დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა! ის 85 წლის გახდებოდა... - კვირის პალიტრა

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა! ის 85 წლის გახდებოდა...

26 მარტი გენიალური ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა, მას 85 წელი შეუსრულდებოდა...

სამუდამოდ დამამახსოვრდა:

შინ რომ ვესტუმრებოდი, კარს ყოველთვის ქალბატონი ნათელა მიღებდა და, - ოთახშია, შედიო, - დააყოლებდა. მიმიძღვებოდა მისაღები ოთახისკენ, თან ხმამაღლა გასძახებდა, გურამ, ირმა ხარშილაძე მოვიდაო. თუ ბატონი გურამი მოასწრებდა წამოდგომას, ოთახის შუაგულში შემომხვდებოდა ხოლმე, თუ არადა... შეიძლება არც გაეგონა ქალბატონი ნათელას ნათქვამი და ოთახის მარჯვენა კუთხეში, თავის საყვარელ სავარძელში მჯდარიყო, პლედმიფარებული, განუყრელი ქუდით, იქვე, იატაკზე დადებული მობილურით, ჭიქა წყლით და სათვალით.... ქალბატონი ნათელა ხშირად ტოვებდა ხოლმე ლოჯიის ფანჯარას შეღებულს, ბატონ გურამს კი სულ სციოდა, ამიტომ ეფარებოდა იმ კუთხეს - იქ სიცივე ნაკლებად ატანდა, ჩემი (და ალბათ ნებისმიერი სტუმრის) მისვლა კი მისთვის ხსნა იყო, რადგან ფანჯარა სტუმრის პატივსაცემად იხურებოდა...

irma-da-gurami-1711463448.jpg

თვალები მუდამ უციმციმებდა... რაღაცნაირად - თბილად და ეშმაკურად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "სხვათა შორის" საუბარს გავუბამდი, ოღონდაც რამე მოეყოლა... - "კიდევ რამე გაინტერესებდათ? კონკრეტულად მაინც - რა?"... და ვიწყებდი შორიდან მოვლას, ვთხოვდი ძველი ამბების და მეგობრების გახსენებას (ვუსახელებდი თითოეულის სახელს, რომ მათთან ერთად თავს გადახდენილი ამბები არ გამორჩენოდა), ნელ-ნელა თანამედროვეობასა და აქტუალურ თემებზეც გადავდიოდით და... მერე იწერებოდა სტატიები, რომლების დაბეჭდვაზეც წინასწარ აუცილებლად ვიყავი შეთანხმებული ქალბატონ ნათელასთან და... რომელიც, საბედნიეროდ, შემორჩა "პალიტრა მედიის" არქივს...

dochanashvili-1-1711480162.jpg

ვინ, თუ არა ბატონი გურამის მეუღლემ იცოდა ზუსტად, რომ მოგვიანებით არქივად ქცეული ეს სტატიები, მწერლის შემოქმედების პარალელურად, მომავალ თაობებს არასდროს დაავიწყებდა, უფრო ზუსტად კი, გაუცოცხლებდა სულ სხვა გურამ დოჩანაშვილს - თავისი ახირებებით, სიჯიუტით, სიფიცხით, მოკრძალებით, გალანტურობით, ეშმაკური ღიმილით, ბავშვივით გაბრწყინებული თვალებით, "ხულიგნობით"...

ცხადია, ყველაფერი ბატონი გურამისგან დაფარულად ხდებოდა, თორემ ბავშვივით გაჯიუტდებოდა და კრინტსაც არ დაძრავდა... შეიძლება, ფეხებიც კი დაებაკუნებინა.

2019 წლის დეკემბრის მიწურულს მასთან სტუმრობა-შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდა ჩემთვის, 2020 წელს პანდემია დაიწყო და მხოლოდ მობილურით ვისაუბრეთ რამდენჯერმე. ის უკანასკნელი შეხვედრა კი ტკბილად მახსოვს, წვრილმანებიანად მახსოვს, ფოტოგრაფიული სიზუსტით და - გახმოვანებულივითაც კი (სინამდვილეში, ყველა შეხვედრა თუ საუბარი ამგვარად მახსოვს)...

dochanashvili-1711480192.jpg

იმ დღეს, ტრადიციულად, გაზეთ "კვირის პალიტრის" წინასაახალწლო, შემაჯამებელი ნომრისთვის მთხოვეს სტატიის მომზადება, საჩქარო იყო და, ფაქტობრივად, სპონტანურად შევუთანხმე ქალბატონ ნათელას და იმავე საღამოს სირბილით მივედი მათთან, შინ... საკმაოდ გვიანი იყო, მგონი, საღამოს 9 საათს გადაცილებული... ჩამწერის ელემენტები გზად ვერ ვიყიდე, ამიტომ მის კარზე ზარი რომ დავრეკე, მობილური ხელში მეკავა და უკვე ჩაწერაზეც მქონდა გაშვებული... შობის ყვავილი მივართვი. ბავშვივით გაუხარდა და გახალისდა... ქალბატონ ნათელას არ ანდო, თავად გამომართვა და წიგნის თაროებში მიუჩინა ადგილი... მაინც დააყოლა, რატომ შეწუხდითო... და თავის სავარძელში ჩაჯდა. იქვე ჩამოვუჯექი, მობილურიც გვერდით სკამზე დავდე, ეკრანით დაღმა, და...

- რა გაინტერესებდათო? - ჩამეკითხა. - მომენატრეთ და გეწვიეთ-მეთქი, - ღიმილით ვუპასუხე. თვალები უცინოდა. ეშმაკურად გახედა ჩემს მობილურს.

- ამას წინათ ერთი ყმაწვილი მესტუმრაო, - მოაყოლა მზერას, - ბევრი ვისაუბრეთ, სწორედ ასე ედო მობილური. წარმოგიდგენიათ? თურმე, ჩემს ლაპარაკს იწერდა... მერე სტატიაც მაჩვენა ნათელამ...

და თქვენ მაინც რა გაინტერესებდათო? არაფერი შევიმჩნიე, ისე განვაგრძეთ საუბარი...

dochanashvili.jpg

შინ ძალიან გვიან დავბრუნდი და, რასაკვირველია, წინასაახალწლო სტატიაც დავწერე...ეს არ იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი და სტატია... მომდევნო სტატია მალევე, 2020 წლის 26 მარტს დავწერე, მის დაბადების დღეს... ანუ 2 წლის წინ, ამ დღეს... მხოლოდ ხანმოკლე სატელეფონო საუბარი გამოგვივიდა. მეტად კი აღარ მინახავს!

მასთან ყოველი შეხვედრა დაუვიწყარია... მასთან ყოველი საუბარი უდიდესი სიამოვნება იყო...

მისი მოსმენა ხომ საუკუნეებში დაგატარებდა...

მისი თხრობა, შესაბამის მიმიკებთან ერთად, ხომ ას ყურსა და ას თვალს შეგასხამდა, რამე დეტალი რომ არ გამოგრჩენოდა...

ჩაწერის მსგავსად, ფოტოების გადაღებასაც ვერ იტანდა... და მაინც, ხშირად ხათრს ვერ მიტეხავდა...

ჩვენს ერთობლივ ფოტოებსაც აქვს ისტორია... ყველა ფოტოს მოჰყვება ამბავი... რომელიც არასდროს დამავიწყდება...

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა! ნათელი არ მოკლებოდეს მის უკვდავ სულს!

dochanashvili4.jpg