ევროპა შოკშია! ქართველებმა "საფეხბურთო ომი" მოიგეს - როგორ აშუქებს ევროპული მედია საქართველოს ნაკრების ტრიუმფს - კვირის პალიტრა

ევროპა შოკშია! ქართველებმა "საფეხბურთო ომი" მოიგეს - როგორ აშუქებს ევროპული მედია საქართველოს ნაკრების ტრიუმფს

დასავლური პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში - განსაკუთრებით ბევრია მასალები გერმანულ მასმედიაში, რომლებშიც არაერთგვაროვნად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციებიდან:

„საქართველო და უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან“, - ასეთი სათაური აქვს გერმანული „დი ცეიტის“ (Die Zeit) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ივენ ფენკერი).

„საქართველომ პირველად გაიარა კვალიფიკაცია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. Play-off-Endspiel-ის მატჩში ქართველებმა გერმანიაში დაგეგმილ საფეხბურთო ტურნირში თავიანთი მონაწილეობა უკვე უზრუნველყვეს. „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელის ვილი სანიოლეს გუნდმა მატჩი პენალტების სერიით მოიგო - 4:2. ძირითადი და მატებითი დრო ფრედ - 0:0-ით დასრულდა. ახლა კი ქართველები ჩემპიონატში თავიანთ ჯგუფში შეხვდებიან პორტუგალიელებს, ჩეხებს და თურქებს.

თბილისში, საქართველოს დედაქალაქში გამართულ შესარჩევ მატში მაყურებლებმა რაიმე შთამბეჭდავი და ნათელი მომენტები ვერ დაინახეს. ძირითად და დამატებით დროში ქართველმა სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმაც კი ვერაფერი შეცვალა. პენალტების სერიის წინ მსაჯმა ორი წითელი ბარათი აჩვენა კამათის გამო: ერთი - საქართველოს ნაკრების სათადარიგო მოთამაშეს გიორგი ლორიას და მეორე - ბერძნული გუნდის წევრს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (წყარო).

„დრამა პენალტების სერიით: საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში“ - ამ სათაურით არის გაზეთ „დი ველტის“ (Die Welt) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალა, რომელშიც საკმაოდ კრიტიკულად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში: „თბილისში უკიდურესად სუსტი მატჩი ჩატარდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

და მაინც, კრიტიკის მიუხედავად, სტატიის ფინალური ნაწილი ქვესათაურით - „იზეიმეთ ისე, როგორც არასდროს“ - ოპტიმისტურია:

„პენალტების სერიაში თავი გამოიჩინეს სტუმრებმა ანასტასიოს ბაკასეტასმა და გიორგიოს იაკუმაკისმა. მასპინძლებიდან გოლი გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და ნიკა კვეკვესკირმა. და როცა ნიკამ გადამწყვეტი პენალტის რეალიზება კარის მარცხენა კუთხეში მოახდინა, აღფრთოვანებულმა მაყურებლებმა სტადიონზე ყველა ბარიერი გადალახეს და სათამაშო მოედანზე გავიდნენ. სიხარულით აღსავსე მოთამაშეები, მაყურებლები და მწრთვნელები ყველა ერთმანეთს ეხვეოდნენ და ქართული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში უდიდეს წარმატებას ულოცავდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „იქს-ქსელში“ მოზეიმე ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ეს სურათები ლუვრში უნდა ჩამოიკიდოს“ და „გამოდით და ყველამ ისე იზეიმეთ, როგორც არასდროს“ (წყარო)

ავსტრიული გაზეთის „კურიერის" (Kurier) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისტორიული მოვლენა: საქართველო პირველად გავიდა ფინალურ რაუნდში ევროპის ჩემპიონატისთვის“, რომელში თბილისური მატჩის პერიპეტიებია აღწერილი (წყარო)

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს (BBC) სპორტული სამსახური (BBC sport) აქვეყნებს სტატიას სატაურით „საქართველო ისტორიაში შევიდა - ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“ (ავტორი - ჯონათან იურეიკო). გთავაზობთ შემოკლებით:

„საქართველო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა - ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში გამარჯვებით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მოიპოვა.ქართველმა ნიკა კვეკვესკვირმა ისეთი პენალტი დაარტყა, რომლის აღება სტუმრების მეკარემ ოდესიე ვლახიდიმესმა ვერ შეძლო. მატჩის დასრულებამ ანგარიშით 4:2-ზე თბილისში ქართველების უდიდესი სიხარული გამოიწვია.

ქართველი გულშემატკივრები მინდორზე გამოვიდნენ, რათა მისალმებოდნენ ნაკრების მოთამაშეებს - იმ ნაკრებისა, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 1990 წელს ითამაშა, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მე-15 მცდელობის შემდეგ საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა - ევროპის 2024 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობის მიზნით. გულშემატკივრები ერთ-ერთი კარის უკან შეიკრიბნენ და, ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიხარულის გამოხატვით, მუხლები მოიყარეს გუნდის წინაშე“ (წყარო).