ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრი "გადააგდო" - რუსულ-პოლონური დიპლომატიური სკანდალი - კვირის პალიტრა

ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრი "გადააგდო" - რუსულ-პოლონური დიპლომატიური სკანდალი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა უპასუხებს რუსეთის ელჩის ქმედებას, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება უგულებელყო და უწყებაში არ გამოცხადდა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს (რუსების მიერ) როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ელჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და პოლონური მხარე შემდგომ ნაბიჯებს უახლოეს დღეებში გადადგამს.

”ეს არის უგულებელყოფის ნიშანი და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ ქმედების მიმართ,” - აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

ცნობისთვის, უკრაინაზე თავდასხმის მიზნით გასროლილი რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი უწყებაში დაიბარა, მაგრამ რუსმა დიპლომატმა სამინისტროს მიწვევა უგულებელყო.

"ინტერპრესნიუსი"