შელოცვები, როგორც ზეპირსიტყვიერების ჟანრი, გათვალულის შელოცვა, შაკიკის გამოლოცვა... - როგორ მოირგო 10 წლის ბიჭმა შემლოცავ-მკურნალის როლი - კვირის პალიტრა

შელოცვები, როგორც ზეპირსიტყვიერების ჟანრი, გათვალულის შელოცვა, შაკიკის გამოლოცვა... - როგორ მოირგო 10 წლის ბიჭმა შემლოცავ-მკურნალის როლი

ქართული ფოლკლორის ერთი იშვიათი სახეობის - გამოლოცვანის შესახებ საუბრობს ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი, რომელსაც ბებიამ შელოცვები 10 წლის ასაკში ასწავლა. როგორ და ვისთან იყენებდა ამ ცოდნას მოზარდი და რა კურიოზები გადახდენია თავს, ამას მისი მოგონებებიდან შეიტყობთ:

"შელოცვები ზეპირი გზით ვრცელდებოდა"

- ყოველ ზაფხულს ბებიასთან ვატარებდი სოფელ სორმონში - მეტად უჩვეულო სახელის მქონე და იმერულად კოპწია ადგილას, რომელიც განთქმულია V-VI საუკუნით დათარიღებული დარბაზული ტიპის ყოვლადწმინდა სამების ძლიერი სალოცავით. ბებიასთან ერთად გაიარა ჩემმა ბავშვობამ. მესამე კლასში ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელმა ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება დაგვავალა: ზაფხულის არდადეგები რომ დამთავრდება, მოიტანეთ და ვნახოთ, ვინ რა მასალა მოიძიაო. სწორედ მაშინ ვთხოვე ოლია ბებიას გაეხსენებინა თავისი შელოცვები და ეკარნახა. ოლია ბებია - ასე მივმართავდი, თუმცა ნათლობის სახელი ბარბარე იყო და პასპორტშიც ასე ეწერა (ბარბარე გიორხელიძე).

ის ზედმიწევნით მორწმუნე იყო და ბოლო პერიოდში ამ გამოლოცვებს აღარ აქცევდა ყურადღებას, უფრთხოდა: არ ვარგებულა, ღმერთს არაფერი ვაწყენინოო. ბუნებრივია, ისეთი მართლმორწმუნე ადამიანისთვის, როგორიც ბებია იყო, მაგიური ტექსტებით ლოცვა უკვე მკრეხელობა იქნებოდა. მისი ეს შიში, როგორც ჩანს, წმინდა მამათა სწავლებიდანაც მოდიოდა. მართალია, ათეისტურ საქართველოში შელოცვა ლოცვისგან სუსტად განირჩეოდა, მაგრამ ბებიაჩემისთვის მათ შორის დიდი შინაგანი წინააღმდეგობა, კონცეპტუალურ-არსობრივი სხვაობა იგრძნობოდა. თხოვნაზე უარს როგორ მეტყოდა! რა თქმა უნდა, ჩავიწერე ყველა შელოცვა, რომლებიც იცოდა. რამდენიმე კვირაში უკვე ზეპირადაც ვისწავლე. ზოგადად, შელოცვები, როგორც ზეპირსიტყვიერების ჟანრი, ზეპირი გზით ვრცელდებოდა; ამბობდნენ, დაწერილს ძალა ეკარგებაო და ახლა მე დავიწყე "მკურნალობა".

"კაცის შელოცვა უფრო ჭრის"

- ჯერ კიდევ მიხეილ ჩიქოვანი შენიშნავდა: "რევოლუციამდელ სოფელში ხშირად შეხვდებოდა კაცი სახელგანთქმულ მისნებს", 1978 წელს კი დანანებით წერდა გივი ახვლედიანი: "შელოცვის ჟანრი დღეს კვდომის პროცესშია და ხმარებიდანაცაა გამოსული". რას წარმოიდგენდა მაშინ ან ერთი, ან მეორე მეცნიერი, რომ 1980 წლიდან 10 წლის ბიჭი (რომელსაც რევოლუციამდელი ბავშვივით არ ჰქონდა სათამაშო) სწორედ ამ არქაული ფოლკლორული ჟანრის აღორძინებას დაიწყებდა იმერეთში. თუ ვინმე შეშინებული, გათვალული, მოფურჩხული (უჟმური) იყო, ჩემთან მორბოდა: არიქა, გამოგვილოცეო. ჩემ მიმართ ინტერესს ის ზრდიდა, რომ პატარა ვიყავი და თანაც მამრობითი სქესის. ამას ასე ხსნიდნენ: ანგელოზია, პატარაა, თანაც კაცის შელოცვა უფრო ჭრის, წვერი უმოწმებს სიტყვებსო. მეც მეტი რაღა მინდოდა, ვხალისობდი და ჩემს სტიქიაში ვიყავი.

