთს დათმობს.

რუსეთს აწყობს, რომ საქართველო დღეს წყნარად იყოს, იმიტომ, რომ უკრაინაში ბევრი პრობლემა აქვს, საქართველოს ხელისუფლებას კი ურჩევნია, არ გამოიწვი­ოს მოსკოვი და არ მისცეს ამ ომის საქარ­თველოში გავრცობის საბაბი. თუმცა­ ერთი რამ ცხადია - თუ რუსეთი სამხედრო აქტივობას გადაწყვეტს, ენის მოჩლექის პოლიტიკა არ შეაჩერებს. საქართველო­ რიგში ერთ-ერთი პირველი დგას, ვისაც მოადგება მორიგი წარმატების საჩვენებლად.

განაგრძე კითხვა