შელოცვებს, როგორც წესი, ბუტბუტით ვამბობდი, არცთუ მკვეთრად და სხვის გასაგონ-გასაგებად. ეს უფრო იდუმალსა და საინტერესოს ხდიდა რიტუალს.

ერთხელ მეზობელმა, რომელიც ჩვენი სკოლის დამლაგებელი იყო (გუგულა მამიდას ვეძახდი), მთხოვა: შვილიშვილი მყავს შეშინებული, აკვანში სულ ტირის და არ იძინებსო. უთენია ჩავედი მასთან. თეთრად მორთული აკვანი შუა ზალაში იდგა, შიგ ჩვილი იურა იწვა. პატივით მიმიღო ოჯახმა. შავტარიანი დანა და ნახშირი მოვითხოვე: ეგ ეტყობა, გათვალულიცაა-მეთქი და შეშინებულთან ერთად, ნათვალების შელოცვის რიტუალიც აღვასრულე. შუა პროცესში ვიყავი, როცა გუგულას დაამთქნარა. ეს უკვე, მათი წარმოდგენით, კარგის ნიშანი იყო - შელოცვამ გაჭრაო. მეც გახარებული დავბრუნდი შინ. ვიღაცას მეწველი ძროხის დარდი ჰქონდა, ზოგის ღორს ხოკის დაავადება აწუხებდა... მოკლედ, ყველა ჩემთან მოდიოდა. ზოგჯერ მეზობელი სოფლიდან პურის ნაჭერს გამოგზავნიდნენ ხოლმე, ამაზე შეგვილოცოსო. 10-11 წლის ასაკში უკვე სახელგანთქმული "მკურნალი" ვიყავი.

ორი კურიოზი

- ჩემი უახლოესი მეზობლისა და ნათლია-მირონის, ფოთოლა ბიცოლას ქალიშვილი ფეხმძიმე იყო. რაღაც საეჭვოდ გაგრძელდა ორსულობის ბოლო თვე. მათი ანგარიშით, მარინე კარგა ხნის მოლოგინებული უნდა ყოფილიყო, არადა, შვილი ჯერ არ აპირებდა დაბადებას. მთხოვეს, ამაღამ გადმოდი და ორსულს შეულოცეო. ამ შელოცვას საქონელსაც და ადამიანსაც უკითხავდნენ, ერთი სიტყვაა მხოლოდ შესაცვლელი. მთელი ოჯახი მელოდა, გადავედი. მარინე წევს გაფითქინებულ ლოგინში, უსაშველოდ დიდი მუცლით. დავიწყე შელოცვა, ტექსტი ყველას აინტერესებდა და ამიტომ მეც გამოკვეთილად, თუმცა ხმადაბლა წარმოვთქვამდი. პატარა ვიყავი და რიტუალს თავისებურად, უფრო თავისუფლად და თამამად ვუყურებდი, რადგან მაშინ ჩემთვის ეს ყოველივე გართობა იყო და ამიტომაც მხატვრულად დავიწყე: "აინძრა-მაინძრა, მიწა იძრა, ზღვა იძრა, ყოველი სულიერი, ყოველი ოთხფეხი იძრა და დადგა დროდან დრომდე შენს მუცელში!" ახლა კი წაიშინა თავში ხელი ფოთოლა ბიცოლამ: "დევიღუპეთ, ოთხფეხი მტერს ჩაუდგა მუცელში, ეს გვინდოდა კიდევ?!" მწარედ შევცდი. ორფეხი უნდა მეთქვა, რადგან ადამიანს ვულოცავდი!

ერთი კურიოზიც პირველ კურსზე შემემთხვა. ზეპირსიტყვიერების ისტორიას კეთილშობილებითა და მეცნიერული კეთილსინდისიერებით ცნობილი ოთარ ონიანი გვიკითხავდა, სემინარებზე კი გიორგი (იურა) ჯაფარიძე შემოდიოდა. დაინიშნა გამოცდის თარიღიც. წინასწარ ვთხოვე ბატონ იურას, თუ რამე იყოს, დამატებით შელოცვები მკითხეთ-მეთქი. კიო, გაუხარდა. თურმე ოთარ ონიანს ერთგვარი შიში ჰქონდა ამ მაგიური ტექსტებისა, რა ვიცოდი! - აბა, რამე შელოცვა გვითხარიო, - ბრძანა გიორგი ჯაფარიძემ. არც ვაციე, არც ვაცხელე და გათვალულისა წამოვიწყე, თან თვალებში შევყურებ ბატონ ოთარს: "ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასა..." - თუ კაცი ხარ, გვერდზე გაიხედე, მე ნუ მიყურებო, - მითხრა გაღიმებულმა და ოდნავ შემკრთალმა ლექტორმა.

შეშინებულის გამოლოცვა

- შეშინებულს შელოცვისას გულზე ხელს ადებ და ჯვრის სახით გადასახავ. თუ ცუდი სიზმარი ნახე და შეგეშინდა, მაშინ დაჭმუჭნილი ქაღალდი უნდა გეჭიროს ხელში, სამჯერ თავზე შემოივლო და მერე დაწვა. შეშინებულის გამოლოცვისას ცალკე შევულოცავდით ნახევარ ჭიქა წყალს, რომელსაც გამოლოცვის დასრულებისას შეშინებულს სამ ყლუპად მოვასმევინებდით. ასევე, შეშინებულთანაა დაკავშირებული ხანგრძლივი რიტუალი - წესი, რომელსაც ტყვიის გადადნობას ეძახიან. 11-12 წლის ვიქნებოდი, როცა ბიძაჩემის სიდედრმა, სიკეთითა და სიმართლით გამორჩეულმა მინადორა ბებიამ ცხრადღიანი რიტუალის ბოლოს, ტყვია "გადამადნო". ღამით ერთი ოთახიდან მეორეში გასვლის მეშინოდა, რაღაც არაბუნებრივად დამფრთხალი ვიყავი და დედაჩემმა სთხოვა (როგორც ჩანს, ბებიაჩემის შელოცვამ არ მიშველა!), ეგებ ტყვია გადაადნოთო. რიტუალის დასასრულს უნდა გარკვეულიყო, რით ვიყავი შეშინებული. დიდხანს დასცქეროდა მინადორა სულაქველიძე იმ ფიგურას, რომელიც ადუღებული ტყვიის წყალში ჩასხმით გამოიხატა, მაგრამ იმდენად უფორმო და უსახო მასა მიიღო, რომ ბოლოს იმედგაცრუებულმა მითხრა (თვითონაც არ იყო დარწმუნებული) - მორიელს შეუშინებიხარო. თუმცა, მორიელი თვალით არ მყავდა ნანახი. ვერ გეტყვით, ამის შემდეგ გავხდი თუ არა მამაცი და "უშიში, ვითარცა უხორცო", მაგრამ ოჯახი მაინც დაიმედებული იყო, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვეღარაფერი შემაშინებდა (ისე, შიშს დიდად არ ვუჩივი! ერთი კი ვიცი, მეშინია მხოლოდ სიხარბისა და სიმსუქნის, განსაკუთრებით - ღიპიანი ქართველი კაცების).

რამდენიმე რიტუალის შესახებ

- ბებიაჩემისაგან ნასწავლი გამოლოცვანი სხვადასხვა ტიპის რიტუალს ითვალისწინებდა. გათვალულის შელოცვისას ხელში უნდა გეჭიროს შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრი პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირი უნდა აცხო შუბლზე ჯვრის სახით. მიღებულია გამოლოცვა პურის ნაჭერზეც (თუ გამოსალოცი შორსაა, შელოცვილ პურის ნაჭერს გაუგზავნიან), რომელსაც ახლოს მიიტან ბაგეებთან და ჩურჩულით შეულოცავ. კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებს (როგორც უკვე ზემოთ ვთქვით), ეს აპრიორულად ნიშნავს იმას, რომ გამოსალოცი ნამდვილად გათვალულია და შელოცვამაც გაჭრა, არგო. გველის ნაკბენს შეულოცავენ თხილის ჯოხით, რომელსაც სიტყვების "გველი მოკვდეს, ნაკბენი მორჩეს" წარმოთქმისას, სამჯერ შეახებენ ნაკბენ ადგილს. შაკიკის გამოლოცვისას საჭიროა ტყემლის ტყლაპი და ბამბა, რომელთაც შუბლიდან თვალისკენ სიგრძეზე ადებენ. წყლისას (მასტიტის) შელოცვა სავარცხლის ძუძუზე ჩამოსმით სრულდება. ჭვალის შელოცვა მოითხოვს დანის სამჯერ ჩამოსმას ნატკენ ადგილზე. ნაღრძობის შელოცვისას ავადმყოფს ნატკენ ადგილს ნიგვზის ფოთლით (ან ნიგვზის ლებნით) შეუზელ და მერე თბილად შეუხვევ. დამწვრობისას სამჯერ შევუბერავთ სულს მტკივნეულ ადგილს. წელკავის შელოცვა მოითხოვს წელზე ნახშირის ჯვრის სახით წასმას. უჟმურის, იმავე მოფურჩხულის გამოლოცვისას აუცილებელია საცერზე დაყრილი მარილი (ან ღერღილი), რომელიც მწოლარეს უნდა შემოავლო სამჯერ და მერე წყალს გაატანო. სირსვილის გამოლოცვის ბოლოს ნატკენ ადგილას ქათმის ქონს სამჯერ წაუსვამენ. ორსულის შელოცვა მუცელზე ხელისგულის სამჯერ გადასმით მთავრდება. შეულოცავენ როგორც ფეხმძიმე ქალს, ისე - მაკე პირუტყვს.

რიტუალისთვის აუცილებელი საგნები

- ჩვენს "გამოლოცვანში" რიტუალისთვის აუცილებელი საგნებია: წყალი, ნახშირი, შავტარიანი დანა, მარილი (ან ღერღილი), ჯოხი, ნიგვზის ფოთოლი (ან ლებანი), თხილის ჯოხი, ტყემლის ტყლაპი, ბამბა, ქათმის ქონი, სავარცხელი, პურის ნაჭერი, საცერი, წითელი ძაფი და ნემსი. თუ გავითვალისწინებთ, შეშინებულის გამოლოცვასთან ერთად, სამკურნალოდ გავრცელებულ საშუალებას - ტყვიის გადადნობას, მაშინ ჩამოთვლილ საგნებს დაემატება: მაკრატელი, ღობის ჩხირი, კვირისტავი, თეფში და თოფში გატარებული ტყვია. გამოლოცვა უმთავრესად, სამჯერ ამოითქმება, თუმცა ზოგჯერ ერთხელაც ვამბობდით.

ბევრი რამ გამოლოცვის რიტუალში შემოსულია საეკლესიო მსახურებიდან. გარდა იმისა, რომ არსებობს ფერხთბანვის, ნათლისღების, წყლის კურთხევის წეს-განგებანი, რომლებიც მოითხოვენ მკაცრად განსაზღვრულ წესებს, ეკლესიის წიაღშივე აღესრულება განსაკუთრებული ძალის ლოცვები - ლახვრისა და კვეთებულისა. მთელი არსებით ვიყავი ხოლმე ჩართული გამოლოცვის რიტუალში, სადაც სიტყვისა და მოქმედების ერთიანობით თითქოს უჩვეულო განწყობა იქმნებოდა, თუმცა ჩემ გარდა ყველას სჯეროდა რაღაც აუხსნელი სასწაულისა, რადგან მაშინაც კი ეს ყველაფერი ჩემთვის თამაშის ელემენტი იყო - ვერთობოდი და მომწონდა შემლოცავ-მკურნალის როლი.

დასასრულს...

- ოლია ბებია იყო მარტოსული, სევდიანი, ალალი, მშრომელი, კეთილი, გაუხარელი... სორმონში ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო ზაფხული თვალწინ მიდგას. აღარ მინდოდა უნივერსიტეტში დაბრუნება. მისი მოვლა, მასთან ყოფნა უფრო დიდ საქმედ მიმაჩნდა. მერე ცივ ნოემბერში ერთმანეთს შევხვდით უკანასკნელად, სუსხიანი და წვიმიანი დღე იყო. მოვიხედე, მისი გამჭოლი მზერა მომყვებოდა. ასე დავშორდით! იდგა 1994 წლის ცივი თებერვალი. XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის გამოცდა ორ თებერვალს მქონდა დანიშნული, პირველში კი დეპეშა მივიღე, ჩემი ძმა მიგზავნიდა: ჩამოდი, ოლია ბებია გარდაიცვალა... დრო გაჩერდა!..

ალბათ, თუ რამ შემომრჩა რწმენის, სიყვარულის, სიწმინდის, უიღბლობისა თუ მარტოსულობისა, ყველაფერი ოლია ბებიასაგან მაქვს და თუ ოდესმე კიდევ რამე შევძელი ამ ცხოვრებაში, წმინდა ბარბარეს სახელზე ეკლესიას ავაშენებ ბებიას სულის საოხად...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"